Tuesday, May 22, 2012

ჩანახატი სახელად - გია გეგუჩაძე

გია გეგუჩაძეზე წერა ერთბაშად ადვილიც არის და ძნელიც. ადვილია იმ მხრივ, რომ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელზე უნდა წერო. ძნელია იმიტომ, რომ ის რთული პიროვნებაა, მრავალწახნაგოვანი და დიდი ნოდარის ნათქვამისა არ იყოს, ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო.

გია გეგუჩაძე 

ამბავი პირველი: 

შობა-ახალი წლის წინ გუნდის მეპატრონეებთა შეკრებაზე გია გეგუჩაძე ტორპედოს ზამთრის მოსამზადებელი გეგმა წარმოადგინა. გადაწყდა, გუნდი თურქეთში გაივლიდა შეკრებას. მოსამზადებელ გეგმაში ყველაფერი მისხალ-მისხალ იყო აწონილ-გაზომილი: ტრენაჟორები, ფიზიკური მომზადება, მენიუ, ამხანაგური თამაშების სიხშირე, სასტუმროს პირობები ... 

იანვრის შუა რიცხვებში ტორპედომ გეზი ანტალიისკენ აიღო. იქ ჩასული გუნდი სულ სხვა პირობებში აღმოჩნდა ვიდრე მთავარი მწვრთნელი ითხოვდა. იქ, ზემოთ, ვიღაცას კლუბის ისედაც სეკვესტრირებული ბიუჯეტის დაზოგვა გადაეწყვიტა. გუნდის სასტუმროში დაბინავების მერე თბილისში ზარი გაისმა. ყურმილის მეორე მხარეს ტორპედოს მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო - ”ასეთ პირობებში შეკრება არ ჩატარდება. გამორიხულია. უკანდასაბრუნებელი ბილეთები გვჭირდება”.
უფროს ფხაკაძეს სასწრაფოდ მოუწია ანტალიაში გადაფრენა პრობლემის მოსაგვარებლად.  

ამბავი მეორე:  

თბილისი ზაფხულის ისეთ ხვატშია გახვეული გარეთ გამოსვლას და ცხოვრებას რომ შეგაზარებს კაცს. საფეხბურთო სამყარო კი, ”ზესტაფონი” - ”ბრიუგეს” დაპირისპირებას ელოდება და უცებ - გია გეგუჩაძე გადადგა! 
თბილისში ჩამოსულმა ბელგიელებმაც ძნელად დაიჯერეს ეს ამბავი. თავიდან საფეხბურთო ტრიუკი ეგონათ. მაგრამ ფაქტია გეგუჩაძე მნიშვნელოვანი თამაშის წინ მართლა წავიდა. 
ამ ამბის შესახებ უამრავი ტყუილ-მართალი წამიკითხვას თუ მომისმენია - გიასგან, მის ახლობლებისგან, მწვრთნელ-ფეხბურთელებისგან, უბრალო გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო წრეებში მოტრიალე ხალხისგან. 
ფაქტია, გეგუჩაძე მარტივი ხასიათის არ არის, არც ილია კოკაიაა ტკბილი და მურაბა კაცი და ახლა ის უფრო მიკვირს როგორ შეძლეს ამ ორმა ადამიანმა ორ წელიწადზე მეტი ერთად ემუშავათ?   

ამბავი მესამე: 

”გაგრაში” მისვლისას გუნდში მისი ქვისლის ვაჟი აღმოჩნდა. პერსპექტიული, ნიჭიერი ბიჭი, რომელიც ”სასტავსაც” თამაშობდა, ასაკობრივ ნაკრებშიც იძახებდნენ, მაგრამ მერე და მერე მოუკლო და ... გეგუჩაძესაც დიდხანს არ უფიქრია, ბიჭი ჯერ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მერე კი განაცხადშიც ვეღარ იპოვნა საკუთარი გვარი. 

_____________________________________________________________________

მისი ფილოსოფია შეტევაა - შეუტიე სანამ შეგიტევენ! ვერ იტანს ბურთის უაზროდ მოშორებას და ცარიელ სივრცეებს. უყვარს მშრომელი ფეხბურთელები და საერთოდ არ აინტერესებს ამ ფეხბურთელთა მამის სახელები ... ლეგიონერებზე თავის წარმოდგენა აქვს - აქ ნორმალური არავინ ჩამოვა და ცუდის ჩამოყვანას ისევ ჩვენი ბიჭების დაწინაურება ჯობს, ის ლეგიონერია აქ ფული აინტერესებს და სულ საკუთარი ქვეყანა, ოჯახი, მეგობრები ენატრებაო.

ვერ ვიტყვი, რომ ტალანტების აღმომჩენი მწვრთნელია და ბევრი ახალგაზრდა ქართველი გაუზრდია. უფრო ნახევარფაბრიკატის დამუშავებაშია ძლიერი. მისი აღზრდილებისგან, ალბათ მხოლოდ ჯაბა კანკავამ ითამაშა შედარებით მაღალ დონეზე. ზესტაფონში მისულმაც თავიდან წარუმატებელი ტრანსფერებით დაიწყო: კაკალაძე, მელქაძე, მამალაძის გადაბირება არც თუ ისე საშური საქმე გამოდგა. თუმცა ზოგიერთმა გაამართლა. აფციაურის მსგავს ამრევის გუნდში მიყვანას, ალბათ ბევრი მოერიდებოდა. ერთი ხანობა კოკაიაც წინააღმდეგი იყო და მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, როდესაც გეგუჩაძემ მისი მეურვეობა საკუთარ თავზე აიღო. ასე იყო გრიგალაშვილის შემთხვევაშიც. ფეხბურთს დაშორებული და არაჯანსაღი სპორტული ცხოვრების მიმდევარი ფეხბურთელის დაბრუნებაც დიდი რისკი იყო, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა.

დიდი დროს უთმობს ტაქტიკურ მეცადიონებას და ყველაფერს უღეჭავს ფეხბურთელებს. ზედმიწევნით უხსნის მოწინააღმდეგის პლიუს-მინუსებს. ერთ-ერთი მისი შეგირდი ხუმრობდა - თეორიულის მერე ჩემი ვიზავის ბუცის ზომაც კი ვიცოდიო.

ბევრი ქართველი მწვრთნელისგან განსხვავებით ვარჯიშისას ხმას არასოდეს უწევს. ზესტაფონში მხოლოდ ერთი-ორჯერ მოხდა ვარჯიშზე, რომ გააფრინა და ... მოედანზეც ყველაფერი დაფრინავდა.

გელაშვილმა თქვა - გეგუჩაძე საქართველოში ყველაზე ძლიერი სპეციალისტიაო.

”ეგ კაცი რომ ხორვატიის ჩემპიონატში მუშაობდეს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელი იქნებოდა. ეგეთი პროფესიონალები ბევრი არც ჩვენ გვყავს” - ეს კი ივო კატუშიჩია. 

ამერიკელები ასეთ ადამიანზე ამბობენ ”self made man” არისო. ეგრეცაა, გეგუჩაძემ საკუთარი თავი თავადვე გამოძერწა, არც მფარველი ჰყოლია და არც ლობისტი. არც იმ მწვრთნელთა კატეგორიას განეკუთვნება სფფ-ს გენმდივანთან რომ მეგობრობს და ამის გამო ხან ასაკობრივ ნაკრებებში ნიშნავენ, ხან თბილისის ”დინამოში” და ხანაც ზუგდიდის ”ბაიაში”. მგონი საქართველოში ყველაზე ძლიერი ტაქტიკოსია. ყოველთვის იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს შედეგს. მყარად დგას მიწაზე და ღრუბლებში ფრენა არ უყვარს. ვერ იტანს მის საქმეში, რომ ერევიან და უწინც გუნდიდან წავა ვიდრე გუნდის პრეზიდენტის, კოლმეურნეობის თავმჯდომარის ან გუბერნატორის ჭკუაზე გაივლის. პრინციპულია, მაგრამ ხშირად ეს პრინციპულობა სიჯიუტეში გადასდის ხოლმე. აშკარაა ფეხბურთი შია და მე პირადად ნაკლებად წარმომიდგენია მან, ახლო მომავალში ნაკრებში იმუშაობს. ის ისეთი მწვრთნელია, რომელსაც არ შეუძლია ბურთთან, ფეხბურთელებთან, თანაშემწეებთან ყოველდღიური ურთიერთობის გარეშე.  

ადრე უთქვამს, ჩემთვის ყველაზე ზედგამოჭრილი ისეთი სტრუქტურის მქონე კლუბში მუშაობაა, როგორციც მოსკოვის ”სპარტაკია”, სადაც კლუბის მმართველიცა და მწვრთელიც ერთი და იგივე პიროვნებააო. ”ტორპედოში” ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს და დიდ პატივსაც სცემენ. სრული კარტ-ბლანში აქვს მიცემული. მართალია ხელმომჭირნე ”ვისოლის” პირობებში ძვირფას ტრანსფერებს ვერ გაჩარხავს, მაგრამ მაინც და მაინც არც ჩემპიონობას მოსთხვოს ვინმე ხვალვე. ზესტაფონისგან განსხვავებით გეგუჩაძე ”ტორპედოში” ღმერთია. ერთიცაა, გარედან ისე ჩანს რომ ტორპედოს მესვეურებს კოკაიასავით არ ესმით ფეხბურთი და ამიტომაც გეგუჩაძეს თვალდახუჭულნი ენდობიან. ისეთი გარემოა, რასაც გეგუჩაძე ნატრობდა: 5 წლიანი კონტრაქტი, სიმშვიდე, უსაზღვრო ნდობა და უფრო მაღალი ანაზღაურება, ვიდრე ზესტაფონში ჰქონდა. 

პროფესიონალიზმსა და შრომას უფრო წინ აყენებს, ვიდრე მეგობრობას, ამიტომაც ნაკლებად არის გათქვეფილი საფეხბურთო წრეებში და ხშირად დინების საწინააღმეგოდაც უცურია. ამ რამდენიმე წლის წინ იყო პროფლიცენზიის გამო ფედერაციის წინა ხელმძღვანელობას საჯაროდ რომ დაუპირისპირდა. 

ჩაკეტილია და დიდად ლაპარაკი არ უყვარს. სუფრაზეც კი იშვიათად საუბრობს, მაგრამ რასაც ამბობს ძალიან სიღრმისეულს, სერიოზულს, დასაფიქრებელს. ჰაი-ჰარალედ საუბარი არ ხიბლავს. ჩაკეტილობას კი ალბათ მისი ტრაგიკული პიროვნებაც განაპირობებს.  

აქამდე მეგონა, რომ კარგი მეკარე ნახევარი გუნდი იყო, მაგრამ ”ტორპედოს” თამაშებს რომ ვუყურებ გუნდის ნახევარი და იქნებ მეტიც, კარგი მწვრთნელი მგონია. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი  

Friday, May 18, 2012

აურზაური სალხინეთში ანუ საპრასია ფორევერ!


ა, ხალხი ... კი გვიშალა პირი აზერბაიჯანმა, ალიევის სანაპიროც დაივიწყა და ფიფა-უეფას  მისადგომებიც, მაგრამ მაინც ხომ გააკეთეს ... 

არა, სტადიონი, გაზონი, ტრიბუნა და ფეხბურთს რომ სჭირდება მისთანები კი არა - განაცხადი!

სფფ-ს განაცხადი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ

საერთოდ ამ განაცხადების საქმეში ჩემპიონები ვართ - ევროპისაც და მსოფლიოსიც. 

მერე რავარი ლამაზად ჩამოაწიკწიკეს?! იმისათვის, რომ ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ - ეს, ეს და ეს გვჭირდება, ამდენი სტადიონი, ამდენი სასტუმროს ნომერი, გზები და ტრანსპორტიო...

პროექტიც თან ახლდა ამ ხალისობას - პროექტი კი არა ”სევერნოე სიიანიეა” პირდაპირ. ისეთი ლამაზადაა დახატული ... უყურებ და გეამაყება კაცს - რა ხელმა დახატა, როდის, სად, როგორ ... 

ახლა აშენება ცოტა ძვირი კი დაჯდება და ეგება, მთლად ნახატივით გამართული ვერ იყოს ყველაფერი (ან სახურავი გადააძროს ქარმა, ან დრენაჟი არ გამოადგეს კარგი, ან კიდევ მთლად უკეთესი თუ არა, მთლად უარესი - ბალახმა თქვას უარი ამოსვლაზე), მაგრამ ხომ გავაგებინეთ ვინა ვართ და საით ვაპირებთ სიარულს, ხომ დავაკაკუნეთ უეფას კარებზე ... 

ბათუმის სტადიონის პროექტი
დავაკაკუნეთ რომელია - დავაბრახუნეთ ... 

ზემოთ ჩამოთვლილ რაღაცაებს რაც შეეხება, მოევლება - ისედაც ხომ ვიცით გასაკეთებელი: კიდევ ბევრია. 

ის კი არა, იოლადაც გამოვძვრებით - სტადიონებზე განათებები არ დაგვჭირდება. ქვეყანა-შუქურაში პროჟექტორი ვის რა ილიჩის ნათურად ჭირდება - დემოკრატიისაა თუ რაღაცაა შუქურა-შუქურაა და სადაც შუქურაა, ”ლამპუჭკები” რა სახსენებელია. 

გასაგებია, რომ ცოტა ფელინის ”ამარკორდსაც” ჰგავს ეს ამბავი. კაცი რომ ხეზე ზის და ”ქალი მინდაო” ყვირის - დაახლოებით ისე ვყვირით ჩვენც, ”ევროჩემპიონატი გვინდაო”, მაგრამ სხვა კუთხიდანაც შევხედოთ ამ საქმეს ... განა ყველა საქციელი გაგახსენებს კაცს ფელინის?! გენიოსს?! იტალიელს?! ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნის შვილს?! 

ხედავთ რა ალეგორიებია? რა ალიტერაციები? რა ბმულები? არა რა ... ცხრიანში ვახვედრებთ ხოლმე ... ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! რაც მეტად უფიქრდებაი კაცი, მით მეტად გჯერა, რომ ეპოქალური განაცხადია - მსოფლიოში საუკეთესო, ისტორიული. ესაა განაცხადი, თორმე ის რა განაცხადია ავსტრია-შვეიცარიელები ან ბელგია-ჰოლანდიელები, რომ აკეთებენ ხოლმე - ქვეყანა ხარ თუ ვინ ხარ, დალოცვილო რატომ გეპარება საკუთარ თავში ეჭვი?! ტყუპი განაცხადი რა არველაძეები ხართ?! 

ასე რომ, პირიქით, მადლობა აზერბაიჯანს, მოსალოდნელ დიდებაში არ შეგვეცილა და ევროპის ჩემპიონატში არ ჩაგვეზიარა. ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს - ფეხბურთზეა საუბარი, ”მენავთობე ქალების” გადაღებაზე ხომ არა. 

მსოფლიოს მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. ბარე ორს თვალი უნდა დავუვსოთ. ისეთი ჩემპიონატი უნდა მოვაწყოთ, ალი და ნინო ერთმანეთს ასწრებდნენ ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში თამაშების სანახავად ჩამოსვლას. 

მთავარია არ შეშურდეთ და ახლაც ”მაპზე უკეთესი” არ მოგვცენ - მერე რა, სტადიონები, სასტუმროები და ინფრასტრუქტურა რომ არ გაგვაჩნია ... 

პრასი ხომ გვაქვს ... 

თედო რიჩი     

Tuesday, May 15, 2012

ევრო-2020 ”პოსლეზე”

ჯორჯ ორუელს დავესესხები: ”მოეთხოვებოდათ მხოლოდ პრიმიტიული პატრიოტიზმი, რომელზე აპელირებითაც მათ ყოველ საჭირო მომენტში მიაღებინებდნენ გაზრდილ სამუშაო დღეს ან შემცირებულ ულუფას”. 

ამ რამოდენიმე კვირის წინ, აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულმა სეფე სიტყვამაც სწორედ ასეთი პრიმიტიული პატრიოტიზმი მოითხოვა, ზედმეტი შეკითხვების გარეშე. 


საქართველომ აზერბაიჯანი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო - უეფას ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობა შესთავაზა. აზერბაიჯანი თანამოძმე თურქეთს უნდა დაპირისპირებოდა, ქვეყანას, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია, დიდი საფეხბურთო ფორუმის მასპინძლობის შანსს ელოდება. 

და მერე იყო დუმილი. დუმილი ყველა დონეზე. არსაიდან ხმა, არსით ძახილი. დომენტი სიჭინავამ და რეზო არველაძემ ვერც სტამბულის უეფას კონგრესიდან გვითხრეს რაიმე აზრიანი. ლადო ვარძელაშვილიც დუმდა. უეფას მაღალჩინოსნებმა კონგრესის კვალდაკვალ ევროპირველობის სამასპინძლოდ აუცილებელი მოთხოვნები რომ გამოაგზავნეს, ფეხბურთის დიდმოხელეები კიდევ უფრო გაისუსნენ. 

სიჭინავას და არველაძეს სტამბულში უეფას კონგრესის გახსნისთანავე აგრძნობინეს  ევროფორუმის მასპინძლობისთვის ბრძოლის უტოპიურობა. მიშელ პლატინიმ ღიად მიანიშნა, რომ ევრო-2020-ის მასპინძელი თურქეთია. ნათქვამი იმდენად მკაფიოდ ჟღერდა, რომ თვით გერმანიამაც კი ევროპირველობის მასპინძლობის სურვილზე უარი თქვა.


თუმცა, პრიმიტიული პატრიოტიზმი თავისას ითხოვდა, ზედმეტი კითხვებისა და ახსნა-განმარტებების გარეშე. 

ფაქტია - იდეა თათარიახლად მომზადდა. არავითარი შეფასების დოკუმენტი, არავითარი SWOT ანალიზი, არავითარი ნიადაგის მოსინჯვა უეფაში, თურქეთსა თუ აზერბაიჯანში. უბრალოდ და პრიმიტიულად - აზერბაიჯანი-საქართველო       ევრო-2020! 

ახლა ყველაფერი უკან მოვიტოვეთ ... აზერბაიჯანმა შუა გზიდან გვიგანა. მორჩა, დეპოში ვართ! დღეს ევრო-2020-ის მასპინძლობაზე განახცადების შეტანის ვადა დასრულდა და სფფ-მაც პრიმიტიულ პატრიოტიზმს ხარკი გადაუხადა. განაცხადი შეტანილია. 

უეფამ ერთხელ უკვე გაიარა ბეწვის ხიდზე, როდესაც პოლონეთ-უკრაინას სიტყვაზე ენდო და ევროპირველობის მასპინძლობის უფლება ”პოსლეზე” - აუცილებელი ინფრასტურქტურის გარეშე გადასცა. სანამ უეფაში ის ხალხი იქნება, ვინც ეს ბეწვის ხიდი გადაიარა, ევროპირველობის მასპინძლობის უფლებას ნისიად აღარავინ გასცემს. თავს ნუ მოვიტყუებთ, ჩვენი არც ერთი სტადიონი (მათ შორის, მრავალ პატრონ და სახელგამოცვლილი ”დინამო არენა”) ევროფორუმის მასპინძლობის მოთხოვნებს არ პასუხობს. იქ, უეფაში კი ევრო-2012-ის გადამკიდე, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს. 

ევროპირველობა  ცოტა უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაში, რომელიც შეგიძლია ”ქართლზე” ჩაატარო, სადაც ბალახს მშიერი ძროხაც კი აქა-იქ თუ იპოვის. 

სტადიონი ”ქართლი”
სხვა რამე-რუმეებს რომ თავი დავანებო, ევროპირველობისთვის,  სულ მცირე, თორმეტი მეოთხე კატეგორიის სტადიონია საჭირო. მეოთხე კატეგორიის სტადიონის მინიმალური მოთხოვნები კი ასეთია: 
  • მინდორი - 105X68-ზე; 
  • 20 კვ. მეტრის მსაჯთა გასახდელი, ორი საშხაპით, ერთი ტუალეტით, ექვსი სკამითა და მაგიდით; 
  • 1400 ლუქსის სიმძლავრის განათება, რომელიც თანაბრად გაანათებს მთელ სტადიონს; 
  • 800 ლუქსის სიმძლავრის სათადარიგო განათება; 
  • 150 VIP სტუმრის მანქანის პარკირებისათვის საჭირო სივრცე; 
  • ბილეთების ელექტროკონტროლის მოწყობილობები; 
  • მინიმუმ 8,000 სავარძელი მაყურებლებისათვის; 
  • შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებით აღჭურვილი სტადიონის საკონტროლო ოთახი;
  • სათვალთვალო ვიდეოკამერებით აღჭურვილი სტადიონის შიდა და გარე პერიმეტრი, რომელიც დაკავშირებული იქნება საკონტროლო ოთახთან;  
  • 500 ადგილი VIP სტუმრისთვის; 
  • 400 კვ. მეტრის ფართის კაფე, რომლითაც მხოლოდ VIP სტუმრები ისარგებლებენ; 
  • მას მედიის მუშაობისათვის 200 კვ. მეტრის სივრცე, რომელიც  75 მედიის წარმომადგენელს დაიტევს; 
  • ცალკე გამოყოფილი სამუშაო სივრცე 25 ფოტოჟურნალისტისთვის; 
  • 10 კვ. მეტრის სივრცის ოთხი ცენტრალური ვიდეო კამერისათვის ტელერეპორტაჟის საწარმოებლად;
  • 100 კაცზე გათვლილი პრესლოჟა, რომელიც აღჭურვილი იქნება 50 მაგიდით; 
  • 25 საკომენტატორო ჯიხური ტელე-რადიო კომენტატორებისათვის; 
  • 25 კვ. მეტრის ფართის მქონე ორი ტელესტუდია, რომელთაგან ერთ-ერთს უნდა ჰქონდეს მინდვრის ხედი; 
  • ოთხი ადგილი ბლიც-ინტერვიუს ჩასაწერად; 
  • მოძრავი სატელევიზიო სადგურის განსათავსებლად საჭირო 1000 კვ. მეტრის ზომის სივრცე; 
  •  75 ჟურნალისტზე გათვლილი საპრესკონფერენციო დარბაზი სტადიონის შიგნით; 
  •  შერეული ზონა მინიმუმ 50 ჟურნალისტისათვის.

ეს მხოლოდ სტადიონები. საქართველოს ევროპის 24 ნაკრების მასპინძლობა მოუწევს და  შესაბამისად, ამდენივე საწვრთნელი ბაზა ექნება ასაშენებელი. სასწორის მეორე მხარეს კი თურქეთია, პლატინის მხარდაჭერით, მზარდი ეკონომიკით და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით.   


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Friday, May 11, 2012

რაკი იმედი გააღვიძეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სლოვენიაში
ევროპირველობა
2012 წელი

ისე დავიწყებ, როგორც ასტრიდ ლინდგრენს აქვს: ერთ ქალაქში, ერთ ქუჩაზე, ერთ მაღალ შენობაში ... და მერე კი ჩვეულებრივად - მოთავსებულ რედაქციას ბუბა ტყავაძე ეწვია და ...  

ისეთი ”ინტერვიუ” შედგა, ”დენთის სუნად ყარდა” - კამათისა და შეუთანხმებლობის ზღვარზე მიდიოდა საუბარი. 

კამათმა ისე გააცხელა რესპონდენტ-კორესპონდენტი, მთელი ათი წუთი არკვევდნენ ერთმანეთში ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება 1981 წლის 13 მაისი იყო თუ ჟორჟიკაშვილის ბავშვების დანიურ ფინალურ სტადიაზე გასვლა. 

ათი წუთის მერეღა გაარკვიეს, რომ რესპონდენტი ქართული ფეხბურთის მთლიან ისტორიაში იმზირებოდა და კორესპონდენტი - მხოლოდ უახლესში, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის წარმატებას ადარებდა ერთმანეთს. 

ის კამათი კი მშვიდობიანად დამთავრდა, სხვა რამეა საფიქრალი: მიუხედავად იმისა, მას მერე ათამდე წელიწადი გავიდა, არაფერი შეცვლილა: ისევ პატარა ბიჭების წარმატებებს ვითვლით და მწვერვალი ისევ 13 მაისია - ამ გადასახედიდან ათიოდე წლით უფრო ბებერი, მაგრამ კიდევ მეტად მიუწვდომელი. 

სამაგიეროდ ახალი რეკორდი შედგა - ვასკა მაისურაძის ბავშვებმა არა მხოლოდ ფინალურ სტადიაზე, ნახევარფინალში გააღწიეს, საუკეთესო ოთხეული გაინაღდეს და იმედიც გააღვიძეს. 

იმედი იმისა, რომ კიდევ ერთი თაობა მოვიდა. 

მე კი ბოიანს ვუცქერ და მეშინია. ბოიანს, კრკიჩს - მაგრად რომ დაიწყო და როგორღაც გაითქვიფა. ზოგადად, ასეა: მაგრად იწყებენ და ბოლოს ითქვიფებიან ხოლმე. რატომ? წნეხს ვერ ერევიან - ადრე ”ცვდებიან”. ბოლომდე არ ყოფნით ”პოროხი”. ჩვენებურებს - მით უმეტეს. ჩვენებურებს ხომ ფეხბურთი ცხოვრების მოსაწყობად უნდათ, ბინისთვის, მანქანისთვის, ბარ-კლუბებში საგლიჯინოდ. მერე ვარჯიში ბეზრდებათ, მერე თავად მათ მოიბეზრებენ ხოლმე და ... 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები
2002 წელი 

რჩება სინანული და თავში ჭკუა მქონდააა... 

გამონაკლისიც არსებობს რა თქმა უნდა, მაგრამ გამონაკლისი ხომ წესს ამტკიცებს. ბოიანის გარდა სათაური მახსოვს ერთი - მანჭა ”რაული”! თქვენ თუ გახსოვთ? არა, სათაური არა - რა აუცილებელი წლების წინანდელი სათაურის დამახსოვრებაა, ფეხბურთელი თუ გახსოვთ გვარად მანჭარაული... გეხსომებათ, გოლები გაჰქონდა, თან გვარშიც ეს რაული ... ვინ იცის, სადაა ახლა. ან სხვები სად არიან. კოპალას ბიჭები ... ჟორჟიკაშვილის ბიჭები ... ხიზანა კი იმას ჯავრობს, გიო ქინქლაძე ბოლომდე ვერ შედგაო. სანანებელია, აბა რა ... და დღემდე ნანობს კიდეც მთელი საქართველო, მაგრამ ნეტავი ქინქლაძის ნახევარი შეაძლებინათ ამ ბიჭებს. 

შრომაა საჭირო - არ მჯერა მე მხოლოდ ნიჭის ხარჯზე მოპოვებული გამარჯვებებისა და ამაზეც უნდა იფიქრონ ისტორიის გადამწერმა ნიჭიერმა ქართველმა ბიჭებმა. 

თედო რიჩი 

Wednesday, May 9, 2012

ფრანგი კულინარის საფეხბურთო რეცეპტი

... მერე საფეხბურთო სამყარომ ისევ ძველი ”პლასტინკა” დაატრიალა - ფეხბურთელები კი გვყავს, მაგრამ მათ დონეს აქაური მწვრთნელები ვერ ქაჩავენო. რევოლუციაახლადმოხდილმა ერმა და ახალმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა სფფ-ს უცხოელი მწვრთნელის მოძიება დაუკვეთა. მართალია, მერაბ ჟორდანიას ხელისუფლებაში ახლადმოსული პოლიტიკოსები  უნდობლად უყურებდნენ, თუმცა პირად კონტაქტებს  აქ თუ საზღვარგარეთ არასოდეს უჩიოდა. ეს კაციც მიდგა-მოდგა და ანრი მიშელთან რომ არაფერი გამოვიდა, პლატინის მეგობარი, ”მამლაყინწების” ერთ-ერთი ლეგენდა ალან ჟირესი არც თუ ისე ძვირად ჩამოიყვანა. 


ალან ჟირესი 

ჩია ტანის, ფიქრიანი, ოდნავ მორიდებული, თმაშევერცხლილი ჟირესი თბილისში პირველად 2004 წლის ადრე გაზაფხულზე გამოჩნდა. სფფ-ს ახალ შენობაში ვიზიტს, მარადშენებარე ”ბასას” ტრადიციად ქცეულ მონახულებას და მცხეთაში წაქეიფებას კონტრაქტის გაფორმება მოჰყვა. სახელიანი უცხოელი მწვრთნელი პირველად ჩაუდგა ჩვენს ნაკრებს სათავეში. თუმცა, როგორც გვჩვევია, საწყის ეტაპზე კვალიფიკაცია დავუწუნეთ. ნაკრებში მუშაობის გამოცდილება არ გააჩნია და ამან აბა რა უნდა გვიშველოსო. ვერც სადებიუტო შეხვედრა გამოუვიდა ხეირიანი. მაისის წვიმიან საღამოს თბილისში,  ”ლოკომოტივზე”  ვალიდ ბადირის გოლით, ისრაელთან  0-1 წააგო.  

სულო ცოდვილო, ასე მგონია, თამაშის ხარისხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ალან ჟირესი ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთს ათამაშებდა ჩვენს ბიჭებს და უცხოელი მწვრთნელებიდან, მათ ხასიათსა და მენტალიტეტს ყველაზე კარგად სწორედ მან გაუგო.

რისკიანიც იყო და სიახლეებისაც არ ეშინოდა. არც მანამდე და არც მერე არ მახსენდება, ვინმეს ჩვენი მოთამაშეები მთელ დუნიაზე ეძებნა ან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც თუნდაც მამუკა ჯიქია და კახა მჟავანაძე იყვნენ, ნაკრებისთვის გამოეყენებინა.  ლეგენდობის მიუხედავად, არც ცხვირაწეული იყო და არც საქართველოს უყურებდა ზემოდან. სად არ ნახავდით - გორსა თუ ზუგდიდში, ავლაბარსა თუ ქუთაისში. ყველგან იყო, ყველაფერს უყურებდა და სწორედ ეს კაცი იყო, აკაკი დევაძის სანაკრებო რეინკარნაცია რომ მოახდინა. 

ნაცნობ-მეგობრობაშიც არაფერი შეშლია. უშუალობითაც გამოირჩეოდა. შეეძლო, ოთარ მამასახლისაც აჰყოლოდა ხუმრობაში, ახალგაზრდებთან ”გრეხენბოლიც” ეთამაშა და დემესთან ერთადაც ეღადავა. ფეხბურთელებთან დისტანციასაც ინარჩუნებდა და ზოგჯერ რეჟიმის დარღვევაზეც თვალს ხუჭავდა.  

ბიჭებს კარგად გაუგო-მეთქი, აკი დავწერე. მემკვიდრეებისგან განსხვავებით, ფეხბურთელები ნაკრებიდან არასოდეს მოუკვეთავს. თურქეთში გასვლაზე ნათამაშები ფრის მერე, გვიან ღამით თბილისში ჩამოსული ნაკრების წევრები ეგრევე სასტუმრო ”ბატესტაში” წაასხა შეკრებაზე, რადგანაც ოთხ დღეში ალბანეთთან მნიშვნელოვანი თამაში ელოდათ. თუმცა ბიჭების განტვირთვაც არ დავიწყნია, ნაკრების ექიმს დათო იოსელიანს ლუდი მოატანინა და ფეხბურთელებთან ერთად ჩაუჯდა. 

შემტევ ფეხბურთს რომ ხარკს უხდიდა, მისი ტაქტიკური სქემიდანაც ჩანდა. ორი მოიერიშე ფლანგის მცველით, ერთი შეტევაზე ორიენტირებული საყრდენით, გამთამაშებლითა და ორი თავდამსხმელით ბევრი ვერ შებედავდა დანიის, თურქეთის ან თუნდაც ალბანეთის ნაკრებებს. ნაკრებში მისი ჯილა, შემტევი ჯამარაული იყო. ამბობენ, ჯამარას ბურთით დანახვაზე თვალები უბრწყინდებოდაო. თუმცა არც ახალგაზრდებს უყურებდა ალმაცერად, ცხონებულ ჯემალ ჩიმაკაძისთვის უთქვამს, გოგუა-კანკავას დუეტით ბარე ორს დავდებ ბეჭებზეო. 

შეტევა მისი სტიქია იყო. ერთხელ, ”ბატესტას” ფოიეში თავდამსხმელებზე საუბრისას თქვა: კონტრშეტევაზე გადასვლისას თავდამსხმელი მოწინააღმდეგის მცველს რომ ზურგით დაუდგება და მის მოსატყუებლად არ წავა, იქ ჩემთვის ყველაფერი დასრულებულია. ჩემთვის ეგეთი ფორვარდი ფორვარდი არ არისო. 

ჟირესს საქართველოში ყოფნა ცუდ დროს მოუხდა. სახელმწიფომ დიდი დოზით დაიწყო ფეხბურთში ჩარევა. კანცელარიაში უეფას მმართველ მიშელ პლატინისთან ერთად მისული ჟორდანია ქვეყნის პრეზიდენტმა ჯერ არ მიიღო (მისთვის კანცელარიაში შესასვლელი საშვი არ დაუშვეს), მერე სულაც მისი ფავორიტით, ჰაიდელბერგში განათლებამიღებული უმცროსი ნოდარ ახალკაცით ჩაანაცვლა. ამას გაიოზ დარსაძის მიერ მოსიე ალანის მაგიდაზე ნაკრებში გამოსაძახებელი ფეხბურთელების სიის დადება მოჰყვა და მონასტერიც აირია.  

პარადოქსია, მაგრამ ჟირესს საფეხბურთო კუთხით საქართველოზე დალაგებული სიტუაცია აფრიკის კონტინენტზე დახვდა. ალბათ ამიტომაც ჯერ საშუალო გაქანების გაბონთან ერთად მიაღწია წარმატებას, ამ რამდენიმე თვის წინ კი მალის ნაკრებს აფრიკის თასზე ბრინჯაოს მედლები მოაპოვებინა. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Monday, May 7, 2012

მტრობა

”დინამო”-”ტორპედო” 0-1
თბილისი, 6 მაისი, 2012
ფოტოები აღებულია ს.კ. ”დინამო” თბილისის 
facebook-ის ოფიციალური გვერდიდან 
აღარც მახსოვს, მერამდენედ დავესწარი ”დინამო”- ”ტორპედოს”. ქართული ფეხბურთის ეს მართლაც გამორჩეული შეხვედრა ამჯერადაც საინტერესო გამოდგა ჩემთვის და მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, საათნახევარი მაინც გამოვძებნე, რათა ჩემს საყვარელ მერვე სექტორში მოვკალათებულიყავი. 

აღარც მახსოვს, მერამდენედ დამეუფლა ასეთი გრძნობა, მაგრამ გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ”დინამოზე” მეტად ამ შეხვედრას ”ტორპედო” ეკიდება გაზრდილი პასუხისმგებლობით. 

აღარც მახსოვს მერამდენედ გააწბილა ”დინამომ” საკუთარი გულშემატკივარი, მაგრამ გუშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რა აკლია ჩვენს ფეხბურთს. 

ყველა ქვეყნის ჩემპიონატს აქვს გამორჩეული შეხვედრები, რომლებიც თავისებურ პეწს და ხიბლს მატებენ ფეხბურთს. ეს აუცილებელიცაა და საჭიროც, მაგრამ პირველ რიგში ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი სანახაობა. 

”ტორპედოსთვის” ეს შეხვედრა წლებია, ბუნებრივად ითვლება, რასაც, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი ”დინამოზე”. ამ გუნდის გულშემატკივრებისგან, ფან-კლუბისგან და ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ფეხბურთელებს ვერასოდეს ვატყობ, რომ ”ტორპედო” მათთვის რაღაც განსაკუთრებული მეტოქეა. 




იოლად შესამჩნევია, რომ, მაგალითად ”გლადიატორები” ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ამ შეხვედრისათვის, მათი რაოდენობაც ამ თამაშზე უფრო მეტია ხოლმე, ვიდრე სხვა ტურებისას, შემართებაც და ქომაგობაც უფრო სხვანაირი გამოდის, ლაზათიანი, ხმაურიანი, მაგრამ რად გინდა ... 

ისეთ თამაშს ჰგავს: ბავშვი უფროსს რომ ბანქოს ეთამაშება და უგებს, უფროსი კი თავს იმშვიდებს, პატარაა და ძალებს არ ვხარჯავო. 

სამწუხარო კი ისაა, რომ გუშინ ”დინამოს” ძალების არდახარჯვა კი არა, საკუთარ თავზე მაღლა ახტომაც კი სჭირდებოდა, რადგან კლუბის ისტორიაში პირველად იქმნება საშიშროება, რომ თბილისელები ევროთასებს მიღმა დარჩნენ. 

მიზეზი? აბა, რა გითხრათ. ჩემთვის ძნელად ასახსნელია, რატომ უყურებენ დინამოელები ქუთათურებს ზემოდან, რატომ ეკიდებიან საქმეს ზერელედ, რატომ არ ”ემტერებიან” მათ მოედანზე, რატომ არ ცდილობენ მეტოქის მოგუდვას, რატომ, რატომ, რატომ ...

იმაში კი რატომღაც დარწმუნებული ვარ, ”ტორპედომ” 2-3 ტიტული რომ შეიმატოს, უკვე სხვანაირად შეხედავენ დინამოელები. თუმცა გაუგებარია, თუ მტერი გემტერება, რატომ აძლევ იმის საშუალებას, რომ ისტორია გაიმდიდროს? რატომ არის ეს შენთვის საჭირო დამატებითი გამაღიზიანებელი? რატომ აძლევ მოღონიერების საშუალებას? 

ბედად, გუშინდელი ”დინამო”-”ტორპედოდან” რამდენიმე საათის მერე ”ინტერი”-”მილანის” დერბი იყო. ვინც ორივე თამაში ნახა, ალბათ მისთვის აქ კომენტარის გაკეთება ზედმეტი იქნება. დონეზე, კლასზე, მაყურებლის რაოდენობაზე და ასეთ ფუფუნებაზე საერთოდ არაფერს ვამბობ, იქ სხვა რამე იყო მთავარი - ბრძოლა, ძიძგილაობა, მტრობა, ზიზღი, თვალების ბრიალი, ენის გამოყოფაც ... და ეს იყო ორივე გუნდის მხრიდან! 

”დინამოს” კი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ”ტორპედო” უბღვერს, სანაცვლოდ მხოლოდ ზემოდან ყურებას და ჰაი-ჰარალე დამოკიდებულებას იღებს და ამით პირველ რიგში ჩვენ, გულშემატკივრები ვზარალდებით.

ფუტ ბოლი     

Friday, May 4, 2012

აიწონა-დაიწონა

ლევან მჭედლიძე
ფეხბურთელი, რომელზეც ამ წერილში ვწერ, ერთდროულად უიღბლოცაა და იღბლიანიც. ის 22 წლისაა და რაც წლები გადის, კარიერა უკან-უკან მისდის, არადა, რა კარგად იწყებდა ... 15 წლის იყო, როცა იტალიურ ”ემპოლიში” მოხვდა. განა ყველა ქართველ ბიჭს ააქვს ამის ფუფუნება? 17 წლის იყო, როცა საქართველოს მთავარ ნაკრებში ითამაშა და შოტლანდიას გოლი გაუტანა. ესეც ერთეულების ხვედრია. 18 წლის იყო, როცა ”პალერმოს” ტურინში მოაგებიდა ”იუვენტუსთან”, თანაც, ვიღაცას კი არა, ჯიჯი ბუფონს გაუტანა გადამწყვეტი გოლი. ბევრი დაიკვეხნის ამას? რა თქმა უნდა, ვერა. 

თითქოს ყველაფერი ჰქონდა - ჰა, გულო და სულო, შენია ყველაფერი, მიდი და იფრინე. 

თუმცა ეს ფეხბურთელი ამჟამად იტალიის სერია B-ს დონეზეც არ ჩანს, ერთი რიგითი ფეხბურთელია ”ემპოლიში” და მეტწილად, შეცვლებზე შედის. გოლები კი ვერა და ვერ გააქვს. 

რამ შეუშალა ხელი? ტრავმებმა თავის თავად, ზედიზედ 5 თამაშს ვერ აბამდა ერთმანეთს. ეს ნაადრევი და არასწორი დატვირთვების ბრალი იყო, ის სათუთად ვერ იზრდებოდა, ძალიან ადრე აჰკიდეს ტვირთი და ამ ტვირთს სახელად ერქვა - ”ახალი შოთა არველაძე შენს გარდა არავინ ჩანს”. 

იყო სხვა ხელისშემშეშლი რაღაც: უცებ მოიმატა 14 სანტიმეტრი, ამ დროს კი კუნთების განვითარება ვერ შეესაბამება სიმაღლის ზრდას. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთშიც ხშირია და ბევრ ჭაბუკს თავი დაუნებებია კიდეც საყვარელი საქმისთვის. მოკლედ გატანჯა ტრავმამ, მაგრამ ... 

ამ ბიჭის ხასიათიც ისეთივე უცნაურია, როგორც მისი კარიერა. ”აიწონა-დაიწონა” ხან მზეა, ხან ღრუბელი. სახე სულ უცინის, მაგრამ უცებ ბრაზდება. ვინც მას იცნობს, დამერწმუნება შეფასებაში. და ფეხბურთიც ხომ ცხოვრებაა. ის მოედანზეც ისეთივე სპეციფიკური ტიპაჟია, როგორც მის მიღმა. ამიტომაც ააქვს ჩავარდა და უცებ აღზევება. 

განა ჩვეულებრივი ამბავია რაც 2009 წლის ზამთარს გააკეთა?  

”პალერმოდან” ფეხი დაჰკრა და საახალწლოდ თბილისში გაატარა არდადეგები. შეკრებაზე არ გამოცხადდა, მერე კი საერთოდ წავიდა გუნდიდან. ”ის უცნაური ადამიანია, ვერაფრით ვერ მივუდექით” - განაცხადა ”პალერმოს” პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ. ამ ძამპარინის შერეკილად იცნობენ და წარმოიდგინეთ, მას რომ სიგიჟეებით გააკვირვებ ... 

მახსოვს, მისი და ერთ-ერთი გულშემატკივრის საუბარს შევესწარი. ეჰ, ჩვენი საშველი არაა, ცუდ დღეშია ქართული ფეხბურთიო, ჩიოდა ქომაგი. ასეთ საუბარს ვერ იტანს. უცებ წამოენთო და ისეთები უძახა მოსაუბრეს, თვალები შუბლზე ამივიდა. შინაარსი ასეთი იყო: ”დაჯექი და იტირე, მე ყოველთვის გავალ და თავს შევაკლავ თამაშს”.

მართლაც, ის მინდორზე გაჩერებული იშვიათად მინახავს. დარბის, ფეხებში უხტება მეტოქეს და ზოგჯერ ეს ტრავმის ფასად დასჯდომია. 

ბავშვურია. ინტერვიუში მორიდება არ იცის და  თუ ვინმე გასაკრიტიკებელია, იტყვის. 15 წლის იყო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი შეფობა (ნოდარ ახალკაცის მეთაურობით) რომ გააკრიტიკა რომელიღაცა ტურნირის მერე, ეს რა მინდორზე გვათამაშესო. 

მეგობრობა არ ეშელება. ისეთი ტიპია, გულგრილი ვერ იქნები მის მიმართ. უყვარს კარგად ჩაცმა, ”გულაობა”, ”სვეტსკი” მანქანები ... 22 წლისაა. დავუცადოთ და გვქონდეს იმედი? რატომღაც მგონია, აღზევების მომენტი კიდევ ექნება - თან, არაერთხელ. ოღონდ სტაბილურობა გამორიცხული მგონია. არ არის სტაბილურობისთვის დაბადებული. 

ასეთია ლევან მჭედლიძე. 

ბაქარი სანაია   

Wednesday, May 2, 2012

ფეხბურთი გულშემატკივრისაა, მხოლოდ 90 წუთით

ტორპედო - დინამო საჩემპიონო მატჩი (1-0)
 ქუთაისი, 2001 წლის 22 მაისი 
”ფეხბურთი გულშემატკივრისაა!”  -  რამდენჯერ მოგვისმენია ეს ფრაზა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში. ამას ხან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები გვეუბნებიან, ხან საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელები და ხან ფეხბურთელის ბაგენი ღაღადებენ. როგორც ჩვენში ხშირად ხდება და მომხდარა, სიტყვა არის სიტყვისთვის, ყოველგვარი შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე. 

თუმცა აქ და ამ შემთხვევაში ფედერაციის, საფეხბურთო კლუბის ბოსები თუ ფეხბურთელები იმას გულისხმობენ, რომ ფეხბურთს გულშემატკივრის (გულშემატკივარში იმას ვგულისხმობ, ვინც სტადიონზე ალალი გულით დადის და არა ”ნაჩალნიკის” გულის მოსაგებად) თვალისთვის ქმნიან. თუმცა არის ერთი ”მაგრამ” - ამ პროდუქტის შექმნაში გულშემატკივარს ძალიან მოკრძალებული როლი აქვს. ის უნდა მივიდეს სტადიონზე და ხმის ჩახლეჩამდე უქომაგოს თავის გუნდს. მეტნაკლებად ჩვენში სწორედ აქ სრულდება ცნობილი ფრაზა ”ფეხბურთი გულშემატკივრისაა”. ჩვენში ფეხბურთი გულშემატკივრის 90 წუთია, მერე ის უკვე მას აღარ ეკუთვნის. თითქოს არის მისთვის და არც არის. 

საქართველოში გულშემატკივარს ფეხბურთის შექმანში მონაწილეობის საშუალებას არ/ვერ აძლევენ. როგორც იტყვიან, მას გააჩნია ვალდებულებები მაგრამ ძალიან ცოტა,  ან სრულიად არ გააჩნია უფლებები. უფლებებში უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრის აზრის გათვალისწინებას ვგულისხმობ. 

ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები როგორ და რა მეთოდებით ტარდება, ყველამ ვიცით. იქ გულშემატკივარს კი არა, ფეხბურთის სპეციალისტებს არავინ ეკითხება არაფერს და გულშემატკივარი ვინ ოხერია?!  

არახალი ამბავია, თბილისის ”დინამოში” ბოლო 10 თვის მანძილზე მესამედ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. რომან ფიფიამ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ კახა ცხადაძესთან შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან გუნდს სწორედ ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი უხელმძღვანელებს. ქართული სპორტის საფიხვნოს ნააზრევს რომ თვალი გადაავლო, ფაქტია, კახა ცხადაძის მიმართ გულშემატკივართა უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი. თუმცა ფიფიამ ეს არად ჩააგდო და ”პიპინოს” შანსი მისცა, ერთ მდინარეში მეორედ შესცუროს. 

”დინამოს” რებრენდინგიც აგერ უკვე მეათე თვეა, რაც მიმდინარეობს და გულშემატკივარის როლი აქაც მინიმალურია. ”დინამოს” დროებითი ლოგოს შექმნაში გულშემატკივარისთვის აზრი არავის უკითხავს, არც ახლა ეკითხება ვინმე, როდესაც გრძელვადიანი მოქმედების ლოგოს შექმნაზე მიდგა ჯერი. ეგ კი არა, ასე ნანატრი ”დინამოს” მაისურების დამზადება-გაყიდვასაც რაღაც ერთჯერადი აქციის სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე სისტემატური ხასიათი. 

არც სხვა გუნდებშია საქმე კაცს რომ შეხარბდეს ისე. აგერ ჯოზეფ ქეის მოღვაწეობისას იყო რუსთავის ”ოლიმპი” ”მეტალურგად” ისე გადანათლეს, გულშემატკივრისთვის აზრი ზრდილობის გამოც არ უკითხავთ. 

ფაქტია, გულშემატკივარს არ გააჩნია არანაირი მექანიზმი, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენა მოახდინოს და არც კლუბის ბოსებიც თვლიან ამას საჭიროდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არც მოჰამედი მიდის მთასთან და ვერც მთა ახერხებს მუჰამედთან მიახლოებას. 

ეს ჩვენშია ფეხბურთი გულშემატკივრისათვის მხოლოდ 90 წუთი, თორემ ევროპაში ფეხბურთით რომ ცხოვრობენ, არახალია. ფეხბურთით ცხოვრება გულშემატკივარსა და კლუბს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს უფრო მტკიცეს ხდის და გულშემატკივარს უჩნდება გრძნობა, რომ კლუბი მასაც ეკუთვნის და მენეჯმენტში მის აზრს ითვალისწინებენ.

ევროპის ასზე მეტ გუნდში ფანები თავიანთი საყვარელი კლუბის აქციონერები არიან.  ”ბარსელონისტებს” მმართველი დირექტორის არჩევნებში წონადი სიტყვა ეთქმით. მათი ბერკეტი სხვა თუ არაფერი, აბონიმენტები და ბილეთებია. არავის უნდა გულშემატიკვარი განარისხოს და ამით კლუბის ბიუჯეტს დაარტყას.  

უფრო მეტიც, ევროპის ორმოცზე მეტ საფეხბურთო კლუბს დირექტორთა საბჭოში ფანკლუბის წარმომადგენლებიც ჰყავთ, მაგალითად ჩვენში კარგად ნაცნობი გლაზგო ”რეინჯერსიც” გამოდგება. 

ასეა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ფანებისგან ევროპული დონის გულშემატკივრობას ითხოვს, ალბათ ჯერ მართვის ევროპულ სტუქტურას უნდა შეხედონ და იქიდან ის დადებითი გადმოიღონ, რაც გულშემატკივრის კლუბთან უფრო მეტად დაახლოების საწინდარი შეიძლება გახდეს. 

მერე ეგებ მარტო 90 წუთი არ იყოს ფეხბურთი გულშემატკივრისათვის.  

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი