Saturday, June 23, 2012

სიზიფეს აღმართს დამდგარი ”დილა”

ორშაბათს ნიონში კენჭი იყრება. ჩვენი კლუბებიც სიზიფეს აღმართს კიდევ ერთხელ დაადგებიან და კაცმა არ იცის სად ჩაიჩოქებენ. აქამდე სულ ასე იყო, იწყებოდა და იქვე სრულდებოდა. დიდხანს არც ისინი წვალობდნენ და არც ჩვენ გვაწვალებდნენ. დიდი-დიდი ორი ეტაპი გადაელახათ (იშვიათი გამონაკლისის გარდა) და მერე, ოდენ შიდა ჩემპიონატით ვკმაყოფილდებოდით.

შარშანდელივით ახლაც ოთხნი არიან. ორი ”ახალი” გუნდია საქართველოდან. თუმცა, თუ ქუთაისის ”ტორპედოს” ჩემპიონთა ლიგაც, უეფას თასიც და ინტერტოტოც დაჭაშნიკებული აქვს, გორის ”დილასთვის” ეს ყოველივე ჯერ ახალი ხილია. 8 წლის წინ იყო, გორის ”დილამ” ევროპაში რომ გააღწია და იქ ბულგარულ ”მარეკს” შეხვდა. ის თამაშები ვისაც ახსოვს ყველამ იცის რა და როგორ მოხდა. ბულგარულ ქალაქ დუპნიცაში (”მარეკი” იქიდან იყო) ნათამაშებ უგოლო ფრეს, თბილისში ”მიხეილ მესხზე” უსახური ბულგარელების მიერ კაიდარაშვილ-ბალაშვილის და კომპანიის 0-2 დამარცხება მოჰყვა.

ტოტალიზატორ ”აჭარაში” ძველი ”მეკუშეები” დღესაც იხსენებენ, როგორ ჩადიოდა ფსონს ”დილას” შინაურ კედლებში წაგებაზე ერი თუ ბერი ...



დღეს ”დილაში” სხვა ხალხის ჟრიამულია. საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტია მისი პატრონ-მყვარებელი. ”დილას” შემთხვევაში ძნელია გაიგო სად მთავრდება პოლიტიკა და სად იწყება სპორტი. როდესაც ასეთი ყოვლისშემძლე პატრონი გყავს, ყველა გამადიდებელი შუშით გიყურებს. ნებისმიერი შენი წარმატება შენზე მეტად შენს პატრონ-მყვარებელს მიეწერება. ეს ბედისწერაა, რომელიც  ”დილას” მუდამ თან სდევს და იქამდე ვერ გაექცევა, სანამ მის უკან შინაგან საქმეთა სამინისტრო იდგება. ევროთასებზე ”დილას” მძიმე ტვირთის აწევა მოუწევს. ჯერ ერთი რომ უდიდესი იმედები და მასში ჩადებული რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია უნდა გაამართლოს და მეორე საკმარისი ფეხი დაუცდეს, რომ ყველა საქართველოს თასის სამარცხვინო ფინალს გაუხსენებს. ამ ფინალზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ჩვენ ფეხბურთში პიერლუიჯი კოლინას დონის კაცი რომ იყოს, ამ ამბის მერე, ალბათ ლევან კვარაცხელიას მოედანზე მისვლასაც კი აუკრძალავდა მაგრამ ... ეს სხვა სიმღერიდანაა.

შეთამაშება, ურთიერთგაგება და მწრთნელები - მგონი ეს სამი რამ არის ”დილას” გამოწვევა. ფული პრობლემა არ არის, მაგრამ იმ ცნობილი რეკლამისა არ იყოს ყველაფერს ფულით ვერ იყიდი. ფულით შეიძლება, მაღალი დონის ფეხბურთელები იყიდო, მაგრამ რამდენად არიან მზად ამ დონის ტურნირისთვის და ამ ფეხბურთელთა შესათამაშებლად გია ცეცაძე და თემურ შალამბერიძე ამას ივლის-აგვისტო გვიჩვენებს.

და კიდევ, დღემდე კონკრეტული არაფერი თქმულა ”დილას” საევროტურნირო მიზნების შესახებ. განგებ არის ასე თუ არა არავინ უწყის. როდესაც მიზანი არ არის, მცირე წარმატება, უდიდეს მიღწევად ითვლება და ნებისმიერი წარუმატებლობის გამართლებაა შესაძლებელი.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment