დიდუბეში, მაუდ-კამვოლის ქარხნის მოედანზე (”სუკონკად” წოდებული) თელავის კახეთი შსს აკადემიას ხვდებოდა. ის მახსოვს, რომ შსს აკადემიას მოგება სჭირდებოდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, ხოლო თუ ვერ მოიგებდა, წნორის ”მილანი” ”შეასწრებდა”. თელაველები ცხრილის შუაში იყვნენ, მაგრამ შეასკდნენ მეტოქეს და 0:0 ითამაშეს.
ვინ თქვა, კახელებმა ნაკლებად იციან ერთმანეთის გვერდში დგომაო ... იმ თამაშში პირველად ვნახე ალეკო ამისულაშვილი. 16 წლისა იყო, მაგრამ მაშინაც ზორბა და ჯანიანი, მოძრავი, ჰაერში გაწვართული. თუმცა უფროსმა გულშემატკივრებმა უფრო დამამახსოვრებინეს: ”შეხედე, რა ბიჭია, ბრძოლას არ აგებს. ჯერ 16 წლისაა. მაგას თელავში დიდხანს ვინ გააჩერებს ...”
ამისულას ორი კარიერა აქვს. კარგად დაწყება, ჩავარდნა და შემდეგ ისევ აღმასვლა - ეს სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონიათ, მაგრამ ამ თელაველმა ბიჭმა მკაფიოდ განიცადა პროგრესი და რეგრესი. ის დღესაც ემადლიერება კახა ცხადაძეს, რომელმაც უკრაინაში კარიერაარეული ამისულაშვილი თბილისის ”დინამოში” ჩამოიყვანა და ენდო. შემდეგ იყო ”შინიკი”, ნალჩიკის ”სპარტაკი”, ”ქაისერისპორი” და ახლა ”კრასნოდარი”. ყველა ამ ჩამოთვლილ გუნდში, ალეკო ლიდერი იყო - დაცვის სული და გული, ”მისტერ საიმედოობა”.
ამისულას ბევრი აწყენინეს. ვის არ ეხსომება, რომ ექტორ კუპერის დროს ნაკრებში ერთხელაც არ გამოუძახებიათ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, სამაგიეროდ, რამდენიმე საეჭვო დონის ფეხბურთელს ჩამოვთვლიდით იმ გასაწყლებულ, მოგებაუნახავ ნაკრებში? არაერთს.
ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვხედავთ, რა ძალას წარმოადგენს ეს კაცი. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მე ვერ ვიხსენებ მის მკვეთრ შეცდომას, ”ჟილკის” ნაკლებობას. ხარივითაა.
სულ მიდის გარჩევა ნაკრების ფეხბურთელთა პოზიციებზე, ”A-ს ნაცვლად B სჯობს", ”იმას ეს მირჩევნია”, მაგრამ არასოდეს ეჭვქვეშ არავის დაუყენებია ამისულაშვილის კანდიდატურა - ის ამ ფორმაციის გუნდში შეუცვლელია და ასე მგონია, ჩვენზე ბევრად ძლიერ ნაკრებშიც უალტერნატივო იქნებოდა.
საწყენი მხოლოდ ესაა: ისე მოხდა, რომ თელაველმა ბიჭმა სულ პერიფერიული კლუბები მოიარა. ერთადერთი, კიევის ”დინამოში” იწყებდა და იქაც არ ენდნენ, არ აცადეს.
მინდორს მიღმა მშვიდი კაცია. დინჯი თელაველი. ტაქტიანი და ზრდილობიანია, ეგაა, ბევრს არ ლაპარაკობს.
არ ვიცით, იწყინა თუ არა ქეცბაიას გადაწყვეტილება, რომელმაც ზურა ხიზანიშვილს კაპიტნობა ჩამოართვა და ჯაბა კანკავას გადასცა. ”ხიზანას” შემდეგ, ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი ხომ სწორედ ამისულაა. რომც სწყენოდა, ხმამაღლა არ იტყოდა, რადგან პარტნიორს ჩრდილს არ მიაყენებდა.
აი, ქეცბაიას სიტყვები (”ფეხბურთელები არ მყავსო”) კი გულზე მოხვდა და კარგადაც უპასუხა - ”აბა პარიკმახერები ვართო?”
ამისულა არასოდეს აკეთებს მკვეთრ განცხადებებს ”იქ გასვლაზე”, ”მთების გადადგმაზე”, არც საკუთარი თავის აფიშირება უყვარს და ასე მგონია, ცოტა დაუფასებელი კაცია. რაღაცნაირად სინანულით თქვა გულშემატკივართა მიერ წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოკითხვის თაობაზე - ”სიაში ანბანით პირველზე ვწერივარ, მაგრამ ხმების რაოდენობით ბოლოზე ვარო ...”
ის არაა ხმაურიანი კამპანიის სული და გული. ერთი წყნარი, მორიდებული, დინჯი თელაველი კაცია.
”ხარება და გოგიაში” ძიას პერსონაჟს შევადარებდი.
კოლო ტურაშვილი
ის არაა ხმაურიანი კამპანიის სული და გული. ერთი წყნარი, მორიდებული, დინჯი თელაველი კაცია
ReplyDelete========================
ჰოდა ამიტომ ვაფასებ ამ კაცს....
J A N O
ReplyDeleteმადლობა კომენტარისთვის.
ნამდვილად დასაფასებელია ამისულაშვილის სტაბილური ასპარეზობა და გამიხარდება, თუ ამ წერილით მიზანს ოდნავ მაინც ვუწიეთ.
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი