იგი ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია და არა მხოლოდ ჩემი. იყო დრო, როდესაც მისი თამაშის სანახავად დავდიოდით საქართველოს ჩემპიონატზე. გაზეთებზე და ვებ-გვერდებზე ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სიის გამოჩენისას პირველი ნახევარმცველების გრაფას ვუყურებდი და მის გვარს ვეძებდი.
ლევან ყენია წყარო: სპორტული გაზეთი ”ლელო” |
ამას თავი დავანებოთ, ის აქ, ჩემს ქუჩაზე გაიზარდა და ჯერ კიდევ ბავშობიდან ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვიცოდი მისი ოჯახის, ახლობლების, მეგობრების შესახებ.
უბრალო, თავმდაბალი, ჩუმი და მშვიდი. გამორჩეული ტექნიკითა და ბიძამისის მიერ გერმანიიდან ჩამოტანილი ნაკრების მაისურით სულ პატარა დასდევდა ბურთს. ”ბაიერნში” მოხვედრაზე ოცნებობდა. ფეხბურთი იყო და არის კიდევაც მისთვის ყველაფერი. მშობლები და ფეხბურთი, ეს ორი საფიცარი ჰქონდა ოჯახის შექმნამდე. სწორედ ფეხბურთის გამო იყო, რომ სკოლას თავი დაანება, მერე კი იმ დიდ აღმართს დაადგა ვარსკვლავობა რომ ჰქვია. თავში არასოდეს არაფერი ავარდნია. მეგობრებისთვისაც ისევ ის ყენო დარჩა. ნანატრმა გერმანიამაც ვერაფერი დააკლო.
ახალი წლის მომლოდინე, თოვლიან თბილისში, არჩევნების დასაკვირვებლად ჩამოსული ჩემი გერმანელი მეგობარი შინ მოვიპატიჟე. გზად შევჩერდით და ყენიას სახლის ფანჯრები ვაჩვენე. ახლაც მახსოვს მისი გაოცებული თვალები - აქ ცხოვრობს ”შალკეს” ტალანტი?! ყბაჩამოვარდნილმა მკითხა. მერე ისიც რომ დავუმატე, რომ იქვე ეზოში მოწყობილ სტადიონზეც ხშირად აგორებდა ბურთს ბუნდესლიგის მომავალი ვარსკვლავი ლამის წნევა დაუვარდა.
ფეხბურთის მოყვარული ჩემი გერმანელი მეგობარი ყენიას უბრალოებამ მოხიბლა და მის გულშემატკივრად იქცა. ტელეფონში დღესაც ვინახავ 2008 წლის 2 ოქტომბრით დათარიღებულ მისგან გამოგზავნილ SMS-ს "Levan Kenia just got on the pitch for his first Uefa cup match. Fred".
მერე იყო ხანგრძლივი ტრავმის გამო დაკარგული ორწელიწადნახევარი. დრო ფიქრისათვის და სასწორზე დადებული კარიერა, ფიქრი იმაზეც, რომ ყველაფრისთვის ხაზი გადაესვა ... მაგრამ არ გატყდა. ამ პატარა ბიჭმა ისეთ გამოცდას გაუძლო, ბარე ორი დიდი ფეხბურთელი რომ ვერ აბარებს და დაბრუნდა.
ვისგან, ვისგან და ლევან ყენიასგან ცოტა უცნაური იყო გუშინდელი ამბავი. გულგატეხილია ყენო - ქეცბაიამ ნაკრებში გამომიძახა და არ მათამაშაო. ვიცი რომ ძნელია, როდესაც მოვლენ და გეტყვიან, რომ არ უნდა ითამაშო. მე ვიცი ეს რაც არის, პატარა რომ ვიყავი, სწორედ ამ სიტყვებისა და უფულობის გამო დავანებე თავი ფეხბურთს და ახლაც მახსოვს ის დღე, ის სიტყვები და ის მწვრთნელი, რომ მითხრა დღეს შენ არ ითამაშებო. ჰოდა ცხელ გულზე მეც ლევანივით მოვიქეცი - ავდექი და წამოვედი, მაგრამ იქ მასშტაბი იყო სხვა. მე ყენიას ნიჭის მემილიარდედიც არ მქონდა. არც ქეცბაია იყო ჩემი მწვრთნელი და რაც მთავარია, იმ გუნდს ”ნორჩი დინამოელის” დუბლების დუბლები ერქვა და არა საქართველოს ნაკრები.
ყენიას ნათქვამი მე მაინც სუსტი არგუმენტი მგონია. ის რომ ”ლაციოს”, ”ბაზელის”, ბუნდესლიგის ან თურქული გუნდების სკაუტები მის ბედს 20 წუთში გადაწყვეტდნენ და ეს იქნებოდა მისი ამ გუნდებში გადასვლის თუნდაც მცირე წინაპირობა ნაკლებ დასაჯერებელია. ”ლაციოს” დარი გრანდები ფეხბურთელს მინიმუმ ნახევარი სეზონი აკვირდებიან, მასზე ყველაფერს იგებენ, მისი ხასიათიდან დაწყებული საყვარელი კერძებით დასრულებული და მხოლოდ ამის მერე ხდება გადაწყვეტილების მიღება. არც ის მგონია ძლიერი არგუმენტი, რომ ქეცბაიამ ის სულ სხვა გუნდში გადასვლის გამო დამალა, იმ გუნდში სადაც მისი ნაცნობ-მეგობრები არიან. არნემის ”ვიტესზეა” საუბარი. შუბის და ხალთის არ იყოს, ვერც ნიჭს დამალავ კაცი და ”ლაციოს” სკაუტებმა თუ ყენიას ნიჭის ნახვა ზალცბურგში ვერ შეძლეს, ინტერესის შემთხვევაში, შეუძლიათ რომში მიიწვიონ და იქ დააკვირდნენ.
ერთიცაა, ნაკრები არ არის გამოფენა-გაყიდვის ადგილი. ყოველ შემთხვევაში არ უნდა იყოს არავისთვის, იქნება ეს ლევან ყენია თუ გიალო ჩხაიძე. ნაკრებში თამაში იმად მინდოდა, რომ ”ლაციოს” სკაუტები დამკვირვებოდნენო. არა, ვერა, არ გამოვა - არ ააქვს მნიშვნელობა ამხანაგურია თუ ძმაკაცური თამაში. იქ შენ შენი ქვეყნის ინტერესს იცავ, შენს უკან შენი გულშემატკივარია, რომელსაც ყველაზე მეტად ენატრება გამარჯვება და მოედანზე საომრად უნდა გახვიდე და არა ”ლაციოს” სკაუტების თავის მოსაწონებლად.
ქეცბაია რა ხვითოცაა და დიპლომატიურობისგან რომ შორს დგას ეს საყოველთაოდაა ცნობილი. მასაც გაუკეთებია მსგავსები და ყენიას ულტიმატუმი არ უნდა გაუკვირდეს. ყენია ზრდასრული ადამიანია და თუ მართლაც უთხრა მწვრთნელმა, რომ ჯანმრთელ ბიჭს ფეხი სტკიოდა, მას შეეძლო იქ და ყველას გასაგონად ეთქვა, რომ კარგად არის. მაშინ ბურთი ქეცბაიას მოედანზე იქნებოდა. ახლა კი რაღაცით ბრძოლის მერე მუშტების ქნევას ჰგავს ეს ყოველივე.
უცნაურობაა ისიც, რომ ყენომ რომელიც ფეხებს არასოდეს და არაფერში ზოგავდა, ახალგაზრდულ ნაკრებში წასვლაც იუარა. სადღაც ცინიკურად გამოუვიდა - ”ფეხის ტკივილის დიაგნოზი თუ დამისვეს, აბა ახალგაზრდულში რაღა მინდაო?”. მე კი მგონია, რომ აქაც შეცდა ლევანი. ვიცი, პოსტ-ფაქტუმ მშვიდად საუბარი ადვილია, მაგრამ ლევანს მარტივად შეეძლო ქეცბაიასთან ეს დაპირისპირება ახალგაზრდულ ნაკრებში გადაეტანა. გასულიყო მოედანზე, მოწინააღმდეგეები ეთრია, პრესა აელაპარაკებინა და მაშინ უკვე ქეცბაიას მიადგებოდა ჩრდილი, ასეთ ფორმაში თუკი იყო, თურქეთთან რატომ არ ათამაშეო.
მე მგონი, ყენია ამ შემთხვევაში, მის ირგვლივმყოფთ დაუჯერა. დაუჯერა პირდაპირ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, იქ ცხელმა გულმაც თავის ჰქნა და ...
ამ ამბავს მოგებული არ ჰყავს. აქ ყველამ წავაგეთ: ქეცბაიამაც, ყენიამაც, ლევანის მამამაც, ჟორა კიკნაძემაც და ჩვენც რიგითმა გულშემატკივარმა, რომელიც ასე ველოდით მის დაბრუნებას.
ისეთი პირი უჩანს, ლევანის გარეშე, ალბათ კიდევ დიდხანს იქნება მოსაწ-ყენი!
ქეცბაიას საჯილდაო ქვა კი - ყენიაა. მან უნდა შეძლოს და ყველას დაგვანახოს, რომ შეუძლია პირადი წყენა გვერდზე გადადოს, საკუთარი კარიერიდან მსგავსი შეცდომები გაიხსენოს, ყენოს ტყავი მოირგოს და ყველას აჩვენოს, რომ შესწევს მოლაპარაკების და პრობლემების მოგვარების უნარი.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment