Sunday, April 29, 2012

ძუძუმწოვრებზე ...


თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, დავით მუჯირი უფროსი და ნოდარ ხიზანიშვილი

”ბაიერნი” და ბეკენბაუერი, რუმენიგე, ჰიონესი, რიგში კანი და ეფენბერგი უნდა იყვნენ ... ”ბაიერი” და რუდი ფიოლერი ... 

”აიაქსი” და კრუიფი - ამას გარდა, ლამის ყველა ”კიტი”, ვისაც ამ დიდი კლუბის მაისურა მოურგია, გუნდის სამსახურში ჰყავდათ ... 

”მანჩესტერ იუნაიტედი” და სერ ბობი ჩარლტონი ... 

ყველგან ასეა, ყველგან სამ დროში ცხოვრობენ: რადგან დღევანდელობა, გუშინდელისა და ხვალინდელის გარეშე არ არსებობს. 

როგორ გაზრდი ფეხბურთელს, თუ ავტორიტეტი არ დაანახე. 

მაგრამ ავტორიტეტს გუნდრუკის კმევაც უნდა, გალეგენდება. ადვილია ეს - თუკი მოწიწება გაქვს, არაფერი პოზა და როლი არ ჭირდება ამ საქმეს. ყველა დაინახავს ამ მოწიწებას და თუკი მარტო შენი თავი და საძმაკაცო გიყვარს ფეხბურთში ... ამასაც ადვილად დაინახავს ყველა და შეგრჩება და შეგრჩება კიდეც შენი და საძმაკაცოს ფეხბურთი - როცა ტრიბუნებზე ფეხბურთელების მხოლოდ ოჯახის წევრები და ოჯახისავე მეგობრები სხედან. 

როგორც ფილმშია - ”თავმჯდომარე ამბროსი, ფერმის გამგე ლავროსი, ბიბლიოთეკარი ბაქოსი ...” - სავლეს რომ უყვარდა, იმ ხალხზე გეუბნებით. 

სადაა შველა? ვიღაცა უნდა გაალეგენდურო - ხალხს ავტორიტეტები უყვარს. ფეხბურთზე, თეატრში, კინოში ვარსკვლავებისთვის დადის, ხალხს ბალაგანზე ერთხელ მიიტყუებ, მეორედ, მესამედ, მაგრამ მერე მორჩა.   

ალან შირერი ინგლისური ფეხბურთის მომავალ თაობასთან ერთად 
ვინ უნდა გაალეგენდურო? ყველა, ამათ გარდა - რადგან ბუდღუზონიელებთან მოთამაშე, წამგები ან მომგები ფეხბურთელებისაგან ლეგენდას და ავტორიტეტს ვერ გამოძერწავ. ეგეთები ვედრო შაურია შინაც და გარეთაც. 

უნდა გაალეგენდურო ის ხალხი, ვინც იყო კიდეც ლეგენდა და ნორმალურ სისტემაში რომ ეცხოვრა, არც არავინ მიივიწყებდა ეგრე. 

იმ ხალხს უნდა დაუბრუნო სტატუსი, ვისაც ”რეალი” ან სხვა გუნდი ჩეკს სთავაზობდა - თანხა თვითონ ჩაწერე და გადმოდიო ... ვისაც დღემდე არ ივიწყებს ფიფა-უეფა და ზოგს ორდენს, ზოგს მისალოცს უგზავნის. რადგან: ფეხბურთი ხომ ისტორიაცაა...

ტყუილად გვგონია, რომ ამ ხალხზე მეტად გვესმის ფეხბურთი. ან დრომ ისეთი რაღაცები მოიტანა, მარტო ჩვენ ავუღეთ ალღო და ეგენი კი ჩამორჩნენ. 
გამოდის, მთელი ჩვენი უპირატესობა გვიან დაბადება ყოფილა და პირადად მე ასეთი ”უპირატესობოსათვის” ნამდვილად არ მემეტება ჩემი თავი. 

ეგრე რომ ბობი ჩარლტონსაც შეიძლება უთხრას უესლი ბრაუნმა, მე უფრო მაგარ ”მანჩესტერში” ვთამაშობ, ფეხბურთიც სხვაა ახლაო ...  

არ გამოვა, გასაკეთებელი და მისახედია ეს საქმე - ხურცილავას, ჩივაძის, დათუნაშვილის, მაჩაიძის, გუცაევის და სხვა დიდი ჩვენებურების ნაკეთები იმიჯი ჯობია ჭიპი ჭიპუნტარიძეებისა და კვაჭი კვაჭანტირაძეების ნახლაფორთებს. იმუშაოს ამ ხალხმა კლუბებში, სტადიონებზე, ბაზებზე, ფედერაციაში მენეჯერებად და პრეზიდენტებად კი არა - ჩივაძედ, ხურცილავად, მაჩაიძედ, დათუნაშვილად, გუცაევად - ისე, როგორც ფიოლერი მუშაობს ფიოლერად და ჩარლტონი ჩარლტონად ... მეტი შესაძლებლობები გამოაჩნდებათ? მაგალითების მეტი რა არის - აგერ ზემოთ ნახსენები ”ბაიერნის” შტაბი. 

ბასტიან შვაინშტაიგერი და ფრანც ბეკენბაუერი
არ დაუჯდება ეს ხალხი ძვირი ქართულ კლუბებს - ყოველ შემთხვევაში, ერთი ახლანდელი ”ვარსკვლავის” ნახევარი წლის შემოსავალი ნამდვილად ეყოფა ყველა მათგანის ქართულ ფეხბურთში ”სავიზიტო ბარათებად” დასაქმებას. შედეგად კი ქართულ ფეხბურთს სოლიდური სახე მიეცემა - იმათ თვალში მაინც, ვისაც დღემდე ახსოვს, ვინ ვინ იყო და შესაბამისად, ვინ ვინ არის ჩვენში ... 

მთავარია, სისტემა შეიქმნას - ისეთი, რომელიც ლეგენდას, ცნობილ ადამიანს კომპრომისებისა და შეცდომების დაშვებას არ აიძულებს, თორემ ცუდ სისტემაში კაცის წარსულის გაარაფრებას რა უნდა. 

ახალი თაობის გამოწვევაც ეგაა - სისტემა უნდა ”გაქაჩო”. 

ძნელია? ადვილი ბიუჯეტის ძუძუს წოვა და ჩარტერულ რეისებში სახელმწიფოს ხარჯზე ჯდომაა - ძუძუმწოვარა იხვნისკარტაც კია, მაგრამ მისგან რა ხეირია რო... 

თედო რიჩი 

Thursday, April 26, 2012

DIN-001-დან რუსთავის ”მეტალურგამდე”

ბუბა ტყავაძე 
ჩვენს საფეხბურთო მილეთში მასზე მოსაზრები რადიკალურად იყოფა. ძალიან, ძალიან ბევრისთვის ის საშინელებასთან, ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის დანგრეულ კარიერასთან, სიძუნწესთან, მეგობრობის არცოდნასთან ასოცირდება. ძალიან პატარა ჯგუფისთვის ის იმ ადამიანად რჩება, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელს გვერდით დაუდგეს და ბოლომდე უერთგულოს. ზოგადად ჩაკეტილი ადამიანია, უცხოთათვის ნაკლებად  რომ იხსნებიან, ისეთი. მედიასთან გახსნაზე აღარაფერს ვამბობ.   

ახლა ქართულ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ რომ შევავლე თვალი, ვერავინ მომხვდა ისეთი, რომელზედაც ვიტყოდი ტიპური საკლუბო ფეხბურთის ჩინოვნიკია-მეთქი. არა, პრეზიდენტს და იმ ხალხს არ ვგულისხმობ, ვინც ფულს იხდის და მუსიკას უკვეთავს, უფრო ისეთ ადამიანს ვეძებდი, მუსიკის შესრულებას რომ უზრუნველყოფს. კლუბში მაგ პოზიციას მმართველი დირექტორი ჰქვია. ზემოთნახსენებ ადამიანს კი გიორგი, იგივე ბუბა ტყავაძე, რომელიც ახლა რუსთავის ”მეტალურგში” მოღვაწეობს. 

ნიკოლო მაკიაველის ნათქვამის პერეფრაზი რომ გავაკეთო, ბუბასთვის საფეხბურთო მოღვაწეობა ეთიკის იდეალური სამყარო კი არ არის, არამედ რეალური, დროისა და სივრცის კონკრეტულ პირობებში არსებული ცოცხალი, დინამური და ერთთავად ცვალებადი სინამდვილე. 

ცოტა შორიდან დავიწყებ. რომ ვთქვა, გამორჩეული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა-მეთქი, არ იქნება მართალი. კოპწია ”მრეტებში” ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე იყო. ქინქლაძესა და ჯამარაულამდე ძალიან ბევრი უკლდა. ვიტყოდი, სადღაც გიორგი დარასელიას (იგივე ძუკუს) დონის, შეიძლება ნაკლებიც. თავიდანვე პრაგმატულობა ახასიათებდა და როდესაც მიხვდა, რომ საქართველოს ნაკრებში ვერაფრით მოხვდებოდა, იმ დროს ქართული საფეხბურთო სამყაროსთვის ყოვლად უცნაურად თურქმენეთის მოქალაქეობა მიიღო და გუჯა გუგუშვილის ხელმძღვანელობით აზიელთა ნაკრებში თამაშს დათანხმდა. უკანდაბრუნებულმა, ბოლნისის ”სიონში” ბურთის გორებით მოიკლა საფეხბურთო წყურვილი და ასე ტაატით დაასრულა აქტიური კარიერა. თუმცა მინი-ფეხბურთს ბრწყინვალედ თამაშობდა. ერთ რამედ ღირდა ”ბენდელაზე” მისი და მამუკა ფანცულაიას დუეტის ხილვა.  

ბადრი პატარკაციშვილის შვილის თანაკლასელობამ პოსტ-საფეხბურთო კარიერის შექმნაში დიდად შეუწყო ხელი. იმ დროს სწორედ აწგანსვენებული ოლიგარქის ოჯახს ეკუთვნოდა ”დინამო” და ლონდონში დასახლებულმა, ფეხბურთში ნაკლებად გარკვეულმა ბადრიმ საფეხბურთო კლუბი მისთვის სანდო პიროვნებას ჩააბარა.


წლების მერე ბევრი იტყვის, რომ ბუბას დროს შეჭირვებული და ოვონო-კობახიძის ტრანსფერიდან შემოსული ფულის მომლოდინე ”დინამო” გაცილებით უკეთეს დღეში იყო, ვიდრე დღეს ნაპატივები გუნდი. 

ბუბამ ”დინამოში” თავიდანვე წესრიგის დამყარება სცადა და ალბათ კლუბის ისტორიაში პირველად,  ხანმოკლე 6-თვიანი კონტრაქტების ტრადიციას წერტილი დაუსვა. დინამოს დიღმის ბაზის ალაყაფის კარიც უცხო პირთათავის დაიხურა. ეგ კი არა, ბაზაზე მისული საშა ჩივაძე და თენგიზ სულაქველიძეც უცერემონიოდ გამოაბრუნა უკან. ფეხბურთელებთან კონტრაქტებიც გადაიხედა. აქცენტი გრძელვადიან ხელშეკრულებებზე გაკეთდა, დაბალი ხელფასით და ფეხბურთელის კლუბში ”დაბმის” სრული გარანტიით. ამ გარანტიას გამართული მექანიზმი უზრუნველყოფდა. ჯამაგირის სეკვესტრისა და ხანგრძლივი კონტრაქტის მოწინააღმდეგენი ჯერ სათადარიგოთა სკამზე, მერე კი დინამოს დიღმის ბაზიდან ”მარაკანას” ან ავჭალის ”სინათლის” კოლბოხებზე ინაცვლებდნენ. ასე დაენგრათ საფეხბურთო კარიერა, ერთ დროს პერსპექტიულ ზვიად სტურუას და რევაზ ქემოკლიძეს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. 

ბუბას ”დინამომ”, მიუხედავად მოკლე საბნისა, მაინც შეძლო რენომეს შენარჩუნება ეროვნულ ჩემპიონატში. თუმცა ევროპაში ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, თუ თბილისში ”ცრვენა ზვეზდას” იპონზე დაგდებას არ ჩავთვლით. 

პრაგმატულობიდან სიძუნწე რომ ერთი ხელის გაწვდენაზეა, ფაქტია და ”დინამოს” მაშინდელ მმართველს ეს უკანასკნელი ზომაზე მეტად ახასიათებს. მის ამ თვისებას მოჰყვა ივო კატუშიჩის კლუბიდან სკანდალური წასვლა, მილოშ კრშკოსთან კონფლიქტი და დანილო ტომიჩისათვის საქართველოს თასის მოგების სანაცვლოდ მისაღები პრემიის არმიცემა. ეგ კი არა, ერთი ხანობა სერიოზული გაუგებრობა ”დინამოს” მაშინდელ კაპიტან გურამ კაშიასთანაც კი ჰქონდა. ახალი წლის საღამოს დიღმის ბაზაზე მისულმა ბუბამ კლუბის მემატიანე, ჯერ კიდევ ფარსადანოვიჩის დროიდან გუნდში მოღვაწე შეზარხოშებული მზარეულიც უცერემონიოდ დაიფრინა. არც მისმა წარსულმა გაჭრა და არც ხვეწნა-მუდარამ - საახალწლოდ მაინც ნუ გამაგდებო ...    

ლეგიონერები, შეიძლება ითქვას, ტყავაძის სუსტი წერტილი იყო. დღემდე გამოცანად რჩება დინამოში ანდრეი ჩერნიშოვის და რაინერ ცობელის ჩამოყვანა. ფეხბურთელებიდან კი მარკო ჩარასის, რომან დობეშის, ხავიერ ანგულოს, მარკო მაროვიჩისდარ ტურისტებზე ”ნ-ტურიც” არ იტყოდა უარს. თქმა არ უნდა, იყო გამონათებებიც (ოვონო, უგრინი). 

მეორე მხრივ, სწორედ ბუბას დროს დაწინაურდნენ გუნდში დინამოს აკადემიის აღზრდილები: მერებაშვილი, ხმალაძე, ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, ვაწაძე, ფირცხალავა. ამ უკანასკნელს ბუბა, რომ იტყვიან, თან გადაჰყვა და მთლიანად დაფარა მენისკის ოპერაციებთან და ოპერაციის შემდგომ გართულებებთან დაკავშირებული ხარჯები.    

კიდევ ერთში შტრიხი. არა მხოლოდ ბუბა, ზოგადად ტყავაძეების ოჯახი მსაჯებს მუდამ დაბალ ღობედ თვლიდა. ამიტომ სულაც არ გამკვირვებია სულ ახლახანს მსაჯ გიორგი ვადაჭკორიას შეურაცხყოფის გამო 600 ლარით რომ დასაჯეს. ”დინამოური” წარსულიდან ხინჯად მისი ძმისა და მამის საქციელიც დარჩა. რაღაც მანქანებით საპატიო ლოჟაში მოკალათებული ტყავაძეები არც თუ იშვიათად, ყველას გასაგონად, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ მატჩის არბიტრებს.

ფიფიას მისვლის შემდეგ ბუბამ დასარჩენად გაბრძოლება სცადა, მურთაზ შელიასაც შეხვდა, მაგრამ შელომ კლუბში მხოლოდ კარტოფილის გამთლელის ადგილი გაიმეტა ბუბასთვის. ასე დასრულდა ბუბას 6-წლიანი მოღვაწეობა ”დინამოში”...

ბუბა დღესაც რჩება მუსიკის შემსრულებლად. მისი ხელწერა რუსთავშიც უცვლელია. პრაგმატიზმი და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მიღება.   

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
     

Tuesday, April 24, 2012

სირაქლემობა სიცრუისა


გია გეგუჩაძე 

აბა, როდის არ იყო მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ქართველი მწვრთნელების ნონსენსური გამონათქვამები. ერთი ხდება, მეორეს ამბობენ და ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს თითით დასცინიან მსმენელს (მკითხველს). 

მაგალითად ამ მხრივ ძალიან გააქტიურდა და ლიდერად იქცა გია გეგუჩაძე, არადა, ღმერთი-რჯული, ამ კაცს ყოველთვის თვითკრიტიკულ ადამიანად ვიცნობდით. მახსოვს, დიდი ანგარიშითაც მოუგია და მაინც გამოუძებნია რაღაც ნაკლოვანებები თავისი გუნდისთვის, ცაში ფრენაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. 

"მეორე ტაიმში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. არ გაგვიმართლა. რას იზამ". 

”მსაჯობაზე არაფერს ვიტყვი, თავად განსაჯეთ”.

”სიცხე იყო და ინდივიდუალურ თამაშს სჯობდა, გუნდურად გვემოქმედა”. 

იგივე სიტუაცია შეგვხდა ამას წინათ კობა ჟორჟიკაშვილთან დაკავშირებით. წაგებული თამაშის შემდეგ, რომელშიც მის მეტოქეს 7-8 საგოლე მომენტი ჰქონდა, კაცი გამოვიდა და იძახის, უდავო უპირატესობა გვქონდაო. 

კიდევ კარგი, ტელევიზორში იყო ”მეტალურგი” - ”ზესტაფონი”, თორემ რამდენი დაიჯერებდა? მისმა კოლეგა გია ჭიაბრიშვილმა კი ჟორჟიკაშვილის სიტყვები სამართლიანად იწყინა, რომელ უპირატესობაზე ლაპარაკობთ, როცა აქეთ შეგვეძლო რამდენიმე გოლის გატანაო. რაღაც პატარა ბავშვისათვის დამახასიათებელ ჭიჭყინს ჰგავს. თუ არადა, ვთქვათ დაცვაში იჯექი და კონტრშეტევაზე გამოჭერით, ერთი გოლით მოიგე - რატომ ითვლება ეს ცუდ ტონად? დავიჯერო, უკადრებელი საქციელი ”ატ ზაშიტი” თამაში? 

ვის რაში სჭირდება ასეთი უნიჭო ტყუილები? ალბათ, სჭირდებათ. ალბათ, არიან ”ზემოთ”, ხელმძღვანელობაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც დააჯერებენ, რომ იმ დღეს იფრინეს, მაგრამ მთელი მსოფლიოს უხილავი ძალები იმ დღეს მეტოქესთან კართან შეკრებილიყვნენ და ბურთს გარეთ სდევნიდნენ. 

ეს შეიძლება ბევრს დააჯერონ, მაგრამ ვისაც ვერ დააჯერებენ, მათთვის სირაქლემის როლში დარჩებიან. 

აბა, წარმოიდგინეთ, ამ მწვრთნელმა თეორიისას თავის ფეხბურთელებს რომ უსაყვედუროს, ფეხბურთელს უკვე სრული უფლება აქვს, მიაძახოს - ”რა ლექციას მიტარებ. შენ არ ამბობდი, რომ მაგრად ვითამაშეთ?”. 

სიცრუეს მოკლე ფეხები და მოკლევადიანი ნდობა აქვს, თუმცა გააჩნია, სად. საქართველოში ხშირად ჭრის და მწვრთნელებმა ეს რომ იციან, იმიტომაც აბოლებენ სამიზნეს. 

მინი-კაბა დიავარა

Monday, April 23, 2012

საქმეს ყურება კი არა, კეთება უნდა!


სტაჟიან გულშემატკივარს ევგენი ლოვჩევი კარგად უნდა ახსოვდეთ. მოსკოვის ”სპარტაკის” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც მოგვიანებით რუსულ ფუტსალში გაითქვა სახელი - ჯერ ”სპარტაკს”, მერე კი რუსეთის ნაკრებს საკმაოდ წარმატებულად წვრთნიდა.

ევგენი ლოვჩევი 

დღეს ლოვჩევი ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია რუსეთში და საკმაოდ ხშირადაც იწვევენ სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებში. რუსეთში კი ამ მხრივ მართლა შესაშურად რომ არის საქმე, ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს - სხვა არხებს რომ თავი დავანებოთ, მარტო ”ნტვ-ფუტბოლის” მიერ რუსული პრემიერლიგის გაშუქების დონე შეგვიძლია გავიხსენოთ ... 

მოკლედ, ძალიან რომ არ დაგაბნიოთ, თემა, აი საით მიმყავს: ერთ-ერთი მორიგი სტუმრობისას ლოვჩევმა პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესო რამ თქვა. არა, კი ვიცოდი,  რომ ასე იყო სინამდვილეში, მაგრამ უშუალოდ მონაწილისაგან ყველაფრის დეტალურად მოსმენას რომ სხვა გემო და დამაჯერებლობა ახლავს, დამეთანხმებით. 

დღეს რუსულ ფუტსალზე ვერავინ იტყვის დაბალი დონისააო, მაგრამ მაშინ როცა მე იქ დავიწყე მწვრთნელად მუშაობა, ყველაფერი გაცილებით უარესად იყო. მეტიც, სიტყვა ”უარესი” შესაძლოა, კიდევ კარგად არ გამოხატავს, იმ მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, დარბაზში ნაცნობების გარდა, უცხო მაყურებელს თითქმის ვერ ნახავდით. გამოდიოდა, რომ ჩამოგვყავდა ლეგიონერები, რომელთაც ვუხდიდით კარგ ხელფასებს, მაგრამ მათ არავინ უყურებდა. მე კი ამ ბიჭების ნახვა ვარჯიშებზეც შემეძლო და მაშ, რა საჭირო იყო ამ ჩემპიონატის ჩატარება, თუ მას ხალხი არ დაესწრება?” - ალბათ ლოვჩევის ამ მონათხრობში ნაცნობი ვითარების ამოკითხვა არ გაგიჭირდებათ, თუმცა მოდით, გამოსავლის ძიების მოლოდინში, მის მომდევნო ნაუბარს გადავავლოთ თვალი: 

რაღაცის მოფიქრება იყო საჭირო. გასაგებია, რომ ქუჩაში კაცს ვერ დაიჭერ და დარბაზში ვერ შემოათრევ. თუ მას თამაშის ყურება არ უნდა, დაძალებას აზრი არ ააქვს. უნდა მოინდომო, ოღონდ სხვანაირად.” 

ერთი წამით, ამ სიტყვებში - ”ფუტსალი” და ”რუსეთი” ”ფეხბურთი”-თ და ”საქართველო”-თი შევცვალეთო და რა გამოვა? განა ჩვენ სხვა რამე გვაწუხებს? 

ტელევიზია! აი სად უნდა გვეპოვა საკუთარი მაყურებელი. ოღონდ ტელევიზიით, დივანზე წამოკოტრიალებული მაყურებელი კი არ უნდა გვეძებნა, არა - ტელევიზია უნდა გამოგვეყენებინა საამისოდ, რომ ის კაცი დივანიდან წამომხტარიყო და თამაშზე წასულიყო” - ვფიქრობ ”ლოვჩევის თეზისები” პირდაპირ წამალია გაუბედურებული ჩემპიონატისათვის და თუ ეს წერილი ამ საქმეში იოტისოდენა წვლილს მაინც დაიდებს, უზომოდ კმაყოფილი ვიქნები. 

და ისევ ლოვჩევი: ”მაშინ ფუტსალის ასოციაციამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. გაფორმდა ხელშეკრულება ტელევიზიასთან, რომელიც მზად იყო, პირდაპირ ეთერში გადაეცა ტურის ცენტრალური მატჩი, ღამის საათებში კი სხვა შეხვედრების ჩანაწერებს აჩვენებდა. თავისმხრივ, ჩვენ პასუხისმგებლები ვიყავით, რომ ყველაფერი შეიფუთებოდა უმაღლეს დონეზე. ფუტსალის ასოციაციამ დაიქირავა ხალხი, ვინც ხარისხიან ტრანსლაციას უზრუნველყოფდა. ზუსტად მახსოვს, ოპერატორებიც და რეჟიროსებიც მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ კადრში არ უნდა მოხვედრილიყო უმაყურებლო ტრიბუნა, ჩამოხეული ბანერი ან რამე მსგავსი. კამერები იდგმებოდა ისე, რომ თუ კადრი ტრიბუნებისაკენ გაიწევდა, იქ ის მცირერიცხოვანი ფან-კლუბები უნდა გამოჩენილიყვნენ, რომელთა გამრავლებაც იყო ჩვენი უმთავრესი მიზანი. პლუს, შესვენებების და ტაიმ-აუტების დროს რამდენიმეწუთიანი შოუებიც იდგმებოდა. ამავდროულად, ყველა კლუბს დაევალა დარბაზების მოწყობა, რაც პარალელურ რეჟიმში ხდებოდა, თუმცა ტელემაყურებელს ეს საერთოდ არ გაუგია, რადგანაც როგორც ჩანს, დაქირავებული ხალხი, მართლაც თავისი საქმის პროფესიონალები აღმოჩნდნენ”.  


არამგონია, ჩემი მხრიდან რაიმე დასკვნების თუ ანალიტიკური ეპილოგის დაწერა იყოს საჭირო. არც ჩვენი ჩემპიონატის ჩვენების ხარისხზე ღირს ლაპარაკი, მით უმეტეს, ეგრეთ წოდებულ მიმოხილვებზე, რაც უკვე სასაცილოც აღარ არის, არც სხვადასხვა საფეხბურთო გადაცემებსა და თუ საერთოდ, გაშუქების პრობლემებზე ... გამგები ისედაც ყველაფერს გაიგებდა და მიმხვედრი ყველაფერს მიხვდებოდა. რეზუმეს სახით კი რუსული ფუტსალის პროექტის ლოვჩევისეულ დასასრულს გთავაზობთ: 

არ მახსოვს ზუსტაც რამდენ ხანში, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ კლუბებს დაცვის სამსახურებთან კონტრაქტის გაფორმება დასჭირდათ, რათა მოზღვავებულ გულშემატკივარის უსაფრთხოება დაეცვათ”...  

ფუტ ბოლი

Saturday, April 21, 2012

კრავთა დუმილი

გიორგი დევდარიანი 

რომ ვთქვა, კარგად ვიცნობ გიორგი დევდარიანს მეთქი - არ იქნება მართალი. ვიცნობ, როგორ არა, მაგრამ ისე რა ... მასზე, როგორც მწვრთნელზე ძალიან ბევრი რამე ვიცი, საქმეშიც არაერთხელ მინახავს, მაგრამ არასოდეს მისაუბრია ამ კაცთან, არასოდეს მითხოვია სხვებისთვის, მოეყოლათ მასზე და მაინცდამაინც არც ისეთი ინტერვიუ ან წერილი წამიკითხავს, სადაც ”ცქიფო” ბოლომდე გაიხსნებოდა. 

რასაც შევხედე, რაც გავიგონე, შედეგი - აი მოკლე, მაგრამ ამომწურავი ნუსხა იმ ინფორმაციისა, რამაც შექმნა ჩემი წარმოდგენა მასზე. მტკიცე ხასიათისა რომ იყო, ეს ვიცოდი - არაერთხელ მინახავს ”ოლიმპის” სკოლაშიც და თბილისის ”თბილისშიც” რა საიმედოდ ეპყრა აპეურები და როგორი სიმკაცრით ექცეოდა ფეხბურთელებს. საინტერესოა, რომ ეკლესიურობას სრულიად არ შეუშლია ხელი მისთვის ამ საქმეში და დევდარიანი რბილი და მიმტევებელი მწვრთნელიაო, ვერავინ იტყვის. 

იგი ჩემი თაობის კაცია. შესაბამისად, ჩემთვის ადვილი გასაგებია, თუ რომელი ”აკადემიების” გავლა მოუხდა ბავშვთა მწვრთნელობამდე და რატომ ამბობდნენ ხოლმე მისი მოწაფეები, რომ ”ცქიფო მასწავლებელმა ქიციც იცის და ქიცმაცურიც” ...

ბავშვებთან მისი გაკვეთილები გამორჩეული და საინტერესო იყო - მანამდე და მერეც არ მინახავს, ვინმეს სატანვარჯიშო სალტეები (აი, წელზე ან კისერზე რომ უნდა დაატრიალო) ბურთის მოსარჯულებლად გამოეყენებინოს. ინტენსიურობა, ვარჯიშის პირველიდან ბოლო წუთამდე კონტროლი, ხმამაღალი შეძახილები და მრავალფეროვნება - განსაკუთრებით ესენი დამამახსოვრდა დევდარიანის ”ოლიმპური” ვარჯიშებიდან.

მას კიდევ ერთი კარგი რამ ახასიათებდა - სწავლა არ ეზარებოდა და კითხვების დასმისა არ რცხვენოდა. კარგი თვისებაა, ვერაფერს იტყვი ... ამიტომ იყო, უბრალოდ გამეცინა ქართულ სპორტულ საფიხვნოებზე გავრცელებული ინფორმაცია რომ წავიკითხე - აქაოდა, გოგუამ დევდარიანი ცემაო. 

მარიო პიუზოს გადასახედიდან გამოდის, რომ გოგუა საკმაოზე მეტად სიცილიელი ყოფილა და ქართულ-ქალაქურად რომ ვთქვათ, ორი თავი ჰქონია - ამ მოარულ ხმაზე სხვას არაფერს ვიტყვი. აქედან გამომდინარე, გოგუასთან ან სხვა ნებისმიერთან დაპირისპირება, ვერანაირად იქნებოდა მიზეზი, გიორგი დევდარიანის ”დინამოდან” წამოსვლისა. ძნელი დასაჯერებელია, ეს კაცი ცხელ გულზე რაღაცას ან ვიღაცას გამოქცეოდა. 

დევდარიანს ”დინამომდეც” შეემთხვა მოულოდნელობა, რამაც მთლიანად შეცვალა მისი კარიერა და მოვლენათა განვითარება - იმ მოულოდნელობას ვარშავის ”ლეგია” ერქვა და მაშინ ყველაფერი გასაგები იყო.

ახლა კი ნახევარსიმართლე თამაშობს მინდვრის ორივე მხარეს. არასაკმარისი კომუნიკაცია, ფეხბურთელებთან საერთო ენის გამოუნახაობა და მისთანები მხოლოდ გამოწვევად შეიძლება ექცეს ასეთი ამბიციის მქონე ადამიანს - დარწმუნებული ვარ, სხვა, გაცილებით მძიმე გარემოება არსებობს და უფრო ცუდი კი ისაა, რომ ამ გარემოების გამო დევდარიანმა საკუთარ თავს ანტიპიარი გაუკეთა. გუნდის ვერდამორჩილება, ”დინამოსათვის” მიუღებელი შედეგი, უკვე ნახსენები მოარული ხმები სერიოზულად აყანყალებს იმ ავტორიტეტს, რისი მოპოვებისთვისაც ცქიფოს წლები დასჭირდა. თქვა მხოლოდ ის, რაც მან განაცხადა, ნიშნავს არაფერიც არ თქვა. ეს კი ცუდია - გეგუჩაძე-ზესტაფონის რემიქსია. 

არ მიკვირს და თუ ყველაფერი ასე დარჩება, არც ეს გამიკვირდება - ქართული საფეხბურთო სამყარო მიჩვეულია ნახევარსიმართლეებს, ტყუილებს, დუმილს, მხოლოდ ვიწრო წრეში ამბების ხარშვას ... 

თედო რიჩი   

Wednesday, April 18, 2012

გიორგი ჭალადიდელი და რომან ფიფია

”მერწმუნე შვილო, გამოცდილია, თუ საძირკველი დანგრეულია, 
მაშინ კედლების აშენებისთვის, ყოველი შრომა დაკარგულია”  

გიორგი ჭალადიდელი 

რომან ფიფია 

გუშინ თბილისის ”დინამომ” მორიგი მწვრთნელი შეიწირა. წასულებისა და წარსულების რიგს, სულ რაღაც ორთვიანი მოღვაწეობის შემდეგ, გიორგი დევდარიანი, იგივე ცქიფო დაადგა.  დევდარიანს საფეხბურთო სამყარო პირში მთქმელ კაცად იცნობს და წასვლის მიზეზი არც გუშინ დაუმალავს - ”ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და დისციპლინა ვერ დავამყარეო”. მივაქციოთ ყურადღება - არც ავადმყოფობა, არც გადაღლა, არც მოტივაციის დაკარგვა და მსგავსი აბდაუბდა. ორი მიზეზი:  ფეხბურთელებს ვერ ვაგებინებ, რა მინდა და ”იმერული ესკიზების” ცნობილი პერსონაჟისა არ იყოს, ”ვიღაცა ან ვიღაცები ურევენო”. 

არადა, ცქიფოს კოზირი სწორედ დისციპლინის დამყარება იყო. გახსოვთ მისი გაწვრთნილი თბილისის ”თბილისი”? გახსოვთ, ვინ თამაშობდა მაშინ იმ გუნდში? - კლუბი ე.წ. ძველი და პერსპექტიული ბიჭების თავშეყრის ადგილი იყო (მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა გასახდელში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი დაჭრა), მაგრამ ცქიფომ შეძლო და ეს ჭრელი ხალხი ერთ მუშტად შეკრა. 

და რატომ ვერ მოახერხა ეს დინამოში? - ”დინამოსაგან” განსხვავებით, ”თბილისში” დევდარიანი გზააბნეულ და პერსპექტიულ ბიჭებთან მუშაობდა. იქ მას არ ჰყოლია მოვარსკვლავო ტიპები, რომლებიც ფეხბურთს მხოლოდ თვის ბოლოს ჯამაგირის ასაღებად თამაშობდნენ. იმ ბიჭებში ”თბილისს” არც დიდი თანხა გადაუხდია და მათთან არც ხანგრძლივი კონტრაქტები აკავშირებდა. 

დინამოში კი დევდარიანს დახვდა ხალხი, რომელთაც ვიღაცამ ან რაღაცამ შთააგონა, რომ საქართველოს დონეზე მაინც ვარსკვლავები არიან და უმრავლესობის მთავარი მიზანი კარგად ხანია აღარ არის ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში. მას დახვდა ფეხბურთელები, რომლებიც მიხვდნენ, რომ თბილისში ფიფია დიდ ფულს ჩამოდის და უცხოეთში წანწალს სჯობს, რომ აქ იყო, ბურთი გააკატავო და ორი კაპიკიც მიიღო. ცქიფოს მოუხდა ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომელთაგან ზოგიერთს შეუძლია უცხოელ თანაგუნდელს აგინოს, ან არადა ქართველ თანაგუნდელს ყველაფერი თავზე დაამხოს პრინციპულ თამაშში პასის დაგვიანების გამო. 

მეორეს მხრივ კი დევდარიანი სისტემამ და ”ხათრის ვერ გატეხვამ” შეიწირა. ჯერ ”ხათრზე” ვთქვათ. ფეხბურთში დაუწერელი კანონია, რომ არ უნდა ჩაიბარო გუნდი, რომელიც სხვამ მოამზადა და შენ მხოლოდ ტურნირზე უნდა გამოიყვანო, მაგრამ დევდარიამა ორი თვის წინ ამ კანონს გადააბიჯა, მისსავე თანამოაზრეს და გუნდის სპორტულ დირექტორს გიორგი ნემსაძეს ხათრი ვერ გაუტეხა და ... რატომღაც მჯერა, რომ არა ნემსაძე, დევდარიანი ასიდან ას ერთ შემთხვევაში უარს იტყოდა მსგავს შემოთავაზებაზე და შუა გზაზე არ უგანებდა 19-წლამდე ნაკრებს, რომელიც მისთვის დინამოზე მეტი იყო და არის. 

რაც შეეხება სისტემას. ძალიან კარგია, რომ რომან ფიფიამ დინამოს დიღმის ბაზა პატარძალივით მოკაზმა. დინამოს სტადიონს მინდვრის საფარი შეუცვალა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, სისტემა ვერ ააწყო. ასე მგონია, დინამოში გადაწყვეტილებას ”პაჟარკამანდის” პრინციპით იღებენ. შუალედურად, სპონტანურად და დიდი ფიქრისა და აწონ-დაწონის გარეშე. მაგალითები გნებავთ?! - როდესაც რომან აბრამოვიჩი ჩელსიში მივიდა, ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი, რაც მან განახორციელა ის იყო, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი პეტერ კენიონი აწაპნა. ფიფიამ ”დინამოში” მოსვლის შემდეგ მენეჯმენტში ისეთი ხალხი მიიწვია, რომლებიც თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით ისევე შორს იყვნენ კენიონისგან, როგორც თბილისის ”დინამო” - ლონდონის ”ჩელსისგან”. მერე ამ ხალხთან ერთად ზარ-ზეიმით გაცხადდა, რომ ”დინამოში” ხანგრძლივი ესპანური ”ბარსელონას” ტიპის პროექტი იწყებოდა და შედეგს რამოდენიმე წლის მერე მივიღებდით. თუმცა, ეს პროექტიც შუალედური აღმოჩნდა და შვიდ თვეში ჩაილურის წყალი დალია; მერე ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ესპანელი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია თავისი გუნდით და დინამოს გაბარსელონების იდეის ავტორი ზურა პოლილიკაშვილი. ორ თვეში კი მათ გიორგი დევდარიანი და გიორგი ნემსაძე მიყვნენ. 

პრობლემა კი დანგრეულ საძირკველშია. ”დინამოს” მმართველმა ისეთი სისტემა უნდა შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს კლუბში კადრების დამსახურებულად, გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით მოხვედრას, რაც აქამდე არც ერთ ქართულ კლუბში არ მომხდარა. მე პირადად არ მახსენდება, რომელიმე ქართულ კლუბს ვაკანსიაზე კონკურსი გამოეცხადებინოს და ამის საფუძველზე მოეხდინოს კადრების შერჩევა. და კიდევ, დინამოს მოვარსკვლავე ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა და გაითავისონ, რომ ყველაფერში დამნაშავე მწვრთნელი არ შეიძლება იყოს. 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

Friday, April 13, 2012

”ბუფეტჩიკი”


პატარა ბიჭობაშივე რაღაცნაირი დუნე ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებდა - ზანტად მიდიოდა, ზანტად მოდიოდა, გასახდელში შემოსული ზანტად იცვამდა სავარჯიშო ტანსაცმელს და მერეც, ვარჯიშზე ჭადრაკის მეფისა არ იყოს, ნებისმიერი მიმართულებით, მხოლოდ თითო ნაბიჯით გადაადგილდებოდა. 

ერთ რამეს ვერ წაართმევდი - დარტყმა ჰქონდა მაგარი. ძალიან მაგარი ... ძალიან. ”ბუგ!” - ისეთს ამოსცხებდა ხოლმე, ბურთის ნება ყოფილიყო, მეორედ რავა მიგორდებოდა მასთან. 
მაშინ პიარი არ ვიცოდით, მაშინ ამნაირ ამბავს დაახლოებით ”ტრიპაჩობა” ერქვა და ისიც ტრიპაჩობდა ანუ აპიარებდა საკუთარ შესაძლებლობას: 
”რო დავარტყაამ!” ... ”ისე დავარტყაამ!”... ან თამაშის დროს - ”დააგორა!” ”დავარტყააამ!” 

მასწავლებელი - საშუალოდ ნაფეხბურთელარი, საშუალო ასაკის, საშუალოდ სიმსუქნეშეპარული კაცი ხანდახან აღადავებდა ხოლმე: ”უდარი კი გაქვს, მაგრამ უნარი არაო” ... დიაგნოზიც თავისი დაუსვა - ”რაის ფეხბურთელი გამოხვალ, რომ გიყურებ ბუფეტჩიკი მახსენდებაო” ...

არ ბრაზდებოდა - ”უდარი” ხომ ჰქონდა, ამის იმედზე ეჯიბრებოდა ყველას. მწვრთნელსაც,  ჩვენც, მომავალს. 

ვერ გამოვიდა ფეხბურთელი. ვერც ბუფეტჩიკი. იყო და არც იყო მისი ბრალი - მთელი ჩვენი თაობა ეგრე არ დავრჩით? ვერაფერიც ვერ გამოვედით ... ზოგი ქუჩამ წაიღო, ზოგი წამალმა, ძალიან ბევრი საერთოდ ჩაწვა და არანაკლებ ქვეყნის გარეთ აღოღდა. იმას რუსეთში წაეღო თავის უდარი - მოსკოვთან ახლოს. ქართველების პატარა წრე შეეკრეთა და წვალობდნენ რაღაცას. მისი რუსული ბიოგრაფია ომამდელ თუ ომისმერენდელ პოლიტიკას შეეწირა - მთლად საბარგო თვითმფრინავით არა, მაგრამ გამოადეპორტეს. ჩამოვიდა და კვლავ პიარი აიგორა. არასაფეხბურთო, მაგრამ მაინც სპორტული - საკრივო თუ რაღაც ამდაგვარი: ”რო დავარტყიიიი!” ... ”ისე დავარტყიიი!” ...

ჯარმოვლილმა ტიპებმა იციან ეგრე - დაიწყებენ და აღარ გაათავებენ. გაუჭირდა ფეხის მოკიდება. ან ვის ულხინს რო ... რუსეთიდან ჩამოყოლილი ორი კაპიკიც მალე გამოელია და ვეღარ იყო ისე რიხიანი. აქა-იქ ვხვდებოდით ხოლმე. ჩვენი ჯგუფიდან ისეთი ფეხბურთელი არავინ გამოსულა, მის საცქერად წასვლა ღირებულიყო და ძირითადად, ქუთაისლები რომ იტყვიან , ”დასაჭყანადო”, მივდიოდით.

ის ძველებური სიზანტე შერჩა - მისი სამარკო ნიშანი. ზანტად ჭამდა. ზანტად სვამდა. შეჟუჟუნებული ზანტად აყოლებდა ქალებს თვალს. მაინც მოვსულიერდიო, მითხრა ერთხელ, ბავშვები ავიყვანე, ფეხბურთში ვავარჯიშებო....

გაკვირვებული შევხედე. არ შეიმჩნია თუ ვერ შეამჩნია ჩემი გაკვირვება. ”ჯერ ოცდაათი მყავს. ერთი ათი კიდევ მჭირდება და რაღაც გამოვა. პურის ფული მაინც მექნება. ხალხს უჭირს და ბევრს ვერ ვართმევ. თორემ მეტი გამოვიდოდა .... ფეხბურთს რად უნდა დიდი ოხოხოია - დააგორა - დაარტყა! ხომ გახსოვს რას ვურტყამდი.”

მას მერე ოთხი წელიწადია გასული. ისევ ბავშვებს ზრდის. აგორებინებს და არტყმევინებს. უფრო მოსუქდა, უფრო დაემსგავსა ბუფეტჩიკს...

პურის ფული აქვს...

თედო რიჩი 

Wednesday, April 11, 2012

პროფესიონალიზმი ქართულად - აპოლიტიკური საკითხავი

კახა კალაძე და დავით ყიფიანი
იმ ზაფხულასაც ტრადიციულად სოფელში წავედი. დენი ქალაქად არ იყო და აბა სოფელს ვინ მიაშავებდა. თუმცა იმედი არ დამიკარგავს. ხომ შეიძლებოდა გამოპარვოდათ ან ქვესადგურის ”მორიგე ძია” ფეხბურთის მოყვარული გამომდგარიყო. თამაში ღამით საკმაოდ გვიან იწყებოდა. ”პირველი არხი” შეგვპირდა, რომ ანგარიშს გაგვაგებინებდა და ... სასწაულიც მოხდა. იმ ღამეს შუქი კეთილ, ”მორიგე ძიას” ან გამოეპარა ან ფეხბურთი ჩემსავით უყვარდა და გამოუშვა. მერე ვიჯექი და ვუყურებდი. ვუყურებდი, როგორ ნადგურდებოდნენ ჩვენები ”ბაიერ-არენაზე” და როგორ არ დაგვინდეს გერმანელებმა. 6:1 - ლევერკუზენის ბაიერისა და თბილისის დინამოს მატჩის ანგარიში ყველაფერზე მეტყველებდა. მხოლოდ ორი რამ დამამახსოვრდა, იაშკას ნახევარ ბრუნით, ცხრიანში გატანილი გოლი და კახი კალაძის ტრავმა.

მეორე ისტორია ახლაც თვალწინ მიდგას. 1997 წლის თბილი შემოდგომის საღამო იყო. გადაჭედილი დინამოს სტადიონი და საქართველო - იტალია. ჯერ იყო და პირველივე წუთებზე ჯანფრანკო ძოლამ ბურთი ჩვენი ნაკრების კარის ხარიხას გაარტყა, მერე კი მეოცე წუთისთვის ნაკრების კაპიტანი დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა. ახლაც მახსოვს, როგორ დინჯად მიბრუნდა დათო ყიფიანი სათადარიგოთა სკამისკენ და ხელის ერთი მოძრაობით იქ მჯდომებიდან ერთ-ერთი თავისთან იხმო. მოედანზე გამოსასვლელად კახა კალაძე ემზადებოდა. "ამან უნდა ჩაკეტოს ვიერი? - გაისმა ქილიკი ჩემს ზემოთა რიგებიდან." ”გამოდი ბიძიკო გარეთ, თუ არა გადაგიმტვრია მუხლზე, ხო ხედავ რამხელაა?!” - აყვა მეორე.

იმ საღამოს ვიერი მოედანზე თითქოს არ იყოო. ახალგაზრდა კალაძემ მრისხანე ”ბობოს” ფეხი არ გაანძრევინა და იქით გადაიმტვრია მუხლზე. ჩემს ზემოთა რიგებში სიჩუმეს დაესადგურებინა.

მერე იყო დიდი გზის დასაწყისი. კიევში ”კონჩა ზასპას” ბაზაზე მისულ კახა კალაძეს ვალერი ვასილიჩმა განიერ მხრებზე შეხედა და ორიოდ სიტყვა უთხრა: ”კარგი მხრები გაქვს, თუ მომყვები, დიდ ფეხბურთს გათამაშებ”. მერე დაიწყო მომქანცველი ვარჯიშები. პირველი ვარჯიშის მერე ბიჭები დაეხმარნენ, რომ საწოლამდე მისულიყო. ჩაეძინა. არ ახსოვს, რამდენ ხანს ეძინა. კარებზე კაკუნმა გააღვიძა. მეორე ვარჯიში იწყებოდა! სათქმელად ადვილია, მაგრამ ნელ-ნელა ალღო აუღო და მიხვდა, რომ გზაგასაყარზე იყო. ან დიდი ფეხბურთი, ან არადა იქ უკან, სადაც  არანაირი პერსპექტივა არ ელოდა. გაძლო. გაძლო და იმ წელს ახალგაზრდა ბიჭმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა. ეს უკვე წარმატება იყო, მაგრამ ამაზე შეჩერებას არავინ აპირებდა. ისევ შრომა და დიდი ნახტომი....

ის, რაც უთხრეს, თავიდან არ სჯეროდა. ქართველი ბიჭით მსოფლიო დონის გრანდი იტალიის ”მილანი” იყო დაინტერესებული. ზღაპარია, დაუჯერებელია - ფიქრობდა თავისთვის. დაუჯერებელი იყო ჩვენთვისაც. იმ ფეხბურთელების გვერდით, რომლებიც ახლოს მხოლოდ პლაკატებზე გვენახა ქართველებს, აგერ ჩვენში, იმერეთში დაბადებულ-გაზრდილ ბიჭს შეიძლება ეთამაშა. სკეპტიკოსები ჯერ ამ ტრანსფერზე ქილიკობდნენ. მერე ყველაფერი რომ გადაწყდა, იმაზე დაიწყეს ქირქილი, რამდენჯერ გამოჩნდებოდა სათადარიგოთა სკამზე ჩვენიანი; და ბოლოს ისინიც გაჩუმდნენ. ქართველმა ბიჭმა მალდინის-ნესტასა და კაფუსთან ერთად დაცვის გაუვალი ოთხეული შექმნა და სხვა ყველა ტიტულს რომ თავი დავანებოთ, ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ ასწია.

ნაკრებში არ გაუმართლა. ტიტული არასოდეს მოუგია და დილეტანტებმა კარიერის მიწურულს საკუთარ კარში გატანილი ორი გოლი გაუხსენეს. ის კი ყველას დაავიწყდა, რომ  ქვეყანას და მათ შორის იმ თანამემამულეებს, რომლებმაც ღვიძლი ძმა მოუკლეს, პირნათლად ემსახურა. ამ დიდმა ტრაგედიამ ისიც ათქმევინა, ალბათ ფეხბურთი არ უნდა მეთამაშაო, მაგრამ....

მე მაინც მჯერა, რომ პატრიოტიზმი მარტო რუსის მიერ მოღერებული ”კალაშნიკოვის”  ლულის ან რუსული ტანკის წინ დგომა არ არის.

ამას წინათ ჩემმა ჰოლანდიელმა კოლეგამ მითხრა, ჰოლანდიელებმა ორი ქართველი იციან სულ - არველაძე და შევარდნაძეო.

სხვა რომ არაფერი, კახა კალაძემ ის მაინც მოახერხა, რომ მავან იტალიელს რუკაზე საქართველო აპოვნინა. ორს, ხუთს, ათს, ასს და ათას იტალიელს საქართველო გააცნო. ჩემპიონთა თასის მოგებით კი პირველი ქართველი გახდა, ვინც ეს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო დაისაკუთრა.

ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ კიდევ ერთი ქართველი მოიგებს ჩემპიონთა ლიგის თასს და იტალიის ”მილანის” ძირითად შემადგენლობაში მყარად დაიმკვიდრებს ადგილს.

კალამ ეს შეძლო და ჩემი ნება რომ იყოს, მის კარიერას, ნებისყოფას და შრომას როგორც მაგალითს, ისე მოვუყვებოდი მომავალ ფეხბურთელებს.

კალამ შეძლო და ისტორია გადაწერა. ისტორია ქართველი კაცისა, რომელსაც ერთთავად არაპროფესიონალად და დარდიმანდად იცნობდნენ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Monday, April 9, 2012

როცა ტაო არ გაყრის


ბავშვობის შთაბეჭდილებები სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში. მაგალითად, ძნელად, რამემ ან ვინმემ წაშალოს იტალიურ ეზოში, ოღრო-ჩოღრო მოედანზე მიღებული სიამოვნებისგან დაყრილი ტაო. იმ დროს, როცა ფეხბურთი გვშიოდა, როცა ნახევარსაათიანი ”საფეხბურთო მიმოხილვა” და პაოლო ფუტრეს, ემილიო ბუტრაგენიოსა თუ პრებენ ელკიაერის ეკრანზე გამოჩენაც კი სასწაულ სიამოვნებას მგვრიდა. 

ეგებ, ამის გამოცაა, რომ დღევანდელი ფეხბურთი ცოტა მოყირჭებულიც გვაქვს. რამ უნდა გაგვაკვირვოს? ეგებ, ამიტომაცაა , რომ ქართულ ფეხბურთზე გული აგვიცრუვდა? გავძეხით. ლეო მესი გვაძღობს, არც სხვები გვაკლებენ და მართლაც ძნელია , როცა წინა დღეს ხუთ სუპერ მატჩს უყურებ, ხოლო მეორე დღეს ”დილა” - ”მერანს” უნდა შეხედო. ბუნებრივია ინტერესი გიქრება.
დღეს ძნელია მოტყუება, ”წამო, მაგარი ფეხბურთია სტადიონზე”. ალექს გარსიამ თქვა, მაყურებელს დაძახება არ უნდა სჭირდებოდეს, მას სტადიონზე უნდა მოუხაროდესო. მეც ასე მგონია - ხელოვნური ყველაფერი ულამაზოა და მით უმეტეს, გულშემატკივარი. გამაღიზიანებელია. 
დავიჯერო, სასიამოვნოა მხოლოდ გინების გულისთვის მისული ქომაგი? ან რა სასიამოვნოა ისეთი გულშემატკივრის ყურება, რომელიც სპეციალური დავალებითაა სტადიონზე მისული და სძინავს? მაგრამ დავუბრუნდეთ იმ ძველ ფეხბურთს, როცა კარგი თამაშები გვშიოდა. მაშინ ხელოვნური არაფერი ყოფილა, ყველაფერი გულიდან მოდიოდა.  მაყურებელს ვერ მოატყუებ, რომ თბილისის ”დინამო” - ქუთაისის ”ტორპედო” მაშინდელ ეს-ეს-ერ-ის ჩემპიონატის მატჩებს სჯობდა. ნაღდმა გულშემატკივარმა ხარისხიც იცის და ფეხბურთის ფასიც. ამიტომაც არ მიკვირს სტაჟიანი ქომაგებისა, რომლებიც სულ უფრო და უფრო უკლებენ სტადიონზე სიარულს. ცოტანი დარჩნენ: ზოგი გარდაიცვალა და ღმერთმა აცხონოს, ზოგი ღრმა სიბერეშია, ზოგს უჭირს და სტადიონზე მისასვლელ ფულს უფრთხილდება, ზოგსაც არ უღირს ორი საათით უსიამოვნო ბურთაობის ყურება. ნუ გავკიცხავთ - ასე თვლიან საჭიროდ. 

რატომ ნუ გავკიცხავთ? იმიტომ, რომ ფეხბურთით გამძღარნი არიან და როცა შეეკამათები გეტყვის: ”მე, შვილო, პაიჭაძე და მესხი მყავს ნანახი”. დღეს ფეხბურთელებს   ქუჩაში ვერ სცნობენ. განა იმიტომ, რომ არ აინტერესებთ, არამედ, თვითონ ფეხბურთელები ვერ აინტერესებენ თავს პუბლიკას. მაგრამ აქ თანამედროვე ფეხბურთელი გეტყვით: ”კი, მაგრამ როგორ დავაინტერესო, თუ სტადიონზე არ მოვა და არ მნახავს?”. ანუ ორგვარ ”შარში” ვართ. ისინი არ დადიან, ესენი კი იგნორირებით არიან განაწყენებულნი. 


ვფიქრობ, მენტალიტეტის ამბავია. და კიდევ, ქვეყნის ეკონომიკური გაჭირვების, რომელმაც ისედაც დანევროზებული ადამიანები კიდევ უფრო დაანევროზა. დღეს ცოტას თუ უღირს სამი საათით მოცდენა (ერთი საათი ხომ გზაში უნდა) და ფეხბურთზე წასვლა. რა აჭამოს ამ დროს შვილებს? ძმას? დას? მოხუცს? 

შოთა არველაძემ ერთხელ თქვა, როცა ნაკრები იგებდა, ხალხს კარტოფილის ყიდვის პრობლემა ავიწყდებოდაო. ყველა ასე არაა. ასე ძალიან ცოტაა და სწორედ ის ”ცოტა” დადის ფეხბურთზე. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთში აღრეულია, მაგრამ პასუხი ერთია - პროპაგანდა ვერაფერს შეცვლის: ვისაც ფეხბურთის ყურება უნდა, ისედაც მოვა სტადიონზე. ვისაც არა, სტადიონისაკენ რომ გაატარო, მეორე მხარეს გადავა. 

ერთი ვიცი: დღეს ქართული ფეხბურთის გაგონებაზე ტაო ცოტას თუ აყრის. აღარ შია ხალხს ფეხბურთი. 

ჩონსი ბილაპსიშვილი 

Sunday, April 8, 2012

ბურთი ფეხებში ამირანს

ნოდარ ახალკაცი 
ტრიბუნები, როგორც წესი, გადავსებულია. ანგარიშიც ისეთი, წამითაც ვერ დაარხეინდება კაცი - 1:1. კერკეტი კაკალია რა ეს ”შახტიორი”. არადა არ გადის გოლი. ”დინამოს” სათადარიგოთა სკამი გასუდრულია. ვინ ამოიღებს ხმას - აზრით, გონებით იქ არიან, მინდორზე. მალე უნდა შეიცვალოს რამე...სათადარიგოთა სკამის თავში მსუქანი კაცი ზის. ხელები, როგორც ჩვევია, მუხლისთავებზე დაუბჯენია და ოდნავ წინ გადახრილი გასცქერის თამაშს. მერე იერარქიის მიხედვით სხედან: მეორე მწვრთნელი, გუნდის უფროსი, ექიმი, მასაჟისტი, სათადარიგოები და სულ ბოლოს...სულ ბოლოს ოცი წლის ამირან მინაშვილი - ისიც სათადარიგო, მაგრამ უმაღლეს ლიგაში მანამდე უთამაშებელი ფეხბურთელი. თავისი ადგილი უკვე მოუზომეს - დუბლებში. ზის ჩუმად და სხვებისა არ იყოს, თამაშს უყურებს. სად მისი და სად სხვების პასუხისმგებლობა. და უცებ, როგორც მეხი მოწმენდილ ცაზე: იმ მსუქანი კაცის ხმა გაისმა - მინაშვილი მოემზადოს! ის მსუქანი კაცი ნოდარ ახალკაცია, მინაშვილი - ამირან მინაშვილი ანუ ... ის ოცი წლის, მხოლოდ დუბლებს გაშინაურებული, ოცი წლის ბიჭი. ”მინაშვილი მოემზადოს, მინაშვილი მოემზადოს, მინაშვილი მოემზადოს!” - რეკს ზარი ყურებში და ბიჭი გრძნობს, როგორ უბუჟდება მთელი სხეული. სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელს უფლება არა აქვს, ფეხები ”წესრიგში” არ ჰქონდეს. წესრიგი ეს თავისუფლად დებას ნიშნავს - არა ბუცი, არა თასმა, არა უხერხული პოზა: სისხლმა უნდა იმოძრაოს. ყურში ერთხელაც რეკს ზარი - ”მინაშვილი მოეზადოს!” - და ამირანი ავტომატურად იხრება თასმების შესაკრავად. თასმას რომ შეიკრავს მერე მწვრთნელის გვერდით უნდა გადაჯდეს და დავალება მიიღოს. ვერ იკრავს თასმებს, ხელები კანკალებენ, ფეხებიც ”სადღაც გაიქცნენ”. შეიკრა როგორც იქნა. როგორც იქნა - გადაჯდა. მწვრთნელს არც შემოუხედავს - მინდვრისთვის თვალმოუშორებლად ”ავალებს”. ”ხომ იცი, რას ველი შენგან. ითამაშე შენი ფეხბურთი, გაიხსენი, მიიღე, სისწრაფეში, სისწრაფეში გააკეთე ყველაფერი.” ზარი ისევ რეკს, მაგრამ ახლა ამ სიტყვებით. ფიქრი კი სულ ”სხვაგანაა”. ”თან თამაშს უცქერს და თან დავალებას მაძლევს” - უკვირს ამირანს. უკვირს და ეშინია. ტაბლოს გახედა, 23 წუთია დარჩენილი - ამ დროს, ასეთი ანგარიშის დროს. და ისევ ზარი: ”ოცი წუთი რომ დააკლდება, მაშინ შეგიყვან. მიდი, ბიჭებმა იციან რა და როგორ, მოგეხმარებიან, შენ შენი ითამაშე.” ოცდაორი წუთი, ოცდაერთი და შევიდა. შევიდა და ტრიბუნებს შესეული ხალხი ცუდი ხარისხის საღებავივით აედღაბნა თვალებში. დებიუტია და... და უცებ, მინდორს ალალივით გადაუფრინა ხინჩაგაშვილის ხმამ: ”ბურთი ფეხებში ამირანს!” მისცეს ფეხებში. დააბრუნა. კიდევ მისცეს. ისიც დააბრუნა და..მოეხსნა ყველაფერი...ახლა ამ გადასახედიდან ხვდება, რომ თავად არაფერ შუაში ყოფილა - ეს ხილული რეჟისორი მართავდა უხილავი ძაფებით - მასაც და სხვებსაც. რეჟისორი, რომელსაც ორი და მეტი საქმის კეთება შეეძლო ერთდროულად. აღარ ხმაურობს სისხლი. ფეხებიც ”დაბრუნდნენ შვებულებიდან”, იგრძნო ხელებიც. ტრიბუნებზეც გადღაბნილი საღებავი კი არა - ”რამდენი ხალხია ღმერთო!”. ”ისე გავთავხედდი, ოცდახუთი მეტრიდან დავარტყი კარში, სულ ცოტათი ავაცილე, არადა, შორიდან და ძლიერი დარტყმა, არასოდეს ყოფილა ჩემი კოზირი.” - იტყვის მოგვიანებით...მას შემდეგ ოცდაათამდე წელიწადია გასული. ვინ იცის, რამდენი პატარა ბიჭის ”მონათვლა” მოასწრო იმ დიდმა და მსუქანმა კაცმა მერე...ეს ერთი პატარა ეპიზოდია - დიდი გუნდის ცხოვრებიდან. სულ მაინტერესებდა, რას გრძნობდნენ და რას ეუბნებოდნენ მწვრთნელები ფეხბურთელებს ისეთს, რომ ერთი მომენტით, ერთი შეცვლით, ერთი გადაადგილებით, შეეძლოთ მეორე გუნდის დამარცხება. ნოდარ ახალკაცი ისე მიიცვალა, ვერც მისი გაცნობა მოვახერხე, ვერც მასთან საუბარი - მოუმზადებელ ჟურნალისტებს ვერ იტანდაო...არადა საინტერესო იქნებოდა - მოვემზადებოდი კაცო...
ვერ მოვახერხე-მეთქი მისი გაცნობა და ამიტომაა, ერთი დებიუტი გავიხსენე, ამირან მინაშვილის მიერ მოყოლილი. ასე უფრო გამიადვილდა. დამაჯერებელიც ასე უფროა და ცოტა რომანტიზმიც ახლავს: მორიგი თავი, გამოუქვეყნებელი წიგნიდან. 

თედო რიჩი    

Thursday, April 5, 2012

გარედან დანახული პლუს-მინუსი

”ჩტო ტაკოე ხარაშო ი ჩტო ტაკოე პლოხო” - ასეთი ლექსი ისწავლებოდა დაწყებით კლასებში ჩემს ბავშობაში და არ ვიცი, რატომ მაგრამ, სწორედ ეს ლექსი გამახსენდა თემურ ქეცბაიას შეფასებისას. 
პლუს-მინუსი ყველა ადამიანს აქვს, ჩემი მინუსების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ალბათ ამაზე ათჯერ მეტი მოცულობის წერილიც გამომივა, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელისგან განსხვავებით, მე მკითხველისათვის არანაირად არ ვარ საინტერესო პერსონა, ამიტომაც მოდით, გარედან დანახული ქეცბაია დავახასიათოთ.  
10-10 დადებითი და უარყოფითი: აი ასე ”დავახარისხე” ჩვენი წერილის გმირი...


თემურ ქეცბაია
წყარო: www.allsport.ge
უცნობი ავტორის ფოტო  

დადებითი:

1. პრინციპულობა 
ერთ-ერთი მთავარი თვისება, რომლითაც ქეცბაია არა მხოლოდ მწვრთნელობისას, არამედ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა. 
2. საქმის სიყვარული 
აქაც ვერაფერს ვუსაყვედურებთ. გარედანაც იოლი შესამჩნევია, რომ ქეცბაია ზერელედ არაფერს აკეთებს. 
3. პატიოსნება 
მგონი, ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრების თავკაცზე ერთი ჭორიც კი არ გახმაურებულა მის უპატიოსნო თუ ვიღაცებთან გარიგებულ საქციელზე. 
4. პატრიოტიზმი
ეჭვგარეშეა ქეცბაიას ეს ათასგზის და ათასგან დაუმტკიცებია. 
5. დისციპლინა
პრობლემა, რომელიც მუდამ აწუხებდა ნაკრებს, შეიძლება ითქვას, რომ აღარ არსებობს. 
6. გამოცდილება 
ცხადია, ქეცბაიაზე ბევრად გამოცდილი მწვრთნელები მრავლად არსებობენ, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ის ახალბედაა ამ საქმეში. მარტო ჩემპიონთა ლიგაში მიღებული გამოცდილება რომ ვახსენოთ, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. 
7. სამართლიანობა   
ეს ცნება ფარდობითია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანობაში შემადგენლობის შერჩევის პრინციპებს ვგულისხმობთ, რაც ყოველთვის სალაპარაკო იყო ჩვენს ქვეყანაში. 
8. დამოუკიდებელი 
კიდევ ერთი პლიუსი, რითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის. 
9. ავტორიტეტი
ქეცბაია ნაკრების ნებისმიერი წევრისათვის ავტორიტეტია და ეს ცოტას როდი ნიშნავს. 
10. ე.წ. ”მქოქავი მწვრთნელი”
ბევრისაგან გამიგია, ქეცბაიას ყველაზე დიდი პლიუსი გუნდის დაქოქვის უნარიაო. ანუ ”გასახდელში მუშაობა” მას აშკარად გამოსდის. 

უარყოფითი: 

1. ჯიუტი 
ხშირად ქეცბაია პირველ რიგში საკუთარ თავს უქმნის პრობლემას თავისი სიჯიუტის გამო. 
2. კრიტიკასთან მწყრალი 
საკმარისია, ტელევიზიებში მისი რამოდენიმე სტუმრობა გავიხსენოთ, როცა ოდნავ კრიტიკულ შეკითხვასაც კი დინჯი პასუხის ნაცვლად პირიქით, ჟურნალისტზე თავდასხმას ახორციელებდა. 
3. არადიპლომატი  
ქეცბაიას არ შეუძლია ამა თუ იმ საკითხზე უკმაყოფილება ”შელამაზებულად” გამოხატოს, ის პირდაპირ ამბობს სათქმელს და თან დიდად არ ფიქრობს (ან არ შეუძლია) არც ნათქვამის ფორმაზე და არც ადგილზე. 
4. ფიცხი 
მისი ხასიათის ეს შტრიხი ერთ-ერთი თვალსაჩინო და იოლად შესამჩნევია. თუნდაც ფეხბურთელობის პერიოდი გავიხსენოთ, როცა ”ნიუკასლში” მწვრთნელზე გაბრაზებულმა სარეკლამო დაფები დაწიხლა. 
5. ნაკრებში მუშაობის არცოდნა
ზოგადი შეფასებით, ეს მინუსია, რადგან ნაკრებში მუშაობს არასანაკრებო გამოცდილების მქონე მწვრთნელი. 
6. არაადეკვატური შეფასება 
პირველი უკმაყოფილების ტალღა ქეცბაიას მისამართით გამოიწვია სწორედ მისმა არაადეკვატურმა შეფასებებმა, როცა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე რამდენჯერმე დაასახელა წარუმატებლობის მიზეზად სრულიად გაურკვეველი ფაქტორები. 
7. არაკომუნიკაბელური
არადიპლომატიურობისა და სიფიცხის შემდეგ, ვფიქრობთ, გასაკვირი სულაც არ არის, როცა მის არაკომუნიკაბელურობაზე გვიწევს ლაპარაკი. 
8. კონფლიქტური
ტოტი, რომელზედაც თვითონ ზის, სწორედ ამ მიზეზით თუ ჩამოეჭრება და ძალიან არ გვინდა, ფეხბურთელებთან შექმნილი უთანხმოებების გამო ის დაენგრეს, რასაც უკვე ორი წელია, აშენებს. და როცა გოგიტა გოგუაზე, გიორგი მერებაშვილზე, დავით სირაძეზე, დავით მუჯირზე ”იქით იწევს”, არ უნდა დაავიწყდეს, რომ მასაც არანაკლები სიმძაფრის კონფლიქტი ჰქონდა თავის დროზე ნაკრებში თამაშისას ვლადიმერ გუცაევთან და ამის გამო ის არავის მოუძულებია. 
9. ურისკო
ქეცბაია არ მიეკუთვნება რისკიან მწვრთნელთა კატეგორიას. შესაძლოა ამის მიზეზად მან კონტიგენტი დაასახელოს თუმცა ფაქტია, არც ”ანორთოსისში” და არც ნაკრებში, მას ჯერ არ გამოუყენებია რისკიანი ტაქტიკა თუ სქემა. 
10. ზედმეტად ემოციური 
ერთის მხრივ, ემოციურობა სულაც არ არის ცუდი, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამ ემოციურობას თუ საზღვრები უგრძელდება, უსიამოვნებანიც იქ იწყება. სწორედ მისი ემოციურობის, სიფიცხის და სიჯიუტის ბრალი მგონია ის, რომ ვერ და არ გამონახა საერთო ენა მომდურებულ ფეხბურთელებთან. 

რა თქმა უნდა, უარყოფითის წაკითხვა არავის სიამოვნებს, თუმცა იმედია, თემურ ქეცბაია შეძლებს პირველ რიგში სწორედ მისთვის ხელისშემშლელი თვისებების შეკვეცა შემოსაზღვრას და ერთი წლის მერე გაცილებით მეტ დადებითზე ვილაპარაკებთ...

ფუტ ბოლი    

Monday, April 2, 2012

შედეგს მორგებული მიზნები



ქართული ფეხბურთის წარუმატებლობაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ზოგი ამას უფულობას აბრალებს, ზოგისთვის მიზეზი კვალიფიციური მწვრთნელ-ფეხბურთელების ნაკლებობაა, ზოგი ყველაფერს ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნის. მე კი მგონია, პრობლემა ზოგად მიზნებშია. აბა გავიხსენოთ, რამდენჯერ მომხდარა, მეტოქესთან დაპირისპირების წინ მწვრთნელს უთქვამს, რომ ამ კონკრეტულ თამაშში მისი გუნდის მიზანი ღირსეული გამოსვლაა. თბილისში ახლახანს ჩატარებული 17-წლამდელთა ელიტ რაუნდის წინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე  აცხადებდა, ბიჭებს ვეუბნებით, მოედანზე გავიდნენ და ფეხბურთი ითამაშონო. ანუ, რა გამოდის? ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების მიზანი ტურნირის დასაწყისში მოედანზე გასვლა და ფეხბურთის თამაში იყო? უბრალოდ, მერე მადა ჭამაში მოვიდა და მაისურაძის თქმისა არ იყოს, სისტემაც დავამარცხეთ. 

ზოგადია ეროვნული ნაკრების მიზანიც. ნაკრების მესაჭემ ერთ-ერთ ინტერვიუში  მიზანზე საუბრისას ასეთი რამ განაცხადა: ”ჩვენც იქით მივდივართ, რომ შეიქმნას გუნდი, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოლებს”. მიაქციეთ ყურადღება ქეცბაიას ფრაზაში ბოლო სიტყვას. მთავარმა მწვრთნელმა ბრძანა - ნაკრები ”იბრძოლებსო”. აქაც კონკრეტიკის ნაკლებობაა. ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს და ზომავს ბრძოლას. ზოგისთვის ბრძოლა მინიმალურ მარცხს ნიშნავს, ზოგისთვის ყველა საშინაო თამაშის მოგებას, ზოგისათვის ქვეჯგუფში ბოლოს წინა ადგილის დაკავებას, ზოგისთვის კი დასისხლიანებულ მოწინააღმდეგეს და ა. შ.

კონკრეტიკასაა მოკლებული ქართული კლუბების მიზნებიც. აგერ სულ ახლახანს იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს კმაყოფაზე მყოფ, ამბიციურ გორის ”დილას” მთავარი მწვრთნელი  შეუცვალეს. თემურ მახარაძე უმაღლეს ლიგაში ჯერაც უცნობმა სეხნიამ  - თემურ შალამბერიძემ შეცვალა. გაგიკვირდებათ და თემურ შალამბერიძის მიერ პრესკონფერენციაზე ნათქვამი გუნდის მიზნებიც დიდწილად ბურუსითაა მოცული: ”ციდან ვარსკვლავებს ვერ მოვწყვეტთ, მაგრამ გულსა და სულს ჩავდებთ, რომ გუნდი იყოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ამის გარდა, აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი”. აქაც ბევრი კითხვა ჩნდება  - რით განისაზღვრება გამორჩეულობა? ან სანახაობრივი ფეხბურთი? ფინტების კასკადით თუ გოლების წვიმით? ან იქნებ თამაშში 500 პასს და გონივრულად გათამაშებულ სტანდარტულ სიტუაციებს თვლის სანახაობრივ თამაშად ახალბედა მწვრთნელი?   

ევროთასებზე გასული  ჩვენი გუნდების მიზანი, როგორც წესი, ან ღირსეული გამოსვლა იყო, ან რაც შეიძლება მეტი ეტაპის გადალახვა. თუ სწორად მახსოვს, პირველად გასულ სეზონში მოხდა, როდესაც  ”ზესტაფონის” აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გაბედა და თქვა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის  ჯგუფურ ეტაპზე თამაშიაო. 

ეროვნულ ჩემპიონატში, ფლეი-ოფში გამომსვლელი 8 გუნდი რომ ავიღოთ, უმეტეს შემთხვევაში, მწვრთნელების გაცხადებული მიზნები ზოგადი და ნაკლებად შეფასებადია. მაგალითები გნებავთ?! 

  1. გია ჭიაბრიშვილი ”ზესტაფონი” - ”კლუბის მიზნები უცვლელია - მიმდინარე წელსაც ჩემპიონები უნდა გავხდეთ”  www.worldsport.ge/Read.aspx?news=31366       7 სექტემბერი, 2011 
  2. კობა ჟორჟიკაშვილი ”მეტალურგი” - ”ევროტურნირების საგზურის მოპოვებისთვის  ვიბრძოლებთ” www.worldsport.ge/Read.aspx?news=23775                        10 აგვისტო, 2011    
  3. გიორგი დევდარიანი ”დინამო” - ”ყველა მატჩში გამარჯვება და სათამაშო ხელწერის ამოქმედება” www.worldsport.ge/Read.aspx?news=31366                               15 თებერვალი, 2012 
  4. გია გეგუჩაძე ”ტორპედო” - ”ჩვენი ახლანდელი პრიორიტეტი გუნდის ჩამოყალიბებაა”                                                www.worldsport.ge/Read.aspx?news=29428                                               30 დეკემბერი, 2011 
  5. გოჩა ტყებუჩავა ”ბაია” - ”ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება” http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/25570-gocha-tyebuchava-isev-brdzola-da-akhali-khedva.html                                                                                                          11 იანვარი, 2012 
  6. დავით მახარაძე ”კოლხეთი” - ”ევროსარბიელზე მოხვედრის შანსი არ გვაქვს, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ხუთეულში შევიდეთ” http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29700-davith-makharadze-akhla-fothis-qkolkhethisq-mizani-khutheulshi-mokhvedraa.html                                                                       23 მარტი, 2012 
  7. თემურ შალამბერიძე ”დილა” - ”ულსა და სულს ჩავდებთ, რომ გუნდი იყოს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ამის გარდა აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი”  http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29920-themur-shalamberidze-goris-qdilashiq-gamotsvevis-ar-meshinia.html    28 მარტი, 2012 
  8. მალხაზ ჟვანია ”მერანი” -  ”ამ ეტაპზე მე ისიც კარგ შედეგად მიმაჩნია, რომ უმაღლეს ლიგას ”მერანის” სახით საინტერესო და შინაარსიანი ფეხბურთის მოთამაშე გუნდი შეემატა”; http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/29475-malkhaz-zhvania-martvilis-qmeranmaq-namdvili-sakhe-daibruna.html  20 მარტი, 2012. 
აქ მოყვანილი რვა გუნდიდან მხოლოდ სამის - კოლხეთის, ზესტაფონის და ნაწილობრივ დინამოს მიზნებია ნათელი და საშუალებას გვაძლევს, ჩემპიონატის დასრულების მერე შეფასდეს, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო ამა თუ იმ მწვრთნელის მუშაობა. თორემ მერე გასულ შესარჩევში ქეცბაიას ნამოღვაწარისა არ იყოს, გულშემატკივარსა და სპეციალისტებს შედეგების შეფასებისას გაორებული შთაბეჭდილება დარჩებათ. კონკრეტული მიზნის დასახვა შეიძლება ცუდი იყოს მწვრთნელისთვის (ვერმიღწევა შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს და ზოგადი მიზნისას, მიდი და მოედავე - ჩამოაყალიბა თუ არა ტექნიკური გუნდი, იბრძოლა თუ არა მისმა გუნდმა ან აამოქმედა თუ არა სათამაშო ხელწერა), მაგრამ კარგია მისთვის, ვინც ამ მწვრთნელის ნამუშევარს აფასებს. სულაც არ არის საჭირო მუდამ სპონტანურობისა და ჭამაში მოსული მადის იმედად ვიყოთ.

აი რა სჭირდება ჩვენს ნაკრებ გუნდებსა და კლუბებს. კონკრეტული მიზანი (მაგალითად ჩემპიონობა ან ევროპის/მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა), ამ მიზნიდან გამომდინარე, ამოცანები (მაგალითად, ყველა საშინაო თამაშის მოგება, აუტსაიდერთან ქულების აღება); ამ ამოცანების შესასრულებლად საჭირო დროში გაწერილი ღონისძიებები (ეს იქნება ფეხბურთელის თუ პერსონალის დამატება, ბაზის აშენება ან გარემონტება, ვარჯიშის და შეკრებების დაგეგმვა) და ამოცანის გაზომვადი!!!!!! ინდიკატორები (მაგალითად, კარში დარტყმა, ფეხბურთელის მიერ თამაშისას დაფარული მანძილი, მოწოდებული კუთხურების რაოდენობა თუ ყვითელ-წითელი ბარათები). შეიძლება ვინმე მომედავოს, რა დროს მიზნის დასახვაა, როდესაც ფეხბურთში მცირე ფინანსური რესურსებიაო. ჩვენში არსებული უფულობა და ინფრასტრუქტურის ნაკლებობა მიზნის დასახვას ხელს არ უშლის, აკი ნათქვამია, საბანი იქამდე გადაიფარე, სადამდეც გაგწვდებაო.

საჭიროა, მიზანს მოვარგოთ შედეგი და არა პირიქით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი წარუმატებლობის წარმატებად გასაღებაა შესაძლებელი.    


ვაჰიდ  ჰალილჰოჯიჩი