ტრიბუნები, როგორც წესი, გადავსებულია. ანგარიშიც ისეთი, წამითაც ვერ დაარხეინდება კაცი - 1:1. კერკეტი კაკალია რა ეს ”შახტიორი”. არადა არ გადის გოლი. ”დინამოს” სათადარიგოთა სკამი გასუდრულია. ვინ ამოიღებს ხმას - აზრით, გონებით იქ არიან, მინდორზე. მალე უნდა შეიცვალოს რამე...სათადარიგოთა სკამის თავში მსუქანი კაცი ზის. ხელები, როგორც ჩვევია, მუხლისთავებზე დაუბჯენია და ოდნავ წინ გადახრილი გასცქერის თამაშს. მერე იერარქიის მიხედვით სხედან: მეორე მწვრთნელი, გუნდის უფროსი, ექიმი, მასაჟისტი, სათადარიგოები და სულ ბოლოს...სულ ბოლოს ოცი წლის ამირან მინაშვილი - ისიც სათადარიგო, მაგრამ უმაღლეს ლიგაში მანამდე უთამაშებელი ფეხბურთელი. თავისი ადგილი უკვე მოუზომეს - დუბლებში. ზის ჩუმად და სხვებისა არ იყოს, თამაშს უყურებს. სად მისი და სად სხვების პასუხისმგებლობა. და უცებ, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე: იმ მსუქანი კაცის ხმა გაისმა - მინაშვილი მოემზადოს! ის მსუქანი კაცი ნოდარ ახალკაცია, მინაშვილი - ამირან მინაშვილი ანუ ... ის ოცი წლის, მხოლოდ დუბლებს გაშინაურებული, ოცი წლის ბიჭი. ”მინაშვილი მოემზადოს, მინაშვილი მოემზადოს, მინაშვილი მოემზადოს!” - რეკს ზარი ყურებში და ბიჭი გრძნობს, როგორ უბუჟდება მთელი სხეული. სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელს უფლება არა აქვს, ფეხები ”წესრიგში” არ ჰქონდეს. წესრიგი ეს თავისუფლად დებას ნიშნავს - არა ბუცი, არა თასმა, არა უხერხული პოზა: სისხლმა უნდა იმოძრაოს. ყურში ერთხელაც რეკს ზარი - ”მინაშვილი მოეზადოს!” - და ამირანი ავტომატურად იხრება თასმების შესაკრავად. თასმას რომ შეიკრავს მერე მწვრთნელის გვერდით უნდა გადაჯდეს და დავალება მიიღოს. ვერ იკრავს თასმებს, ხელები კანკალებენ, ფეხებიც ”სადღაც გაიქცნენ”. შეიკრა როგორც იქნა. როგორც იქნა - გადაჯდა. მწვრთნელს არც შემოუხედავს - მინდვრისთვის თვალმოუშორებლად ”ავალებს”. ”ხომ იცი, რას ველი შენგან. ითამაშე შენი ფეხბურთი, გაიხსენი, მიიღე, სისწრაფეში, სისწრაფეში გააკეთე ყველაფერი.” ზარი ისევ რეკს, მაგრამ ახლა ამ სიტყვებით. ფიქრი კი სულ ”სხვაგანაა”. ”თან თამაშს უცქერს და თან დავალებას მაძლევს” - უკვირს ამირანს. უკვირს და ეშინია. ტაბლოს გახედა, 23 წუთია დარჩენილი - ამ დროს, ასეთი ანგარიშის დროს. და ისევ ზარი: ”ოცი წუთი რომ დააკლდება, მაშინ შეგიყვან. მიდი, ბიჭებმა იციან რა და როგორ, მოგეხმარებიან, შენ შენი ითამაშე.” ოცდაორი წუთი, ოცდაერთი და შევიდა. შევიდა და ტრიბუნებს შესეული ხალხი ცუდი ხარისხის საღებავივით აედღაბნა თვალებში. დებიუტია და... და უცებ, მინდორს ალალივით გადაუფრინა ხინჩაგაშვილის ხმამ: ”ბურთი ფეხებში ამირანს!” მისცეს ფეხებში. დააბრუნა. კიდევ მისცეს. ისიც დააბრუნა და..მოეხსნა ყველაფერი...ახლა ამ გადასახედიდან ხვდება, რომ თავად არაფერ შუაში ყოფილა - ეს ხილული რეჟისორი მართავდა უხილავი ძაფებით - მასაც და სხვებსაც. რეჟისორი, რომელსაც ორი და მეტი საქმის კეთება შეეძლო ერთდროულად. აღარ ხმაურობს სისხლი. ფეხებიც ”დაბრუნდნენ შვებულებიდან”, იგრძნო ხელებიც. ტრიბუნებზეც გადღაბნილი საღებავი კი არა - ”რამდენი ხალხია ღმერთო!”. ”ისე გავთავხედდი, ოცდახუთი მეტრიდან დავარტყი კარში, სულ ცოტათი ავაცილე, არადა, შორიდან და ძლიერი დარტყმა, არასოდეს ყოფილა ჩემი კოზირი.” - იტყვის მოგვიანებით...მას შემდეგ ოცდაათამდე წელიწადია გასული. ვინ იცის, რამდენი პატარა ბიჭის ”მონათვლა” მოასწრო იმ დიდმა და მსუქანმა კაცმა მერე...ეს ერთი პატარა ეპიზოდია - დიდი გუნდის ცხოვრებიდან. სულ მაინტერესებდა, რას გრძნობდნენ და რას ეუბნებოდნენ მწვრთნელები ფეხბურთელებს ისეთს, რომ ერთი მომენტით, ერთი შეცვლით, ერთი გადაადგილებით, შეეძლოთ მეორე გუნდის დამარცხება. ნოდარ ახალკაცი ისე მიიცვალა, ვერც მისი გაცნობა მოვახერხე, ვერც მასთან საუბარი - მოუმზადებელ ჟურნალისტებს ვერ იტანდაო...არადა საინტერესო იქნებოდა - მოვემზადებოდი კაცო...
ვერ მოვახერხე-მეთქი მისი გაცნობა და ამიტომაა, ერთი დებიუტი გავიხსენე, ამირან მინაშვილის მიერ მოყოლილი. ასე უფრო გამიადვილდა. დამაჯერებელიც ასე უფროა და ცოტა რომანტიზმიც ახლავს: მორიგი თავი, გამოუქვეყნებელი წიგნიდან.
თედო რიჩი
No comments:
Post a Comment