გუშინ ქეცბაიამ ეგვიპტესთან გასამართი ამხანაგური თამაშის წინ შემადგენლობა დაასახელა. როგორც ყველგან და როგორც ყოველთვის, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თემურის კრებულმა. ყველაზე მეტი კითხვა დვალის გამოუძახებლობას ეხება. შემდეგ მოდიან კანკავა, ოქრიაშვილი და ბოლოს ხიზანიშვილი.
ქეცბაია ჯიუტი კაცია. წინა მწვრთნელებისაგან განსხვავებით არავის აძლევს საკუთარ საქმეში ჩარევის უფლებას. არც სფფ-ს მაღალჩინოსნებს და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივარს. ის არავის აზრს არ ითვალისწინებს. კარგია ეს თუ ცუდი? - კარგიცაა და ცუდიც. ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ნაკრებს ოდესმე ისეთი მწვრთნელი გაწვრთნის, რომელიც სრულყოფილება იქნება. ზეციდან მოვლენილი ანგელოზი. ლამის ოცდასამწლიანი არსებობის ისტორიაში ეროვნულმა გუნდმა 19 მთავარი მწვრთნელი გამოიცვლია. საშუალოდ წელიწადზე ცოტა მეტი თუ ძლებდნენ. მთავარ მწვრთნელთა ყაიდა ყველანაირი იყო. დაწყებული დიდი წარსულის მქონე საშა ჩივაძით, დიპლომატი შუშაკით, ქარიზმატული დათო ყიფიანით, შეტევის ტრფიალი ტოპმიულერით, "ზეგაფრედოს" კაპუჩინო მოყვარე კუპერით და აფერისტი პეტერ შეგრტით. ყველანი კარგად იწყებდა და ბოლოს კოკა-კოლა ფანტას ბოთლების სროლით თუ ტრიბუნებიდან დედის გინებით ასრულებდნენ.
ქეცბაიას კრებულს ყველაზე მეტად შეტევაში უჭირს. აკი თქვა კიდეც ბელარუსთან თამაშის შემდეგ ჩვენ "ნულზე" თამაში უნდა ვისწავლოთო. ქეცბაიას ნაკრების უპირველესი მიზანი გოლის არგაშვებაა. დანარჩენი? დანარჩენი კი თუ მთლად "ბარსელონა" არ გამოგიხტა სადმე ერთი-ორი მომენტი შეტევაში მუდამ შეგექმნება და იმის გამოყენება უნდა შეძლო.
ამ ფორმაციის გუნდში მომენტის გამოყენება ცოტა რთული საქმეა. ეული ფორვარდის ტაქტიკაზეა საუბარი და ამიტომ. აქ უფრო მეტად მომენტის გამოყენება ნახევარმცველებმა უნდა შეძლონ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ გოლის გატანა ამ გუნდში ფორვარდზე მეტად ნახევარმცველს მოეთხოვება. იმას ვინც შეტევის მეორე ფაზაში მონაწილეობს.
ამ ცოტა ხნის წინათ გურამ კაშიამ კარგად ილაპარაკა ნაკრების ტაქტიკაზე. შიგნიდან სხვანაირად ჩანს და ამიტომაც არის მისი ნათქვამი საინტერესო. ქეცბაია ფორვარდს ასეთ მოთხოვნებს უყენებს: დაცვიდან წამოსულ პარაშუტზე გასვლა და მაღალი ბურთისთვის ბრძოლა; 90 წუთის მანძილზე ფორვარდზე, საშუალოდ 20-25 გრძელი პარაშუტი კეთდება და თუ ყველა მათგანის მოგებას ვერ შეძლებს, ის მაინც უნდა მოახერხოს რომ მოწინააღმდეგე მცველებს აუხტეს და ხელი შეუშალოს. აქ ბევრი რამე ერთვება საქმეში. ჯანი, სიმაღლე, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება. ქეცბაიას ახლა ფსონი ლევან მჭედლიძეზე აქვს დადებული. ამ ოთხივე კომპონენტში ის საქართველოში გამორჩეულია ამ დროისათვის. ყველა ზემოთჩამოთვლითან ერთად მას კაცის მოტყუება, კუთხურზე საკუთარ საჯარიმოში ჩასვლა და კორპუსით თამაშიც შეუძლია და ამიტომაცაა ეროვნულ გუნდში.
გურამმა ისიც დასძინა - "რაც არ უნდა მაგარი თავდამსხმელი ჩამოიყვანო საქართველოს ნაკრებში, იმისთვის რთული იქნება აქ თამაში." ეს სირთულე სწორედ ტაქტიკიდან გამომდინარეობს. ნაკრებში ფორვარს ტიტანური გამძლეობა სჭირდება, აქაც ვიტესის კაპიტანს დავესესხები "როცა თავდამსხმელი სულ იბრძვის და ჭიდაობს, მას ძალა აღარ რჩება, რომ ორი მცველი მოატყუოს და გოლი ისე გაიტანოსო". ამადაც არის რომ გოლებს ძირითადად ნახევარმცველები და მცველები იტანენ. ამ ტაქტიკაში ფორვარდს უპირველესად გოლის შექმნაში მონაწილეობა ევალება, გოლის გატანის ვალდებულება მხოლოდ ამის მერე მოდის.
ეს ტაქტიკა ჩვენნაირი დონის გუნდებისათვის ცუდი არ არის. ზოგადად ჩვენი კალიბრისანნი სწორედ მას იყენებენ მაგრამ არის ერთი მაგრამ .. ამ ტაქტიკაში განუზომლად დიდია ფლანგის მცველების როლი. უზომოდ დიდი. ამ მონახაზს ისეთი ფლანგის მცველი სჭირდება, რომელსაც შეტევაში წასვლა და კაცის მოტყუილება არ უჭირს, არც უკან დაბრუნებას და ზონას მიატოვებს რადგან, კაშიას თქმისა არ იყოს ეს ტაქტიკა მოითხოვს რომ ურთიერთდაზღვევის საშულება იყოს და მცველები ოთხი ორზე ან სამი ორზე მაინც დარჩნენ მეტოქის თავდამსხმელებთან. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ისეთი ფლანგის მცველები, რომლებიც შეტევაში თამამად წავლენ, კაცს მოატყუებენ და ფლანგიდან საჯარომოში კარგ ჩაწოდებას გააკეთებენ. ამად არის სწორედ რომ ეულ თავდამსხმელს უჭირს და დიდი მოცულობის შავი სამუშაოს შესრულება უწევს.
ამ ტაქტიკაში რომ ივარგოს იბრაჰიმოვიჩის სტილის ფორვარდია საჭირო. ძლიერი, მოძრავი, კაცზე წამსვლელი, დაცვას რომ ეხმარება, კორპუსის ჩადგმა რომ იცის და მოწინააღმდეგის ფიზიკურად ძლიერ მცველებთან ჭიდაობაში შეძლებს "მეორე ბურთის" მოსაგებად იბრძოლოს.
ქეცბაიას მიერ დასახელებულ კრებულში დვალის არმოხვედრამ ყველაზე ბევრი კითხვა დაბადა. ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი უცნაურობა დვალიშვილის გამოუძახებლობა იყო, რადგანაც ამ ტაქტკის პირობებში ქართველი ფორვარდებიდან ყველაზე პროდუქტიულნი შეიძლება სწორედ მჭედლიძე და დვალიშვილნი იყვნენ.
მე მაინც მგონია, რომ იდეალური მწვრთნელს არ უნდა ველოდეთ, რადგან დრომ დაამტკიცა, რომ იდეალური მწვრთნელი ბუნებაში არ არსებობს. 23 წლის მანძილზე ცხრამეტი მწვრთნელიდან არცერთი ყოფილა ისეთი ერს და ბერს ერთად რომ ჰყვარებოდა. უცნაურია 23 წლის მანძილზე ჩვენმა უპირველესმა გუნდმა თვრამეტი მწვრთნელის დახურდავება მოასწრო, მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანიის ნაკრებმა ოდენ რვა მწვრთნელი გამოიცვალა.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი
No comments:
Post a Comment