ერთ ქართველ მსაჯზე მითხრეს, მაგარი ფეხბურთის თამაში შეეძლოო, არავინ იცნობდა. რაიონიდან ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიაკითხა და მსაჯობის მსწავლელთა შორის ჩაეწერა.
სავალდებულო ცნობები უმალ წარადგინა და სწავლასაც შეუდგა. მალე ითვისებდა ყველაფერს, მსაჯთა მარაქაშიც იოლად გაერია და ერთ-ერთი სეზონისწინა შეკრებისას ”ფარული ნიჭიც” აღმოუჩინეს. დილა-საღამოს ვარჯიშებს შორის მსაჯებმა ორკარას თამაში გადაწყვიტეს და ...
ჩვენი წერილის გმირის ”ამბავი საგმირონიც” უმალ გახმაურდა. აუკლია იქაურობა. მართალია, არაპროფესიონალებში, მაგრამ მაინც საქმე იყო: ყველა მასზე ლაპარაკონდა ...
ცხადია, ფედერაციაშიც გაიგეს ეს ამბავი. ერთადერთი, რაც შემაფერხებელი იყო, აწ უკვე მსაჯის ასაკი - 25-ს გადაშორებოდა, თუმცა იმდენად სწრაფი და საინტერესო მოთამაშე გამოდგა, რომ ლამის რიგი დაუდგა - მსაჯობას შეეშვი და ფეხბურთი ითამაშეო. უარზე იდგა. ოჯახი მშიერი მყავს, რა დროს ჩემი ფეხბურთია, მუშაობა და ხელფასი მინდაო. უარმა გაჭრა. აღარავის შეუწუხებია ...
დღესაც უნდა მსაჯობდეს. არ ვიცი, ნანობს თუ არა გადაწყვეტილებას. მსაჯობა ზოგადად ძნელი საქმეა და აბა, წარმოიდგინეთ, მით უმეტეს რამდენად ძნელია ეს საქართველოში. თუმცა არამგონია, მას ეს არ სცოდნოდა და რახან ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, ესე იგი, უღირდა ... ესე იგი, უჭირდა ...ესე იგი ...
ფრანკ დე ბლეეკერე |
... რამდენიმე დღის წინ თბილისში ფრანკ დე ბლეეკერე ჩამოვიდა. ცნობილი ბელგიელი მსაჯი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, ჩემპიონთა ლიგის თუ რაგინდარა მაღალი დონის მატჩების განმსჯელი კაცი. სიმპათიური, ჰოლივუდური გამომეტყველებით და ევროპული იუმორით. წლების განმავლობაში ემსახურა ფეხბურთს, ჟინიც მოიკლა და, რომ იტყვიან, ცხოვრებაც მოიწყო. აკეთა ის საქმე, რაც უყვარდა ... ახლა უეფას დელეგატია, ისევ ფეხბურთში ტრიალებს ...
ძალიან უკიდურესი წერტილებია შესადარებლად სად ეს და სად ის ...
მაგრამ ...
ქვეყნებს, გარემოს, შეგნებას, მსოფმხედველობას, აზროვნებას, მენტალიტეტს შორისაც დიდი უკიდურესობებია - სად ჩვენ და სად ისინი ...
ფუტ ბოლი
No comments:
Post a Comment