Friday, November 23, 2012

კაპიტანი

ასე მგონია ყველაზე მეტად აქ უნდა გვიჭირდეს. ყველაზე მეტად ეს უნდა იყოს ჩვენი პრობლემა. ფარას ყოჩი ჭირდება. ისეთი ყოჩი, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, რომელიც ძვლებს დადებს მინდორზე და იგივეს მოითხოვს თანაგუნდელებისაგან. რომლისთვისაც სულ ერთი იქნება ვინ დგას მის წინააღმდეგ ხავი, ინიესტა თუ დიამ ბობო ბალდე. რომელიც თუ საჭირო გახდა მწვრთნელთანაც შევა და სათქმელის თქმას არ დაამადლის. რომელიც საფინალო სასტვენის მოლოდინში არ შეეცდება ვთქვათ ტიერი ანრისთან ახლოს დადგეს, რადგან მისი მაისურის დათრევა არავინ დაასწროს. ისტორიამ დაამტკიცა მორიდებული კაპიტანი ვერ ვარგობს. კაპიტანი ისეთი უნდა იყოს ვინც ავტორიტეტი იქნება მოედანზე და მის მიღმაც, ვისაც არაფერი შეეშლება და ვის სიტყვასაც ფასი ექნება. 

რუსეთთან თამაშის წინა ღამე იყო, ივო შუშაკმა შემადგენლობა გამოაცხადა. გამოცხადება უტრირებულად ნათქვამია. თვრამეტი ფეხბურთელის სია დიღმის საწვრთნელ ბაზის განცხადებების სტენდზე გამოაკრეს. მაშინ ჩვენს ნაკრებში შემსრულებლები არ ჭირდა და ქართველთა ხორვატიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა გუნდის მთავარმეგოლე ძირითადში არ დაეყენებინა. ამ ამბავმა და როგორც თავად ამბობს, იმან რომ გადაწყვეტილების შესახებ სტენდიდან შეიტყო მთავარმეგოლე ისე გააბრაზა, რომ ბარგი შეკრა და ბაზიდან წავიდა. ლამის მაიაკოვსკის ძეგლამდე სდია მას იმ დროს ჩვენმა კაპიტანმა. მთავარმეგოლე სიტყვას არ გადავიდა და შეკრება უკანმოუხედავად დატოვა. ფაქტია კაპიტანი ავტორიტეტი ვერ აღმოჩნდა. ყოჩმა ვერ იყოჩა. მას გადაახტენენ. 


ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა ნაკრებში. ნაკრების კაპიტნები უთქმელი ბიჭები იყვნენ. ხშირად ისეთები რომელიც თავად კი იბრძოდნენ, მაგრამ თანაგუნდელებს ამას ვერ ან არ სთხოვდნენ. ჩვენს ნაკრებს კი სწორედ ასეთი, მომთხოვნი კაპიტანი სჭირდება. კაცი რომელიც ოლივერ კანისა არ იყოს დაბნეულ, დამდგარ და ხელჩამოშვებულ თანაგუნდელებს გადარეული დაუძახებს: ”ყვერები არ გაქვთ? რას დადედლებულხართო”.

ასე მგონია ნაკრებს არასოდეს ჰყოლია მსგავსი კაპიტანი და აქ უნდა გვიჭირდეს სწორედ. ნაკრებს არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც უპირველეს გუნდში გაურკვეველი წარმოშობისა და კვალიფიკაციის ფეხბურთელების მოწვევასა და თამაშს მთავარ მწვრთნელთან გააპროტესტებდა. 

გარედან ისე სჩანს რომ კაპიტანი გარკვეულწილად ვალშია მთავარ მწვრთნელთან. ამიტომაც იყო და არის მახინჯი ფორმა კაპიტანის დანიშვნა მთავარი მწვრთნელის მიერ. ამიტომაც იყო არასწორი, სულ ახლახანს  ქეცბაიას მიერ კაპიტნების დანიშვნა-გაშვება. კაპიტანს ვერავინ უნდა აკადროს ის რომ დანიშნონ. კაპიტანი არ ინიშნება, კაპიტანმა საკუთარი თავი თავად უნდა დაინიშნოს. 

აგერ 23 წელია ჩვენს ნაკრებს არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც გასახდელში ლიდერი იქნებოდა, რომელიც თამაშის წინ მოკლედ იტყოდა: მორჩა, გავდივართ! და აიყოლიებდა ყველას თანაგუნდელებს, გულშემატკივარს, მწვრთნელს. არ ჰყოლია კაპიტანი რომელსაც ზედმეტად გახუმრებასაც ვერავინ გაუბედავდა. არ ჰყოლია კაპიტანი რომელიც მოშლიდა ზღვარს ამ ე.წ. ”სტარიკებსა” და ”ნავიჩოკებს” შორის. არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც ”კარენოი” თბილისელ ბიჭს ზუგდიდელ ბიჭის დაცინვის უფლებას არ მისცემდა. არ მისცემდა უფლებას ნაკრების შეკრებაზე ქუთაისიდან ჩამოსული გუნდელი, მთელი შეკრება იმის გამო აეგდო აბუჩად, რომ შეკრებაზე იგი პიჯაკ-შარვაში გამოწყობილი გამოცხადდა. ასე მგონია ჩვენს ნაკრებს კარგ მწვრთნელზე მეტად სწორედ კარგი კაპიტანი სჭირდება. ისეთი კაპიტანი, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ასე მგონია ამ ნაკრებს როი კინის მსგავსი კაპიტანი უფრო უშველის, ვიდრე ჟოზე მოურინიოს დარი მწვრთნელი. კაპიტანი რომელიც თამაშის წინ იტყვის: მორჩა, გავდივართ! და ძვლებს დადებს მოედანზე. კაპიტანი რომელსაც ვერავინ შეჰბედავს ზედმეტს და მთავარი მწვრთნელი თავის შეხედულებისამებრ ვერ გადაირჩევს. არჩევანი რომ იყოს, მე კარგ მწვრთნელზე მეტად კარგ კაპიტანს ვინატრებდი. 

ეს ამბავი მანჩესტერ იუნაიტედში მოხდა. გუნდი ”ნოტინგემ ფორესტთან” გასვლითი თამაშის მერე, რომელიც ფრედ 0-0 დასრულდა, სასტუმროში სადილობდა. სასადილო ოთახში მარტო მანჩესტერელები ისხდნენ. კედელზე გაკრულ პლაზმურ ტელევიზორზე როი კინი რაგბს უყურებდა. ცოტა ხნის მერე წამოდგა და ტუალეტში გავიდა. გუნდში ახალგადასულმა უეინ რუნიმ პულტს ხელი დაავლო და ტელევიზორი გადართო. სხვა არხზე ”X-factor” გადიოდა. პულტი კი ჯიბეში ჩაიდო. 

ცოტა ხანში როი კინი ტუალეტიდან დაბრუნდა და როდესაც ეკრანზე გადაცემის წამყვანის სახე დაინახა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა: 

- ”ვინ გადართო? სად არის პულტი?” - იკითხა მან და თვალი სასადილო ოთახს მოავლო. არავის არაფერი უთქვამს. ყველამ მისი მზერის არიდება სცადა. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ დანა-ჩანგლის წკარუნის ხმა ისმოდა. 

- ”თუკი არავინ იცით და არც ამას უყურებთ, მაშინ გამოვრთავ.” - განაგრძო მანჩესტერელთა ყოჩმა. ხმა არავის ამოუღია. 

როი გამომრთველთან მივიდა და ტელევიზორის ჩამრთველი გამოაძრო. ყველანი საშინელ გუნებაზე იყო და მალე დაიშალნენ. შუაღამისას უეინის კარზე კაკუნი გაისმა. კართან უსაფრთოების ოფიცერი იდგა. 

- ”როიმ გამომგზავნა, გთხოვა ტელევიზორის პულტი დააბრუნო”. 

რუნიმ უსაფრთხოების ოფიცერს პულტი გადასცა და მოუთმენლად დაელოდა რა მოხდებოდა მეორე დღეს ვარჯიშზე. მეორე დღეს ვარჯიშზე როის სიტყვაც არ დასცდენია. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

2 comments:

  1. მცირე გამოხმაურება ამ პოსტზე: http://borbolia777.wordpress.com/2012/11/24/captain/

    ReplyDelete
    Replies
    1. ძალიან საინტერესო სტატია და საინტერესო ბლოგია. დიდი მადლობა ამ ბმულის მოწოდებისთვის.

      Delete