Sunday, June 17, 2012

ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან (ნაწილი 2) ...

უმცროსი ნოდარ ახალკაცის პრეზიდენტობის დროს იყო - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფეხბურთის გამასობრიობა ჩაიფიქრეს და სკოლბურთი გააჩაღეს. იმათ პიარი არ უჭირდათ, ყურადღებაც საკმარისი მიაქციეს და სანამ ქართული ფეხბურთის სახლში იყვნენ, თამაშობდნენ კიდეც ბიჭები და გოგონები სკოლბურთს. 

სკოლბურთი - 2011
ტყავის ბურთის პრიზი გამახსენა სკოლბურთმა. ალბათ, ბევრ სხვასაც ჩემსავით. ფეხბურთი ხომ ჩვენი ბიჭობისა და პატარაობის ერთი დიდი დღესასწაული იყო და თუკი ბიჭად ვარგოდი, ტყავის ბურთის პრიზზე როგორ არ უნდა გეთამაშა. 

იპოლიტე ხვიჩიას ფეოლა ხომ გახსოვთ? - ბონდო დოლაბერიძე, ე, ისეთი სისტემა იყო, ოლიმპიური, ”წააგე - წადი სახლში!” და ხომ გასაგებია, რამდენი და როგორი სიხარული და მწუხარება ახლდა იმ თამაშებს, ლამაზ სამკლაურად რომ დააჩნდა ჩვენს ბავშობას. 

ბავშვობიდან და ბიჭობიდან გამომდინარე თუ იყო, სხვაგვარი გემო, ფერი და სუნი ჰქონდა იმხანად ფეხბურთს. ტყუილად არ მიხსენებია დღესასწაული - კვირიდან კვირამდე თბილისის ”დინამოს” მატჩებს ველოდით. ამას გარდა, რაიონებში ვინც ვიზრდებოდით, ადგილობრივი კლუბი ხომ გვყავდა, საქომაგოდ და საგულშემატკივროდ. ზედაც ფეხბურთი სკოლაში: შესვენებებზე, დილით, გაკვეთილების დაწყებამდე, გაკვეთილების მერე და იმდენი გამარჯვება საქართველოს ნაკრებს, რამდენიც თქვენი მონა-მორჩილი მასწავლებელს გამოებუნძულებინოს პირველი გაკვეთილიდან - წადი ოფლი შეიშრე, მოწესრიგდი და მერე დაჯექი გაკვეთილზეო ... 

ვინ იცის რამდენი ფეხსაცმელი დახეულა, რამდენს გადაქექია ცხვირი - ბურთის თამაშს რომ გვიკრძალავდნენ, ქვით, ბოთლის საცობით, ფიცრის ნაჭრით და ვინ იცის, რით აღარ ვთამაშობდით ორკარას და სხვათა შორის, გვარიანადაც. სად იყო მეოთხე და მესამე ნომერი ბურთები - მეოცე საუკუნე იდგა, სამოცდაათიანი წლების ბოლო და ოთხმოციანების დასაწყისი და მაშინ რომ ვინმესთვის ეგ გეთქვა, სიდიდის მიხედვით დანომრილი ”მასტერსკი” ბურთები არსებობსო ... გიჟად თუ არ ჩაგთვლიდნენ, შენთან ბურთს მაინც არ გააგორებდნენ არასდროს, სიფრთხილეს თავი არ სტივა, ასეთ რაღაცებს რომ ბოდიალობს,  ვინ იცის, თამაშისას რა მოუვა თავშიო. ტყავის ბურთის პრიზზე ვლაპარაკობდი, დიდ-პატარა ბიჭურ სიხარულებზე და სისტემაც როგორი გვქონდა? ჯერ რაიონის პირველობა, შემდეგ - ზონალური (დასავლეთ საქართველოსი სენაკში ან ფოთში ”მალანიაზე” იმართებოდა) და თუკი აქედანაც გაძვრებოდი, მერე რესპუბლიკური პირველობა იყო. ასაკობრივი ჯგუფი სამი იყო. ”პატარებში” 9-10 წლის ბავშვები ანუ მესამე და მეოთხე-კლასელები გამოდიოდნენ, მეხუთე-მეექვსეკლასელები (11 და 12 წლის ბიჭები) ”საშუალო” ასაკის გუნდებს ადგენდნენ და მეშვიდე და მერვეკლასელები კი (13-14 წლის ბიჭები) ”დიდებში” გამარჯვებისათვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტყავის ბურთის გათამაშებამ ბევრი სიხარული მაჩუქა-მეთქი ... ან კი რა შეედრება ბავშვობის შთაბეჭდილებებს. ამ შთაბეჭდილებებიდან ერთზე ახლა უნდა მოვყვე. უნდა მოვყვე სულ პატარა ბიჭზე, ბურთით უცნაურ ფოკუსებს რომ აკეთებდა და ასე ფოკუს-ფოკუს აცუცურაკებდა ნებისმიერ მეტოქეს.  

იგი დაახლოებით ჩემი თაობის კაცია, ოდნავ უფროსი. მიუხედავათ იმისა, ქართული ფეხბურთის უახლეს ისტორიაში ერთ უნიჭიერეს მოთამაშეთა შორის ირიცხება, მიმაჩნია, რომ ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნა. ბოლომდე ვერ აჩვენა ის, რისი შესაძლებლობები და გაქანებაც ჰქონდა. 

მე ჯერაც ”პატარებში” ვთამაშობდი. ის საშუალო ასაკის გუნდის კაპიტანი იყო. იმითაც დამამახსოვრდნენ, რომ რაღაცნაირი მწვანე ფორმები ეცვათ, მუქი, მოშავო, მოჟამული. ზონალურ ტურნირზე რამდენიმე მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა, დღეში თითო და ბუნებრივია, შემთხვევას არავინ უშვებდა ხელიდან, რათა ამ თითისხელა ბავშვის საფეხბურთო სპექტაკლი გვენახა. მართლა ძალიან დაბალი იყო, ჩვენზე, უმცროსებზეც დაბალი, მაგრამ რას თამაშობდა?! იმ დღეს უმცროსი ასაკის სენაკელებს (მაშინ ცხაკაია ერქვა) 6-0 მოვუგეთ და ჩვენი რაიონების საშუალო ასაკის გუნდების მატჩზე გავიქეცით, ერთი ტაიმი კიდევ რჩებოდა. რომ მივედით და ანგარიში ვიკითხეთ, ყველაფერი აშკარა გახდა - ცხაკაიელებს შური ეძიათ და მერე როგორ ... ნახევარი მეორე ტაიმი სათამაშო იყო და ჩვენი საშუალო ასაკი უკვე 1-7 მარცხდებოდა. 

5 ბურთი იმ ”პატარას” გაეტანა დიდი ათიანი რომ ეწერა ზურგზე. კიდევ ერთხელ დაჯილდოებისას შევხვდი - უმცროსი ასაკის ფეხბურთელთა შორის ყველაზე ტექნიკური მოთამაშის პრიზი გადმომცეს და დიდებულ ხასიათზეც ვიყავი, მაგრამ ალალად ვამბობ, საკუთარი სიხარულისთვის თითქმის არ მეცალა. ვუყურებდი, როგორ მოხვეტა იმ ბიჭმა ყველა ინდივიდუალური პრიზი, რაც კი სენაკის ალკკ-ს (ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირი - რავარია?) ცისფერ ქების სიგელად დაებეჭდა: ბომბარდირისა, საუკეთესო მოთამაშისა, იმედისა და რა ვიცი, რისი არა ... 

მოგვიანებით, ჟურნალისტობისას რამდენიმე სტატიაც დავწერე მასზე - ერთზე (”სარბიელში” რომ დაიბეჭდა და ხალხის სიხარული ერქვა) ფოთის ”კოლხეთიდან” იმჟამინდელმა პრეს-ატაშემ ბიძინა დარჩიამ დამირეკა და მხოლოდ ფოთელთათვის დამახასიათებელი აქცენტით მითხრა: 

”მასეა, ძამია, ხალხის სიხარულია, აბა ვინაა, მაგას ენაცვალოს ჩვენი თავი-ო” 

გიორგი დარასელია
გიორგი დარასელიაზე ვწერ, ძუკუზე - იმ ციცქნა ბიჭის კვალობაზე გვარიანად რომ მოიმატა სიმაღლეში, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, 50 პროცენტითღა თუ მოახერხა საკუთარი დიდებული შესაძლებლობების რეალიზაცია. დღემდე მჯერა, პირველი სიდიადის ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო. 

კონსტანტინე გოგიშვილი         

No comments:

Post a Comment