Monday, June 11, 2012

ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან (ნაწილი 1) ...

”შენი ჭირიმე, მარადონა!” - ყველაზე ხშირად ამგვარ ეპითეტს გაიგონებდით ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, როცა ზაზა ჯანაშია მორიგ გოლს გაიტანდა, მორიგ მაკრატელას შეასრულებდა ანაც მიუხედავათ დიდი მასისა, გაფრინდებოდა და ჩაწოდებულ ბურთს თავს შეაგებებდა.

ზაზა ჯანაშია და ანდრეი ტიხონოვი

რაღაცნაირად მალანდროს ფსიქოლოგია ჰქონდა - ფეხბურთი უდავოდ სიხარულს ანიჭებდა და უდიდესი კმაყოფილებითაც თამაშობდა, მაგრამ დისციპლინა, რეჟიმი, ვარჯიში, მისთვის მეტისმეტად მძიმედ გადასატანი და შესასრულებელი რამ იყო. არც ასრულებდა, გამუდმებული პრობლემები ჰქონდა და საქართველოში მხოლოდ მურთაზ ხურცილავამ, რუსეთში კი იური სიომინმა შეძლეს მისი რაღაც დონემდე მაინც მოთოკვა. 

განსაკუთრებით ის სათასო დაპირისპირება დაიხსომეს სამტრედიელებმა, შინ 2-0 რომ მოუგეს ”დინამოს”. ის შეხვედრა მართლა იფრინა ჯანაშია, გოლიც გაიტანა, ვერც დაამაგრეს და ტრიბუნაზე ხალხიც გადარია. 

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა კალენდარული მატჩის რეპორტაჟის ცქერის თუ მოსმენის მერე მავანი სამტრედიელი ქორწილში ან სხვა რამ წვეულებაში წასულა და თვალებისთვის არ დაუჯერებია ... ”ჯანო”, რომელიც ორიოდე საათის წინ მინდორზე დაქროდა, იმ წვეულების საპატიო სტუმრად ქცეულიყო და ისე გულიანად ჭამდა და სვამდა, დანაყრებულსაც მადაზე მოგიყვანდა. სხვათაშორის სამტრედიაში ზაზა ნამდვილად კომფორტულად გრძნობდა თავს - ამის დასტურად თუნდაც ის გამოდგება, რომ პირველი ოჯახი სწორედ სამტრედიაში შექმნა და ამით მთლად ღვიძლად ექცა ამ პატარა ქალაქის მაცხოვრებლებს. მოგვიანებით მოსკოვმა და იქაურმა სიტუაციამ თავისი დამართა მას და სამწუხაროდ, ის ოჯახი ვერ შეინარჩუნა. 

”დინამოსთან” დაპირისპირებაში გამარჯვება ხომ მეორედ მოსვლასავით უხაროდათ სამტრედიელებს, მათში განსაკუთრებულ კმაყოფილებას მოარული ხმები იწვევდა და სხვებზე მეტად პოპულარული კი ერთი ამბავი იყო, თბილისში, გასვლაზე 2-1 გამარჯვებას რომ მოჰყვა ....

ამ ამბის თანახმად, დამარცხებულმა დინამოელებმა გასახდელში დიდი დაკა-დაკა გააჩაღეს - მარცხში მთავარ დამნაშავედ მურთაზ შელია მიიჩნიეს და მანაც, რაკიღა ჯანი ხელს უწყობდა, ნახევარი გუნდი გალახაო ... 

განსაკუთრებით დრამატული ეპილოგი იყო - შელიამ მაგიდას ხელი დაავლო, ასწია და გასახდელის კუთხეში მიყრილ, ნაცემ თანაგუნდელებს ესროლაო ... 

ამ ამბავს იმიტომ ვიხსენებ, იმ ხანად ყველაზე პოპულარული იყო იმერეთში, თორემ მართალი გითხრათ, არც თავი ვიცი, არც ბოლო და არც ის, თუ ვინ მოყვა პირველად - სამაგიეროდ, საბოლოოდ გაეცა პასუხი ”ღიმილის ბიჭებში” დასმულ კითხვას: ერთი ტანკი ჯობია, თუ ორი ... 

პასუხი ცალსახაა: ტანკები არა, შელია ჯობია! 

მოგვიანებით, როცა ”სარბიელის” ჟურნალისტი გავხდი, საქმემ და საჭიროებამ ბევრჯერ შემახვედრა ზაზა ჯანაშიას. მაგრამ განსაკუთრებით ერთი შეხვედრა დამამახსოვრდა. ოჯახური მდგომარეობის გამო შვებულებაში გასული, ყველაზე ნაკლებად სამსახურიდან  ზარს ველოდი - კობა ინასარიძე მელაპარაკა და რედაქციაში მისვლა მთხოვა. მივედი. დავალება მარტივი და გასაგები იყო, როგორმე ზაზა უნდა დაგვეთანხმებინა ინტერვიუზე. 

ჩიტი ღირდა ბრდღვნად - ერთი რომ, ნაკრებს მყვირალა ჰოლანდიელის, იოჰან ბოსკამპის პერიოდი ედგა და ზაზა ჯანაშია კი სწორედ წინ დღის მოკვეთილი იყო გუნდიდან. ბოსკამპს მისი ვარჯიშთან დამოკიდებულება არ მოეწონა, ადრინდელი ცუღლუტობებიც დაუგროვდა და ისეთი იყვირა, დიღმის ბაზასთან ახლომდებარე ხეებზე მსხდარი ფრინველები ნაადრევად გადაფრინდნენ თბილ ქვეყნებში. 

რა შუაში ვიყავი? საქმე ის იყო, რომ მასმედიასთან ისედაც სიტყვაძუნწი ჯანაშია ერთხელაც შემოგვწყრა ჟურნალისტებს და ყოველგვარ ინტერვიუზე უარი განაცხადა. არ გაჭრა არც თხოვნამ, არც შუამავლობამ, არც მამუკა კვანტალიანის ”მეგრულმა ზარმა”. ბოლოს მოუფიქრებიათ, გოგიშვილი მაგის ცოლისძმასთან ახლობლობს და ეგება რამე შეძლოსო ... 

ზემოთ ზაზას პირველი, სამტრედიული ოჯახი ვახსენე. მის ცოლისძმასთან მართლა ახლობლური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ბეგუნას (როგორც მას ვეძახდით) სახელი არასოდეს გამომიყენებია მანამდე. 

რაკი მდგომარეობა ასე დამძიმდა, ამასაც ვცდიდი - რა თქმა უნდა. რაც შეეხება ინტერვიუს გარეშე დიღმის ბაზიდან წამოსვლას, გამორიცხული იყო - ზაზა ჯანაშია ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად ვაღიარეთ. ეროვნულ ჩემპიონატში რატი ალექსიძე გახდა საუკეთესო მაშინ. როგორმე სანაკრებო შეკრების დასრულებამდე უნდა შეგვება ეჟვანი ჯანაშიასათვის, თორემ მერე გედია ქარისთვის მინდორში ... ბოსკამპი მისი გამომძახებელი არ იყო, ჯანაშიას ბოდიშის მომხდელი და ისედაც რა ხალისით მოიჩქაროდა სანაკრებო თავყრილობებზე, გეხსომებათ: ”ლოკომოტივიდან” მისი ავადმყოფობის ცნობები ლამის ყოველი სანაკრებო შეკრების წინ მოდიოდა. 

როგორც ახლა ვფიქრობ, სწორი სვლა გამოვიდა. არავითარი ახლობლობა არ დამჭირვებია და არც ”სამტრედია, სამტრედია მუდამ მზიანო” მიმღერია ...

პირდაპირ, გამარჯობის თქმისთანავე ვაჯახე - შენ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდი და რომ არ ვილაპარაკოთ, მართლა მაგარი უხერხული იქნება-მეთქი ... 

სიხარული ვერ დამალა, რის უარი, რის ყოყმანი. დიღმის ბაზის ჰოლში დავსხედით და ...

ორგვედიანი ინტერვიუ გამოვიდა - სათაურში სიტყვა ”გენერალი” გამოვიყენე, იმხანად ასე ეძახდნენ რუსები. 

სიტყვამ სათაური მოიტანა და მამუკა კვანტალიანის რატი ალექსიძესთან (როგორც ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშესთან) ნასაუბრების დასახელება უფრო დამამახსოვრდა. არც არასოდეს დამავიწყდება - ძალიან მაგარი, ინგლისური პრესისათვის დამახასიათებელი ორაზროვანი მიგნება იყო და იმიტომ ... 

იმ ინტერვიუს ”ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია” ერქვა და მე პირადად ასე აღვიქვამ: ერთი რომ ფეხბურთელის ცხოვრებას ფეხბურთელის ფეხები განსაზღვრავენ და მეორეც - კაცმა ”ჩელსიში” დაიწყო და სად დაამთავრა ... 

ათიანში მოარტყა მაშინ მამუკამ. 

სხვათა შორის, ჯანაშიასთან საუბრის დროს, იოჰან ბოსკამპი ჰოლში შემოვიდა, გადმოგვხედა, მისებურად გაიცინა, მე თვალი ჩამიკრა, ზაზას კი ენა გამოუყო ... 

იოჰან ბოსკამპი 
”ა ... უყურე ახლა ამას. ხომ გეუბნები, ეს მთლად ნორმალური არ არის. გიჟი მეგონა ჩემი თავი და ეს ჩემზე გადარეულია ვიღაცაა!” - ეს სიტყვები მსუბუქი მეგრული ინტონაციით წაიკითხეთ, ზედ ზაზას ალალად გაკვირვებული სახე დაურთეთ და სიტუაციის მთელ ტრაგიკომიკურობას იოლად აღიქვამთ. 

სიტუაცია კი ტრაგიკომიკური ნამდვილად იყო - ერთი რომ ბოსკამპი მართლა სასაცილოდ იჭყანებოდა და მეორეც - ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ნაკრებიდან მოკვეთეს. 

სხვათა შორის, ამ ამბის გახსენებისას, არ შეიძლება გია ნემსაძისა და საქართველოს ნაკრების სხვა წამყვანი ფეხბურთელების დამსახურების, უბრალოდ კარგი საქციელის დავიწყება. ბიჭები მწვრთნელთან შევიდნენ და ჯანაშიასთვის პატიება სთხოვეს, მაგრამ ბოსკამპი ბოლომდე შეუვალი გამოდგა. 

კონსტანტინე გოგიშვილი 
   

No comments:

Post a Comment