Thursday, June 28, 2012

”გორდადან” ”მეტალურგამდე” - ხვალემ იფიქროს ხვალისა

ის უცნაური კლუბია, თავისი ახლო წარსულითა და მომავლით. ეს ის კლუბია, რომელიც პროფესიონალიზმთან მწყრალად არის. არადა იყო დრო, რომ საქართველოს ნაკრებს კარგ კადრებს უზრდიდა. ეს არის კლუბი, რომელსაც განვითარების სტრატეგია არ გააჩნია და რაღაცით ოკეანეში მყოფ უკომპასო გემს ჩამოჰგავს. უახლოსმა წარსულმა და უპასუხისმგებლო მფლობელმაც თავისი დაღი დაასვა, კლუბი რამდენჯერმე გადანათლეს ჯერ იყო და ნაღდი ქართული ძარღვიანი სახელი ”გორდა”  ”ოლიმპით” მერე კი ”მეტალურგით” შეუცვალეს. 

”მეტალურგი” დღევანდელი დღით - ”ხვალემ იფიქროს ხვალისა” პრინციპით ცხოვრობს. ამის დასტურად 2009 წელს ”ატლეტიკო პარანაენსესთან” პომპეზურად გაფორმებული ხელშეკრულებაც იკმარებს. ამ დოკუმენტის გაფორმებას, კოპაკაბანის პლაჟზე კლუბის ხელმძღავენელობის და მყვარებლების მთელი კოჰორტის განავარდება უძღოდა წინ. ბრაზილიეთა საპასუხო ვიზიტისა და სასტუმრო ”მეტეხში” თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალზე ისიც ითქვა, რომ ამით ”ოლიმპის” ცხოვრებაში ახალი ერა იწყებოდა.

თუმცა ის დიადი ხანა, ოდენ ალექს ფრაგასა და აკინოს რუსთავში ჩამოყვანით დასრულდა და შემდეგ აღარავის გახსენებია. თანამშრომლობის ხელშეკრულებამ კი კლუბის ოფისიში, ერთ-ერთ მტვრიან საქაღლდეში ჰპოვა უკანასკნელი განსასვენებელი.  

რუსთავის ”მეტალურგის” ფეხბურთელები
გაზეთ ”ლელოს” არქივიდან
რუსთავის ”მეტალურგი” - ეს არის კლუბი, რომლის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თბილისის ”დინამოში” დანიშვნისას ჟურნალისტების წინ კეკლუცად განაცხადა, მართალია ერთი წელი ”მეტალურგში” გავატარე, მაგრამ ჩემი გული ”დინამოს” ეკუთვნოდაო. როდესაც კლუბის დირექტორი დღენიადაგ სხვა გუნდში მოხვედრაზე ფიქრობს, ფეხბურთელს კლუბის ერთგულებას ვერ მოსთხოვ. 

”მეტალურგი” ის კლუბია, რომელიც ჩემპიონატში მუდამ ევროპაში გასასვლელი ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის, იქ გასული კი გაძლიერების ნაცვლად, გუნდიდან წამყვან ფეხბურთელებს უშვებს. ალბათ ამიტომაც არის რომ ევროთასებზე გასულს ყაზახეთის ”ირტიშის” მსგავს გუნდებთან უჭირს, ”აქტობეს” მსგავსებს კი ეჩაგვრინება. 

დარდიმანდობა და მედღეხვალიობა კიდევ ერთი რამიდანაც კარგად ჩანს - ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ”მეტალურგის” ხელმძღვანელობამ გუნდის მშობლიური არენა ორჯერ შეარემონტა. 2009 წელს ხარჯების შემცირების მიზნით სულაც მინდვრის საფარი აყარეს და ხელოვნური ხალიჩა დააგეს, მაგრამ სამი წლის შემდეგ რუსთავში ჩასულმა უეფას დელეგაციამ გუნდს ”ფოლადზე” უეფას ეგიდით ჩასატარებელი თამაშების გამართვის ნება არ დართო - მოედანი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებსო.

”მეტალურგის” მენეჯმენტის ბედოვლათობაზე, ისიც მეტყველებს, რომ წელიწადზე მეტია, საფეხბურთო კლუბის ინტერნეტ გვერდი www.fcml.ge ერთგულ გულშემატკივარს მხოლოდ იმას აუწყებს, რომ საიტის რეორგანიზაცია მიმდინარეობს. 

დარდიმადი ”მეტალურგი” წელს ევროთასებზე გამოსვლას ალბანური ”ტუეტათი” იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ჩეხურ ”პლზენს” შეხვდება. ”პლზენზე” ფიქრი ჯერ ადრეა. ჯერ ალბანური დაბრკოლებაა გადასალახი და მაგასაც რომ თავი დავანებოთ ”მეტალურგში” დღევანდელი დღით ცხოვრობენ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

P.S. საფეხბურთო ბლოგ ”დოქსოპულოს” გააჩნია მისამართი ”facebook”-ის გვერდზე www.facebook.com/GEOFOOT - ბლოგის ერთგულ მკითხველს შეუძლია მოიწონოს აღნიშნული გვერდი და ის ოპერატიულად მიიღებს შეტყობინებას ბლოგზე ახალი სტატიების განთავსების შესახებ.

No comments:

Post a Comment