Wednesday, October 31, 2012

ბილბაოს "ატლეტიკიდან" რეკორდამდე

იმ დროს ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ფეხბურთის მოყვარულები. მის მერე, არცერთი ქართული კლუბი არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ჩემპიონთა ლიგასთან. უფრო მეტიც, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვშორდებოდით სანუკვარ მიზანს. გზა ერთი შეხედვით თითქოს გამარტივდა, მაგრამ ჩვენთვის უფრო რთული და მრუდე გახდა. 

1998 წლის 12 აგვისტო იდგა. თბილისს ევროპული მასშტაბით საკმაოდ ძლიერი გუნდი ეწვია. ესპანეთის ვიცე ჩემპიონი ბილბაოს "ატლეტიკი", "ჩუპაჩუპსის" მოყვარული მთავარი მწვრთნელ ლუის ფერნანდესთან ერთად. მოლოდინი ნამეტნავად დაბალი იყო. რა უნდა გაეკეთებინა ოცი წლის, გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებულ გუნდს ბასკებთან. ყველანი შევცდით. გამოუვიდათ კი არა, აკი გითხარით, ლამის ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფის კარი შელეწეს.


ლამის არ ითვლებაო ამბობენ, მაგრამ მაინც, აგერ 14 წელი გავიდა იმ ამბიდან და ის მაინც ყველაზე დიდ მიღწევად რჩება. ეს იყო თამაში სადაც ბილბაოს "ატლეტიკი", ესპანეთის ვიცეჩემპიონი გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა. დაუჯერებელი იყო. ესპანეთის რანგით მეორე გუნდი, თბილისის "დინამოსთან" თამაშის 30-ე წუთისთვის 2-0 მარცხდებოდა. ლევან ხომერიკის გოლს, ლევან ცქიტიშვილმა მეორე დაუმატა და ლამის იყო ბილბაოლებს "დინამომ" მესამე გოლი გასახდელში გაატანა. ზედ შესვენების წინ, დათო მუჯირმა ისეთი ჯარიმა ამოსცხო, რომ ლამის კარის ძელი მოთხარა. გაუჭირდებოდა.... ქართველ პუბლიკას ახლაც ახსოვს გასახდელისკენ გვირაბში მიმავალი ლუის ფერნანდესის დაბნეული სახე ... როგორი საქმეა, გარანტირებულ, ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფის საგზურს და მასთან დაკავშირებულ მილიონობით შვეიცარულ ფრანკს, ვიღაც პერიფერიის ნახევრად მშიერი გუნდი ჯიბიდან აცლიდა. 


მეორე ტაიმში ვალტერ გუჩუას ცუდად ამოტანილ ბურთს, 46 წუთზე ანდონი იმაზის გოლი მოჰყვა. ახალგაზრდა დინამოელები მაინც არ ჩერდებოდნენ. ის თამაში დაუჯერებელი სიზმარივით იყო და ორი კვირის თავზე "დინამომ" ბილბაოში იმედი წაიღო. იმედი იმის, რომ სასწაული მოხდებოდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის კარს შევულეწავდით. თვითმფრინავში ბიჭებს დამატებითი მოტივაცია შეუქმნეს. გოლის გამტანს "აირზენა" 1000 დოლარს ჩუქნიდა. იმ დროს არც თუ ისე ცუდ თანხას. 

სასწაული არ მოხდა. გიორგი კიკნაძემ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა, მსაჯმა მუჯირი გაგვიგდო და მეორე ტაიმში გაშვებული გოლით "დინამომ" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ასე დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება. თამაშის მერე, ფეხზე ამდგარმა პუბლიკამ ტაშით გამოაცილა ბილბაოს ”სან მამეს” სტადიონიდან ახალგაზრდა დინამოელები. არადა ის სასწაული რომ მომხდარიყო იქნება და სხვაგვარად განვითარებულიყო ჩვენი ფეხბურთი. მეორე დღეს გაზეთი "სარბიელი" გამოვიდა. საჰედლაინოდ ბრწყინვალე სათაური გამოეტანათ: "ჩემპიონთა ლიგა: ღარიბები არ გამოგვეხმაურონ". მაშინ მართლაც ასე იყო. ამ კონსერვატიულ ტურნირზე ღარიბები ვერ გაიჭაჭანებდნენ. 

იმ "დინამოდან" ყველამ კარიერა დაასრულა. გასულ სეზონამდე ორად-ორი კაცი აგორებდა ბურთს დავით მუჯირი და გივი დიდავა. მუმუმ ლურსმანზე ბუცები ამ რამოდენიმე თვის წინ ჩამოჰკიდა და მწვრთნელობას ეჭიდება. გივი დიდავა კი უკანასკნელი მოჰიკანია. დღეს მისი "მერანი" სწორედ მუმუს "ზესტაფონთან" დამარცხდა. მისი ყოფილი თანაგუნდელის მიერ გაწვრთნილ გუნდთან. ეს მარცხი დიდავასთვის დასამახსოვრებელი ვერ იქნება, მაგრამ წლების მერე მარტვილელთა კაპიტანი იმას გაიხსენებს რომ რეკორდი სწორედ ამ დღეს დაამყარა. 


423 თამაში საქართველოს ჩემპიონატში - როგორი საქმეა. საშუალოდ 15 წელი, ეს მაშინ, როდესაც როგორც კი ვინმე ბურთის წინ მოშორებას ისწავლის ყველა აზერბაიჯან-ტაჯიკეთ-ყირგიზეთ-სომხეთში გარბის. ეს ამბავი გერმანიის ბუნდესლიგაში რომ მომხდარიყო დღის "ნიუსი" იქნებოდა. თუმცა ეს საქართველოა. 

გივი დიდავა ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა. უფრო იმ კატეგორიის ფეხბურთელია "როიალის თრევა" რომ გამოსდით. ის მშრომელია და ფეხბურთიც იმ დონეზე ითამაშა, რა დონეზეც საფეხბურთო ნიჭმა გაუშვა. 36 წლის ქუთაისელი ფეხბურთელისთვის კარიერის მიღწევად "დინამოში" თამაში დარჩა. ყველაზე დიდ გულისწყვეტად - ბილბაოლებთა მარცხი... დღეს მან იონანიძის რეკორდი დაამხო. ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელთა მიგრაცის რომ ვაკვირდები, არა მგონია მის ამ მიღწევას ვინმემ უახლოეს მომავალში საფრთხე შეუქნას. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

Monday, October 29, 2012

რამაზ შენგელია - პიროვნება

ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის ის არის, რომ იყოს უბრალო, ჩვეულებრივი, ცხოვრობდეს წყნარად, ზომიერად და აუღელვებლად. 

ადამიანები რაღაცნაიარად მდინარეებს ჰგვანან: წყალი ყოველ მდინარეშია და წყალი წყალია, მაგრამ თითოეული მდინარე ზოგი ვიწროა, ზოგიც განიერი, ზოგი ჩქარი, ზოგი მდორე, ზოგი ანკარა და ცივი,  ზოგიც მღვრიე და თბილი. ასევეა ადამიანებიც, ყოველი კაცი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და ხან ერთ თვისებას გამოავლენს და ხან მეორეს, ხანაც სრულიად აღარ ჰგავს თავის თავს, თუმც ის იგივე რჩება, რაც არის. 

რამაზ შენგელიაც მუდამ იგივე რჩებოდა. არტისტიზმი, ყეყეჩობა, ზემოდან ყურება, მისგან შორს იგდა. ის სახალხო ფეხბურთელი იყო. კელაპტარივით რომ ენთო იმ შავ-ბნელ პერიოდში. 

არც მერე, დამოუკიდებლობის პერიოდში დაუძალებია ბურნუთივით თავისი თავი სხვებისთვის. არც სავარძელს გამოჰკიდებია და არც სახელსა და დიდებას. არადა ... საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ იყო დასახელებული. როგორი საქმეა? რამდენად წინ უნდა ყოფილიყავი რუს ფეხბურთელებზე, რომ იქ საბჭოთა დედაქალაქში საუკეთესოდ ეღიარებინე.


გერმანელებმა მას საბჭოთა გერდ მიულერი შეარქვეს. გოლების მანქანა. კარზე დაგეშილი ფორვარდი. ერთი წამით მოადულებდი ყურადღებას, ერთი წამით დატოვებდი ზურგს უკან და ბურთი კარში ფართხალებდა. გატანჯული ყავდა მცველები, 90 წუთის მანძილზე წამით მოდუნებას არავის აცლიდა. ის გოლების კაცი იყო. გოლეადორი. მხოლოდ ერთხელ, ერთადერთჯერ გააკეთა საგოლე პასი და ისიც როგორი - დიუსელდორფში ”კარლ ცაისის” წინააღმდეგ და სწორედ მისი პასით აანთო ორიანი ტაბლოზე ვოვა გუცაევმა. 

თავის დამსახურება, მნიშვნელობა და სიდიადე გადაკვრითაც არავისთან უხსენებია. არც ჟურნალისტებთან და არც საახლობლოში. მუდამ დათო ყიფიანის პასებს და დამსახურებას მიაწერდა თავის ბომბარდირობას. დათოზე გადაჰქონდა აქცენტი. მუდამ ჩუმად, უხმაუროდ ყოფნა უყვარდა. 

მის მშობლიურ ქუთაისში აბა რა გამოლევს ნიჭიერ ფეხბურთელებს. ბევრი ტალანტი უნახავს იმერეთის ამ ულამაზესს ქალაქს. ადრე დათო ნოზაძეზე დავწერეთ http://geofoot.blogspot.com/2012/06/blog-post_26.html უნიჭიერეს ქუთაისელ ბიჭზე ასე ადრე რომ წავიდა იმქვეყნად. მის ფეხბურთელობაში სწორედ რამაზს მიუძღვოდა უდიდესი წვლილი. ახალგაზრდა ბიჭს მძიმე ტრავმის მერე მოსკოვში ცნობილ მირონოვის კლინიკაში სწორედ რამაზის დახმარებით გაუკეთეს ოპერაცია. ოჯახს ფული შეუძლევია რამაზისთვის. გაღიმებია რამაზს - ჯერ ეგ ფული არ მინდა, მერე მომცეს ევროპის თასს რომ მოიგებსო. 

თავში არასოდეს არაფერი ავარდნია. ხალხსაც უბრალო ადამიანად დაამახსოვრა თავი. კოტემ დაწერა გოგიშვილმა: კვიპროსში რომ თამაშობდა, გეგე შეუცვლია მწვრთნელს რამაზის შვილი. ფეხზე წამომდგარა მაყურებელი და ტაშით გაუცილებია. ტრიბუნებს ამაყად გადახედა თურმე გეგემ და მენეჯერს თვალი ჩაუკრა. 
- ეგ არ გაგიკვირდეს, მამაშენს თხუთმეტი კი არა, ასი ათასი კაცი უკრავდა ტაშსო - უპასუხია მენეჯერს. 

რამაზ შენგელიას სახელი მანამდე იქნება, სანამ თუნდაც ერთი ბავშვიც გააგორეს ამ ქვეყნად ბურთს.მის წინაშე ფეხბურთის გულშემატკივრები მუდამ ვალში ვიქნებით. იმ სიხარულისთვის, რასაც უანგაროდ წლების მანძილზე გვანიჭებდა. რამაზის სახელი არასოდეს დაიკარგება, მაგრამ კარგი იქნება თუ ქუთაისის ”ტორპედოს” ხელმძღვანელობა, იმ ქალაქის სტადიონს, სადაც რამაზი ფეხბურთს ეზიარა, ამ დიდი ფეხბურთელისა და პიროვნების სახელს უწოდებს.  

ჩუმად ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე. მთლიანად პიროვნება იყო და კარგად იცოდა, რომ ეს ქვეყანა სახნავ-სათესი იყო და არა მარტოოდენ სამკელი. არავისგან ითხოვდა სიყვარულსა და პატივისცემას. მარკესისას არ იყოს, იცოდა კაცისთვის ზემოდან მხოლოდ მაშინ უნდა დაეხედა, როდესაც ძირს დაცემულს ფეხზე წამოსაყენებლად ხელს გაუწვდიდა. ასე მგონია რამაზ შენგელიამ ყველაზე კარგად უწყოდა, რომ ამქვეყნად მხოლოდ წუთიერად იყო და როდესაც მისი დრო ამოიწურებოდა ვიღაცას უნდა დაწყვიტოდა გული. ვიღაცას მართლა უნდა დაკლებოდა, მხოლოდ ოჯახის წევრებს კი არა... 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Saturday, October 27, 2012

ვერისბაღელები და ”დინამო”

თმაში ჭაღარა გაჩენილა. წლები გაფრენილა. არადა რამდენი მოგონება და ლამაზი წუთები დატოვა ამ წლებმა. რამდენი ფრაგმეტი, რამდენი ფინტი, რამდენი გოლი და რამდენი სიხარული ... რამდენი იმედგაცრუებაც. 

ერთგულება მათი საფირმო ნიშანია. მეგობრებისა და ფეხბურთის ერთგულებაზე არაფერს ვამბობ, ადგილის ერთგულებაზეა საუბარი. ვერისბაღის შესასვლელი და ”დინამოს”  სტადიონის მეცხრე სექტორი. ჩამოჯდებიან და იწყება ... მიხვალ გვერდით დაუჯდები და იმდენ რამეს და ვინმეზე გაიგებ ისტორიას, რომ ... იცი რომ მერე შენც დაბერდები, შენც შენს შვილებს წაიყვან სტადიონზე და ასე გაგრძელდება. ასე გადავა მემკვიდრეობით და მარადისი გახდება. ვერისბაღელებიც ”დინამოს” ისტორია არიან. აწმყოც და წარსულიც. 

ვერისბაღელები
მერე რა ვუყოთ, თუ მათთან საუბარში მოგონება ჭარბობს. ადრე მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ყიფიანის მერე უჭირდათ ვთქვათ ალექსანდრე გოგობერიშვილის ფეხბურთისთვის ეცქირათ. ახლა ვხდები. მართლა ძნელია. ძნელია, ვთქვათ იგივე გიო ქინქლაძის თამაშის მერე, ახლანდელ შემტევებს უყურო, მაგრამ ისინი მაინც იქ არიან. ”დინამოს” არ ეღალატება და ამიტომ. ”დინამო” და ფეხბურთი მათი ცხოვრების ნაწილია. მათთვის ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე სპორტი და ალბათ ამიტომაც იყო, აკუმლატორებითა და ტელევიზორებით რომ მიუყვებოდნენ აღმართებს პანტიანისკენ თურქული არხების დასაჭერად, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეყურებინათ. თამაშებს კასეტებზე იწერდნენ და პატიაშვილისაც უგზავნიდნენ. კომუნისტების დროს ბირჟაზე უსაქმოდ დგომა დანაშაული იყო. ეს წესი მარტო ვერისბაღელებზე არ ვრცელდებოდა. ვერის ბაღში შეგეძლო რამდენი ხანიც გინდოდა იმდენ ხანს ყოფილიყავი. ახლა ამ ყველაფერმა ფორუმეზე გადაინაცვლა, მაშინ კი იქ ჯოხით ქვიშაზე ხდებოდა საფეხბურთო ტაქტიკის დახაზვა და გარჩევა. ფეხბურთი მაშინ ეროვნული იდენტობის დამტკიცების საშუალება იყო. საბჭოთა მარწუხებიდან გაქცევის იარაღი. საერთო სახალხო მღელვარების საბაბი. გამარჯვების მერე თეთრად გათენებული ღამე. 1976 წელს ”დინამოს” მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღებას და სწორედ ასეთ თეთრად გათენებულ სიხარულის ღამეს მოჰყვა ვაჟა აზარაშვილის უკვდავი ”დინამო”, ახლაც რომ ჟრუანტელს მომგვრელია ჩვენთვის. მეორე დღეს მორის ფოცხიშვილისთვის წაუღია მუსიკა, პოეტმა მუსიკას ტექსტი მოარგო და უკვდავებაც შეიქმნა.  

       
ვერისბაღელები და ”დინამო” ეს მორის ფოცხიშვილისთვილსაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეგ კი არა ”დინამოს” თამაშისას, პოეტის ერთ-ერთი ქალიშვილისთვის ”პაკლონიკს” დაურეკავს. ქალ-ვაჟს საუბარი გაგრძელებიათ. ფეხბურთი დასრულებულა. გასულა პოეტი ოთახში და შვილისთვის უთქვამს: ”მამა, დაანება მაგ ბიჭს თავი, კაცს რომ ფეხბურთი არ ეყვარება ოჯახში არ გამოდგებაო”. 

ვერისბაღელებთან ბევრი ცნობილი ადამიანიც მდგარა. ჩვენს დროში რომ ვარსკვალებს უწოდებენ, იმათზე კაშკაშა ციური სხეულები. გურამ ფანჯიკიძიდან დაწყებული, ნოდარ დუმბაძით დამთავრებული. მათთვის ”დინამო” უბრალო რამ არ იყო. გულის ფიცარზე ეწერათ. სწორედ ნოდარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვა ”დინამომ” მიერ თასების თასის მოგება. დიუსელდორფის ფინალიდან გარკვეული დროის მერე დუმბაძეს მწერალთა კავშირში  მიღება გაუმართავს. მისულან დინამოელები. ნოდარ ახალკაცს მოუბოდიშებია: - ”უნდა გვაპატიოთ ნოდარ ბატონო, ძირითადი გუნდი ლესელიძეშია შეკრებაზე და მხოლოდ დუბლები მოგიყვანეთო”. დუმბაძის პასუხზე გაუცინარ ხელმწიფედ წოდებულ ახალკაცსაც ვერ შეუკავებია თავი: - ”მაი არ იდარდო ფარსადანოვიჩ, ჩვენც დუბლებით გხვდები, აპა ჩვენი ”ასნავნოი სასტავი” მთაწმინდაზეაო”. 

ბევრი რამ ააქვთ გასახსენებელი ვერისბაღელებს. ბევრი ცნობილი ამბავი, ბევრიც უცნობი რამ. წლები გადის, ვერისბაღელებსაც ბევრი წევრი აკლდებათ. წლები და წლებთან ერთად კიდევ ერთი ეპითეტი ”უბერებლები” ემატებათ. ისინი ისევ იქ არიან ვერისბაღის შესასვლეში, ხელმარცხნივ სკამზე და დინამოს მეცხრე სექტორში. ბევრი უკეთესი უნახავთ, მაგრამ იციან ”დინამოს” და ფეხბურთს არ ეღალატება ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი  

Wednesday, October 24, 2012

ის ჩამოვიდა ...

საჩინო, ჩამევიდა ბიჭი?

თბილისი ჭორ-მართლის ქალაქია. იმ ცნობილი რეკლამისა არ იყოს, ვერასოდეს გაიგებს კაცი სად მთავრდება ლეგენდა და იწყება რეალობა. თბილისში შეთქმულების თეორიებზეც გიჟდებიან. იმან-იმას-იქ-ის უთხრა. კიდევ ის მოსწონთ ძალიან, როდესაც ინგლისურად რომ ვთქვათ, "Breaking news"-სა და ექსკლუზივს პირველად თავად ამბობენ. გუშინ თბილისის წვიმიან ქუჩებში მერაბ ჟორდანია გამოჩნდა. მისი სტუმრობა არასოდეს არის უხმაურო. ახლა, გუშინდელი ამინდისა არ იყოს საქართველოში პოლიტიკური ამინდიც არეულია. ცვალებადი მოღრუბლულობით. წყალიც ამღვრეული და გამოცდილი მეთევზე მთლად ლოქოს თუ არა ქორჭილას მაინც დაიჭერს. ჟორდანიას გათვლა ლოქოზე აქვს. ქორჭილები ახალგაზრდობაში არ აინტერესებდა და ახლა, ამ სიბერეში აბა რა შეცვლიდა?! ჟორდანიას ინტერესი ს.კ. "დინამო" თბილისია, მის დროს ს.კ. თბილისის "დინამოდ" რომ იწოდებოდა და მერე რომ გადანათლეს. ჟორდანია ახლა ჰოლანდიაშია. მოძმე აბრამოვიჩის მხარდაჭერით არნემის "ვიტესს" ხელმძღვანელობს, მაგრამ.. არის ერთი მაგრამ ამ ამბავში. ასე მგონია მთლად სანდრო როსელის ადგილას რომ დასვა ჟორდანიას "დინამო" თბილისი, გნებავთ თბილისის "დინამო" არასოდეს დაავიწყდება და სულ მისკენ დაიწყებს ყურებას. 

ს.კ. "დინამო" თბილისი ქართული ფეხბურთის ბრენდია. ევროპაში რომ იცნობენ და ჯერ კიდევ ახსოვთ. ის არ არის ერთი რიგითი კლუბი და ამიტომაც არის მასზე მარადჟამს დიდი გაწევ-გამოწევა. ყველას აინტერესებდა "დინამო" მხედრიონით დაწყებული ოლიგარქებით დამთავრებული. ჟორდანიას ინტერესიც ბუნებრივია. მდიდარი, ცნობილი, გამოსული კაცისა. ის რომ "დინამო" ხალხისაა, ეს შირმაა. ამაღელვებელი სიტყვით გამოსვლისას, ერთი მნიშვნელოვანი ფრაზა, ტაშს რომ მოწყვეტს პუბლიკას. ეს ფრაზა რენომესთვის არის კარგი, თორემ "დინამო" ხალხის დიდი ხანია აღარაა. "დინამო" ოლიგარქების ხელიდან ხელში გადადის. 

რა, რა და ჟორდანიას შეგიძლია ყველაფერი დააბრალო კაცმა გარდა უჭკუობისა. მას ემოციების კონტროლი შეუძლია, მოსმენის კულტურაც გააჩნია და გაჭრამდე ასჯერ ზომავს ხოლმე. ამიტომაც არის ღიმილისმომგვრელი ყველა მის ალაპარაკებას რომ ელოდება.. არ დაიჯეროთ. ჟორდანია არ არის ის კაცი პრესას გული გადაუშალოს, სიტყვა გაუვარდეს ან იმაზე მეტი თქვას ვიდრე უნდა.. ამ თვისებებით ის ჯიბეში ჩაისვამს ფიფიასაც, კოკაიასაც და ფხაკაძეებსაც.. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. ჟორდანიას გუშინდელი განცხადება უსაფუძვლოაო, ამას ვერავინ იტყვის. უსაფუძვლო და როყიო მიზნით ჰოლანდიიდან არ ჩამოვიდოდა. ამ განცხადებამდე ჟორდანია იურისტებთან კონსულტაციებს გაივლიდან და კარგად გაიგებდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არის შესაძლებლობა, რომ "დინამოსთვის" იბრძოლოს. ეს მაშინ, როდესაც ძმებ ფიფიების მფარველი წინა ხელისუფლება შეიცვალა და ახალი ხელისუფლება კანონიერების აღდგენას ჰპირდება ხელისუფლების წყაროს - ხალხს. 


რა წერია კანონში - ჩემი ვარაუდით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს უნდა ეფუძნებოდეს ჟორდანიას პრეტენზიები, კერძოდ კეთილსინდისიერი შემძენის ცნებას. ამ მუხლი პირველ პუნქტში (მეორე წინადადება) ჟორდანიასთვის ხელჩასაჭიდი  რამაა მოცემული: 

"კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე". 

ჟორდანიას გათვლა იმაში მდომარეობს, რომ შსს-მ და კახა თარგამაძემ მას "დინამო" უკანონოდ წაართვეს. ბადრი პატარკაციშვილსაც უკანონოდ მიჰყიდეს და პატარკაციშვილების ოჯახი არ იყო "დინამოს" კანონიერი მესაკუთრე. ეს ყველაფერი კი უნდა სცოდნოდა ან იცოდა ფიფიამ და ... შესაბამისად კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებაო. ახლა ჟორდანიამ დრო მისცა პატარკაციშვილებსა და ფიფიას, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ ვინ არის კლუბის კანონიერი მფლობელიო. ასე რომ ბურთი "დინამოს" ახლანდელი და ყოფილი მფლობელების მოედანზეა...ჟორდანია ჭკვიანი მოთამაშეა და შეეცდება ბურთი სულ მოწინააღმდეგის მოედანზე იყოს. 

ფიფიამ რომ დინამოში დიდი ინვესტიცია ჩადო, ამას არავინ უარყოფს. დინამოს ბაზისა და სტადიონის ნახვა თვალს და გულს უხარია. ძალიან მიამიტი უნდა იყო კაცი ის დაიჯერო რომ ფიფიას უკან არავინ დგას. "ზესტაფონისა" არ იყოს "დინამოს" მეპატრონის უკან უკრაინელები დგანან და რეალურად რომ ვთქვათ "დინამო" ახლა ოლიგარქთა ბრძოლის ველად ქცეულა. ფიფია, რომლის უკანაც "დნიპროს" მფლობელები დგანან და ჟორდანია, რომესაც ზურგს რომან აბრამოვიჩი უმაგრებს. ფიფიას მდგომარეობას ისიც ასუსტებს, რომ მას რუსეთის პროკურატურა ეძებდა და ძებნის განახლება მუდამ შესაძლებელია. მით უფრო მაშინ, როდესაც შენს მფარველებს შენი შეფარება კი არა საკუთარი თავი გასჭირვებიათ.   

"დინამო" ხალხისთვისაა - ეს შირმაა. ფრაზა, რომლითაც კარგ საჯარო გამომსვლელს შეუძლია პუბლიკას ტაში მოსწყვიტოს. "დინამო" რაც დამოუკიდებელი ფეხბურთი გვაქვს, მუდამ ოლიგარქებისა იყო. დსთ-ს სივრცეში გამდიდრებული ოლიგარქებისა არასოდეს მჯეროდა. მაჩვენეთ საქართველოს მოქალაქე მილიონერი, რომელმაც პირველი მილიონი დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში იშოვნა და სანთლებს დავუნთებ. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი



Friday, October 19, 2012

თამაში სფფ-ს ყანაში

ქვეყანაშიც და ქვევრებშიც დუღის ტემპერატურა მაღალია. ერთაგან, სულ ახლახან დასრულდა არჩევნები და ყველაფერი თავიდან გადასანაწილებელი გახდა ბიზნესი, ხელისუფლება, თანამდებობები, სპორტი... კი სპორტიც გადასანაწილებელია. მეორეგან, ვაზის ნაჟური დუღს, ყურადღებას არ მიაქცევ და შეიძლება ქვევრი შუაზე გახეთქოს.  

შემოდგომის მიწურულს ნაძველხელისუფლებარზე ახალი ხალხი გამოჩნდა. გამოჩნდა ყველაგან, ნებისმიერ სფეროში. გარეგნულად ისე ჩანს, რომ ვცდილობთ სისტემის ნგრევას ყველაფერი არ გადავაყოლოთ. თუ რამ მიღწევა ყოფილა წინა მმართველობისას შევინარჩუნოთ. არ გვინდა წარსული შეცდომები გავიმეოროთ. შემოდგომაზე სამშობლოს მიშა ყაველაშვილი დაუბრუბდა. დასაბრუნებლად ძალიან ხელსაყრელი დრო იყო. მისი უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე, სპორტის მინისტრად ინიშნება და მიშას ორწელიწადნახევრიანი მარტვილობასაც ბოლო მოეღო. 

ძნელია შუაგულ ევროპაში ყოფნის მერე, ასეთ არაულ-დარეულ სიტუაციაში დაბრუნდე. დაბრუნებაც არის და დაბრუნებაც, მხოლოდ დაბრუნება კი არა, ყაველაშვილი კონკრეტული მიზნით დაბრუნდა - მართალია მე პრეზიდენტობა ჯერ არ მინდა, მაგრამ  ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი უნდა გადადგეს და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოსო. მიზეზი ბანალური და გაცვეთილია - ”საზოგადოების მხრიდან ფეხბურთის ფედერაციამ და ჩვენმა ფეხბურთმა ნდობა დაკარგა და თუ მისი დაბრუნება გვინდა, სიჭინავა უნდა გადადგეს და სამართლიანი არჩევნები ჩატარდესო”. 



სიჭინავას არასოდეს დაუმალავს, რომ ფეხბურთი არ ესმის. ეგ კი არა, ფეხბურთის სახლში მას ”პრარაბსაც” კი ეძახიან. ის უფრო მეურნე ტიპია, ვიდრე კაბინეტის მუშაკი და ამიტომაც არის ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდ ყურადღებას რომ უთმობს. სიჭინავა საფეხბურთო სამყარომ ამ სამიოდე წლის წინ აირჩია. არჩევნების შედეგები ფიფამ და უეფამ აღიარა და ამ კაცს პრეზიდენტობის ვადა ოდენ 2015 წელს ეწურება.  მეორე საკითხიცაა, როდესაც ყაველაშვილი საზოგადოების სახელით გამოდის, ვინ არის საზოგადოება? როგორ განსაზღვრავს მას? რა კრიტერიუმებით და რამდენად გააჩნია ლეგიტიმაცია იმის ლეგიტიმაცია, რომ საზოგადოების სახელით გამოვიდეს? 

მიშა ყაველაშვილი წინააღმდეგია, ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის გადაყენება შენობაში შევადნით და მიტინგებით მოხდეს. ეგ კი არა, ვეტერანმა ფეხბურთლემა ისიც თქვა ”ფედერაციის ხელმძღვანელთა შეცვლა ძველი მეთოდების გამოყენებით დაუშვებელია და ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო”. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ის რომ მიშა ყაველაშვილი  ”ჩვენი ფეხბურთის” სახელით აკეთებს ამ განცხადებას, რომლის წევრადაც სხვათაშორის, სპორტის მომავალი მინისტრი დღემდე რჩება, უკვე ითვლება ზეწოლად. ზეწოლა მარტო მიტინგები და ლანძღვა გინება არ არის, მორალური ზეწოლაც ზეწოლაა და ასე მგონია, ვინ-ვინ და დემოკრატიის მართლაც შუქურა შვეიცარიაში ნაცხოვრებ კაცს ეს არ უნდა ესწავლებოდეს. 

სიჭინავას და რეზო არველაძის ადვოკატობას არავინ აპირებს, მაგრამ როდის უნდა ვისწავლოთ რომ არჩეულ ადამიანს იმ ვადით მუშაობა ვაცალოთ, რა ვადიცათ აირჩიეს?! სიჭინავას ვადაზე ადრე გაშვება პრეცენდენტს ჰქმნის მხოლოდ (როგორც ეს ჟორდანიას და ნემსაძის შემთხვევაში იყო) და მერე... წლები რომ გავა ყაველაშვილსაც რომ იგივე ბრალდებით ვადაზე ადრე მიადგენენ ოპონენტები? როდემდე უნდა ვიაროთ მკვდარ წრეზე? 

ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო კაცი ის დაიჯერო, რომ კახა კალაძე მთავრობაში მხოლოდ მაღალი ძაბვის დარეგულირებაზე, განახლებად ენერგიაზე ფიქრით და ელექტრო სადგურებში სიარულით შემოიფარგლება. კალა ფეხბურთს ვერსად გაექცევა და ასე მგონია მთავრობაში ორი საფეხბურთო ცენტრი უნდა ჩამოყალიბდეს: ერთი ლოკომოტივის სტადიონის მოპირდაპირე მხარეს ლევან ყიფიანისა და ჩვენი ფეხბურთის მეთაურობით, მეორე კი ბარათაშვილის ქუჩაზე ენერგეტიკის სამინისტროში. კალაძე არ ჩქარობს. 2015 წლისათვის კობიაშვილიცა და იაშვილისაც დასრულებული ექნებათ საფეხბურთო კარიერა. სპორტის მენეჯმენტში განათლებაც მიღებული ექნებათ და ვინ იცის იქნებ ....

არც რეზო არველაძის დავიწყება შეიძლება. რეზოსთვის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მუდამ საოცნებო თანამდებობად დარჩება. საინტერესო იქნება რეზო არველაძე ცალკე მოთამაშე იქნება, თუ რომელიმე მხარეს მიეკედლება. 

სიჭინავა გადაყენება არგადაყენებაზე ერთი ცნობილი ამბავი მახსენდება. ერთხელ ფრანკლინ დელანო რუზველტს, ერთი პიროვნების მაღალ თანამდებობაზე დანიშნვის გამო უსაყვედურეს. - ეს გარეწარი ამ პოსტზე როგორ დანიშნეთო? რუზველტს მშვიდად უპასუხია: - მართალია ეს კაცი გარეწარია, მაგრამ ჩვენი გარეწარიო. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Monday, October 15, 2012

გენიოსი ბნელი თბილისიდან

მეორე სემესტრი იწყებოდა. ზამთრის არდადეგების შემდეგ თბილისიდან უკან დავბრუნდი. თოვლია. საშინლად ცივა. უნივერსიტეტის ეზოში საშუალო ხნის, ჭაღარათმიანი, სათვალეებიანი კაცი შემომხვდა. გამიღიმა. მე ალან მეჰიუ ვარ, ამ სემესტრიდან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კურსს წაგიკითხავთო. ვუთხარი რომ საქართველოდან ვიყავი. გაჩერდა, მცირე პაუზა და პირველი კითხვა - ”ქინქი” სად არისო. რა გასაკვირია, ბრიტანელი პროფესორი ფეხბუთის ტრფიალი აღმოჩნდა. ძლიერ ყინვასა და თოვლში გარეთ, ღია ცის ქვეშ მდგომებმა უამრავი რამ გავიხსენეთ ”ვესტ ჰემი” - ”დინამოდან” დაწყებული, ინგლის-საქართველოს ნაკრებთა პაექრობით დასრულებული. პროფესორს ”ქინქის” ხსენებაზე თვალები ენთებოდა. ახლაც თვალწინ მიდგას ”საუთჰემპტონთან” გატანილი მისი გოლი, ქარივით რომ ჩაუქროლა პორტელთა მცველებსო.


ინგლისში აღიარებამდე თბილისი იყო. უშუქო,  უპურო და რუხი თბილისი. მაშინ თბილისში არც ინტერნეტი იყო, არც მობილური და არც კომპუტერი. ეგ კი არა უშუქობის გამო ხაზის ტელეფონიც შეფერხებით მუშაობდა. თბილისი მაშინაც ჭორისა და ლეგენდების ქალაქი იყო და ხმა გავარდა, ”მრეტებში” ისეთი ბიჭი გამოჩნდა, მისი თამაშის ნახვა ერთ რამედ ღირსო. ამბობდნენ, რომ ბიჭს უდიდესი მომავალი ჰქონდა. შეეძლო გვერდით ხაზზე ბურთი ისე ეტარებინა რომ აუტზე არ გადაეშვა. კიდევ ბევრ, ძალიან ბევრ რამეს მოისმენდი და ... ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მახსოვს ”ქინქი” პირველად წყალტუბოს ”სამგურალთან” ვნახე ... საშუალოზე დაბალი,  შუაზე გაყოფილი თმებით. ათიანმა ისეთები აკეთა... არავის ეწყინოს, აგერ  XXIV ჩემპიონატს ვატარებთ და ასე მგონია მისი ნახევარი ნიჭის პატრონიც კი არავინ გამოჩენილა ჩვენს სტადიონებზე. ეს ახლა უჭირთ ჩვენს ფეხბურთელებს კაცის მოტყუილება და ფინტების კასკადი თორემ მაშინ ქინქლაძისთვის ეს ჩვეულებრივი რამ იყო. მის პლასტიურობას ზოგი ცეკვაზე სიარულით ხსნიდა, ზოგი ზეგარდმო ნიჭით და ზოგიც მისი ბავშვობის მწვრთნელ თეიმურაზ ლორთქიფანიძეს მიაწერდა. გაივლის წლები და ზურა ხიზანიშვილი ქინქლაძეზე საუბრისას იტყვის: ”ჩემი თაობის ფეხბურთელები ერთად რომ შეგვკრიბო, ქინქლაძის ნიჭს ვერ გადავწონით. მახსოვს ”ორკარას” დროს მწვრთნელი როცა გაგვყოფდა, გიოსთან ერთად თუ ვერ მოვხვდებოდი გუნდში, ”ნაკიდკას” ვმალავდი. არ მინდოდა მის წინააღმდა მეთამაშა. ვიცოდი, რომ რამდენჯერაც დააპირებდა, მომატყუებდაო.


მაშინდელ ქართულ ფეხბურთში უცხოეთში მიმავალი გზა თბილისის ”დინამოზე” გადიოდა. ქინქლაძეს ”მრეტებში” დიდხანს არავინ გააჩერებდა. მით უმეტეს ფეხბურთში ისეთი გაქნილი ხალხი, როგორებიც მერაბ ჟორდანია და რომიკო შოთაძე იყვნენ. გიომ 18 წლისამ შეაღო დიღმის ბაზის კარი და ხუთი წელი გაატარა ქვეყნის უპირველეს გუნდში. 65 თამაშში 41 გოლი. ასეთი იყო ცაცია გამთამაშებლის მონაგარი. იმ დროს საგოლე პასებს არავინ ითვლიდა ... არადა რატომ ორი იმდენი არ იქნებოდა რამდენიც გოლი იყო.   

ქინქლაძის ნიჭის გაფურჩქვნას თბილისის სამოქალაქო ომმა მოუსწრო. მერე იყო თბილისის ძმობილი ზაარბრიუკენი და მადრიდის "ატლეტიკო", ეგ კი არა შორეული "ბოკა ხუნიორსიც" იყო. მერე ისევ თბილისი და წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის ტიტული. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი სტადიონები ნიჭიერებს ვერ იტევდა. 

მერე იყო გაზეთ ”სარბიელის” საპირველგვერდო სურათი და ქვეშ მინაწერი 3, 200,000 აშშ დოლარი. წარმოუდგენელი თანხა მაშინდელი თბილისისთვის. ალბათ ქალაქის ნახევარი ბიუჯეტი, თუ მეტი არა. მერაბ ჟორდანიასა და ფრენსის ლის შორის ხელმოწერილი გარიგება და ”ქინქის” ვარსკვლავი ალბიონის ნისლში გამოკრთა. გადარეული ”მანჩესტერ სიტის” ფანები, აყლაყუდა ნაილ ქუინისა და უვე როსლერისთვის ჩამორიგებული, დაღეჭილი პასები. 


მერე ის იყო, ის გოლი მე და პროფესორმა უნივერსიტეტის ეზოში, თოვლში მდგრებმა რომ გავიხსენეთ. მაშინ არც შუქი იყო, არც ინტერეტი და არც მობილური ტელეფონი. ფეხბურთის შიმშილს გაზეთ ”სარბიელით” ვიკლავდით. ვინ იცის გზაში რამდენი ჯიხურის წინ, თუ გაზეთების სტენდთან ავტუზულვარ რომ თვალი შემევლო ქინქლაძეზე დაწერილი სტატიისთვის. ერთ სიტყვას იქ ამოვიკითხავდი, ორ აბზაცს აქ და სახლში მოსვლამდე გიოზე ყველაფერი ვიცოდი. აბა ვის ჰქონდა ”სარბიელის” შესაძენი ფული?! მერე ცეცხლის ირგვლივ, პურის რიგში მდგომნი, საბურავების ნამწვით გამურულები ვარჩევდით ქინქლაძის ამბებს. მაშინ ქინქლაძე იყო ჩვენი შუქიც, პურიც, მობილურიცა და ინტერნეტიც. 

იტალიელებმა მას შავი ზღვის ჯანი რივერა უწოდეს. ნაკრებში პირველი გოლი უელსთან გამოაცხო. ალბიონელთა 5-0 განადგურება. გაოცებული უელსელები და ნევილ საუთჰოლის ნათქვამი - ქინქლაძე მოედანზე ყველაზე გამორჩეული იყოო. საუთჰოლმა ”ქინქის” სპექტაკლს კარდიფშიც უცქირა. მის მიერ შესრულებული პარაშუტი წინგამოსულ მეკარეს თავზე გადაევლო და კარის ბადეში აფართხალდა. პარაშუტები მისი შესრულებით - ეს უნდა გენახათ. საკმარისი იყო, მეკარე ოდნავ კარიდან გამოსული დაენახა და ბურთს ჰაერში ისეთ ტრაექტორიას მოახაზინებდა რომ ...


”ქინქის” მთხოვნელთა რიგი დაუდგა. ”ლივერპული” მათ შორის ყველაზე მეტად აქტიურობდა. გიომ კი, ალბიონი დატოვა და ამსტერდამს მიაშურა. ”აიაქსში” მას მისი საუკეთესო პარტნიორი შოთა არველაძე ელოდა. სარეკორდო ფასად ნაყიდი ფეხბურთელისგან ამსტერდამელებიც ბევრს ელოდნენ. გიოს "აიაქსში" გადასვლას მალე გუნდიდან მორტენ ოლსენის გაშვება მოჰყვა. დანიელი იან ვოუტერსმა შეცვალა, რომელმაც გიოს მარცხენა ფლანგზე გამწესება გადაწყვიტა. ცენტრში "ბარსელონაში" ვერგადასული იარი ლიტმანენი  იყო და მისი სათადარიგოთა სკამზე დასმას აბა ვინ გაივლებდა გულში. ქინქლაძე ცენტრის კაცი იყო. სწორედ ამ ადგილას იყო იგი ის ”ქინქი”, თბილისსა და მანჩესტერს ერთად აღებულს რომ აგიჟებდა. ვარჯიშზე ფლანგიდან ჩაწოდება მოთხოვეს. გაბრაზებული გიოს ჩაწოდებები კარს უკან ეშვებოდა. ვოუტერსის გაკვირვება განრისხებამ შეცვალა. მერე სათადარიგოთა სკამმა, ბოლოს ვარჯიშზეც აღარ დადიოდა. ქინქლაძემ ცენტრში დგომა კარიერაზე გაცვალა. არაპროფესილიზმია? - შეიძლება. მოედანზე თავისი პოზიციის ერთგულებაა? - არ ვიცი, ესეც შეიძლება. მოგვიანებით გიო ვოუტერსზე იტყვის - "ჩემს ადგილას მარადონაც რომ ყოლოდა, ტაქტიკას მის გამოც არ შეცვლიდაო". 

მერე კარიერის დაისი იყო. კვიპროსსა და რუსეთში. ის აღარ იყო ის გიო, ხალხს რომ აგიჟებდა. ხანდახან და იშვიათად კი ბატონო, მაგრამ ის სილაღე, დახვეწილობა თითქოს სადღაც დაკარგულიყო. 


ბლექბერნში” რომ გადავედი, თავიდან აპარტამენტი ვიქირავე და სამზარეულოში რაღაც იყო გაფუჭებული. ხელოსანი გამოვიძახე. მოვიდა და სახლში ბუცები და მაისურა რომ დაინახა, მკითხა, ვინ ხარო. ვუთხარი ვინც ვიყავი და კინაღამ გადაირია. ”სიტის” და პერსონალურად გიოს ფანი აღმოჩნდა” - ეს ისევ ზურაბ ხიზანიშვილია.   

მიუხედავად ”სიტის” დიდი წარმატებისა, ქინქლაძე მანჩესტერში დღესაც ახსოვთ. მანჩესტერში კი არა, ინგლისში მოთამაშე ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერებშიც შეიყვანეს. თავის დროზე ის მხოლოდ კანტონას ჩამორჩებოდა. კანტონა კი, ვინც ინგლისში ყოფილა ყველამ იცის რას ნიშნავს ბრიტანელებისთვის. 

გიო საქართველოში იშვიათად ჩამოდის. პრესასთან უბრადაა. მასთან ინტერვიუები, როგორც ასეთი ბუნებაში არ არსებობს. არასოდეს იხსენებს წარსულს. მისი ახლობლებისგან გამიგია, როგორც კი ვინმე წარსულს და ”სიტიში” გატარებულ პერიოდს შეეხება, მომენტალურად საუბრის თემას ცვლისო. 

გიო ქინქლაძე, ალან მეჰიუ და ის თოვლიანი დღე ახლაც თვალწინ მიდგას. ადვილი არ არის მანჩესტერიც და თბილისიც ისე გადარიო წლების მერეც ყველას ახსოვდე. გიო ხვალინდელმა თამაშმაც გამახსენა. ბელორუსთან ჯახმა. ასე მგონია ბიჭებს ბურთის დაკარგვისა ეშინიათ. მასთან განშორებას ეშურებიან. ქინქლაძესთან სხვანაირად იყო. გიოს ეს შიში არასოდეს ჰქონია. შიში მის მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ, როდესაც ბურთთან ქინქლაძეს ხედავდნენ. ამიტომაც იყო თბილისში განწირული რომ ბღაოდა ნევილ საუთჰოლი - როგორმე წაართვით ათიანს ეს დედანატირები ბურთიო.  

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი   

Wednesday, October 10, 2012

სოციალური მეწარმეობა ქართულ ფეხბურთში

გასულ კვირას ”მეხელენი” - ”კორტრაიკის” თამაშს დავესწარი. საშუალო ბელგიური გუნდებისა, რომელიც ევროპაში გასასვლელად იბრძვიან. მსგავსი თამაშების ყურებისას ძნელია, კაცმა შენი ქვეყნის ჩემპიონატთან პარალელების გავლება არ დაიწყო. ერთმანეთს არ შეადარო გულშემატკივრობა, დასწრება, სტადიონზე მოქცევა, თამაშის ხარისხი, თამაშის მერე მოქმედება და სხვა. მენეჯმენტი და კლუბის მართვაც საინტერესოა. თამაშის ხარისხზე ბევრს არ დავწერ. ვიტყვი იმას, რომ ისე არ წვიმს როგორც ქუხს და რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არის. 

მე არ მივეკუთნები გულშემატკივართა ისეთ კატეგორიას, რომელიც ჩვენს ფეხბურთში მხოლოდ შავ და თეთრს ფერებს ხედავს. ვგონებ, რუხი ფერებიც ძალიან ბევრია. ვთვლი, რომ ფეხბურთის აღორძინება არ არის მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, ფეხბურთელების, გულშემატკივრებისა, ჟურნალისტებისა და მწვრთნელების გასაკეთებელი საქმე. ამ საქმეში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ყველა სოციალურმა ფენამ და აუცილებელია ფეხბურთის მასობრიობა მოხდეს. მასში ყველა ჩაერთოს. 

რახან დღეს მთელი საქართველოს 54% ოცნებობს და თავის ოცნებას ხმამაღლა აცხადებს, მე ვისურვებდი რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი ისეთი ხალხი მოვიდეს, რომელთაც საქმისადმი სიყვარულთან ერთად, ამ საქმეში შესაბამისი განათლება ექნება და თანამედროვე ევროპულ ტენდენციებს ფეხს აუწყობს. 


თანამედროვე ევროპაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და პოპულარულია სოციალური მეწარმეობა. სოციალური მეწარმე ჩვეულებრივი ბიზნესისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი მიზანი მხოლოდ მოგების მიღება არ არის, არამედ ცდილობს ეს მოგება პირდაპირ მიაბას საერთო სოციალური პრობლემის გადაწყვეტას. მეხელენში დავინახე რომ სოციალური მეწარმეობას ამ პატარა ბელგიური ქალაქის კლუბში ძალიან ფართოდ ააქვს ფესვები გადგმული. 

ჩვენს საზოგადოებაში პრობლემები აბა რამ დალიოს. ძნელი განსასაზღვრია, რომელია ამ პრობლემებიდან პრიორიტეტული და რომელმა შეიძლება მოიცადოს. ერთ-ერთი რასაც მიხედვა სჭირდება, ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაა. ასე მგონია ისინი ყველაზე მეტად არიან გარიყული ჩვენი ცხოვრებიდან და ის რაც ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენს ქვეყანაში კეთდება ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით რაც შეიძლება რომ გაკეთდეს. ამ პრობლემის გადაჭრაში საფეხბურთო კლუბებიც შეიძლება ჩაებან და ამის მაგალითი ”მეხელენია”. 

მეხელენში სტუმრობისას საინტერესო ის იყო, რომ ბილეთების გამყიდვლები, სტადიონის ქვეშ არსებულ პაბში და ფანშოპში დასაქმებული პერსონალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ. სწორედ ფეხბურთი თამაშობს მათ ცხოვრებაში დიდ როლს, რამეთუ შანსი ეძლევათ სახლებიდან გამოვიდნენ, სოციალურ მეწარმეობაში ჩაერთონ, არ იგრძნონ თავი საზოგადოებიდან გარიყულ, განყენებულ ფენად. ამ სოციალური ფენისათვის ფეხბურთი მარტო სპორტი არ არის, ეს ცხოვრების აზრია, ყოველი ტური კი უდიდესი სიხარული.  

მგონია, ცუდი მაგალითი არ უნდა იყოს და ღირს ამ კუთხით დაფიქრება. შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირებს ჩვენში უფრო მეტად უჭირთ თვითრეალიზაცია, ვიდრე ეს ბელგიაშია შესაძლებელი. თუ წამყვანი ქართული კლუბები ამ კუთხით გააქტიურდებიან და სოციალური მეწარმეობა მათთვის მნიშვნელოვანი გახდება ერთია, რომ ამით უდიდეს როლს ითამაშებენ სოციალურ ცხოვრებაში და მეორე ხშირად შინ გამოკეტილნი და დაუსაქმებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შანსი მიეცემათ საყვარელი კლუბის წარმატებებითაც გაიხარონ და საზოგადოებაში ინტეგრაცია მოახერხონ. მაგალითისათვის, თბილისის ”დინამომ” და მისმა მენეჯმენტმა, როგორც ჩვენი ფეხბურთის ფლაგმანმა შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმონ სოციალური მეწარმეობას, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შესაძლებლობა მისცენ სოციუმში დაბრუნდნენ და საყვარელი კლუბის წარმატებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.  

ვაჰიდ  ჰალილჰოჯიჩი

Thursday, October 4, 2012

ჯაბა დვალი - ობლის კვერის ამბავი

გასულ კვირას ქეცბაიამ ნაკრების სია გამოაქვეყნა. სიახლე არაფერია. კონტინგენტი იგივე ვინც ბელარუსი შინ წააქცია და ესპანეთს 87-ე წუთამდე ეომა. თუმცა მოლოდინი სხვაგვარი იყო. ფინეთ-ბელორუსთა მოახლოებული თამაშები ისეთთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელშიდაც საქართველოს ნაკრებმა მარტო დაცვას არ უნდა მიხედოს. წინაც უნდა გაიხედოს, შეუტიოს და ქულების მოგროვებაზე იზრუნოს. ქულების მოგროვება ამ ორ გუნდთან უფრო ადვილია, ვიდე ესპანეთ-საფრანგეთთან. ამ თამაშებში ნაკრებს ორი თავდამსხმელი ჰყავს და კითხვა რატომ არ არის დვალი ნაკრებში ისევ აქტუალურია. ხე ერთი მხრიდან არასოდეს იჭრება და დვალის გამოძახება-არგამოძახებასაც შეიძლება თავის ახსნა ჰქონდეს. ჯაბა დვალზე ვერავინ იტყვის რომ ვინმე უმაგრებს ზურგს ან ლამაზი თვალების გამო ათამაშებდნენ კლუბში. გლდანში დაბადებულ-გაზრდილ, არც თუ დალხენილი ოჯახიდან გამოსულ ბიჭს ცხოვრებამ ბევრი გამოცდა მოუწყო და ვლახეთიც სრულიად ახალგაზრდას მოატარა. ზესტაფონში ჯაბას ახალი სული შთაბერეს და გოლი-გოლზე გაჰქონდა. შეიძლება ბევრი შემომედავოს, მაგრამ მგონია გელაშვილის კარგი თამაში ჯაბას ძალიან დიდი დამსახურება იყო. ”დინამოში” დაბრუნებამ ფრთები შეასხა და ადაპტაცია არც დედაქალაქურ გუნდთან გასჭირვებია. ფართო დიაპაზონის ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არასოდეს თაკილობს ბურთის მისაღებად უკან ჩამოსვლას და მის მოსაპოვებლად ბრძოლას.  არც კაცზე წასვლა წარმოადგენს მისთვის პრობლემას. საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირობის გარდა, მისი კოზირი ტექნიკურობა, გოლის ალღო და ბრძოლის ჟინია. თითქოს საკმარისი უნდა იყოს ნაკრებში მოსახვედრად, მაგრამ ქეცბაიას მწვრთნელობისას მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს. კამერუნთან თამაშის წინ და იმის მერე ნაკრების კარი მისთვის არ გახსნილა.


თუმცა ჯაბას ისეთ დროს მოუწია ფორმის პიკზე ყოფნა, როდესაც ნაკრები არ თამაშობს გამოკვეთილი შემტევი სტილით. ორი ფორვარდი რა სახსენებელია, ეულ შემტევსაც კი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უჭირავს თვალი. შეტევაზე გადასვლას ახლა ვსწავლობთ, თუ ნახევრდაცვას თამაში არ მისდის, ბურთის ამოტანისას ისევ ”ძველებურსა და ჩვენებურ” პარაშუტებზე გადადის ჩვენი დაცვა და აი მანდ უკვე სტახანოველივით არის ეული ფორვარდი. ყველა გადაკიდება უნდა მოხსნას. ყველას უნდა აუხტეს. პირველი ბურთი მოიგოს. იჯაჯგუროს. ბურთი კორპუსით დაფაროს და მოწინააღმდეგე აიძულოს ან დაჯარიმდეს ან შეტევის მეორე ფაზას დაელოდოს და მერე იქნებ ....

აქ არის ჯაბას პრობლემაც. ჯაბა არ მიეკუთვნება მოწინააღმდეგის კარისკენ ზურგით მდგომი ფორვარდის კატეგორიას. ის მცველზე მიდის და ბურთის დაკარგვის არ ეშინია. ქეცბაიას კი ურჩევნია ფორვარდმა გარისკვის ნაცვლად ბურთი შეინარჩუნოს და მეორე ფაზას დაელოდოს. სანამ ფლანგები და შემტევი ნახევარმცველი შეტევის მეორე ფაზას ჩამოუსწრებს. უფრო სტატიკის ფორვარდი სჭირდება ნაკრებს (ვამბობთ ნაკრებს ვგულისხმობთ ქეცბაიას), ჯაბა კი დინამიკის ფორვარდია. მცველზე წამსვლელი ... ქეცბაია იდეალურ ვარიანტს ეძებს - ისეთ ფორვარდს სტატიკაშიც და დინამიკაშიც რომ ერთნაირი სიძლიერისა იქნება. დვალიშვილის მატარებელი უახლოეს მომავალში არ ჩანს (ისედაც დიდხანს იდგა ბაქანზე), ახლა ფსონი მჭედლიძეზეა. 

ალბათ ამიტომაც არ იკვეთება ნაკრების და ჯაბას მოძრაობის ტრაექტორია. ერთიც არის, გარედან ისე ჩანს რომ ქეცბაია საერთაშორიშო დონეზე ნათამაშებ ხალხს ანიჭებს უპირატესობას. ჯაბას საერთაშორისო გამოცდილება არ გააჩნია - მოლდოვურ ”დაჩიაში” თამაშს თუ არ ჩავთვლით. ამას გარდა ევროთასებზეც არ გამოუჩენია თავი - ძლიერი გუნდებიდან ბრიუგე-შტუმრთან ჩატარებულ 4 თამაშში მხოლოდ ერთხელ გაიტანა. 

თუმცა დრო დვალის სასარგებლოდ მუშაობს. საკმარისია მან ეს დონე შეინარჩუნოს და დინამოსთან ერთად ევროპაში გავიდეს, რომ ქეცბაიას სხვა გზა აღარ დარჩება, გარდა იმისა, რომ ჯაბა ნაკრებში იხმოს. ობლის და კვერის ამბავია. მგონია გვიან უნდა გამოცხვეს.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი