Friday, June 1, 2012

დროს შეჭიდებული დუშან უჰრინები


დუშან უჰრინი უფროსი
დუშან უჰრინი უმცროსი
გიხაროდენ, გადაწყდა, ჰურაა!!! - როგორც იქნა, თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი გამოუჩნდა. გაჭირვებით, მაგრამ მაინც გადაწყდა, რომ თბილისი ”დინამოს” მომავალი სეზონიდან ჩეხური დუეტი უხელმძღვანელებს. დაპირებული გერმანელი მთლად ვერა, მაგრამ გერმანელის მეზობელი ჩეხები კი მართლა ჩამოვლენ. მამა-შვილი დუშანები და უჰრინები. გამოდის, ჩინელების ფრთიანი ფრაზა ერთ მდინარეში ორჯერ შესვლის შესახებ მამა უჰრინზე არ ვრცელდება. ალბათ არც წლები, თორემ აბა როგორია 70 წელს მიტანებული კაცი აიბარგო და ისევ საქართველოში წამოხვიდე; თან ისეთი საქმე ითავო, რაც მთავარ მწვრთნელობაზე მეტ ენერგიას მოითხოვს. ჩვენში მაგ ხნის ხალხს რომ ვუყურებ, სამსახური კი არა, კარგ შემთხვევაში შვილიშვილებს ასეირნებენ ან ”ბესედკაში” დომინოს რახუნში ატარებენ დროს. ჩეხეთში კი დუშან უფროსის კბილა კარელ ბრუკნერს ფეხბურთის ასოციაციაში პრეზიდენტის მრჩევლის ნაკლებ აქტიური და საპატიო პოსტი უჭირავს. 

მამის ამბები ვიცით, ვიცით რომ 1996 წელს ძალიან მაგარი ჩეხეთის ნაკრები ჩამოაყალიბა და ლამის გერმანიაც დაჩაგრა. აი მერე კი პურისჭამა აერია და ვერც ერთ გუნდში ვერ მიაღწია წარმატებას. უფრო სამხრეთის ქვეყნებს დაეძალა და ბევრი ვერაფერი. ამ ხუთი წლის წინათ აქაც გვყავდა. ”დინამოც” ბოლოს მან გვიჩემპიონა, მაგრამ ევროპაში ისეთი დაგვმართა ... ვენის ”რაპიდს” სულაც არ შევეცოდეთ და 0-8 გადაგვიარა. კიდევ ის ვიცით, რომ სიწყნარე უყვარს, ცოტა ალკოჰოლზეც არ არის უარზე და გულკეთილიცაა, ბოლო თვის ხელფასად აღებული 8000 ევრო სულ დიღმის ბაზაზე დატოვა, მერე პენსიაში გავიდა და ... საფეხბურთო ეშმაკებმა მაინც არ მოასვენეს, ჯერ სლოვაკეთში ამოყვინთა და ახლა პრაღა-თბილისის ბილეთი უჭირავს ხელში.  

მგონია, მამა დუშანი ”რუხი კარდინალი” იქნება. ადრეც ასე იყო. ”მარსელის” დამმარცხებელ შვილ უჰრინზე რომ ჰკითხეს, არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა - თამაშის წინ ტელეფონზე დიდხანს ვისაუბრეთ და ”მარსელის” თამაშები დეტალურად გავურჩიეო. უმცროსი დუშანი ალბათ საქართველოშიც ბევრს მოუსმენს მამას. მით უმეტეს, მამამ ”მარსელზე” მეტად აქაურობა უფრო იცის. შვილზე კიდევ ის ვიცით, რომ რუმინეთში კარგი რეპუტაცია ჰქონდა, შემტევი ფეხბურთი უყვარს და წესიერი კაცია.  ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი კი გვაქვს, მაგრამ უმცროს უჰრინს ერთდროულად ბევრ რამესთან მოუწევს გამკლავება. ალბათ იცის, რომ მისმა წინამორბედებმა მეტნაკლებად სამი-ოთხი თვე დაჰყვეს დაკავებულ თანამდებობაზე. დინამოს ბაზის და სტადიონის გაკოხტავება სულაც არ ნიშნავს კლუბის მენეჯმენტში დალაგებულ სიტუაციას. იცის, რომ ფიფია ცოტათი ექსცენტრული, ეგოისტური და საკუთარ თავში ზედმეტად დარწმუნებული კაცია, კაცი, რომელიც ეჭქვეშ აყენებს ყველას და ყველაფერს, ასჯერ ჭრის და ერთხელ ზომავს, დღემდე ამაყობს იმით, რომ სარატოვის ”სოკოლი” მარტომ შექმნა და სჯერა, რომ ”დინამოშიც” მოახერხებს ამას. ”დინამო” ფაქტობრივად თავიდან არის ასაწყობი, დაცვა დაიშალა, მეკარე მიდის, ნახევარდაცვაში ურევენ, თავდასხმა მოედანზე კი არა, ქაღალდზეც არ არსებობს. სპორტული დირექტორი მოდის და ვეღარ მოვიდა. 

და კიდევ, დუშან უმცროსს დროსთან მოუწევს შეჯიბრი. ”დინამოს” მეორე წარუმატებელ  წელს არავინ აპატიებს. წელი კი არა, ალბათ პირველი სეზონის ჩაგდების შემთხვევაშიც გაუშვებენ. 

ფიფია კი შეცდომებზე სწავლობს. გარსიას ვადაზე ადრე გაშვების გამო ერთი წელი არაფერში უხდის ფულს და დუშანთანაც რომ იგივე არ განმეორდეს, მასთან ერთწლიანი კონტრაქტი დაიდება. 

დუშან უჰრინ უმცროსს არავინ არაფერს უწუნებს, მაგრამ მოფერიანებულ, მომძლავრებულ და მოფულიანებულ დინამოს უკეთესი მწვრთნელი არ აწყენდა, თუმცა, როგორც ჩანს, ფიფიას მხოლოდ რუსეთში აქვს საფეხბურთო კონტაქტები, იქ პროკურატურა ეძებს, ევროპაში სხვისი დახმარებით უნდა გავიდეს და იმ სხვამ კი უჰრინების მეტი ვერავინ მოიძია.    

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

No comments:

Post a Comment