სტერეოტიპი ნამდვილად არაა ის, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. მართლაც და ამ პატარა ქვეყანაში უამრავ სფეროში წააწყდები ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს. გამონაკლისი არც ფეხბურთია. ბევრი ტალანტი დაბადებულა და ალბათ კიდევ დაიბადება. საქმე ისაა რამდენი ითამაშებს აქედან დიდ ფეხბურთს, რამდენი ავა საფეხბურთო მწვერვალზე და იქიდან გადმოგვძახებს - ”მე ეს შევძელიო”. ყიფიანიც გვყოლია, მესხიც და დარასელიაც ამ მადლიან ადგილზე დაიბადნენ და აქ ეზიარნენ დიდ ფეხბურთს. უნარი, შრომა, ვარჯიში, მონდომება და მათ ეს შეძლეს ... დღეს ქართულ ფეხბურთს უჭირს, ვერა და ვერ წამოიდგა წელი, გამოჩნდება ვიღაც ნიჭიერი მობურთავე, ყველა გაიცნობს, გააღმერთებენ, იმედებს დაამყარებენ, თუმცა ... შეუჩნდება ეშმაკი და აღარ ცდილობს წინსვლას. მათი მონდომება და მომავალი მკერდსავსე გოგოზე, აიფონზე და ძვირადღირებულ მანქანაზე ჩერდება. დავაბრალოთ ეშმაკს, სულ მისი ბრალია ეს ჩვენი პატარ-პატარა ბიჭები არასრულფასოვან ფეხბურთელებად რომ გრძნობენ თავს ზემოთჩამოთვლილი რეგალიების გარეშე. მეფეს კი სჭირდება გვირგვინი, ტახტი და სკიპტრა მაგრამ ესენი იმ ყველაფრის გარეშე ვითომ ვერ გაძლებენ? ამას წინათ ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ვიყავი და მწვრთნელს ველაპარაკებოდი. საუბარმა ერთ-ერთი ფეხბურთელის გვარი მოიტანა. სულ ხელფასზე წუწუნებს არადა წელიწადში 100,000-ს იღებდა და არ არის პატარა თანხაო. შეეძლო ეს თანხა სეზონზე გადაენაწილებინა, ამან კი დასაწყისშივე მოითხოვა 50,000. ნაქირავებში ცხოვრობდა ოჯახით, ვიფიქრეთ ალბათ ბინისთვის უნდა, ეს კი მეორე დღეს ვარჯიშზე ახალთახალი მანქანით მოგვადგაო.
უკვე მერამდენი სატრანფრო ფანჯარას ველით იმის იმედით, რომ ანანიძე ”სპარტაკს” თავს დააღწევს, ჭანტურია გონს მოეგება და ფეხბურთელივით ცხოვრებას მიეჩვევა, იქნებ უკრაინაში თამაშიც არ იყოს ქართველი ფეხბურთელების ოცნება.
ვუყურებ ოქრიაშვილის და თარგამაძის თამაშს და მიხარია, აზროვნებენ, ფინტაობენ, ლამაზად თამაშობენ და მეტიც შეუძლიათ, მეტსაც იმსახურებენ, თანაც ”ილიჩოვეცზე” ბევრად მეტს ...
ახალგაზრდული ნაკრების წევრს ვესაუბრე ამას წინათ სამომავლო გეგმებზე. ”ევროპისკენ მინდა წასვლა, აქ არაფერი არ არის, იქ კი ისე გაერთობი და იმდენი კლუბია სათვალავი აგერევაო”. წავა, როგორ არ წავა და კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს დაკარგავს ქართული ფეხბურთი ასე მგონია. თუმცა სამწუხაროდ ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ფეხბურთი მართლა სამსახურია და მუხლჩაუხრელი შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო. ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ფეხბურთელებმა, როგორც ეს გერმანიიდან ზესტაფონში ჩასულმა პატრიკ მილხრაუმმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში: ”გერმანიაში ფეხბურთი უფრო მეტად სამსახურია, აქ კი უფრო თამაშიო”. ჭანტურია ტალანტი იყო, ბიჭი ”ბარსელონაში” აწონებდა თავს მწვრთნელებს ... დღეს არნემშია, სახლის კართან მეზობლები განცხადებებს უტოვებენ, ღამე თუ ხმაურს და ჩვენს შეწუხებას გააგრძელებ, იძულებული ვიქნებით პოლიციას გამოვუძახოთო. შე დალოცვილო, ყველა გვერდით გიდგას, ნაკრებში გეძახიან, კარგ გუნდში თამაშობ, ხელფასი არ გაკლია, მანქანა თუ სახლი, ოჯახი არ გაწევს ზურგზე და რა გევალება გარდა ფეხბურთის თამაშისა? ითამაშე და ჩადე ყველაფერი თამაშში. თუმცა არ უნდა ეტყობა. ამას წინათ ”ვიტესის” ფორუმზე ერთ-ერთი იქაური გულშემატკივარი წერდა: ”I would be so happy if he leaves. He messes up everything. He does not grow up. Acts like a child.”
ჰოდა, ვუსურვოთ ჩვენს მომავალ იმედებს, რომ გაიზარდნონ, საფეხბურთო ჭკუა და გონება მოემატოთ, ბავშვებივით აღარ მოიქცნენ, იშრომონ და შედეგიც აუცილებლად მოვა ...
Андрей Порошин
No comments:
Post a Comment