Monday, November 19, 2012

სირცხვილის ღამე სოფიაში

... მახსოვს ტელეზორთან ვიჯექი და სიბრაზეს ზიზღი ცვლიდა და პირიქით. ბევრჯერ ყოფილა რომ ჩვენი ნაკრების ბედოვლათობის გადამკიდე მინანია, რომ თამაშს ვუყურე. იმ დღეს კი საშინლად ვინანე. ვინანე არა ის, რომ იმ დღეს ფეხბურთს ვუყურე, არამედ ის, რომ საერთოდ ფეხბურთი მიყვარდა. ვიფიქრე ფეხბურთის ყურებისათვის საერთოდ თავი დამენებებინა, არადა როგორი საქმეა ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდა, როდესაც ნაკრების წევრები დინამოს ”გარევოიზე” დასდევდნენ ბურთს. 

თუ შეიძლება ქართული ფეხბურთის სირცხვილის დღე არსებობდეს ამ ქვეყნად, ეს დღე 2009 წლის 14 ოქტომბერს უნდა აღინიშნოს. იმ დღეს ჩვენი ნაკრები ყველაფერს ჰგავდა გარდა გუნდისა, გარდა მონოლითური სხეულისა, რომელიც ერთი მიზნისკენ მიიწევს. იმ დღეს ბიჭები ზოგი უქეიფოდ იყო და ზოგიც საქეიფოდ. ნაკრები უხასიათოდ ჩავიდა სამეზობლოში. შესარჩევის ბოლო თამაში იყო. ბოლო ადგილიც გარანტირებული გვქონდა და ზოგი ფეხებს მოუფრთხილდა, ზოგმა იცოდა რომ ეს თამაში მაინც არაფერს შეცვლიდა და ნახევარი ძალით ითამაშა. ზოგი საერთოდ სტადიონზე იდგა. ბიჭებმა ისიც იცოდნენ, რომ ჰექტორ რაულ კუპერი ნაკრებში ბოლო მატჩს ატარებდა და გუნდს ემშვიდობებოდა. ჭავჭავაძის პროსპექტზე სეირნობას და ”სეგაფრედოს” კაპუჩინოს მოყვარული მწვრთნელი, გუნდმა ჩაუშვა. ჩაუშვა  უნამუსოდ და ბოლომდე, ისე რომ უკან არ მოუხედავთ. ასეთი თამაში, ბოლოს მაშინ ვნახე, სკოლაში მეხუთეკლასელები მეათეკლასელებს, რომ ვეთამაშებოდით. გადაგვივლიდნენ, გადაგვჯეგავდნენ ხოლმე უფროსები.


ასე გადაგვჯეგეს ”ვასილი ლევსკიზე ”ბულგარელებმაც. მათთმა ვარკვლავმა დიმიტარ ბერბატოვმა ჰეთთრიკი შეგვისრულა, პეტროვმა ორი გოლი გვაკმარა, ერთიც ანგელოვმა დაგვიმატა და ის დღე დამაწყევლინა, როდესაც ქართული ფეხბურთი შემიყვარდა. 

წლების მერეც კი იმ თამაშს არავინ იხსენებს. მისი მონაწილეებს კი ამ თამაშის გახსენებისას სხვა თემაზე გადააგვთ საუბარი. მთელმა საქართველომ ჩვენს სირცხვილს ტელევიზორთან უყურა. მაგრამ უფრო დიდი სირცხვილი თამაშის მერე გველოდა ... საბედნიეროდ ის სირხვილი მასას არ უნახავს მაგრამ ... საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი კიდევ უფრო პატარა ადგილი და აქ ყველამ ყველაფერი იცის ... 

სირცხვილის მეორე სერია თამაშის მერე დაიწყო. 6-2 მარცხის მერე ბიჭებმა დარდის გაქარვება სცადეს და ზოგი სტრიპტიზ კლუბს, ზოგიც კი დისკოთეკას შეესია. იმ ღამეს თბილისში გამოსამგზავრებლად ძლივს შეიკრიბა გუნდი. ბიჭებს ხან სად ეძებდნენ და ხან სად. 

იმ ღამეს სასტუმროში ერთ-ორ ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ ლევან კობიაშვილი დარჩა. თანაგუნდელებისადმი მისმა თხოვნა, თავი შეეკავებინათ ”დარდების გაქარვებისაგან” ამაო გამოდგა. პროფესიონალი პრაფანებთან ვერაფერს გახდა. 

ნაკრებმა ისტორიის მორიგი შავი ფურცელი გადაშალა. გადაშალა წყნარად, ისე რომ წარბიც არ შეუხრია. ნაკრების ფოიეში გაოგნებული ჰექტორ რაულ კუპერი და მისი ხუჭუჭა ასისტენტი იჯდა. კუპერი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ვერაფერი გაეგო ...

ნაკრები გველის პერანგივით მორიგ მწვრთნელს იცვლიდა. თბილისში 15 ოქტომბრის დილა თენდებოდა. ჩვენი დამარცხებული ბიჭები დარდს სოფიის დისკოტეკაზე იქარვებდნენ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი      

No comments:

Post a Comment