Thursday, November 8, 2012

ქვემო ქართლის მბრძანებელი

დიახ, ქვემო ქართლის მბრძანებელი და მამამთავარი, რომელმაც სამყაროს ცენტრად მის ცნობიერებაში ქვემო ქართლი აირჩია, საფეხბურთო მადაც გაეხსნა და გადაწყვიტა "ოლიმპთან" ერთად ოლიმპოზე ასულიყო. მთავარი იყო დასახული მიზნისთვის მიეღწია, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას რა ხერხებით და ოინებით შეძლებდა. ხმაურიანად დაიწყო ის სეზონი "ოლიმპმა", დაიმატეს ძლიერი ქართველი ფეხბურთელები, ლეგიონერების ნაკადიც წამოვიდა, აკინოს ფრაგა მოჰყვა უკან, ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო. 2009-2010 წლების სეზონზე მაქვს საუბარი. კონტურები ისე გამოიკვეთა, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, კირკიტაძეს და მის კოლექტივს ზესტაფონი უნდა გადაღობებოდა; "დინამოც" საბრძოლოდ იყო მომართული და არც "ვიტ-ჯორჯია" გამოიყურებოდა დღევანდელივით. საბოლოოდ საქმე ისე წავიდა, რომ დავითს უნდა აეღო ხელში სკიპტრა და მოქმედება დაწყო. ყველაფერი მშვენივრად გათვალა - რეგიონის წინამძღოლს ბოლნისის "სიონის" მიმხრობა არ გასჭირვებია. დიმა სანაკოევთანაც გამონახა საერთო ენა და "სპარტაკიც" დაიმეგრობა ცხინვალიდან. სამეგრელოში კოლეგამ "ბაია" დაახლოვებინა და ყველაფერი რიგზე დადგა. 


ამ ამბებამდე, ამ ყველაფრის გაკეთება რამდენიმე ფაქტორმა აიძულა. რუსთავის სტადიონის რემონტის გამო, კლუბი ბოლნისში ასპარეზობდა. ერთ-ერთ ტურში ცხინვალის "სპარტაკს" ხვდებოდა "ოლიმპი" და საქმე ისე წავიდა, რომ 3 ქულა არ ჩანდა. ჰოდა, ყოვლისშემძლე ბრიუსი, ბრიუსი კი არა კირკიტაძე მოედანზე გადახტა და ერთი-ორი შეიგინა. ვიღაცეებს სახეშიც შემოარტყა და ვითარება განმუხტა. მერე გორში აგებდნენ "სპარტაკთან" თამაშს. არც აქ დაუხევია უკან, შესვენებაზე სულ ორი წუთით გაიელვა გასახდელების წინ, მასპინძლებს ესტუმრა. მალე მშვიდად გამოვიდა გასახდელიდან და რუსთავში სამი ქულით დაბრუნდა გუნდთან ერთად. ზუგდიდთანაც არ ჰქონია პრობლემები მის გუნდს. იმ გუნდებთან კი, სადაც მეგობრობა და ძმაკაცობა არ ჭრიდა არბიტრები ერთვებოდნენ საქმეში. სასაცილო იყო - გუნდის ბომბარდირ აკინოს გატანილი გოლების გამომსახველ რიცხვის გვერდით ფრჩხილებში იმდენი დარტყმული პენალტი ეწერა, რამდენიც (როგორც გია გორგოძემ ერთ-ერთ გადაცემაში დაითვალა) სხვა გუნდებს ერთად აღებულს არ ჰქონდათ დარტყმული. 


ყველაზე სასაცილო ბოლნისში გამართული "ოლიმპი"-"ზესტაფონი" იყო. იმდენი სამარცხვინო პენალტი "გამოიმუშავა" "ოლიმპმა" და ისე სამარცხვინოდ მოიგო ის მატჩი, რომ თამაშის მერე რამდენიმე რუსთაველ ფეხბურთელს ეტყობოდა სახეზე სიმორცხვე და მორიდება. ერთი წრის თავზე, ზესტაფონში იბურთავეს გუნდებმა. წინ გაიჭრა "ოლიმპი". ზესტაფონმა მასიურად შეუტია და რუსთაველთა სტაფის ყოჩმა იური გაბისკირიამ ბურთი გადააგდო მოედანზე და თამაში საკუთარი ინიციატივით შეაჩერა. ამ ამბავს დიდი ცემა-ტყეპა მოჰყვა და იურისაც მოხვდა ერთი-ორი მუშტი ამაყად მომზირალ სახეში (მგონი ალალიც იყო). 

საბოლოოდ ასე "ლამაზად" ავიდნენ კირკიტაძე და მისი გუნდი ოლიმპოზე. პირველობა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაზე მიმართეს ძალები. ოღონდ იქ რატომღაც არც საყვარელი გუნდები დახვდათ და არც სიმპათიით განმსჭვალული მსაჯები და ყაზახურმა "აქტობემაც" საშინელი სილა გააწნა ჩვენს ჩემპიონს. 

მერე ხმა გავარდა, ფეხბურთზე გული აუცრუვდაო. ერთი ფეხბურთელი მიყვებოდა, ვარჯიშზე მოვარდა - "თქვენ არაფრის ღირსი არა ხართ, აღარ ვაპირებ გუნდის შენახვასო". ქუდი დაიხურა, ტაიმ-აუტი აიღო და საფეხბურთო ჰორიზონტიდან მიიკარგა. თუმცა შარშან აღსდგა ფენიქსივით. "come back"-ი გააკეთა ზამთარში. ახლა უკვე "მეტალურგთან" ერთად. დომენტი სიჭინავას ფენომენალურ ჩემპიონატის სისტემას უცებ აუღო ალღო, მაგრამ ძველი ნაცნობები "სიონი" და "სპარტაკი" აღარ დახვდა, მაგრამ ამჯერად "მერანი" შეიამხანაგა, "ბაიაც" აქ იყო და არც გორის "დილასთან" გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა. კირკიტამაც თავიდან გაიწია ძველი მიზნისკენ. "დილას" ისეთი თამაში მოუგო, მატჩის შემდეგ მრავლისმნახველი გორელი გულშემატკივრები ამბობდნენ "ჩაწყობილი თამაშები, როგორ არ გვინახავს, მაგრამ ცოტა უკეთ დაედგათ ეს ყველაფერი აჯობებდაო". მარტვილში "მერანი" იგებდა "მეტალურგთან", მაგრამ ჰოი საოცრებავ, მატჩის ბოლოს რუსთაველები წინ გაიჭრნენ და სამი ქულა აიღეს. ზუგდიდთანაც ოფლისღვრის გარეშე მოიპოვეს სანუკვარი ოქროს ქულები, მაგრამ შარშან მაინც ზესტაფონში ჩავიდა ოქროს მედლები და გულდათუთქული გუბერნატორი ისევ თავის ნიჟარაში შეიკეტა. შარშან გუბერნატორს ქართული ფეხბურთის ნათლიმამა ედგა გვერდით. ხო, ბუბა ტყავაძეზე ვამბობ, სპეტაკი წარსულის მქონე ტყავაძეზე, ახლა "დინამოსთან" ერთად რომ მიიწევს ჩემპიონობისკენ. 

მოკლედ კირკიტაძე კვლავ დაგვშორდა ცოტა ხნით. ღმერთმა არ ქნას წამოუაროს და კვლავ გადაწყვიტოს ფეხბურთში დაბრუნება თორემ ... 


სრდიან ლაკიჩი

No comments:

Post a Comment