Saturday, June 16, 2012

”ზესტაფონი” - გენერლობაზე მეოცნება ჯარისკაცი

ამთავითვე ვიტყვი - ევროთასებზე გასული ნებისმიერ ქართულ გუნდს ვგულშემატკივრობ. უშედეგო გულშემატკივრობა აგერ უკვე წლებია გრძელდება, მაგრამ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესი რომ არის მოგეხსენებათ. 

უეფას კენჭისყრაც ახლოვდება და ყველანი გულისფანცქალით ველით ვინ დაუპირისპირდება გამალებულ მზადებაში მყოფ ქართულ გუნდებს. გუნდები ფუსფუსებენ, ემზადებიან, მე კი ”ზესტაფონს” ვუყურებ. ჩვენში ყველაზე გამართულსა და დავარცხნილს. იმ ”ზესტაფონს” აგერ მეორე წელია ჩემპიონთა ლიგის კვართის იმერეთში ჩატანა რომ ამოუჭრია გულში. 

ფოტოზე ს.კ. ”ზესტაფონის” ფეხბურთელები
წყარო: ს.კ. ”ზესტაფონის” ფანკლუბის ვებგვერდი

ვუყურებ და ვერ გამიგია, ის ჯობია რომ ჯარისკაცმა გენერლობაზე იოცნებოს თუ ის, რომ საბანი იქამდე გადაიფაროს სადამდეც გაწვდება. 

შარშან ზაფხულის მერე ერთი აზრი არ მტოვებს - მგონია, ”ზესტაფონმა” განვითარების ერთი ეტაპი უკან მოიტოვა და ახლა ვერც წინ მიდის და არც უკან, სადღაც შუაშია გაჭედილი (ინფრასტუქტურის განვითარებას არ ვგულისხმობ). მგონია, რომ ამ ფორმაციის ”ზესტაფონის” მაქსიმუმი თბილისში ”შტურმთან” გამართული თამაში და ”ბრიუგესთან” ოთხიდან ერთი ტაიმის მოგება იყო. იმ თამაშებმა ერთი რამ დაგვანახა, ზესტაფონს გაძლიერება ესაჭიროებოდა, ვინაიდან და რადგანაც საშუალო ევროპული დონის გუნდების (ჩემპიონთა ლიგაში ათწელიწადში ერთხელ რომ ჩნდებიან და ქვეჯგუფის ფსკერზე ატარებენ დროს) გავლა ვერ შეძლო. კარგი თამაში ერთია, მაგრამ მთავარი ტაბლოა და სუსტმა ”შტურმმა” თუ ორი თამაშის ჯამში 3-1 მოგვიგო, მასზე ძლიერმა ”ბრიუგემ”  5 გაგვიტანა და ერთი ამდენიც რეალური საგოლე მომენტი შექმნა.

ზესტაფონი კი ამ თამაშების მერე უფრო დასუსტდა. კლუბი დატოვა საქართველოში ყველაზე წარმატებულმა მწვრთნელმა (გეგუჩაძე), გუნდიდან წავიდა ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი, საყრდენი ნახევარმცველები დაუშვილი და ძარია, გერმანიაში გააგრძელა კარიერა ნიკა გელაშვილმა, ჩემოდნებზე ზის შოთა გრიგალაშვილი, წასვლას ეშურება რატი წინამძღვრიშვილი. შევსება კი არც თუ ისე შთამბეჭდავია: გამოცდილი მაგრამ წონა და ასაკშეპარული დათო მუჯირი და ოდენ გაპიარებული აბაიომი ოვონიკოკო - სულ ეს არის.  

ფაქტია, ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში მოხვედრის მოსურნე გუნდს ჩემპიონთა ლიგის თამაშების დაწყებამდე სამი კვირით ადრე მხოლოდ ხუთი მცველი ჰყავს განაცხადში. უცნაურობა კი ის არის რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მხოლოდ ერთ ფეხბურთელს - ზაალ ელიავას შეუძლია და ღმერთმა ნუ ჰქანს, რომ მას რაიმე მოუვიდეს, კლუბში არავინაა ისეთი, ამ ადგილზე თამაში რომ შეეძლოს. დაცვის ცენტრში ჭარბწონიან საჯაიასა და ახალგაზრდა კობახიძეზე დაყრდნობა ცოტა სარისკო საქმე. ფაქტია ”ზესტაფონის” დაცვის ეს დუეტი (ონიანთან ერთად) ვერც საქართველოს დონეზე იყო გამორჩეული. რუსთავის ”მეტალურგის” დარად, გასულ ჩემპიონატში ”ზესტაფონმაც” 28 გოლი გაუშვა, მესამეზე გასულმა ქუთასის ”ტორპედომ” კი 25. ჩემპიონთა ლიგა კი მცველებს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს, ისევე როგორც ნახევარდაცვას, სადაც გრიგალაშვილი ბურთზე მეტად სხვა გუნდზე უნდა ფიქრობდეს. მენთეშაშვილი და მუჯირი ასაკში არიან (მუმუ, საქართველოს ჩემპიონატში ვერ ატარებს თამაშებს ბოლომდე), ახალგაზრდა არც აფციაური ეთქმის, რომელიც ხან უქეიფოდ არის და ხან საქეიფოდ. გორგიაშვილი ახალგაზრდაა და ჯერ ლიდერობას ვერ აიღებს. წინ კი ნაკრებში თამაშს დანატრებული დვალია, რომელიც ბევრსაც დარბის, ბევრს იბრძვის, ბომბარდირიც გახდა, მაგრამ მარტო კაცისა და ჭამის ამბავია. 

26 ივნისს ”ზესტაფონი” შტრაუსის სამშობლოში მიდის, რათა ჩემპიონთა ლიგაში ვალსის საცეკვაოდ მოემზადოს. მე კი ისევ იმაზე ვფიქრობ, რომელი ჯობია - ჯარისკაცმა გენერლობაზე იოცნებოს თუ საბანი იქამდე გადაიფაროს სადამდეც გაწვდება. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 
  

No comments:

Post a Comment