ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ზოგი ამას უფულობას აბრალებს, ზოგისთვის მიზეზი კვალიფიციური მწვრთნელ-ფეხბურთელების ნაკლებობაა, ზოგი ყველაფერს ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნის. მე კი მგონია, პრობლემა ზოგად მიზნებშია. აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ მომხდარა, მეტოქესთან დაპირისპირების წინ მწვრთნელს უთქვამს, რომ ამ კონკრეტულ თამაშში მისი გუნდის მიზანი ღირსეული გამოსვლაა. თბილისში ახლახანს ჩატარებული 17-წლამდელთა ელიტ რაუნდის წინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე აცხადებდა, ბიჭებს ვეუბნებით, მოედანზე გავიდნენ და ფეხბურთი ითამაშონო. ანუ, რა გამოდის? ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების მიზანი ტურნირის დასაწყისში მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში იყო? უბრალოდ, მერე მადა ჭამაში მოვიდა და მაისურაძის თქმისა არ იყოს, სისტემაც დავამარცხეთ.
ზოგადია ეროვნული ნაკრების მიზანიც. ნაკრების მესაჭემ ერთ-ერთ ინტერვიუში მიზანზე საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: ”ჩვენც იქით მივდივართ, რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს”. მიაქციეთ ყურადღება ქეცბაიას ფრაზაში ბოლო სიტყვას. მთავარმა მწვრთნელმა ბრძანა - ნაკრები ”იბრძოლებსო”. აქაც კონკრეტიკის ნაკლებობაა. ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს და ზომავს ბრძოლას. ზოგისთვის ბრძოლა მინიმალურ მარცხს ნიშნავს, ზოგისთვის ყველა საშინაო თამაშის მოგებას, ზოგისათვის ქვეჯგუფში ბოლოს წინა ადგილის დაკავებას, ზოგისთვის კი დასისხლიანებულ მოწინააღმდეგეს და ა. შ.
კონკრეტიკასაა მოკლებული ქართული კლუბების მიზნებიც. აგერ სულ ახლახანს იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კმაყოფაზე მყოფ, ამბიციურ გორის ”დილას” მთავარი მწვრთნელი შეუცვალეს. თემურ მახარაძე უმაღლეს ლიგაში ჯერაც უცნობმა სეხნიამ - თემურ შალამბერიძემ შეცვალა. გაგიკვირდებათ და თემურ შალამბერიძის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი გუნდის მიზნებიც დიდწილად ბურუსითაა მოცული: ”ციდან ვარსკვლავებს ვერ მოვწყვეტთ, მაგრამ გულსა და სულს ჩავდებთ, რომ გუნდი იყოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ამის გარდა, აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი”. აქაც ბევრი კითხვა ჩნდება - რით განისაზღვრება გამორჩეულობა? ან სანახაობრივი ფეხბურთი? ფინტების კასკადით თუ გოლების წვიმით? ან იქნებ თამაშში 500 პასს და გონივრულად გათამაშებულ სტანდარტულ სიტუაციებს თვლის სანახაობრივ თამაშად ახალბედა მწვრთნელი?
ევროთასებზე გასული ჩვენი გუნდების მიზანი, როგორც წესი, ან ღირსეული გამოსვლა იყო, ან რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვა. თუ სწორად მახსოვს, პირველად გასულ სეზონში მოხდა, როდესაც ”ზესტაფონის” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გაბედა და თქვა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშიაო.
ეროვნულ ჩემპიონატში, ფლეი-ოფში გამომსვლელი 8 გუნდი რომ ავიღოთ, უმეტეს შემთხვევაში, მწვრთნელების გაცხადებული მიზნები ზოგადი და ნაკლებად შეფასებადია. მაგალითები გნებავთ?!
- გია ჭიაბრიშვილი ”ზესტაფონი” - ”კლუბის მიზნები უცვლელია - მიმდინარე წელსაც ჩემპიონები უნდა გავხდეთ” www.worldsport.ge/Read.aspx?news=31366 7 სექტემბერი, 2011
- კობა ჟორჟიკაშვილი ”მეტალურგი” - ”ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის ვიბრძოლებთ” www.worldsport.ge/Read.aspx?news=23775 10 აგვისტო, 2011
- გიორგი დევდარიანი ”დინამო” - ”ყველა მატჩში გამარჯვება და სათამაშო ხელწერის ამოქმედება” www.worldsport.ge/Read.aspx?news=31366 15 თებერვალი, 2012
- გია გეგუჩაძე ”ტორპედო” - ”ჩვენი ახლანდელი პრიორიტეტი გუნდის ჩამოყალიბებაა” www.worldsport.ge/Read.aspx?news=29428 30 დეკემბერი, 2011
- გოჩა ტყებუჩავა ”ბაია” - ”ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება” http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/25570-gocha-tyebuchava-isev-brdzola-da-akhali-khedva.html 11 იანვარი, 2012
- დავით მახარაძე ”კოლხეთი” - ”ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი არ გვაქვს, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ხუთეულში შევიდეთ” http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29700-davith-makharadze-akhla-fothis-qkolkhethisq-mizani-khutheulshi-mokhvedraa.html 23 მარტი, 2012
- თემურ შალამბერიძე ”დილა” - ”გულსა და სულს ჩავდებთ, რომ გუნდი იყოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ამის გარდა აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი” http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29920-themur-shalamberidze-goris-qdilashiq-gamotsvevis-ar-meshinia.html 28 მარტი, 2012
- მალხაზ ჟვანია ”მერანი” - ”ამ ეტაპზე მე ისიც კარგ შედეგად მიმაჩნია, რომ უმაღლეს ლიგას ”მერანის” სახით საინტერესო და შინაარსიანი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი შეემატა”; http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29475-malkhaz-zhvania-martvilis-qmeranmaq-namdvili-sakhe-daibruna.html 20 მარტი, 2012.
აქ მოყვანილი რვა გუნდიდან მხოლოდ სამის - კოლხეთის, ზესტაფონის და ნაწილობრივ დინამოს მიზნებია ნათელი და საშუალებას გვაძლევს, ჩემპიონატის დასრულების მერე შეფასდეს, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ამა თუ იმ მწვრთნელის მუშაობა. თორემ მერე გასულ შესარჩევში ქეცბაიას ნამოღვაწარისა არ იყოს, გულშემატკივარსა და სპეციალისტებს შედეგების შეფასებისას გაორებული შთაბეჭდილება დარჩებათ. კონკრეტული მიზნის დასახვა შეიძლება ცუდი იყოს მწვრთნელისთვის (ვერმიღწევა შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს და ზოგადი მიზნისას, მიდი და მოედავე - ჩამოაყალიბა თუ არა ტექნიკური გუნდი, იბრძოლა თუ არა მისმა გუნდმა ან აამოქმედა თუ არა სათამაშო ხელწერა), მაგრამ კარგია მისთვის, ვინც ამ მწვრთნელის ნამუშევარს აფასებს. სულაც არ არის საჭირო მუდამ სპონტანურობისა და ჭამაში მოსული მადის იმედად ვიყოთ.
აი რა სჭირდება ჩვენს ნაკრებ გუნდებსა და კლუბებს. კონკრეტული მიზანი (მაგალითად ჩემპიონობა ან ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა), ამ მიზნიდან გამომდინარე, ამოცანები (მაგალითად, ყველა საშინაო თამაშის მოგება, აუტსაიდერთან ქულების აღება); ამ ამოცანების შესასრულებლად საჭირო დროში გაწერილი ღონისძიებები (ეს იქნება ფეხბურთელის თუ პერსონალის დამატება, ბაზის აშენება ან გარემონტება, ვარჯიშის და შეკრებების დაგეგმვა) და ამოცანის გაზომვადი!!!!!! ინდიკატორები (მაგალითად, კარში დარტყმა, ფეხბურთელის მიერ თამაშისას დაფარული მანძილი, მოწოდებული კუთხურების რაოდენობა თუ ყვითელ-წითელი ბარათები). შეიძლება ვინმე მომედავოს, რა დროს მიზნის დასახვაა, როდესაც ფეხბურთში მცირე ფინანსური რესურსებიაო. ჩვენში არსებული უფულობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა მიზნის დასახვას ხელს არ უშლის, აკი ნათქვამია, საბანი იქამდე გადაიფარე, სადამდეც გაგწვდებაო.
საჭიროა, მიზანს მოვარგოთ შედეგი და არა პირიქით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი წარუმატებლობის წარმატებად გასაღებაა შესაძლებელი.
საჭიროა, მიზანს მოვარგოთ შედეგი და არა პირიქით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი წარუმატებლობის წარმატებად გასაღებაა შესაძლებელი.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment