Monday, April 9, 2012

როცა ტაო არ გაყრის


ბავშვობის შთაბეჭდილებები სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. მაგალითად, ძნელად, რამემ ან ვინმემ წაშალოს იტალიურ ეზოში, ოღრო-ჩოღრო მოედანზე მიღებული სიამოვნებისგან დაყრილი ტაო. იმ დროს, როცა ფეხბურთი გვშიოდა, როცა ნახევარსაათიანი ”საფეხბურთო მიმოხილვა” და პაოლო ფუტრეს, ემილიო ბუტრაგენიოსა თუ პრებენ ელკიაერის ეკრანზე გამოჩენაც კი სასწაულ სიამოვნებას მგვრიდა. 

ეგებ, ამის გამოცაა, რომ დღევანდელი ფეხბურთი ცოტა მოყირჭებულიც გვაქვს. რამ უნდა გაგვაკვირვოს? ეგებ, ამიტომაცაა , რომ ქართულ ფეხბურთზე გული აგვიცრუვდა? გავძეხით. ლეო მესი გვაძღობს, არც სხვები გვაკლებენ და მართლაც ძნელია , როცა წინა დღეს ხუთ სუპერ მატჩს უყურებ, ხოლო მეორე დღეს ”დილა” - ”მერანს” უნდა შეხედო. ბუნებრივია ინტერესი გიქრება.
დღეს ძნელია მოტყუება, ”წამო, მაგარი ფეხბურთია სტადიონზე”. ალექს გარსიამ თქვა, მაყურებელს დაძახება არ უნდა სჭირდებოდეს, მას სტადიონზე უნდა მოუხაროდესო. მეც ასე მგონია - ხელოვნური ყველაფერი ულამაზოა და მით უმეტეს, გულშემატკივარი. გამაღიზიანებელია. 
დავიჯერო, სასიამოვნოა მხოლოდ გინების გულისთვის მისული ქომაგი? ან რა სასიამოვნოა ისეთი გულშემატკივრის ყურება, რომელიც სპეციალური დავალებითაა სტადიონზე მისული და სძინავს? მაგრამ დავუბრუნდეთ იმ ძველ ფეხბურთს, როცა კარგი თამაშები გვშიოდა. მაშინ ხელოვნური არაფერი ყოფილა, ყველაფერი გულიდან მოდიოდა.  მაყურებელს ვერ მოატყუებ, რომ თბილისის ”დინამო” - ქუთაისის ”ტორპედო” მაშინდელ ეს-ეს-ერ-ის ჩემპიონატის მატჩებს სჯობდა. ნაღდმა გულშემატკივარმა ხარისხიც იცის და ფეხბურთის ფასიც. ამიტომაც არ მიკვირს სტაჟიანი ქომაგებისა, რომლებიც სულ უფრო და უფრო უკლებენ სტადიონზე სიარულს. ცოტანი დარჩნენ: ზოგი გარდაიცვალა და ღმერთმა აცხონოს, ზოგი ღრმა სიბერეშია, ზოგს უჭირს და სტადიონზე მისასვლელ ფულს უფრთხილდება, ზოგსაც არ უღირს ორი საათით უსიამოვნო ბურთაობის ყურება. ნუ გავკიცხავთ - ასე თვლიან საჭიროდ. 

რატომ ნუ გავკიცხავთ? იმიტომ, რომ ფეხბურთით გამძღარნი არიან და როცა შეეკამათები გეტყვის: ”მე, შვილო, პაიჭაძე და მესხი მყავს ნანახი”. დღეს ფეხბურთელებს   ქუჩაში ვერ სცნობენ. განა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, არამედ, თვითონ ფეხბურთელები ვერ აინტერესებენ თავს პუბლიკას. მაგრამ აქ თანამედროვე ფეხბურთელი გეტყვით: ”კი, მაგრამ როგორ დავაინტერესო, თუ სტადიონზე არ მოვა და არ მნახავს?”. ანუ ორგვარ ”შარში” ვართ. ისინი არ დადიან, ესენი კი იგნორირებით არიან განაწყენებულნი. 


ვფიქრობ, მენტალიტეტის ამბავია. და კიდევ, ქვეყნის ეკონომიკური გაჭირვების, რომელმაც ისედაც დანევროზებული ადამიანები კიდევ უფრო დაანევროზა. დღეს ცოტას თუ უღირს სამი საათით მოცდენა (ერთი საათი ხომ გზაში უნდა) და ფეხბურთზე წასვლა. რა აჭამოს ამ დროს შვილებს? ძმას? დას? მოხუცს? 

შოთა არველაძემ ერთხელ თქვა, როცა ნაკრები იგებდა, ხალხს კარტოფილის ყიდვის პრობლემა ავიწყდებოდაო. ყველა ასე არაა. ასე ძალიან ცოტაა და სწორედ ის ”ცოტა” დადის ფეხბურთზე. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში აღრეულია, მაგრამ პასუხი ერთია - პროპაგანდა ვერაფერს შეცვლის: ვისაც ფეხბურთის ყურება უნდა, ისედაც მოვა სტადიონზე. ვისაც არა, სტადიონისაკენ რომ გაატარო, მეორე მხარეს გადავა. 

ერთი ვიცი: დღეს ქართული ფეხბურთის გაგონებაზე ტაო ცოტას თუ აყრის. აღარ შია ხალხს ფეხბურთი. 

ჩონსი ბილაპსიშვილი 

No comments:

Post a Comment