ბუბა ტყავაძე |
ახლა ქართულ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ რომ შევავლე თვალი, ვერავინ მომხვდა ისეთი, რომელზედაც ვიტყოდი ტიპური საკლუბო ფეხბურთის ჩინოვნიკია-მეთქი. არა, პრეზიდენტს და იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვინც ფულს იხდის და მუსიკას უკვეთავს, უფრო ისეთ ადამიანს ვეძებდი, მუსიკის შესრულებას რომ უზრუნველყოფს. კლუბში მაგ პოზიციას მმართველი დირექტორი ჰქვია. ზემოთნახსენებ ადამიანს კი გიორგი, იგივე ბუბა ტყავაძე, რომელიც ახლა რუსთავის ”მეტალურგში” მოღვაწეობს.
ნიკოლო მაკიაველის ნათქვამის პერეფრაზი რომ გავაკეთო, ბუბასთვის საფეხბურთო მოღვაწეობა ეთიკის იდეალური სამყარო კი არ არის, არამედ რეალური, დროისა და სივრცის კონკრეტულ პირობებში არსებული ცოცხალი, დინამური და ერთთავად ცვალებადი სინამდვილე.
ცოტა შორიდან დავიწყებ. რომ ვთქვა, გამორჩეული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა-მეთქი, არ იქნება მართალი. კოპწია ”მრეტებში” ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე იყო. ქინქლაძესა და ჯამარაულამდე ძალიან ბევრი უკლდა. ვიტყოდი, სადღაც გიორგი დარასელიას (იგივე ძუკუს) დონის, შეიძლება ნაკლებიც. თავიდანვე პრაგმატულობა ახასიათებდა და როდესაც მიხვდა, რომ საქართველოს ნაკრებში ვერაფრით მოხვდებოდა, იმ დროს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ყოვლად უცნაურად თურქმენეთის მოქალაქეობა მიიღო და გუჯა გუგუშვილის ხელმძღვანელობით აზიელთა ნაკრებში თამაშს დათანხმდა. უკანდაბრუნებულმა, ბოლნისის ”სიონში” ბურთის გორებით მოიკლა საფეხბურთო წყურვილი და ასე ტაატით დაასრულა აქტიური კარიერა. თუმცა მინი-ფეხბურთს ბრწყინვალედ თამაშობდა. ერთ რამედ ღირდა ”ბენდელაზე” მისი და მამუკა ფანცულაიას დუეტის ხილვა.
ბადრი პატარკაციშვილის შვილის თანაკლასელობამ პოსტ-საფეხბურთო კარიერის შექმნაში დიდად შეუწყო ხელი. იმ დროს სწორედ აწგანსვენებული ოლიგარქის ოჯახს ეკუთვნოდა ”დინამო” და ლონდონში დასახლებულმა, ფეხბურთში ნაკლებად გარკვეულმა ბადრიმ საფეხბურთო კლუბი მისთვის სანდო პიროვნებას ჩააბარა.
წლების მერე ბევრი იტყვის, რომ ბუბას დროს შეჭირვებული და ოვონო-კობახიძის ტრანსფერიდან შემოსული ფულის მომლოდინე ”დინამო” გაცილებით უკეთეს დღეში იყო, ვიდრე დღეს ნაპატივები გუნდი.
ბუბამ ”დინამოში” თავიდანვე წესრიგის დამყარება სცადა და ალბათ კლუბის ისტორიაში პირველად, ხანმოკლე 6-თვიანი კონტრაქტების ტრადიციას წერტილი დაუსვა. დინამოს დიღმის ბაზის ალაყაფის კარიც უცხო პირთათავის დაიხურა. ეგ კი არა, ბაზაზე მისული საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძეც უცერემონიოდ გამოაბრუნა უკან. ფეხბურთელებთან კონტრაქტებიც გადაიხედა. აქცენტი გრძელვადიან ხელშეკრულებებზე გაკეთდა, დაბალი ხელფასით და ფეხბურთელის კლუბში ”დაბმის” სრული გარანტიით. ამ გარანტიას გამართული მექანიზმი უზრუნველყოფდა. ჯამაგირის სეკვესტრისა და ხანგრძლივი კონტრაქტის მოწინააღმდეგენი ჯერ სათადარიგოთა სკამზე, მერე კი დინამოს დიღმის ბაზიდან ”მარაკანას” ან ავჭალის ”სინათლის” კოლბოხებზე ინაცვლებდნენ. ასე დაენგრათ საფეხბურთო კარიერა, ერთ დროს პერსპექტიულ ზვიად სტურუას და რევაზ ქემოკლიძეს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ.
ბუბას ”დინამომ”, მიუხედავად მოკლე საბნისა, მაინც შეძლო რენომეს შენარჩუნება ეროვნულ ჩემპიონატში. თუმცა ევროპაში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, თუ თბილისში ”ცრვენა ზვეზდას” იპონზე დაგდებას არ ჩავთვლით.
პრაგმატულობიდან სიძუნწე რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა, ფაქტია და ”დინამოს” მაშინდელ მმართველს ეს უკანასკნელი ზომაზე მეტად ახასიათებს. მის ამ თვისებას მოჰყვა ივო კატუშიჩის კლუბიდან სკანდალური წასვლა, მილოშ კრშკოსთან კონფლიქტი და დანილო ტომიჩისათვის საქართველოს თასის მოგების სანაცვლოდ მისაღები პრემიის არმიცემა. ეგ კი არა, ერთი ხანობა სერიოზული გაუგებრობა ”დინამოს” მაშინდელ კაპიტან გურამ კაშიასთანაც კი ჰქონდა. ახალი წლის საღამოს დიღმის ბაზაზე მისულმა ბუბამ კლუბის მემატიანე, ჯერ კიდევ ფარსადანოვიჩის დროიდან გუნდში მოღვაწე შეზარხოშებული მზარეულიც უცერემონიოდ დაიფრინა. არც მისმა წარსულმა გაჭრა და არც ხვეწნა-მუდარამ - საახალწლოდ მაინც ნუ გამაგდებო ...
ლეგიონერები, შეიძლება ითქვას, ტყავაძის სუსტი წერტილი იყო. დღემდე გამოცანად რჩება დინამოში ანდრეი ჩერნიშოვის და რაინერ ცობელის ჩამოყვანა. ფეხბურთელებიდან კი მარკო ჩარასის, რომან დობეშის, ხავიერ ანგულოს, მარკო მაროვიჩისდარ ტურისტებზე ”ნ-ტურიც” არ იტყოდა უარს. თქმა არ უნდა, იყო გამონათებებიც (ოვონო, უგრინი).
მეორე მხრივ, სწორედ ბუბას დროს დაწინაურდნენ გუნდში დინამოს აკადემიის აღზრდილები: მერებაშვილი, ხმალაძე, ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, ვაწაძე, ფირცხალავა. ამ უკანასკნელს ბუბა, რომ იტყვიან, თან გადაჰყვა და მთლიანად დაფარა მენისკის ოპერაციებთან და ოპერაციის შემდგომ გართულებებთან დაკავშირებული ხარჯები.
კიდევ ერთში შტრიხი. არა მხოლოდ ბუბა, ზოგადად ტყავაძეების ოჯახი მსაჯებს მუდამ დაბალ ღობედ თვლიდა. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია სულ ახლახანს მსაჯ გიორგი ვადაჭკორიას შეურაცხყოფის გამო 600 ლარით რომ დასაჯეს. ”დინამოური” წარსულიდან ხინჯად მისი ძმისა და მამის საქციელიც დარჩა. რაღაც მანქანებით საპატიო ლოჟაში მოკალათებული ტყავაძეები არც თუ იშვიათად, ყველას გასაგონად, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მატჩის არბიტრებს.
ფიფიას მისვლის შემდეგ ბუბამ დასარჩენად გაბრძოლება სცადა, მურთაზ შელიასაც შეხვდა, მაგრამ შელომ კლუბში მხოლოდ კარტოფილის გამთლელის ადგილი გაიმეტა ბუბასთვის. ასე დასრულდა ბუბას 6-წლიანი მოღვაწეობა ”დინამოში”...
ფიფიას მისვლის შემდეგ ბუბამ დასარჩენად გაბრძოლება სცადა, მურთაზ შელიასაც შეხვდა, მაგრამ შელომ კლუბში მხოლოდ კარტოფილის გამთლელის ადგილი გაიმეტა ბუბასთვის. ასე დასრულდა ბუბას 6-წლიანი მოღვაწეობა ”დინამოში”...
ბუბა დღესაც რჩება მუსიკის შემსრულებლად. მისი ხელწერა რუსთავშიც უცვლელია. პრაგმატიზმი და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment