... ერთმანეთს დომოდედოვოს აეროპორტში შევხვდით. 2006 წლის 27 სექტემბერს. ჩემს წინ ის კაცი იდგა, ვის ბედზეც მაშინ მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი თბილისი დარდობდა. ორ კვირაში ნაკრები იტალიას მასპინძლობდა თბილისში და როგორი საქმე იყო, გუნდს შეიძლება მახო ასათიანი დაკლებოდა. მაშინ მახოს მუხლზე ჯვარედინი იოგები ჰქონდა გაწყვეტილი. ყველა ხვდებოდა, რომ მისი 2 კვირაში დაბრუნების შანსი არ იყო, მაგრამ გულშემატკივარი მაინც ხავსს ეჭიდებოდა. მუდამ სიტყვაძუნწმა მახომ მოკლედ მომიჭრა: ”შტუტგარტში მივდივარ, ვნახოთ რას მეტყვიან - მეეჭვება, რომ იტალიასთან ჩამოვიდეო”.
მახომ საკუთარი თავი თავად შექმნა. მას ტიტულებით დახუნძლული კარიერა არ ჰქონია. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჩემპიონობა აბა რა მოსატანია იმ მოლოდინთან, რაც ხალხს მის მიმართ ჰქონდა. თუმცა ამის გარეშეც იქცა ხალხის ჯილად. ძნელია, ვინმემ 2002 წლის 22 მაისის საღამო, დინამოს კარში გატანილი პენალტი და მოზეიმე ქუთაისი დაივიწყოს. ამ ზეიმის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ ”ზავოდელი” ასკა იყო. მერე იყო მოსკოვის ლოკომოტივი. ყველა ხვდებოდა, რომ ასკას არავინ მისცემდა იმის უფლებას, ლასკოვი სკამზე დაესვა. თავადაც მიხვდა, რომ არჩევანი დიდი არ ჰქონდა: ან დაცვაში უნდა დაეხია და იქ ეთამაშა, სადაც არასოდეს ჰქონდა ნათამაშები ან არადა ღრმა სათადარიგოთა შორის დარჩენილიყო. ასე მოახდინა ასკას ”პერესტროიკა” სიომინმა. ჩვენში დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს სიომინმა დიდი ფეხბურთელი დაუკარგა. უკან დაწეული ასკა ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული მცველი გახდა. მისგან აღარავინ მოელოდა თამაშის ბედის შემოტრიალებას, მოწინააღმდეგის მცველებს შორის გამჭოლ პასებს და ცენტრში ბურთის დაჭერას.
მიუხედავად ყველაფრისა, ასათიანი მაინც ბედნიერ ადამიანად მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ ნაკრების არსებობის 20-წლიან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი სწორედ ასკამ გაიტანა რუსეთთან. აბა რამ დამავიწყოს 2003 წლის 30 აპრილი ასკას თავური და პოლარული ღამე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად რას არ მივცემდი იმისთვის, რომ იმ დღეს მოედანზე ვყოფილიყავი და რუსეთის წინააღმდეგ მეთამაშა.
მერე იყო ჟირესი და ასათიანის ჯარასავით ტრიალი დანიასთან თბილისურ მატჩში. ფრანგის გაოცება პრესკონფერენციაზე და ალალად ნათქვამი - "ასკას სახით მსოფლიოს მომავალი ზიდანი ეზრდებაო". ეჰ, რა იცოდა, რომ "მომავალი ზიდანის" კარიერა უსახურ საბჭოთა სივრცეს და ცივ მოსკოვ/კიევს ვერ გასცდებოდა. და მაინც, რატომ ვერ შედგა ასკა, როგორც კაშკაშა ვარსკვლავი? ალბათ მიზეზთა გამო:
1. ლოკომოტივში წასვლა ასკას ოცნება არ ყოფილა. ტორპედოს პრეზიდენტს ზურაბ ხინიკაძეს, რომელიც ლოკომოტივის ხემძღვანელობასთან მეგობრობდა, ხათრი ვერ გაუტეხა და მოსკოვში წასვლას დათანხმდა. არადა, თბილისის დინამოც ეპატიჟებოდა და ვინ იცის, იქნებ სჯობდა, თბილისში წასულიყო; მით უფრო, რომ დინამოს უფრო მეტი გამოცდილება ჰქონდა წარმატებული საერთაშორისო ტრანსფერებისა.
2. იქნებ სჯობდა, დალოდებოდა თავის შანსს და მისთვის ჩვეულ ადგილას ნახევარდაცვის ცენტრში ეთამაშა? მაგრამ ამ მოლოდინში შეიძლება საერთოდ არეოდა კარიერა და მცველი ასათიანიც კი სანატრელი დაგვრჩენოდა, თუმცა ისიც შეიძლება, მთლად ზიდანი თუ არა, იოჰან მიკუ მაინც გვყოლოდა.
3. ასკას ჰქონდა შიში ახალი გარემოს და დასავლური ევროპის მიმართ. შიში იმისა, რომ ვერ ისწავლიდა ენას, ვერ გაივლიდა აკლიმატიზაციას და ვერ მოახდენდა ახალ გარემოსთან შეგუებას. ამაში დიდი როლი მისმა პიროვნებამაც ითამაშა. ასკა ჩაკეტილი ადამიანია. გახსნილი, ჟურნალისტებთან ”მოღადავე”და ყელყელაობას ჩვეული არასოდეს ყოფილა. ეგ კი არა, იმასაც ამბობენ, რუსეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ქუთაისისკენ ტაქსით მიმავალ მახოს, მძღოლისგან რუსეთის კარში გოლის გამტანის ქება რომ გაუგია, საკუთარი ვინაობაც დაუმალავსო.
ასე დარჩა ევროპისთვის უცნობად. ევროპა ევროპად, მაგრამ საქართველოში დიდხანს ეხსომებათ 2003 წლის 30 აპრილი, მახოს პირველი თამაში ნაკრებში და პირველი გოლი http://www.youtube.com/watch?v=9pAG7wodQ8A
მალხაზ ასათიანი |
2006 წლისგან განსხვავებით, გულშემატკივარს ხავსიც აღარსად აქვს ხელის ჩასაჭიდად. ასკას კარიერა რაღაცით მაშხლის აკიაფებას წააგავს. დამბაჩიდან გასროლილი მაშხალასავით აიჭრა ცაში. მწვანე სინუსოიდის ადგილას ჯერ კიდევ მოჩანს მოცისფრო კვამლი, ცოტაც და მერე ისიც ალბათ უსასრულობაში განზავდება ...
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
მინდა წარმატებები ვუსურვო ბლოგსაც და ბლოგერსაც - მე სულ ვფიქრობდი, რომ ამ კაცში სპორტულ ჟურნალისტს, ფეხბურთზე მწერალ კაცს ეძინა:) და ყველაზე მთავარი - მას აქვს პირველყოფილი, ნაღდი ინტერესი და სიყვარული ფეხბურთისა და ფეხბურთელების მიმართ - გარდა მაგისა, ზღვა ინფორმაცია და ობიექტურობა.
ReplyDeleteიშვიათი კომბინაციაა, აქა-იქ შემორჩენილი და ამიტომაც მჯერა, მისი შემოქმედება უთუოდ კონკურენტუნარიანი იქნება...