სტაჟიან გულშემატკივარს ევგენი ლოვჩევი კარგად უნდა ახსოვდეთ. მოსკოვის ”სპარტაკის” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც მოგვიანებით რუსულ ფუტსალში გაითქვა სახელი - ჯერ ”სპარტაკს”, მერე კი რუსეთის ნაკრებს საკმაოდ წარმატებულად წვრთნიდა.
ევგენი ლოვჩევი |
დღეს ლოვჩევი ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია რუსეთში და საკმაოდ ხშირადაც იწვევენ სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებში. რუსეთში კი ამ მხრივ მართლა შესაშურად რომ არის საქმე, ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს - სხვა არხებს რომ თავი დავანებოთ, მარტო ”ნტვ-ფუტბოლის” მიერ რუსული პრემიერლიგის გაშუქების დონე შეგვიძლია გავიხსენოთ ...
მოკლედ, ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, თემა, აი საით მიმყავს: ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას ლოვჩევმა პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო რამ თქვა. არა, კი ვიცოდი, რომ ასე იყო სინამდვილეში, მაგრამ უშუალოდ მონაწილისაგან ყველაფრის დეტალურად მოსმენას რომ სხვა გემო და დამაჯერებლობა ახლავს, დამეთანხმებით.
”დღეს რუსულ ფუტსალზე ვერავინ იტყვის დაბალი დონისააო, მაგრამ მაშინ როცა მე იქ დავიწყე მწვრთნელად მუშაობა, ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. მეტიც, სიტყვა ”უარესი” შესაძლოა, კიდევ კარგად არ გამოხატავს, იმ მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, დარბაზში ნაცნობების გარდა, უცხო მაყურებელს თითქმის ვერ ნახავდით. გამოდიოდა, რომ ჩამოგვყავდა ლეგიონერები, რომელთაც ვუხდიდით კარგ ხელფასებს, მაგრამ მათ არავინ უყურებდა. მე კი ამ ბიჭების ნახვა ვარჯიშებზეც შემეძლო და მაშ, რა საჭირო იყო ამ ჩემპიონატის ჩატარება, თუ მას ხალხი არ დაესწრება?” - ალბათ ლოვჩევის ამ მონათხრობში ნაცნობი ვითარების ამოკითხვა არ გაგიჭირდებათ, თუმცა მოდით, გამოსავლის ძიების მოლოდინში, მის მომდევნო ნაუბარს გადავავლოთ თვალი:
”რაღაცის მოფიქრება იყო საჭირო. გასაგებია, რომ ქუჩაში კაცს ვერ დაიჭერ და დარბაზში ვერ შემოათრევ. თუ მას თამაშის ყურება არ უნდა, დაძალებას აზრი არ ააქვს. უნდა მოინდომო, ოღონდ სხვანაირად.”
ერთი წამით, ამ სიტყვებში - ”ფუტსალი” და ”რუსეთი” ”ფეხბურთი”-თ და ”საქართველო”-თი შევცვალეთო და რა გამოვა? განა ჩვენ სხვა რამე გვაწუხებს?
”ტელევიზია! აი სად უნდა გვეპოვა საკუთარი მაყურებელი. ოღონდ ტელევიზიით, დივანზე წამოკოტრიალებული მაყურებელი კი არ უნდა გვეძებნა, არა - ტელევიზია უნდა გამოგვეყენებინა საამისოდ, რომ ის კაცი დივანიდან წამომხტარიყო და თამაშზე წასულიყო” - ვფიქრობ ”ლოვჩევის თეზისები” პირდაპირ წამალია გაუბედურებული ჩემპიონატისათვის და თუ ეს წერილი ამ საქმეში იოტისოდენა წვლილს მაინც დაიდებს, უზომოდ კმაყოფილი ვიქნები.
და ისევ ლოვჩევი: ”მაშინ ფუტსალის ასოციაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გაფორმდა ხელშეკრულება ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო, პირდაპირ ეთერში გადაეცა ტურის ცენტრალური მატჩი, ღამის საათებში კი სხვა შეხვედრების ჩანაწერებს აჩვენებდა. თავისმხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვიყავით, რომ ყველაფერი შეიფუთებოდა უმაღლეს დონეზე. ფუტსალის ასოციაციამ დაიქირავა ხალხი, ვინც ხარისხიან ტრანსლაციას უზრუნველყოფდა. ზუსტად მახსოვს, ოპერატორებიც და რეჟიროსებიც მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ კადრში არ უნდა მოხვედრილიყო უმაყურებლო ტრიბუნა, ჩამოხეული ბანერი ან რამე მსგავსი. კამერები იდგმებოდა ისე, რომ თუ კადრი ტრიბუნებისაკენ გაიწევდა, იქ ის მცირერიცხოვანი ფან-კლუბები უნდა გამოჩენილიყვნენ, რომელთა გამრავლებაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი. პლუს, შესვენებების და ტაიმ-აუტების დროს რამდენიმეწუთიანი შოუებიც იდგმებოდა. ამავდროულად, ყველა კლუბს დაევალა დარბაზების მოწყობა, რაც პარალელურ რეჟიმში ხდებოდა, თუმცა ტელემაყურებელს ეს საერთოდ არ გაუგია, რადგანაც როგორც ჩანს, დაქირავებული ხალხი, მართლაც თავისი საქმის პროფესიონალები აღმოჩნდნენ”.
არამგონია, ჩემი მხრიდან რაიმე დასკვნების თუ ანალიტიკური ეპილოგის დაწერა იყოს საჭირო. არც ჩვენი ჩემპიონატის ჩვენების ხარისხზე ღირს ლაპარაკი, მით უმეტეს, ეგრეთ წოდებულ მიმოხილვებზე, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის, არც სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებსა და თუ საერთოდ, გაშუქების პრობლემებზე ... გამგები ისედაც ყველაფერს გაიგებდა და მიმხვედრი ყველაფერს მიხვდებოდა. რეზუმეს სახით კი რუსული ფუტსალის პროექტის ლოვჩევისეულ დასასრულს გთავაზობთ:
”არ მახსოვს ზუსტაც რამდენ ხანში, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კლუბებს დაცვის სამსახურებთან კონტრაქტის გაფორმება დასჭირდათ, რათა მოზღვავებულ გულშემატკივარის უსაფრთხოება დაეცვათ”...
ფუტ ბოლი
No comments:
Post a Comment