გიორგი დევდარიანი |
რომ ვთქვა, კარგად ვიცნობ გიორგი დევდარიანს მეთქი - არ იქნება მართალი. ვიცნობ, როგორ არა, მაგრამ ისე რა ... მასზე, როგორც მწვრთნელზე ძალიან ბევრი რამე ვიცი, საქმეშიც არაერთხელ მინახავს, მაგრამ არასოდეს მისაუბრია ამ კაცთან, არასოდეს მითხოვია სხვებისთვის, მოეყოლათ მასზე და მაინცდამაინც არც ისეთი ინტერვიუ ან წერილი წამიკითხავს, სადაც ”ცქიფო” ბოლომდე გაიხსნებოდა.
რასაც შევხედე, რაც გავიგონე, შედეგი - აი მოკლე, მაგრამ ამომწურავი ნუსხა იმ ინფორმაციისა, რამაც შექმნა ჩემი წარმოდგენა მასზე. მტკიცე ხასიათისა რომ იყო, ეს ვიცოდი - არაერთხელ მინახავს ”ოლიმპის” სკოლაშიც და თბილისის ”თბილისშიც” რა საიმედოდ ეპყრა აპეურები და როგორი სიმკაცრით ექცეოდა ფეხბურთელებს. საინტერესოა, რომ ეკლესიურობას სრულიად არ შეუშლია ხელი მისთვის ამ საქმეში და დევდარიანი რბილი და მიმტევებელი მწვრთნელიაო, ვერავინ იტყვის.
იგი ჩემი თაობის კაცია. შესაბამისად, ჩემთვის ადვილი გასაგებია, თუ რომელი ”აკადემიების” გავლა მოუხდა ბავშვთა მწვრთნელობამდე და რატომ ამბობდნენ ხოლმე მისი მოწაფეები, რომ ”ცქიფო მასწავლებელმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც” ...
ბავშვებთან მისი გაკვეთილები გამორჩეული და საინტერესო იყო - მანამდე და მერეც არ მინახავს, ვინმეს სატანვარჯიშო სალტეები (აი, წელზე ან კისერზე რომ უნდა დაატრიალო) ბურთის მოსარჯულებლად გამოეყენებინოს. ინტენსიურობა, ვარჯიშის პირველიდან ბოლო წუთამდე კონტროლი, ხმამაღალი შეძახილები და მრავალფეროვნება - განსაკუთრებით ესენი დამამახსოვრდა დევდარიანის ”ოლიმპური” ვარჯიშებიდან.
მას კიდევ ერთი კარგი რამ ახასიათებდა - სწავლა არ ეზარებოდა და კითხვების დასმისა არ რცხვენოდა. კარგი თვისებაა, ვერაფერს იტყვი ... ამიტომ იყო, უბრალოდ გამეცინა ქართულ სპორტულ საფიხვნოებზე გავრცელებული ინფორმაცია რომ წავიკითხე - აქაოდა, გოგუამ დევდარიანი ცემაო.
მარიო პიუზოს გადასახედიდან გამოდის, რომ გოგუა საკმაოზე მეტად სიცილიელი ყოფილა და ქართულ-ქალაქურად რომ ვთქვათ, ორი თავი ჰქონია - ამ მოარულ ხმაზე სხვას არაფერს ვიტყვი. აქედან გამომდინარე, გოგუასთან ან სხვა ნებისმიერთან დაპირისპირება, ვერანაირად იქნებოდა მიზეზი, გიორგი დევდარიანის ”დინამოდან” წამოსვლისა. ძნელი დასაჯერებელია, ეს კაცი ცხელ გულზე რაღაცას ან ვიღაცას გამოქცეოდა.
დევდარიანს ”დინამომდეც” შეემთხვა მოულოდნელობა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი კარიერა და მოვლენათა განვითარება - იმ მოულოდნელობას ვარშავის ”ლეგია” ერქვა და მაშინ ყველაფერი გასაგები იყო.
ახლა კი ნახევარსიმართლე თამაშობს მინდვრის ორივე მხარეს. არასაკმარისი კომუნიკაცია, ფეხბურთელებთან საერთო ენის გამოუნახაობა და მისთანები მხოლოდ გამოწვევად შეიძლება ექცეს ასეთი ამბიციის მქონე ადამიანს - დარწმუნებული ვარ, სხვა, გაცილებით მძიმე გარემოება არსებობს და უფრო ცუდი კი ისაა, რომ ამ გარემოების გამო დევდარიანმა საკუთარ თავს ანტიპიარი გაუკეთა. გუნდის ვერდამორჩილება, ”დინამოსათვის” მიუღებელი შედეგი, უკვე ნახსენები მოარული ხმები სერიოზულად აყანყალებს იმ ავტორიტეტს, რისი მოპოვებისთვისაც ცქიფოს წლები დასჭირდა. თქვა მხოლოდ ის, რაც მან განაცხადა, ნიშნავს არაფერიც არ თქვა. ეს კი ცუდია - გეგუჩაძე-ზესტაფონის რემიქსია.
არ მიკვირს და თუ ყველაფერი ასე დარჩება, არც ეს გამიკვირდება - ქართული საფეხბურთო სამყარო მიჩვეულია ნახევარსიმართლეებს, ტყუილებს, დუმილს, მხოლოდ ვიწრო წრეში ამბების ხარშვას ...
თედო რიჩი
No comments:
Post a Comment