კახა კალაძე და დავით ყიფიანი |
მეორე ისტორია ახლაც თვალწინ მიდგას. 1997 წლის თბილი შემოდგომის საღამო იყო. გადაჭედილი დინამოს სტადიონი და საქართველო - იტალია. ჯერ იყო და პირველივე წუთებზე ჯანფრანკო ძოლამ ბურთი ჩვენი ნაკრების კარის ხარიხას გაარტყა, მერე კი მეოცე წუთისთვის ნაკრების კაპიტანი დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა. ახლაც მახსოვს, როგორ დინჯად მიბრუნდა დათო ყიფიანი სათადარიგოთა სკამისკენ და ხელის ერთი მოძრაობით იქ მჯდომებიდან ერთ-ერთი თავისთან იხმო. მოედანზე გამოსასვლელად კახა კალაძე ემზადებოდა. "ამან უნდა ჩაკეტოს ვიერი? - გაისმა ქილიკი ჩემს ზემოთა რიგებიდან." ”გამოდი ბიძიკო გარეთ, თუ არა გადაგიმტვრია მუხლზე, ხო ხედავ რამხელაა?!” - აყვა მეორე.
იმ საღამოს ვიერი მოედანზე თითქოს არ იყოო. ახალგაზრდა კალაძემ მრისხანე ”ბობოს” ფეხი არ გაანძრევინა და იქით გადაიმტვრია მუხლზე. ჩემს ზემოთა რიგებში სიჩუმეს დაესადგურებინა.
მერე იყო დიდი გზის დასაწყისი. კიევში ”კონჩა ზასპას” ბაზაზე მისულ კახა კალაძეს ვალერი ვასილიჩმა განიერ მხრებზე შეხედა და ორიოდ სიტყვა უთხრა: ”კარგი მხრები გაქვს, თუ მომყვები, დიდ ფეხბურთს გათამაშებ”. მერე დაიწყო მომქანცველი ვარჯიშები. პირველი ვარჯიშის მერე ბიჭები დაეხმარნენ, რომ საწოლამდე მისულიყო. ჩაეძინა. არ ახსოვს, რამდენ ხანს ეძინა. კარებზე კაკუნმა გააღვიძა. მეორე ვარჯიში იწყებოდა! სათქმელად ადვილია, მაგრამ ნელ-ნელა ალღო აუღო და მიხვდა, რომ გზაგასაყარზე იყო. ან დიდი ფეხბურთი, ან არადა იქ უკან, სადაც არანაირი პერსპექტივა არ ელოდა. გაძლო. გაძლო და იმ წელს ახალგაზრდა ბიჭმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა. ეს უკვე წარმატება იყო, მაგრამ ამაზე შეჩერებას არავინ აპირებდა. ისევ შრომა და დიდი ნახტომი....
ის, რაც უთხრეს, თავიდან არ სჯეროდა. ქართველი ბიჭით მსოფლიო დონის გრანდი იტალიის ”მილანი” იყო დაინტერესებული. ზღაპარია, დაუჯერებელია - ფიქრობდა თავისთვის. დაუჯერებელი იყო ჩვენთვისაც. იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც ახლოს მხოლოდ პლაკატებზე გვენახა ქართველებს, აგერ ჩვენში, იმერეთში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭს შეიძლება ეთამაშა. სკეპტიკოსები ჯერ ამ ტრანსფერზე ქილიკობდნენ. მერე ყველაფერი რომ გადაწყდა, იმაზე დაიწყეს ქირქილი, რამდენჯერ გამოჩნდებოდა სათადარიგოთა სკამზე ჩვენიანი; და ბოლოს ისინიც გაჩუმდნენ. ქართველმა ბიჭმა მალდინის-ნესტასა და კაფუსთან ერთად დაცვის გაუვალი ოთხეული შექმნა და სხვა ყველა ტიტულს რომ თავი დავანებოთ, ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ ასწია.
ნაკრებში არ გაუმართლა. ტიტული არასოდეს მოუგია და დილეტანტებმა კარიერის მიწურულს საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი გაუხსენეს. ის კი ყველას დაავიწყდა, რომ ქვეყანას და მათ შორის იმ თანამემამულეებს, რომლებმაც ღვიძლი ძმა მოუკლეს, პირნათლად ემსახურა. ამ დიდმა ტრაგედიამ ისიც ათქმევინა, ალბათ ფეხბურთი არ უნდა მეთამაშაო, მაგრამ....
მე მაინც მჯერა, რომ პატრიოტიზმი მარტო რუსის მიერ მოღერებული ”კალაშნიკოვის” ლულის ან რუსული ტანკის წინ დგომა არ არის.
ამას წინათ ჩემმა ჰოლანდიელმა კოლეგამ მითხრა, ჰოლანდიელებმა ორი ქართველი იციან სულ - არველაძე და შევარდნაძეო.
სხვა რომ არაფერი, კახა კალაძემ ის მაინც მოახერხა, რომ მავან იტალიელს რუკაზე საქართველო აპოვნინა. ორს, ხუთს, ათს, ასს და ათას იტალიელს საქართველო გააცნო. ჩემპიონთა თასის მოგებით კი პირველი ქართველი გახდა, ვინც ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაისაკუთრა.
ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ კიდევ ერთი ქართველი მოიგებს ჩემპიონთა ლიგის თასს და იტალიის ”მილანის” ძირითად შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრებს ადგილს.
კალამ ეს შეძლო და ჩემი ნება რომ იყოს, მის კარიერას, ნებისყოფას და შრომას როგორც მაგალითს, ისე მოვუყვებოდი მომავალ ფეხბურთელებს.
კალამ შეძლო და ისტორია გადაწერა. ისტორია ქართველი კაცისა, რომელსაც ერთთავად არაპროფესიონალად და დარდიმანდად იცნობდნენ.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
ძალიან კარგი სტატიაა!!!ძალიან!!!
ReplyDelete