ტორპედო - დინამო საჩემპიონო მატჩი (1-0) ქუთაისი, 2001 წლის 22 მაისი |
”ფეხბურთი გულშემატკივრისაა!” - რამდენჯერ მოგვისმენია ეს ფრაზა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში. ამას ხან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები გვეუბნებიან, ხან საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელები და ხან ფეხბურთელის ბაგენი ღაღადებენ. როგორც ჩვენში ხშირად ხდება და მომხდარა, სიტყვა არის სიტყვისთვის, ყოველგვარი შინაარსობრივი დატვირთვის გარეშე.
თუმცა აქ და ამ შემთხვევაში ფედერაციის, საფეხბურთო კლუბის ბოსები თუ ფეხბურთელები იმას გულისხმობენ, რომ ფეხბურთს გულშემატკივრის (გულშემატკივარში იმას ვგულისხმობ, ვინც სტადიონზე ალალი გულით დადის და არა ”ნაჩალნიკის” გულის მოსაგებად) თვალისთვის ქმნიან. თუმცა არის ერთი ”მაგრამ” - ამ პროდუქტის შექმნაში გულშემატკივარს ძალიან მოკრძალებული როლი აქვს. ის უნდა მივიდეს სტადიონზე და ხმის ჩახლეჩამდე უქომაგოს თავის გუნდს. მეტნაკლებად ჩვენში სწორედ აქ სრულდება ცნობილი ფრაზა ”ფეხბურთი გულშემატკივრისაა”. ჩვენში ფეხბურთი გულშემატკივრის 90 წუთია, მერე ის უკვე მას აღარ ეკუთვნის. თითქოს არის მისთვის და არც არის.
საქართველოში გულშემატკივარს ფეხბურთის შექმანში მონაწილეობის საშუალებას არ/ვერ აძლევენ. როგორც იტყვიან, მას გააჩნია ვალდებულებები მაგრამ ძალიან ცოტა, ან სრულიად არ გააჩნია უფლებები. უფლებებში უპირველეს ყოვლისა, გულშემატკივრის აზრის გათვალისწინებას ვგულისხმობ.
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები როგორ და რა მეთოდებით ტარდება, ყველამ ვიცით. იქ გულშემატკივარს კი არა, ფეხბურთის სპეციალისტებს არავინ ეკითხება არაფერს და გულშემატკივარი ვინ ოხერია?!
არახალი ამბავია, თბილისის ”დინამოში” ბოლო 10 თვის მანძილზე მესამედ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. რომან ფიფიამ ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ კახა ცხადაძესთან შეთანხმებას მიაღწია და ახალი სეზონიდან გუნდს სწორედ ეროვნული ნაკრების პირველი კაპიტანი უხელმძღვანელებს. ქართული სპორტის საფიხვნოს ნააზრევს რომ თვალი გადაავლო, ფაქტია, კახა ცხადაძის მიმართ გულშემატკივართა უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი. თუმცა ფიფიამ ეს არად ჩააგდო და ”პიპინოს” შანსი მისცა, ერთ მდინარეში მეორედ შესცუროს.
”დინამოს” რებრენდინგიც აგერ უკვე მეათე თვეა, რაც მიმდინარეობს და გულშემატკივარის როლი აქაც მინიმალურია. ”დინამოს” დროებითი ლოგოს შექმნაში გულშემატკივარისთვის აზრი არავის უკითხავს, არც ახლა ეკითხება ვინმე, როდესაც გრძელვადიანი მოქმედების ლოგოს შექმნაზე მიდგა ჯერი. ეგ კი არა, ასე ნანატრი ”დინამოს” მაისურების დამზადება-გაყიდვასაც რაღაც ერთჯერადი აქციის სახე უფრო ჰქონდა, ვიდრე სისტემატური ხასიათი.
არც სხვა გუნდებშია საქმე კაცს რომ შეხარბდეს ისე. აგერ ჯოზეფ ქეის მოღვაწეობისას იყო რუსთავის ”ოლიმპი” ”მეტალურგად” ისე გადანათლეს, გულშემატკივრისთვის აზრი ზრდილობის გამოც არ უკითხავთ.
ფაქტია, გულშემატკივარს არ გააჩნია არანაირი მექანიზმი, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რაიმე გავლენა მოახდინოს და არც კლუბის ბოსებიც თვლიან ამას საჭიროდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არც მოჰამედი მიდის მთასთან და ვერც მთა ახერხებს მუჰამედთან მიახლოებას.
ეს ჩვენშია ფეხბურთი გულშემატკივრისათვის მხოლოდ 90 წუთი, თორემ ევროპაში ფეხბურთით რომ ცხოვრობენ, არახალია. ფეხბურთით ცხოვრება გულშემატკივარსა და კლუბს შორის გაბმულ უხილავ ძაფებს უფრო მტკიცეს ხდის და გულშემატკივარს უჩნდება გრძნობა, რომ კლუბი მასაც ეკუთვნის და მენეჯმენტში მის აზრს ითვალისწინებენ.
ევროპის ასზე მეტ გუნდში ფანები თავიანთი საყვარელი კლუბის აქციონერები არიან. ”ბარსელონისტებს” მმართველი დირექტორის არჩევნებში წონადი სიტყვა ეთქმით. მათი ბერკეტი სხვა თუ არაფერი, აბონიმენტები და ბილეთებია. არავის უნდა გულშემატიკვარი განარისხოს და ამით კლუბის ბიუჯეტს დაარტყას.
ევროპის ასზე მეტ გუნდში ფანები თავიანთი საყვარელი კლუბის აქციონერები არიან. ”ბარსელონისტებს” მმართველი დირექტორის არჩევნებში წონადი სიტყვა ეთქმით. მათი ბერკეტი სხვა თუ არაფერი, აბონიმენტები და ბილეთებია. არავის უნდა გულშემატიკვარი განარისხოს და ამით კლუბის ბიუჯეტს დაარტყას.
უფრო მეტიც, ევროპის ორმოცზე მეტ საფეხბურთო კლუბს დირექტორთა საბჭოში ფანკლუბის წარმომადგენლებიც ჰყავთ, მაგალითად ჩვენში კარგად ნაცნობი გლაზგო ”რეინჯერსიც” გამოდგება.
ასეა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა ფანებისგან ევროპული დონის გულშემატკივრობას ითხოვს, ალბათ ჯერ მართვის ევროპულ სტუქტურას უნდა შეხედონ და იქიდან ის დადებითი გადმოიღონ, რაც გულშემატკივრის კლუბთან უფრო მეტად დაახლოების საწინდარი შეიძლება გახდეს.
მერე ეგებ მარტო 90 წუთი არ იყოს ფეხბურთი გულშემატკივრისათვის.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment