Wednesday, December 19, 2012

ილია III და ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ზესტაფონში



პოლიტოლოგია სოციოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი დარგია. ის მმართველობას შეისწავლის. შეისწვალის ხელისუფლების შტოების მუშაობას და თანაარსებობას. მარტივი სიტყვებით რომ ითქვას, ძველი საბერძნეთიდან დღემდე მმართველობის სამი სტილი არსებობს: 1. ქვემოდან ზემოთ; 2. ზემოდან ქვემოთ; 3. ქვემოდან ზემოთ და პირიქით. 

პირველ შემთხვევაში ხალხი მმართველს 4-5 წლით ირჩევს და ამ დროის მანძილზე ხალხს ხმის ამოღების უფლება მაშინაც კი არ ააქვს, მმართველმა სულ რომ ქვეყანა დააქციოს. სხვანაირად ამ მმართველობას ავტოკრატია ჰქვია და, შორს არ წავალ - ჩვენს სამეზობლოში გავრცელებული სენია. 

მეორე შემთხვევა, ძვირია მაგრამ იდეალური. მმარველს 4-5 წლით კი ირჩევენ, მაგრამ ის ხალხის დაუკითხვად ნაბიჯსაც არ დგამს. ყველა საკითხზე ხალხის აზრს ითვალისწინებს და ასეთი ფუფუნების უფლებას დღემდე მხოლოდ შვეიცარია აძლევს საკუთარ თავს. 

მესამე შემთხვევა კი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშია გავრცელებულია. მმართველი ხალხს აზრს ეკითხება და მას არც კრიტიკასა და მწარე სიტყვებს აკლებენ. ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს და საკუთრების გრძნობა უჩნდება.  



******

მაკროეკონომიკა მონოპოლიის ტერმინს იცნობს. მონოპოლია რაიმე საგნის წარმოებისა და გაყიდვის იმ განსაკუთრებული უფლების დამყარებას ნიშნავს, რაც მხოლოდ ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს ეკუთვნის. 


******

ფეხბურთი მეცნიერება არ არის, მაგრამ მეცნიერება მის სამსახურშია. ფეხბურთი დეტალებისაგან შემდგარი ერთობლიობაა, რომლის ზედმიწევნით შესრულება აუცილებელია. ერთს არ გააკეთებ და მთელი ჯაჭვი ჩაიშლება და გაწეული შრომა წყალში შეიძლება ჩაიყაროს. 


******

კარგი მენეჯმენტი, ეფექტური მმართველობის სისტემის შექმნით ფასდება. სისტემისა სადაც "Check & Balance" სისტემა საათივით მუშაობს და შეცდომის დაშვების შესაძლებლობას არავის უტოვებს. 


******   

გასულ ორი კვირაა, ქართული ფეხბურთის ეპიცენტრი ზესტაფონი იყო. მოვლენები დავით მუჯირის გათავისუფლებამდე ბევრად ადრე დაიწყო და მუჯირი უბრალოდ შტრიხი იყო ამ ერთიან პორტრეტში. მუჯირს ”ზესტაფონში” ყოფნისას, ერთი ძალიან დიდი შეცდომა მოუვიდა. იქ და იმ ვითარებაში წინადადებას არ უნდა დასთანხმდებოდა. თუმცა ალბათ ცდუნებას ვერ გაუძლო. არა უშავს, ცხოვრებაა და ხდება ხოლმე ასე. მუმუ ახლა იწყებს და სამომავლოდ კარგი გაკვეთილია. პორტრეტის ყველაზე მსხვილი შტრიხი გასულ უქმეებზე, კლუბის პრეზიდენტის გულშემატკივართან შეხვედრა იყო. განსაკუთრებით პრეზიდენტის ერთ-ერთი უკანასკნელი ფრაზა დამამახსოვრდა: ”აქ ბევრ კრიტიკასა და მწარე სიტყვას ველოდი, მაგრამ მხოლოდ დიდი სითბო დამხვდა. რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობასო.” 


******

ამ ექვსიოდე წლის წინ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბორჯომს ეწვია. მაშინდელ ”ზესტაფონს” მოწინავე ექვსეულში შესვლა არ უჭირდა. მაშინ თამასა გაცილებით ზემოთ იყო. ”ზესტაფონმა” ”ბორჯომს” ვერ მოუგო და გასახდელში გუნდის კაპიტანსა და პრეზიდენტს შორის დიდი შეხლა-შემოხლა მოხდა. პრეზიდენტის კრიტიკაზე, კაპიტანმა და მეკარემ გრიგოლ ჭანტურიამ პრეზიდენტს პირდაპირ მიახალა ”ყველა თამაშს ჩვენ კი არა ”ჩელსი” ვერ იგებსო”. ამ ამბის მერე ჭანტურია დიდხანს ეძებდა გუნდს და სამართალსაც. 

შარშან ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი პრეზიდენტს შეხვდა და რამოდენიმე ფეხბურთელის შეძენა ითხოვა. პრეზიდენტი საკუთარი გუნდით კმაყოფილი იყო. ავსტრიაში ”ზესტაფონმა” ამხანაგური თამაშები ნორმალურად ჩაატარა. ჭიაბრიშვილმა პრეზიდენტი ვერ დაარწმუნა - ეს ამხანაგურებია, დაბალ სიჩქარეებზე გვეთამაშებიან და შედეგიც მაგის ბრალიოა. პრეზიდენტი შეუვალი იყო. ახალი ფეხბურთელების მოყვანის საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა ბაქოს ”ნეფტჩმა” სულ სხვა სიჩქარეები ჩაგვირთო და ....

*****

ზესტაფონში ფეხბურთის აღორძინება ილია კოკაიას უკავშირდება. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგი იმიტომ რომ ილია კოკაია რომ არა ალბათ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ის წარმატება რაც ამ პატარა იმერული ქალაქის გუნდმა მიაღწია. ცუდი იმიტომ, რომ კოკაია ფეხბურთში მონოპოლისტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ზესტაფონში ვერავინ გააკრიტიკებს და ამიტომაც სულაც არ გამკვირვებია, ამ უქმეებზე გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთმა გამომსვლელმა ილია კოკაიას ილია III რომ უწოდა ... მონოპოლია საზიზღარი თვისებაა და მონოპოლისტს დათვურ სამსახურს უწევს. გულშემატკივარი იძულებულია კრიტიკის ნაცვლად პრეზიდენტს ეფეროს - ვაიდა არ განაწყენდეს და საერთოდ არ მიატოვოს ეს სფერო... არადა ბოლო 9 წელია მსგავსი მუქარა არაერთხელ გაგვიგია. ეგ კი არა ზესტაფონის პრეზიდენტს ისიც კი შეუძლია საფეხბურთო ტური შეცვალოს. მერე რა თუ ამით შეიძლება რამოდენიმე გულშემატკივრის ინტერესი დაზარალდება. 


******

დიდ საფეხბურთო კლუბებს და კორპორაციებს ერთი კაცი არასოდეს მართავს. არ მართავს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ერთ კაცს ლეგიტიმაციის პრობლემა არ შეექმნას. დიდ კლუბებს საბჭო, ე.წ. ”board” ხელმძღვანელობს. სადაც რამოდენიმე კაცი იღებს გადაწყვეტილებას და შეცდომის დაშვების რისკიც შემცირებულია. ეს ის სისტემაა, სადაც პრეზიდენტს სითბოსთან ერთად ბევრი კრიტიკა და მწარე სიტყვის მოსმენაც უწევს. იქნებ და ამ კრიტიკის მოსმენით უფრო ადრე გაისმას ზესტაფონში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი.   


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Sunday, December 9, 2012

ქრონიკული თამაშგარე

ერთ-ერთი ყველაზე განათლებული სპორტსმენი - წლებია, დავით მუჯირს ეს "წოდება" აქვს საქართველოში. გულღია, პატიოსანი, მშრომელი ადამიანი - ფეხბურთიც უმაღლეს დონეზე თუ არა, საშუალოზე მაინც ითამაშა. ბევრი ვერ დაიკვეხნის მისნაირ კარიერას - "დინამო", "შერიფი", "შტურმი", "კრილია სოვეტოვი", "ლოკომოტივი", "სანფრეჩე ჰიროსიმა", "ზესტაფონი" ... ასაკობრივ თუ ეროვნულ ნაკრებებშიც არაერთი თამაში ჩაატარა. 

მოკლედ არა მგონია თავის კარიერით უკმაყოფილო იყოს ... 

ცოტა რომ გამართლებოდა, შესაძლოა ვარსკვლავებსაც წათამაშებოდა, მაგრამ ... იმდენად გულიანია, რომ ვიღაცების ბინძურ საქციელზე ბოღმას ვერ იტოვებს. არადა, როგორი საქმეა, ახალგაზრდა ბიჭს ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერს რომ ჩაგიშლიან ...

მუმუს თავისი ღირებულებები აქვს და ყოველთვის და ყველგან ცდილობს, თავის სიტყვას არ გადაახტეს. 

მას პირში წყლის ჩაგუბება არ უყვარს, სათქმელს ყოველთვის ამბობს და შესაძლოა, ამიტომაც ჰყავს ორპოლუსიანი აუდიტორია - ან უყვართ, ან არა. საშუალო ფენა თითქმის არც შემხვედრია. 

თუმცა ისიც სათქმელია, რომ "არა"-იანთნა კლუბის წევრები ძირითადად ისინი არიან, რომელთაც ზოგადად მწარე სიმართლის მოსმენა არ სიამოვნებთ. ისე, როგორც იყო ეს თემურ ქეცბაიასადმი მიძღვნილი ღია წერილისას. 

რა კარგი იყავ მაშინ ... 
ალბათ გახსოვთ, რა არ მოუგონეს მაშინ: შეკვეთა შეასრულაო, ფული გადაუხადესო, ვიღაცის საქმეს აკეთებსო ...

იმ დროს არავის გახსენებია, რომ მუმუ სულაც არ არის ფულზე დახარბებული კაცი. მან გაჭირვებისას 300 ლარიან ხელფასზე ითამაშა თბილისის "დინამოში" და იმაზეც უარს იყო, უბრალოდ, კონტრაქტში სავალდებულო იყო მინიმალური ხელფასის ჩაწერა. 

მუმუს არც მოსკოვის "ლოკომოტივის" ძვირფას კონტრაქტზე უარის თქმა გასჭირვებია, თუმცა რუსებმა ეს მისთვის მიუღებელი ბინძური ხერხებით სცადეს და პასუხმაც არ დაახანა - მუჯირმა სიმართლე რუსეთშიც ბოლომდე გაიტანა. 

კარიერის დასრულება საქართველოში გადაწყვიტა და შორეული იაპონიიდან ზესტაფონში გადაინაცვლა. სხვათა შორის, რუსთავის "მეტალურგიც" ეპატიჟებოდა იმხანად, მაგრამ ... 

"სახლში ვიქნებოდი თითქმის, თუმცა სიტყვა მაქვს ილია კოკაიასთვის ნათქვამი და ვერ მოვატყუებ" - მუმუმ სიტყვა შეასრულა.

სექტემბერში შანსი მიეცა - მწვრთნელობა შესთავაზეს. ასე უცაბედად მოედნის მიტოვება ალბათ არ უნდოდა, მაგრამ ეს ხომ შანსი იყო ... დათანხმდა ... არცთუ ურიგოდაც უძღვებოდა ახალ საქმეს და ... 

უნდობლობა ზუსტად იმ კაცისაგან იგრძნო, ვისგანაც ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდა: კოკაიამ გუნდი მწვრთნელის გაუფრთხილებდა დასაჯა, ფეხბურთელები მწვრთნელის გაუფრთხილებლად მოსწყვიტა ვარჯიშს, რამდენიმეს მწვრთნელის გაუფრთხილებლად აუკრძალა თავის გუნდში თამაში, ტურის მატჩი მწვრთნელის გაუფრთხილებლად გადაადებინა 12-თა საბჭოს, ეს გადადებული შეხვედრა მწვრთნელის გაუფრთხილებლად ჩაასმევინა რომელიღაცა სარეზერვო დღეს ... 

მუმუ უკვე აღარ იყო ფეხბურთელი, მაგრამ მას ქრონიკულ თამაშგარეს უფიქსირებდნენ ... ის ვერ შეეგუებოდა ამას ... ჰოდა წავიდა. 

ფუტ ბოლი  

Friday, December 7, 2012

ოლივერ კანი საქართველოში

ამ დღეებში ვირტუალურ სივრცეში ძალიან საინტერესო დისკუსია წავაწყდი. კითხვა მარტივად ჟღერდა - არის თუ არა საფეხბურთო ქვეყანა საქართველო? უმრავლესობის აზრით საქართველო საფეხბურთო ქვეყანა არ არის. მე პირიქით ვამტკიცებდი, რომ ქვეყანა რომელმაც ქინქლაძე, კალაძე და სხვანი და სხვანი შვა შეუძლებელია არასაფეხბურთო იყოს. აზრები გაიყო, უფრო არასაფეხბურთო ქვეყანა ვართო ამ აზრმა გაიმარჯვა. იმედები გადაიწურა და კუბოში ბოლო ლურსმანი ერთ-ერთმა იუზერმა ჩაარჭო: "რომელ საფეხბურთო ქვეყნობაზე გვაქვს პრეტენზია, როცა ქვეყანაში ერთი სპორტული გაზეთი გამოდის და ერთი საფეხბურთო გადაცემისმაგვარი კეთდებაო." არის ამაში ლოგიკის მარცვალი. 

გადასამოწმებლად დღეს ეს კითხვა ფეხბურთში ერთ-ერთ კარგად მცოდნე კაცსაც დავუსვი. ადრე რომ უმწვრთნელია, ფეხბურთელები გაუზრდია და ჩვენი საფეხბურთო მილეთი, რომ წესიერ კაცად იცობს ისეთს. მისი პასუხიც უარყოფითი იყო. ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა არ გვქვიაო. საფეხბურთო ქვეყნის შენებაში ყველამ თავის როლი უნდა ითამაშოს და თავისი ადგილი იცოდესო. 

ისევ იმ არგუმენტს დავუბრუნდები, პრესის და ტელეზიის როლზე რომ იყო. მიუხედავად ქვეყნის სიპატარავისა, ქვეყანა არ არის განებივრებული საფეხბურთო გამოცემებით და სატელევიზიო გადაცემებით. ხალხს ფეხბურთი არ შია და არც ის გრძნობა არის სადმე ჩვენ რომ მოხალისეობას ვუწოდებთ. არ არის ფეხბურთში მოხალისეობა, პრაგმატიზმა წალეკა ყველა და ყველაფერი. ფულის გარეშე ამ სფეროში თითქმის არაფერი კეთდება და ყველა გამორჩენაზეაო, ბევრისგან გამიგია. 

უცხოეთში ყოფნისას ორ რამეს ვაკვირდები. აჩერებენ თუ არა მანქანები და უთმობენ თუ არა გზას გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეებს და რამდენი წიგნების მაღაზიაა ქალაქში. რაც აქამდე მინახავს ამსტერდამი ორივე საქმეში ლიდერია. წიგნებიცაა და წიგნებიც... ყველაზე მეტად მაშინ შემშურდა, როდესაც ამსტერდამის წიგნის მაღაზიებში ფეხბურთელების ავტოგრაფიები ვნახე. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის საფეხბურთოებისა. ესეც განსაზღვრავს ალბათ რაიმეს. ჩვენში მხოლოდ ორი წიგნია გამოსული ფეხბურთზე: დათო ტურაშვილის ”მე რომ ფეხბურთელი ვიყო” და შოთა არველაძის ავტობიოგრაფია "გუშინ". ეს არის და ეს. დანარჩენი... ტყუილად არ ეძებოთ არც ერთ ენაზე ფეხბურთზე არაფერი დევს წიგნების მაღაზიაში. ალბათ ეს კიდევ ერთი მყარი არგუმენტია იმ ჰიპოთეზის განსამტკიცებლად, რომ საქართველოს საფეხბურთო ქვეყანა არ ჰქვია. 

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ყინული დნობას იწყებს და პირველი მერცხალიც ორშაბათიდან გამოჩნდება. ორშაბათიდან "ბიბლუსის" მაღაზიაში გამომცემლობა "არტანუჯის" მიერ გამოცემული ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფია დაიდება (სამშაბათიდან უკვე ყველა წიგნების მაღაზიაში იქნება). საქართველოს წიგნების მაღაზიაში გერმანიის ლეგენდა ოლივერ კანი იწყებს სტუმრობას, თავის ავტობიოგრაფიული წიგნით "ნომერი პირველი". ეს პირველი ნაბიჯია და ამას მეორეც მალე მოჰყვება. რაც მთავარია გათვალა ისე გაკეთდა, რომ წიგნი მეტ-ნაკლებად ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს.

კანი ის სპორტსმენია, რომელიც ბევრი მოზარდისთვის მისაბაძ მაგალითად იქცა. ”ტიტანმა” (როგორც მას ეძახდნენ) საკუთარი თავი თავად გამოძერწა.

ამონარიდი ოლივერ კანის ავტობიოგრაფიული წიგნიდან ”ნომერი პირველი”.





მარტოობა 
”მეკარის პროფესიამ შეიძლება მარტოსულად გაქციოს. ამას განსაკუთრებით ნათლად მაშინ ვგრძნობ, როდესაც ბურთს ვუშვებ. ჩემი გუნდის ათივე მოთამაშე სასოწარკვეთილი, აღშფოთებული და განერვიულებული მიყურებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით, მერე ისევ ზურგს მაქცევენ, ისინი ხომ თამაშს უნდა დაუბრუნდნენ, თამაშში ბურთის შეყვანის წერტილს. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავ. ჩემგან შორსაც კი გარბიან, როდესაც მე ბადიდან ბურთს ვიღებ. უკან, ტრიბუნაზე, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ხარობენ, ყვირიან, საყვირებზე უკრავენ, ღრიალებენ და უსტვენენ. 

ყველაფერში დამნაშავე მე გამოვდივარ. ასეთ დროს ტანში ჟრუანტელი მივლის და საოცარ მარტოობას ვგრძნობ. 

ჩემს მშობლებთან ხშირად მისაუბრია ამ ფენომენის შესახებ. ისინი მიმტკიცებენ, რომ მარტო არ ვარ, რომ ფიქრებით ჩემთან არიან. მსგავს სიტუაციებში ამგვარი დამშვიდება საერთოდ არ ჭრის. 

მეკარე გარკვეულწილად მაზოხისტიც უნდა იყოს. სულიერი ტკივილის ატანა უნდა შეეძლოს, ფიზიკურ დატვირთვაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ.

არსებობს მარტოობის სხვა ფორმაც და ის ჩვენს მომთაბარე ცხოვრებას უკავშირდება. ყველა ფიქრობს, რომ ფეხბურთელობა საოცნებო პროფესიია. ეს მართლაც ასეა, მაგრამ რეალობა ხშირად სულ სხვანაირია ხოლმე. მაგალითად, მართალია, საუკეთესო სასტუმროებში ვჩერდებით, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვიგებ იმ ქალაქებზე, სადაც ვთამაშობთ, ან იმ ადამიანებზე, რომლებიც იქ ცხოვრობენ.

პროფესიონალი ფეხბურთელები მუდამ გზაში არიან. წელიწადის ნახევარს უცხო, ანონიმურ გარემოში ვატარებთ. რა თქმა უნდა, იქ გარკვეული თავისუფალი დროც მაქვს და სხვა რამითაც შემიძლია დავკავდე, მაგრამ რაღაც მომენტში წიგნებიც მბეზრდება და გაზეთებიც. 

დროის მნიშვნელოვან ნაწილს ვარჯიშში, ჭამასა და ძილში ვატარებთ, თან მატჩის დაწყებას ველოდებით. საბოლოო ჯამში, ეს ოთხმოცდაათი წუთია ყველაზე მთავარი. მხოლოდ ამ ოთხმოცდაათი წუთის გამო ვართ სასტუმროში. ხანდახან საწოლზე ვწევარ, ჭერს ვაშტერდები და ვფიქრობ, ნეტა აქ რას ვაკეთებ-მეთქი. დროის დიდი ნაწილი სასტუმროში ჯდომასა და უსაქმურობაში გამყავს. 

ამ დროს იმ ადამიანების მშურს, რომელთაც სამუშაო კვირის განრიგი მუდამ გაწერილი აქვთ და შაბათ-კვირას თავისუფლები არიან. მე კი იმ ქალაქებში, სადაც ვთამაშობთ, სეირნობაც კი არ შეიძლება, მაშინვე უამრავი ავტოგრაფის მსურველი და ათობით ოპერატორი ამეკიდება ხოლმე. დეტალურად აკვირდებიან, რომელ მაღაზიაში შევალ ან რომელ რესტორანს ვსტუმრობ, რატომ ვირჩევ ქუჩის ამ მხარეს და არა მეორეს. ამიტომ ისევ იმ კომფორტულ, მაგრამ სრულიად მოსაბეზრებელი სასტუმროებში დანარჩენი მირჩევნია. 

უცხო ქალაქში გატარებული ორი ან სამი დღის მერე კვლავ მიუნხენში ვბრუნდებით. ხშირად უზომოდ ვიღლები, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, როგორმე ჩემს ოთხ კედელსშუა აღმოვჩნდე. 

თუ სულ ასე ცხოვრობ, მონოტონურობა გეუფლება. აუცილებელი ხდება ლოდინის პერიოდების გონივრული დატვირთვა, თორემ შეიძლება სულელური აზრებიც გაგვიჩნდეს. რაც უფრო ასაკი გემატება, ამ ერთფეროვნებას უფრო მეტად აცნობიერებ. ეს მონოტონურობის, სიცარიელის და დიდი მოვლენის მოლოდინის ნაზავი ზოგიერთი მოთამაშისთვის წარსულში იმ პრობლემის გამომწვევ მიზეზად იქცა, ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Friday, November 30, 2012

უფულობა და ფეხბურთი

... ის ღამე არ ეძინა. წინა დღეს მეგობარმა უთხრა, რომ შეეძლო ფეხბურთზე წაეყვანა. მწვრთნელი შეხედავდა და გუნდში ჩარიცხავდა. თავიდანვე მორიდებული ბავშვი იყო. მეორე დღეს უთენია გაიღვიძა და საღამოს დადგომას მთელი დღე ელოდა. ბევრი რამ წარმოუდგა თვალწინ. ის თუ როგორ შეაბიჯებდა დიდი ფეხბურთში, როგორ გავიდოდა ”დინამოს” სტადიონზე, როგორ გამოაცხადებდა ”დინამოს” სტადიონის წვრილხმიანი ინფორმატორი ქალი მის გვარს, როგორ მოსწყდებოდა ტრიბუნებს ოვაცია. როგორ დაწერდენ მასზე გაზეთები. ეგ კი არა, ისიც წარმოიდგინა უცხოურ კლუბში რომ გადავიდოდა, როგორ მივიდოდა აეროპორტში და როგორ გააცილებდნენ ოჯახის წევრები. ტკბილი იყო ყველაფერი, ძალიან ძალიან ტკბილი, თან რაღაცნაირად ფერადი. უფრო ნატვრა იყო ვიდრე ამბიცია. მორიდებული ბავშვი იყო, სად ეცალა ამბიციურობისთვის. 

ოჯახში არ უთქვამს რომ ფეხბურთზე მიდიოდა. იცოდა დედა უეჭველი წინააღმდეგი წავიდოდა. სკოლაში სწავლას ყველაფერზე წინ აყენებდა და არ უნდოდა ფეხბურთს სკოლის ნიშნები გადაჰყოლოდა. იცოდა ეს და ამიტომ მალავდა. წავალ და მერე ხომ არ გამომიყვანსო. 

მამისთვისაც არ უთქვამს. მამას ფეხბურთი კი უყვარდა, მაგრამ ახლა არ ეფეხბურთებოდა. მეორე წელი იყო უმუშევრად დარჩა. თავის სადარდებელი ჰქონდა. კიდევ იმის თქმა რომ შვილი ფეხბურთზე იწყებდა სიარულს და დამატებითი ფინანსები დასჭირდებოდათ სადარდებელს მოუმატებდა. 

საღამოსკენ, ასფალტზე თამაშისგან ძირგახვრეტილი კეტები და შორტიკი ძველ ჩანთაში ჩაყარა. მეგობარს გაუარა და ფეხბურთზე წავიდნენ. ფეხები უკან რჩებოდა. ახალი ხალხი, ახალი ბიჭები, როგორ შეხვდებოდა მწვრთნელი. ვარჯიში იწყებოდა. ბიჭები აქეთ-იქიდან იკრიბებოდნენ. ბევრი მამამ მოასრიალა მანქანით. გასახდელში შევიდნენ. გამოცვლა დაიწყეს. მისით არავინ დაინტერესებულა. არც მას გამოუდია დიდად თავი ვინმეს გაცნობით. მორიდებული ბიჭი იყო. თანაგუნდელები სხვა ამბებით იყვნენ დაკავებულნი. ერთი ჯგუფი ”ტოტენჰემი” - ”ლივერპულის” თამაშს არჩევდა. მეორე თანაგუნდელების ახალთახალ ექვსშიპიანს ბუცებს ათვალიერებდა. თეთრები იყო, სერიოზული. 350 ლარი მივეციო იძახდა პატრონი. 100 ლარს უმატებდა. ამას წინათ ”დინამოს” წინ მაღაზიაში ნახა საკუთარი თვალით - 250 ლარი ეწერა. ძალიან უნდოდა, მაგრამ ეს დედამისის ერთი თვის ხელფასი იყო.


გასახდელში მწვრთნელიც მალე გამოჩნდა. მოსუქებული ტიპი იყო. ახალ ბუცებს შეავლო თვალი. მაგარიაო დაასკვნა. მეგობარმა მწვრთნელთან წარადგინა. მწვრთნელმა თვალი შეავლო, მხარზე ხელი დაჰკრა, მაგრამ დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს.

ვარჯიშზე გავიდნენ. მოკრძალებულად იყო. ძირითადად მეგობართან აგორებდა ბურთს. მერე ორკარაც ითამაშეს. მწვრთნელი ცოტა მყვირალა გამოდგა. უმრავლესობა მწვრთნელებისა ასეაო - განუმარტა მეგობარმა. თანაგუნდელების მამებიც ემოციურები იყვნენ. მინდვრის კიდეზე იდგნენ და იყო ერთი ამბავი: ”პასი გააკეთე”, ”აჭამე”, ”ბურთზე გადი”... იყო ერთი ამბავი. მწვრთნელი საათს დაჰყურებდა და თამაში რომ გახურდა, სწორედ მაშინ დასტვინა. დაიშალეთო

თამაშის მერე გასახდელში შევიდნენ. ძირითადი თემა ორმხრივი თამაშის განხილვა იყო. ”ნახე იქ რა ვათოხლე?!”, ”თამაშის გონზე არ ხარ”, ”წადი სკრიპკაზე დაუკარი”. იყო ხორხოცი გასახდელში.

მწვრთნელიც მალე შემოვიდა. ბიჭებს ჩამოუარა. გასახდელი მალე დაცალეთ 10 წუთში შემდეგი "გრუპა" მოდისო. რამდენიმეს გვარი ამოიკითხა, დავალიანება გაქვთ და მეორე ვარჯიშზე ფული უნდა მოიტანოთო.

ბიჭს გამოეცვალა და მეგობარს ელოდებოდა. მწვრთნელი მივიდა: ”კარგი ბიჭი ხარ. მომავალ შაბათს დუშეთში თამაში გვაქვს და ავტობუსის ფულს, 10 ლარს ვაგროვებთო”...

გზაში მოდიოდა და იმ 10 ლარზე ფიქრობდა. როგორი საქმე იყო უმუშევარი მამისთვის ათი ლარის მოთხოვნა?! ”დინამოს” სტადიონზე გამოსვლა აღარ იყო ისე ნათელი, თითქოს ადგილობრივი ინფორმატორი ქალის ხმაც აღარ ისმოდა, უცხოურ კლუბში გადასვლის ოცნებაც ბინდს გადაეფარა ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 
           

Friday, November 23, 2012

კაპიტანი

ასე მგონია ყველაზე მეტად აქ უნდა გვიჭირდეს. ყველაზე მეტად ეს უნდა იყოს ჩვენი პრობლემა. ფარას ყოჩი ჭირდება. ისეთი ყოჩი, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, რომელიც ძვლებს დადებს მინდორზე და იგივეს მოითხოვს თანაგუნდელებისაგან. რომლისთვისაც სულ ერთი იქნება ვინ დგას მის წინააღმდეგ ხავი, ინიესტა თუ დიამ ბობო ბალდე. რომელიც თუ საჭირო გახდა მწვრთნელთანაც შევა და სათქმელის თქმას არ დაამადლის. რომელიც საფინალო სასტვენის მოლოდინში არ შეეცდება ვთქვათ ტიერი ანრისთან ახლოს დადგეს, რადგან მისი მაისურის დათრევა არავინ დაასწროს. ისტორიამ დაამტკიცა მორიდებული კაპიტანი ვერ ვარგობს. კაპიტანი ისეთი უნდა იყოს ვინც ავტორიტეტი იქნება მოედანზე და მის მიღმაც, ვისაც არაფერი შეეშლება და ვის სიტყვასაც ფასი ექნება. 

რუსეთთან თამაშის წინა ღამე იყო, ივო შუშაკმა შემადგენლობა გამოაცხადა. გამოცხადება უტრირებულად ნათქვამია. თვრამეტი ფეხბურთელის სია დიღმის საწვრთნელ ბაზის განცხადებების სტენდზე გამოაკრეს. მაშინ ჩვენს ნაკრებში შემსრულებლები არ ჭირდა და ქართველთა ხორვატიელმა მწვრთნელმა გადაწყვიტა გუნდის მთავარმეგოლე ძირითადში არ დაეყენებინა. ამ ამბავმა და როგორც თავად ამბობს, იმან რომ გადაწყვეტილების შესახებ სტენდიდან შეიტყო მთავარმეგოლე ისე გააბრაზა, რომ ბარგი შეკრა და ბაზიდან წავიდა. ლამის მაიაკოვსკის ძეგლამდე სდია მას იმ დროს ჩვენმა კაპიტანმა. მთავარმეგოლე სიტყვას არ გადავიდა და შეკრება უკანმოუხედავად დატოვა. ფაქტია კაპიტანი ავტორიტეტი ვერ აღმოჩნდა. ყოჩმა ვერ იყოჩა. მას გადაახტენენ. 


ეს ერთეული შემთხვევა არ ყოფილა ნაკრებში. ნაკრების კაპიტნები უთქმელი ბიჭები იყვნენ. ხშირად ისეთები რომელიც თავად კი იბრძოდნენ, მაგრამ თანაგუნდელებს ამას ვერ ან არ სთხოვდნენ. ჩვენს ნაკრებს კი სწორედ ასეთი, მომთხოვნი კაპიტანი სჭირდება. კაცი რომელიც ოლივერ კანისა არ იყოს დაბნეულ, დამდგარ და ხელჩამოშვებულ თანაგუნდელებს გადარეული დაუძახებს: ”ყვერები არ გაქვთ? რას დადედლებულხართო”.

ასე მგონია ნაკრებს არასოდეს ჰყოლია მსგავსი კაპიტანი და აქ უნდა გვიჭირდეს სწორედ. ნაკრებს არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც უპირველეს გუნდში გაურკვეველი წარმოშობისა და კვალიფიკაციის ფეხბურთელების მოწვევასა და თამაშს მთავარ მწვრთნელთან გააპროტესტებდა. 

გარედან ისე სჩანს რომ კაპიტანი გარკვეულწილად ვალშია მთავარ მწვრთნელთან. ამიტომაც იყო და არის მახინჯი ფორმა კაპიტანის დანიშვნა მთავარი მწვრთნელის მიერ. ამიტომაც იყო არასწორი, სულ ახლახანს  ქეცბაიას მიერ კაპიტნების დანიშვნა-გაშვება. კაპიტანს ვერავინ უნდა აკადროს ის რომ დანიშნონ. კაპიტანი არ ინიშნება, კაპიტანმა საკუთარი თავი თავად უნდა დაინიშნოს. 

აგერ 23 წელია ჩვენს ნაკრებს არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც გასახდელში ლიდერი იქნებოდა, რომელიც თამაშის წინ მოკლედ იტყოდა: მორჩა, გავდივართ! და აიყოლიებდა ყველას თანაგუნდელებს, გულშემატკივარს, მწვრთნელს. არ ჰყოლია კაპიტანი რომელსაც ზედმეტად გახუმრებასაც ვერავინ გაუბედავდა. არ ჰყოლია კაპიტანი რომელიც მოშლიდა ზღვარს ამ ე.წ. ”სტარიკებსა” და ”ნავიჩოკებს” შორის. არ ჰყოლია კაპიტანი, რომელიც ”კარენოი” თბილისელ ბიჭს ზუგდიდელ ბიჭის დაცინვის უფლებას არ მისცემდა. არ მისცემდა უფლებას ნაკრების შეკრებაზე ქუთაისიდან ჩამოსული გუნდელი, მთელი შეკრება იმის გამო აეგდო აბუჩად, რომ შეკრებაზე იგი პიჯაკ-შარვაში გამოწყობილი გამოცხადდა. ასე მგონია ჩვენს ნაკრებს კარგ მწვრთნელზე მეტად სწორედ კარგი კაპიტანი სჭირდება. ისეთი კაპიტანი, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ასე მგონია ამ ნაკრებს როი კინის მსგავსი კაპიტანი უფრო უშველის, ვიდრე ჟოზე მოურინიოს დარი მწვრთნელი. კაპიტანი რომელიც თამაშის წინ იტყვის: მორჩა, გავდივართ! და ძვლებს დადებს მოედანზე. კაპიტანი რომელსაც ვერავინ შეჰბედავს ზედმეტს და მთავარი მწვრთნელი თავის შეხედულებისამებრ ვერ გადაირჩევს. არჩევანი რომ იყოს, მე კარგ მწვრთნელზე მეტად კარგ კაპიტანს ვინატრებდი. 

ეს ამბავი მანჩესტერ იუნაიტედში მოხდა. გუნდი ”ნოტინგემ ფორესტთან” გასვლითი თამაშის მერე, რომელიც ფრედ 0-0 დასრულდა, სასტუმროში სადილობდა. სასადილო ოთახში მარტო მანჩესტერელები ისხდნენ. კედელზე გაკრულ პლაზმურ ტელევიზორზე როი კინი რაგბს უყურებდა. ცოტა ხნის მერე წამოდგა და ტუალეტში გავიდა. გუნდში ახალგადასულმა უეინ რუნიმ პულტს ხელი დაავლო და ტელევიზორი გადართო. სხვა არხზე ”X-factor” გადიოდა. პულტი კი ჯიბეში ჩაიდო. 

ცოტა ხანში როი კინი ტუალეტიდან დაბრუნდა და როდესაც ეკრანზე გადაცემის წამყვანის სახე დაინახა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა: 

- ”ვინ გადართო? სად არის პულტი?” - იკითხა მან და თვალი სასადილო ოთახს მოავლო. არავის არაფერი უთქვამს. ყველამ მისი მზერის არიდება სცადა. ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ დანა-ჩანგლის წკარუნის ხმა ისმოდა. 

- ”თუკი არავინ იცით და არც ამას უყურებთ, მაშინ გამოვრთავ.” - განაგრძო მანჩესტერელთა ყოჩმა. ხმა არავის ამოუღია. 

როი გამომრთველთან მივიდა და ტელევიზორის ჩამრთველი გამოაძრო. ყველანი საშინელ გუნებაზე იყო და მალე დაიშალნენ. შუაღამისას უეინის კარზე კაკუნი გაისმა. კართან უსაფრთოების ოფიცერი იდგა. 

- ”როიმ გამომგზავნა, გთხოვა ტელევიზორის პულტი დააბრუნო”. 

რუნიმ უსაფრთხოების ოფიცერს პულტი გადასცა და მოუთმენლად დაელოდა რა მოხდებოდა მეორე დღეს ვარჯიშზე. მეორე დღეს ვარჯიშზე როის სიტყვაც არ დასცდენია. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Thursday, November 22, 2012

უცნაური სიზმარი

- სიზმარი ვნახე წუხელ ძაან უცნაური ... 
- არ გადამრიო, რაო, რა მინდაო? 
- რა და ვითომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ფეხბურთელი ვიყავი ... 
- ხოო, კი ყოფილა უცნაური სიზმარი ... 
- სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო?! 
- რაღა ხუმრობის, მეგობარო, კოშმარი დაგსიზმრებია და შენ კიდევ უცნაურს ეძახი ... 
- არა, თავიდან კოშმარული სულაც არ იყო, პირიქით, ძალიან მომწონდა ფეხბურთელობა. ერთი-ორი გოლი მქონდა გატანილი და პოპულარობასაც ნელ-ნელა ვეპარებოდი ... 
- კაი თუ ძმა ხარ ... რომელ პოპულარობაზე ლაპარაკობ საქართველოში? 
- პოპულარობას ჟურნალისტებში ... ინტერვიუ მთხოვეს ერთი-ორჯერ. ეჰ, აბა, ხალხი თამაშებზე არც სიზმარში დადიოდა სამწუხაროდ ... 
- გითხარი კოშმარი დაგსიზმრებია-თქო და არაო ... 
- ისე, ცოტა კი გამიჭირდა, ხან ცუდ მოედნებზე გვათამაშებდნენ, ხან შუადღის ორ საათზე, პაპანაქება სიცხეში,  ხან უხელფასო გუნდები არ მოდიოდნენ სათამაშოდ, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო ... 
- ხო, რაც ჩამოთვალე მე მაგისთვის ძილი სულაც არ მჭირდება, ისედაც ცხადშიც ვხედავ იგივეს ...


- სამაგიეროდ, ბეემვე ვიყიდე აი, მანდ კი მინდოდა, რომ არ გამღვიძებოდა ... 
- ვახ, ეს ბეემვეს ვირუსი ფეხბურთელებში ვერ მოვსპეთ რა ... 
- ეჰ, აქამდე მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე ფეხბურთელი რომ ხარ, მაშინ სხვანაირად  ჩანს და კი გინდება ... 
- ვარჯიშებით კმაყოფილი იყავი? 
- კი, სხვათა შორის, ახალგაზრდა მწვრთნელი მყავდა, მცოდნე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი, რასაც არ ველოდი ... 
- გამოსწორდა ვითომ მაგ მხრივ ვითარება? 
- რას ამბობ, კაცო, მე ხო სიზმარზე ვლაპარაკობ ... 
- რა ვიცი, საეჭვოა უკვე, სიზმარზე ლაპარაკობ თუ არა ... იმდენი რამე ემთხვევა, რო ... 
- ეჰ, შენ ბოლო ფინალი არ იცი, თორე მაგას არ იტყოდი ... 
- რა მოხდა? 
- ბიჭო, თამაშზე ვართ. ჩავედით და სტადიონზე ჩვენი გასახდელი დაკავებული დაგვხვდა. გავგიჟდით, დავრეკეთ და კი, სწორად მოხვედითო, თურმე სხვა თამაში ყოფილა ჩვენამდე და ... 
- მერე? 
- შეგვიშვეს ბოლოს მაინც, გამოვიცვალეთ, მწვრთნელმა დაფა ამოიღო, პოზიციები კიდევ ერთხელ აგვიხსნა და ... 
- და? 
- სუნმა გამაღვიძა ... 
- რამ? 
- სუნმა ... 
- პარკ-ჯი სუნმა?
- არა, მძღნერის სუნმა ... 

ფუტ ბოლი 

Monday, November 19, 2012

სირცხვილის ღამე სოფიაში

... მახსოვს ტელეზორთან ვიჯექი და სიბრაზეს ზიზღი ცვლიდა და პირიქით. ბევრჯერ ყოფილა რომ ჩვენი ნაკრების ბედოვლათობის გადამკიდე მინანია, რომ თამაშს ვუყურე. იმ დღეს კი საშინლად ვინანე. ვინანე არა ის, რომ იმ დღეს ფეხბურთს ვუყურე, არამედ ის, რომ საერთოდ ფეხბურთი მიყვარდა. ვიფიქრე ფეხბურთის ყურებისათვის საერთოდ თავი დამენებებინა, არადა როგორი საქმეა ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდა, როდესაც ნაკრების წევრები დინამოს ”გარევოიზე” დასდევდნენ ბურთს. 

თუ შეიძლება ქართული ფეხბურთის სირცხვილის დღე არსებობდეს ამ ქვეყნად, ეს დღე 2009 წლის 14 ოქტომბერს უნდა აღინიშნოს. იმ დღეს ჩვენი ნაკრები ყველაფერს ჰგავდა გარდა გუნდისა, გარდა მონოლითური სხეულისა, რომელიც ერთი მიზნისკენ მიიწევს. იმ დღეს ბიჭები ზოგი უქეიფოდ იყო და ზოგიც საქეიფოდ. ნაკრები უხასიათოდ ჩავიდა სამეზობლოში. შესარჩევის ბოლო თამაში იყო. ბოლო ადგილიც გარანტირებული გვქონდა და ზოგი ფეხებს მოუფრთხილდა, ზოგმა იცოდა რომ ეს თამაში მაინც არაფერს შეცვლიდა და ნახევარი ძალით ითამაშა. ზოგი საერთოდ სტადიონზე იდგა. ბიჭებმა ისიც იცოდნენ, რომ ჰექტორ რაულ კუპერი ნაკრებში ბოლო მატჩს ატარებდა და გუნდს ემშვიდობებოდა. ჭავჭავაძის პროსპექტზე სეირნობას და ”სეგაფრედოს” კაპუჩინოს მოყვარული მწვრთნელი, გუნდმა ჩაუშვა. ჩაუშვა  უნამუსოდ და ბოლომდე, ისე რომ უკან არ მოუხედავთ. ასეთი თამაში, ბოლოს მაშინ ვნახე, სკოლაში მეხუთეკლასელები მეათეკლასელებს, რომ ვეთამაშებოდით. გადაგვივლიდნენ, გადაგვჯეგავდნენ ხოლმე უფროსები.


ასე გადაგვჯეგეს ”ვასილი ლევსკიზე ”ბულგარელებმაც. მათთმა ვარკვლავმა დიმიტარ ბერბატოვმა ჰეთთრიკი შეგვისრულა, პეტროვმა ორი გოლი გვაკმარა, ერთიც ანგელოვმა დაგვიმატა და ის დღე დამაწყევლინა, როდესაც ქართული ფეხბურთი შემიყვარდა. 

წლების მერეც კი იმ თამაშს არავინ იხსენებს. მისი მონაწილეებს კი ამ თამაშის გახსენებისას სხვა თემაზე გადააგვთ საუბარი. მთელმა საქართველომ ჩვენს სირცხვილს ტელევიზორთან უყურა. მაგრამ უფრო დიდი სირცხვილი თამაშის მერე გველოდა ... საბედნიეროდ ის სირხვილი მასას არ უნახავს მაგრამ ... საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისი კიდევ უფრო პატარა ადგილი და აქ ყველამ ყველაფერი იცის ... 

სირცხვილის მეორე სერია თამაშის მერე დაიწყო. 6-2 მარცხის მერე ბიჭებმა დარდის გაქარვება სცადეს და ზოგი სტრიპტიზ კლუბს, ზოგიც კი დისკოთეკას შეესია. იმ ღამეს თბილისში გამოსამგზავრებლად ძლივს შეიკრიბა გუნდი. ბიჭებს ხან სად ეძებდნენ და ხან სად. 

იმ ღამეს სასტუმროში ერთ-ორ ფეხბურთელთან ერთად მხოლოდ ლევან კობიაშვილი დარჩა. თანაგუნდელებისადმი მისმა თხოვნა, თავი შეეკავებინათ ”დარდების გაქარვებისაგან” ამაო გამოდგა. პროფესიონალი პრაფანებთან ვერაფერს გახდა. 

ნაკრებმა ისტორიის მორიგი შავი ფურცელი გადაშალა. გადაშალა წყნარად, ისე რომ წარბიც არ შეუხრია. ნაკრების ფოიეში გაოგნებული ჰექტორ რაულ კუპერი და მისი ხუჭუჭა ასისტენტი იჯდა. კუპერი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ვერაფერი გაეგო ...

ნაკრები გველის პერანგივით მორიგ მწვრთნელს იცვლიდა. თბილისში 15 ოქტომბრის დილა თენდებოდა. ჩვენი დამარცხებული ბიჭები დარდს სოფიის დისკოტეკაზე იქარვებდნენ.

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი      

Saturday, November 17, 2012

ნიჭი, შესაძლებლობა, მომავალი კარიერა და BMW X5

სტერეოტიპი ნამდვილად არაა ის, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ. მართლაც და ამ პატარა ქვეყანაში უამრავ სფეროში წააწყდები ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს. გამონაკლისი არც ფეხბურთია. ბევრი ტალანტი დაბადებულა და ალბათ კიდევ დაიბადება. საქმე ისაა რამდენი ითამაშებს აქედან დიდ ფეხბურთს, რამდენი ავა საფეხბურთო მწვერვალზე და იქიდან გადმოგვძახებს - ”მე ეს შევძელიო”. ყიფიანიც გვყოლია, მესხიც და დარასელიაც ამ მადლიან ადგილზე დაიბადნენ და აქ ეზიარნენ დიდ ფეხბურთს. უნარი, შრომა, ვარჯიში, მონდომება და მათ ეს შეძლეს ... დღეს ქართულ ფეხბურთს უჭირს, ვერა და ვერ წამოიდგა წელი, გამოჩნდება ვიღაც ნიჭიერი მობურთავე, ყველა გაიცნობს, გააღმერთებენ, იმედებს დაამყარებენ, თუმცა ... შეუჩნდება ეშმაკი და აღარ ცდილობს წინსვლას. მათი მონდომება და მომავალი მკერდსავსე გოგოზე, აიფონზე და ძვირადღირებულ მანქანაზე ჩერდება. დავაბრალოთ ეშმაკს, სულ მისი ბრალია ეს ჩვენი პატარ-პატარა ბიჭები არასრულფასოვან ფეხბურთელებად რომ გრძნობენ თავს ზემოთჩამოთვლილი რეგალიების გარეშე. მეფეს კი სჭირდება გვირგვინი, ტახტი და სკიპტრა მაგრამ ესენი იმ ყველაფრის გარეშე ვითომ ვერ გაძლებენ? ამას წინათ ერთ-ერთი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ვიყავი და მწვრთნელს ველაპარაკებოდი. საუბარმა ერთ-ერთი ფეხბურთელის გვარი მოიტანა. სულ ხელფასზე წუწუნებს არადა წელიწადში 100,000-ს იღებდა და არ არის პატარა თანხაო. შეეძლო ეს თანხა სეზონზე გადაენაწილებინა, ამან კი დასაწყისშივე მოითხოვა 50,000. ნაქირავებში ცხოვრობდა ოჯახით, ვიფიქრეთ ალბათ ბინისთვის უნდა, ეს კი მეორე დღეს ვარჯიშზე ახალთახალი მანქანით მოგვადგაო. 

  
უკვე მერამდენი სატრანფრო ფანჯარას ველით იმის იმედით, რომ ანანიძე ”სპარტაკს” თავს დააღწევს, ჭანტურია გონს მოეგება და ფეხბურთელივით ცხოვრებას მიეჩვევა, იქნებ უკრაინაში თამაშიც არ იყოს ქართველი ფეხბურთელების ოცნება. 

ვუყურებ ოქრიაშვილის და თარგამაძის თამაშს და მიხარია, აზროვნებენ, ფინტაობენ, ლამაზად თამაშობენ და მეტიც შეუძლიათ, მეტსაც იმსახურებენ, თანაც ”ილიჩოვეცზე” ბევრად მეტს ...

ახალგაზრდული ნაკრების წევრს ვესაუბრე ამას წინათ სამომავლო გეგმებზე. ”ევროპისკენ მინდა წასვლა, აქ არაფერი არ არის, იქ კი ისე გაერთობი და იმდენი კლუბია სათვალავი აგერევაო”. წავა, როგორ არ წავა და კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს დაკარგავს ქართული ფეხბურთი ასე მგონია. თუმცა სამწუხაროდ ეს არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. ფეხბურთი მართლა სამსახურია და მუხლჩაუხრელი შრომა და უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება თუ გინდა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო. ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ფეხბურთელებმა, როგორც ეს გერმანიიდან ზესტაფონში ჩასულმა პატრიკ მილხრაუმმა აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში: ”გერმანიაში ფეხბურთი უფრო მეტად სამსახურია, აქ კი უფრო თამაშიო”. ჭანტურია ტალანტი იყო, ბიჭი ”ბარსელონაში” აწონებდა თავს მწვრთნელებს ... დღეს არნემშია, სახლის კართან მეზობლები განცხადებებს უტოვებენ, ღამე თუ ხმაურს და ჩვენს შეწუხებას გააგრძელებ, იძულებული ვიქნებით პოლიციას გამოვუძახოთო. შე დალოცვილო, ყველა გვერდით გიდგას, ნაკრებში გეძახიან, კარგ გუნდში თამაშობ, ხელფასი არ გაკლია, მანქანა თუ სახლი, ოჯახი არ გაწევს ზურგზე და რა გევალება გარდა ფეხბურთის თამაშისა? ითამაშე და ჩადე ყველაფერი თამაშში. თუმცა არ უნდა ეტყობა. ამას წინათ ”ვიტესის” ფორუმზე ერთ-ერთი იქაური გულშემატკივარი წერდა: ”I would be so happy if he leaves. He messes up everything. He does not grow up. Acts like a child.” 

ჰოდა, ვუსურვოთ ჩვენს მომავალ იმედებს, რომ გაიზარდნონ, საფეხბურთო ჭკუა და გონება მოემატოთ, ბავშვებივით აღარ მოიქცნენ, იშრომონ და შედეგიც აუცილებლად მოვა ... 

Андрей Порошин

Sunday, November 11, 2012

აბდაუბდა ინტერვიუ



საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია ტელევიზიაში სტუმრად დავით მინაშვილთან ... 

- ბატონო თემურ, იქნებ აგვიხსნათ, რატომ არ ეძახით ნაკრებში ჯაბა დვალს? 
- რა ახსნა უნდა? თამაშობს გერმანიაში ნიკა გელაშვილი?!
- უკაცრავად, ვერ გავიგე ... მე დვალზე გეკითხებით ...  
- ჰოდა, მეც გპასუხობთ, გელაშვილი განაცხადში ვერ ხვდება და როგორ გამოვიძახო დვალი?
- ჰო, ეგ მართალია. მაგრამ მათე ვაწაძეზე რაღას იტყვით?
- იგივე: გინახავთ ლევან მჭედლიძის თამაში იტალიაში? 
- არ მახსოვს, ბოლოს როდის ითამაშა ...
- მეც მანდ ვარ: მჭედლიძე არ თამაშობს და გამოვლენ მერე ვიღაცები და ვაწაძე გამოიძახეო ... 
- ნაკრებში არ არის ლევან ყენია. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ? 
- ბიძამისზე ვიტყვი, რომ მისგან არანაირ კრიტიკას არ მივიღებ. 
- ბატონო თემურ, მე ყენია მაინტერესებდა ... 
- კიკნაძეზე არ მეკითხები? 
- დიახ, ზურაბ ხიზანიშვილის არყოფნაზე ვამბობდი ... 
- უი, უკაცრავად. კი, ლევან კობიაშვილი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ უფრო ახალგაზრდებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი ... 
- გასაგები, ბატონო თემურ. მოდით, ახლა ეგვიპტესან მოახლოებულ თამაშზეც ვისაუბროთ ... 
- კარგი გუნდია ბელარუსი. ვფიქრობ წაგებას არ ვიმსახურებდით ... 
- ბელარუსი? 
- ჰო, ფინეთთან რომ შევაგდეთ პირველი გოლი, მეგონა, სამ ქულას ავიღებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა. 
- დავიბენი, მე დავით მინაშვილი არ ვარ? 
- კი, სანდრო, შენ ხარ, ცნობილაძე.
- მადლობა ინტერვიუსთვის, კარგად იყავით ... 
- დილა მშვიდობისა ...  

ფუტ ბოლი

Thursday, November 8, 2012

ვიზა

ტელეფონმა დაურეკა. მობილურს დახედა. გრძელი ნომერი იყო. +995-ით იწყებოდა. ვარჯიშიდან ახალდაბრუნებულს ჩათვლემოდა. ავიღო? - გაიფიქრა. გადაწყვიტა არ ეპასუხა. ასე აჯობებდა. ვიღაც ჯიუტი იყო. გათიშვას არ აპირებდა. ბოლოს მაინც აიღო და რბილ ”ლ-”იანი - ”ალო”. თბილისიდან იყვნენ. ნიკა ჩხეიძის დავალებით რეკავდნენ. 14-ში თამაშიაო ეგვიპტესთან - ეს გაიგო მხოლოდ. აღარც ახსოვდა. მთლიანად კლუბზე გადაერთო ამ ბოლო დროს. 

ნაკრებში თამაშს არაფერი მოჰქონდა. სულ აგებდნენ. ან მოსაგებს აგებდნენ, ან ისე უბრალოდ აგებდნენ. ეგ კი არა პრემიებსაც არავინ ჩამოდიოდა. გეკუთვნით მაგრამ არ გეკუთვნითო - ასე მოიშორათ თავიდან მსუქანა გენსეკმა. თვითმფრინავის ბილეთი როდის დაგიჯავშნოთო - თავს არ ანებებდა უცნობი. ჩავიდოდა მაგრამ იმ ნაგიჟარს შეიძლება არც ეთამაშებინა. ამას წინათაც უთხარა, გახურდიო. ახურა, ახურა და ისე დაამთავრა თამაში ერთი წუთითაც არ შეუშვა. ჰქონდა აზრი ჩასვლას?! თბილისიდან ლაპარაკს განაგრძობნენ. გადაწყვიტა არ წასულიყო. მენეჯერმაც ასე ურჩია. მენეჯერი გორში იყო, რამდენიმე ათასი კილომეტრის დაშორებით. ისიც ახსოვს, თბილისის აეროპორტში რომ გამოაცილა შუაღამისას ასე დააბარა, თუ დაგირეკონ რაღაც მოიმიზეზეო. რაღაც სიტყვა უთხრა. არ ახსენდებოდა ახლა. ენის წვერზე ადგა და ვერ იხსენებდა. კაცს რომ მჭადის სახელი დაავიწყდება ისე იყო. ახსოვდა და არც ახსოვდა. ის ახსოვდა, მენეჯერმა რომ უთხრა - მაგას თუ იტყვი ეგ ისეთი რამეა ტრავმსაც ჯობსო. ტრავმა რა, დაგაყენებდნენ შაბა-კვირას ”სასტავში” და უარს ხომ ვერ ეტყოდი კლუბის მწვრთნელს. ეტყოდი და ან ხელფასს ჩამოგაკლებდნენ, ან აღარ გათამაშებდნენ. შეიძლება გუნდიდანაც გაეშვი ... მერე ის ნაგიჟარიც გაიგებდა რომ ითამაშე და დაიწყებდა ისევ თავისებურად. ”ბალეშიკებიც” ვერ გაგიგებდნენ. ნუ ”ბალეშიკები” კაი ჯანდაბას. მაშინაც ვერ  გაუგეს ”დინამოდან” რომ წავიდა. რატომ თქვი ”ძლივს როგორც იქნა აქაურობას თავი დავაღწიეო”.. ნუ ”ბალეშიკები” რა - დაავიწყდებოდათ, მაგრამ ის ნაგიჟარი გაჩერდებოდა? შეიძლება აეყოლიებინა ვიღაცები. 

გაახსენდა ამას წინადაც დაურეკეს. მგონი იგივე ტიპი იყო. ისევ ტვინი გაუბურღა ჩამოდიო. იმ ნაგიჟარს უთქვამს ჩამოვიდეს მჭირდებაო. ამას აღარ ეკითხებოდნენ ჭირდებოდა თუ არა? ბოლოს მოიფიქრა და უთხრა. ახლა ჩამოვედი აქ და ვერ ჩამოვალო. თავი უნდა დავიმკვიდროო. მაგარი ვეში უთხრა. ბაზარი მოუკლა. მგონი გაუგო მაშინ ნაგიჟარმა, მაგრა ახლა... ნეტავ რა სიტყვა უთხრა მენეჯერმა. როგორ დაავიწყდა?! 

რომ არ ჩასულიყო რა? რას დაკარგავდა? ძლივს მოეწყო ევროპაში. მართალია ციოდა, მაგრამ ისე არა ნიჟნი ნოვგოროდში რომ ყინავდა. აქ პირობებიც უკეთესი იყო. პროსტა ისეთი ”დვიჟენია” არ იწეოდა. რაღაცნაირი ზანუდა ხალხი იყვნენ. სახლი-სამსახური. ველოსიპედით დვიჟენია. ”ამდენი მაყუთი გაქვს, იყიდე რა ”მაზერატი” და მიადგი. აზრზე არ არიან” - გაიფიქრა. კაი წავიდოდა, მაგრამ რომ წასულიყო და დამტვრეულიყო? მერე ვინ უშველიდა? ის ნაგიჟარი რა? ჩაატარებდა თამაშს და მერე პირველივე რეისით კვიპროსზე აახვევდა. ამას წინათ არ უთხრათ თეორიაზე, თუ საჭირო გახდა ტრავმიანებმაც უნდა ითამაშოთო... აშკარად ვერაა ტიპი.

რამე რომ დამართნოდა? ტრავმირებული რომ ჩასულიყო გუნდშიც აერეოდა ყველაფერი. კასტილებიანი ვის რაში სჭირდებოდა. ხელფასს ისედაც ცოტას აძლევდნენ და შეიძლება ისიც გაენახევრებინათ. 

არადა ნაგიჟარმა რა უთხრათ? - ნაკრებში თამაშით გადადიხართ კარგ გუნდებში და ნაკრებთან ვალში ხართო. ნუ არა, აშკარად ვერაა ტიპი ... ნაკრები არა ის კიდევ ... ტელეფონში ტვინის ბურღვა გრძელდებოდა. ლამის შეკრების გეგმაზე და მენიუზე გადადიოდა ტიპი. ვერ ჩამოვალ! - მოკლედ მოუჭრა და ტიპიც გაჩუმდა. მიზეზი რა არის? - მეორე მხრიდან გაისმა. უცებ განათდა გონება. ვიზა, ვიზა უნდა ყოფილიყო პასუხი. მოკლდე და კონკრეტულად უთხრა - ვიზაა რა.  ვიზის პრობლემა მაქვს - დაამატა მეტი დამაჯერებლობისთვის. ვიზა პასპოტრში ჰქონდა და პასპორტს ხომ არ მოთხოვნდა ტიპი? პასპორტის მოთხოვნა რა ნიჟნი ნოვგოროდის მილიცია იყო თუ სასტუმროს ეტაჟნიცა? 


მაგარი შენძრეული ვინმე ეს ჩემი მენეჯერი- გაიფიქრა. ისეთებს მოთხრის ხოლმე. ისეთები მასწავლა. ვიზა! - არადა რა მარტივია. როგორ დამავიწყდა. იასნია ნაგიჟარიც გაუგებდა, თუ არ გაუგებდა კიდევ და ... 

მაგარი მენეჯერი ჰყავდა. მაგარი ხოდები ასწავლა. ვიზა - აი ეგ იყო რა. სერიოზული იყო მაგარს ჭრიდა. გონზე ვერ მოდიოდა სასტავი. ტრავმას გაუგებდა ნაგიჟარი. ვიზაზე ასი წელი ვერ მოვიდოდნენ გონზე, ვერც ეგ და ვერც ბალეშიკები ... 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

ქვემო ქართლის მბრძანებელი

დიახ, ქვემო ქართლის მბრძანებელი და მამამთავარი, რომელმაც სამყაროს ცენტრად მის ცნობიერებაში ქვემო ქართლი აირჩია, საფეხბურთო მადაც გაეხსნა და გადაწყვიტა "ოლიმპთან" ერთად ოლიმპოზე ასულიყო. მთავარი იყო დასახული მიზნისთვის მიეღწია, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას რა ხერხებით და ოინებით შეძლებდა. ხმაურიანად დაიწყო ის სეზონი "ოლიმპმა", დაიმატეს ძლიერი ქართველი ფეხბურთელები, ლეგიონერების ნაკადიც წამოვიდა, აკინოს ფრაგა მოჰყვა უკან, ცეცხლი აინთო და თამაშიც დაიწყო. 2009-2010 წლების სეზონზე მაქვს საუბარი. კონტურები ისე გამოიკვეთა, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, კირკიტაძეს და მის კოლექტივს ზესტაფონი უნდა გადაღობებოდა; "დინამოც" საბრძოლოდ იყო მომართული და არც "ვიტ-ჯორჯია" გამოიყურებოდა დღევანდელივით. საბოლოოდ საქმე ისე წავიდა, რომ დავითს უნდა აეღო ხელში სკიპტრა და მოქმედება დაწყო. ყველაფერი მშვენივრად გათვალა - რეგიონის წინამძღოლს ბოლნისის "სიონის" მიმხრობა არ გასჭირვებია. დიმა სანაკოევთანაც გამონახა საერთო ენა და "სპარტაკიც" დაიმეგრობა ცხინვალიდან. სამეგრელოში კოლეგამ "ბაია" დაახლოვებინა და ყველაფერი რიგზე დადგა. 


ამ ამბებამდე, ამ ყველაფრის გაკეთება რამდენიმე ფაქტორმა აიძულა. რუსთავის სტადიონის რემონტის გამო, კლუბი ბოლნისში ასპარეზობდა. ერთ-ერთ ტურში ცხინვალის "სპარტაკს" ხვდებოდა "ოლიმპი" და საქმე ისე წავიდა, რომ 3 ქულა არ ჩანდა. ჰოდა, ყოვლისშემძლე ბრიუსი, ბრიუსი კი არა კირკიტაძე მოედანზე გადახტა და ერთი-ორი შეიგინა. ვიღაცეებს სახეშიც შემოარტყა და ვითარება განმუხტა. მერე გორში აგებდნენ "სპარტაკთან" თამაშს. არც აქ დაუხევია უკან, შესვენებაზე სულ ორი წუთით გაიელვა გასახდელების წინ, მასპინძლებს ესტუმრა. მალე მშვიდად გამოვიდა გასახდელიდან და რუსთავში სამი ქულით დაბრუნდა გუნდთან ერთად. ზუგდიდთანაც არ ჰქონია პრობლემები მის გუნდს. იმ გუნდებთან კი, სადაც მეგობრობა და ძმაკაცობა არ ჭრიდა არბიტრები ერთვებოდნენ საქმეში. სასაცილო იყო - გუნდის ბომბარდირ აკინოს გატანილი გოლების გამომსახველ რიცხვის გვერდით ფრჩხილებში იმდენი დარტყმული პენალტი ეწერა, რამდენიც (როგორც გია გორგოძემ ერთ-ერთ გადაცემაში დაითვალა) სხვა გუნდებს ერთად აღებულს არ ჰქონდათ დარტყმული. 


ყველაზე სასაცილო ბოლნისში გამართული "ოლიმპი"-"ზესტაფონი" იყო. იმდენი სამარცხვინო პენალტი "გამოიმუშავა" "ოლიმპმა" და ისე სამარცხვინოდ მოიგო ის მატჩი, რომ თამაშის მერე რამდენიმე რუსთაველ ფეხბურთელს ეტყობოდა სახეზე სიმორცხვე და მორიდება. ერთი წრის თავზე, ზესტაფონში იბურთავეს გუნდებმა. წინ გაიჭრა "ოლიმპი". ზესტაფონმა მასიურად შეუტია და რუსთაველთა სტაფის ყოჩმა იური გაბისკირიამ ბურთი გადააგდო მოედანზე და თამაში საკუთარი ინიციატივით შეაჩერა. ამ ამბავს დიდი ცემა-ტყეპა მოჰყვა და იურისაც მოხვდა ერთი-ორი მუშტი ამაყად მომზირალ სახეში (მგონი ალალიც იყო). 

საბოლოოდ ასე "ლამაზად" ავიდნენ კირკიტაძე და მისი გუნდი ოლიმპოზე. პირველობა მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაზე მიმართეს ძალები. ოღონდ იქ რატომღაც არც საყვარელი გუნდები დახვდათ და არც სიმპათიით განმსჭვალული მსაჯები და ყაზახურმა "აქტობემაც" საშინელი სილა გააწნა ჩვენს ჩემპიონს. 

მერე ხმა გავარდა, ფეხბურთზე გული აუცრუვდაო. ერთი ფეხბურთელი მიყვებოდა, ვარჯიშზე მოვარდა - "თქვენ არაფრის ღირსი არა ხართ, აღარ ვაპირებ გუნდის შენახვასო". ქუდი დაიხურა, ტაიმ-აუტი აიღო და საფეხბურთო ჰორიზონტიდან მიიკარგა. თუმცა შარშან აღსდგა ფენიქსივით. "come back"-ი გააკეთა ზამთარში. ახლა უკვე "მეტალურგთან" ერთად. დომენტი სიჭინავას ფენომენალურ ჩემპიონატის სისტემას უცებ აუღო ალღო, მაგრამ ძველი ნაცნობები "სიონი" და "სპარტაკი" აღარ დახვდა, მაგრამ ამჯერად "მერანი" შეიამხანაგა, "ბაიაც" აქ იყო და არც გორის "დილასთან" გასჭირვებია საერთო ენის გამონახვა. კირკიტამაც თავიდან გაიწია ძველი მიზნისკენ. "დილას" ისეთი თამაში მოუგო, მატჩის შემდეგ მრავლისმნახველი გორელი გულშემატკივრები ამბობდნენ "ჩაწყობილი თამაშები, როგორ არ გვინახავს, მაგრამ ცოტა უკეთ დაედგათ ეს ყველაფერი აჯობებდაო". მარტვილში "მერანი" იგებდა "მეტალურგთან", მაგრამ ჰოი საოცრებავ, მატჩის ბოლოს რუსთაველები წინ გაიჭრნენ და სამი ქულა აიღეს. ზუგდიდთანაც ოფლისღვრის გარეშე მოიპოვეს სანუკვარი ოქროს ქულები, მაგრამ შარშან მაინც ზესტაფონში ჩავიდა ოქროს მედლები და გულდათუთქული გუბერნატორი ისევ თავის ნიჟარაში შეიკეტა. შარშან გუბერნატორს ქართული ფეხბურთის ნათლიმამა ედგა გვერდით. ხო, ბუბა ტყავაძეზე ვამბობ, სპეტაკი წარსულის მქონე ტყავაძეზე, ახლა "დინამოსთან" ერთად რომ მიიწევს ჩემპიონობისკენ. 

მოკლედ კირკიტაძე კვლავ დაგვშორდა ცოტა ხნით. ღმერთმა არ ქნას წამოუაროს და კვლავ გადაწყვიტოს ფეხბურთში დაბრუნება თორემ ... 


სრდიან ლაკიჩი

Wednesday, November 7, 2012

საღლაბუცო



- გამაგიჟა ამ კაცმა, ტო. რას ერჩის ვერ გამიგია ...
- რაზე ამბობ, ხო მშვიდობაა? 
- ჯაბა დვალზე ვამბობ, კაცო ... 
- და ვის რას ერჩის? 
- დვალი არა, ქეცბაია ერჩის ... 
- მოიცა, დვალზე ამბობ და ქეცბაია ერჩის? 
- აუ, შენ კიდევ ერთი სიტყვა არ შემარჩინო ... 
- შენ შეარჩინე ერთი ფეხბურთელი ქეცბაიას?! 
- რას ამბობ, არც შევარჩენ, დასაკარგი ფეხბურთელები სად გვყავს? 
- აჰა, ანუ სიტყვების შერჩენა მოსულა და ფეხბურთელების არა?
- კაცო, შენ ჩემიანი ხარ თუ ... 
- იმისიანი ვარ. 
- ის ვინაა?
- ის რა ... ესპანეთთან რომ დაგლიჯა. 
- ოქრიაშვილი? 
- არა კაცო, მეკარის მუხლი რომ დაგლიჯა. 
- ხიზანა? 
- ჰო. რა უცნაური გვარი ჰქონია ისე მაგ ბიჭს ... 
- რატო, რას ერჩი? 
- აბა ხიზანა რა გვარია? ქართველია?
- ჰაჰა ... ხიზანა მეტსახელია ... ხიზანიშვილია გვარი. 
- აა, კი მიკვირდა ისე და როგორ ვერ ვიფიქრე მაგდენი. 
- და მაგის რა მოგწონს, ნუ გადამრიე ... 
- ადრენალინი.
- ჰა? 
- ადრენალინი რა ... სიმაღლიდან გადახტომის მეშინია მაინც და ნაკრების თამაშის ყურებას კიდევ რაღა უნდა, უყურებ, უყურებ, ნერვიულობ, ნერვიულობ და ... წკაპ. გამოყოფს ხიზანა ფეხს და გავუშვებთ გოლს. მთელი ნერვიულობაც გადამდის ადრენალინში ... 
- უკბილო ხუმრობაა ... 
- უკბილო ეძახე და მე კი მომწონს. 
- და დვალი რატომ არ მოგწონს? ლამის ყველა თამაშში გოლი გააქვს ... 
- სად ეგ? 
- ჩემპიონატში. 
- ეგრე ხიზანასაც გააქვს, თან გაცილებით მაღალ დონეზე: ნაკრებში.
- მოკლედ, შენთან კაცი სერიოზულად ვერ დაილაპრაკებს ... 
- ქართულ ფეხბურთზე სერიოზულად? შეუძლებელია, სხვა ნახე ... 
- კაი, წავედი, წავედი ... 
- კარგად იყავი, მაგრამ ისე ეგ დვალი რა გვარია? 
- ისევ ხუმრობის ხასიათზე ხარ? 
- არა კაცო, რა მეხუმრება. ხო უნდა ვიცოდე მაინც, ვინმემ რომ მკითხოს ... 
- დვალი დვალია ... 
- აუჰ, მეგრელია და არ ეძახის, ტო?
- არ არის მეგრელი, გვარი აქვს ასეთი - დვალი. 
- ვაა, მე ეგ მეტსახელი მეგონა. მიიმატოს ამანაც "შვილი" და ხიზანას პონტში იქნება.
- ეგეთი გვყავს უკვე პოლონეთში, მაგრამ არც იმას ეძახის ...
- მაიცა, ორი დვალი გვყავს და არც ერთს ეძახის? 
- მოცლილი ყოფილხარ შენ, მეგობარო. ნახვამდის. 

ფუტ ბოლი

Tuesday, November 6, 2012

წინ გაიხედეთ

რამდენი წელია, მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მოდური სქემა 4-3-2-1-ია და საქართველოს ნაკრებიც, მეტწილად ასე თამაშობს. თუ არ ჩავთვლით ესპანეთთან, სადაც ფლანგელი ნახევარმცველები იგივე მცველებად გვევლინებოდნენ და ფაქტობრივად, 6-3-1 გამოდიოდა. კეთილი, ეს ესპანეთი იყო, განსაკუთრებულ მატჩებს ”არ ვართ”. 

თუმცა ყველა კლუბსა და ნაკრებში ორივე საყრდენი მხოლოდ საყრდენი არაა - აქედან ერთი ფაქტობრივად მეხუთე მცველია, ხოლო მეორე შემოქმედებით ასპექტშიც ძლიერია. ვერ ვიხსენებ გუნდს, სადაც ორი საყრდენიდან ორივე დაცვაზე იყოს ორიენტირებული და ელემენტარულად, წინ არაფერი გამოსდიოდეს. 


ინებეთ: ბუბა დაუშვილი და ჯაბა კანკავა. გახსოვთ, ქეცბაიას სვლა ალბანეთთან პირველი ტაიმის შემდეგ? წაგებული ტაიმის შემდეგ, დაუშვილი გაიყვანა, ნიკა გელაშვილი შეიყვანა და სანდრო კობახიძე ცენტრალურ ნახევარმცველად დასწია. ცენტრალურ ნახევარმცველად და არა - საყრდენად. ანუ, კობახიძეს უფრო შეტევის ორგანიზება ევალებოდა, თუმცა გარკვეულწილად (ნაკლები დოზით) დაცვისთვისაც უნდა მიეხედა. 

გაამართლა? მეტიც, ძალიან გაამართლა და ის თამაში მოვიგეთ. ოღონდ ახლა არ თქვათ, ის ალბანეთთან იყოო. რა, ფინეთთან არ შეიძლებოდა? თუ გარისკვაა, ბელარუსთან არ შეიძლებოდა? აღმოჩნდა, რომ ორი მკაფიო ”რაზრუშიტელი” ზედმეტია და საქართველოს ნაკრებს ააქვს იმის ძალა, რომ შეუტიოს. 

ეგვიპტესთან გამოძახებულ შემადგენლობას რომ გადავხედე, მესიამოვნა - რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ კანკავაა არაა სიაში, არამედ იმიტომ, რომ ნათლად ჩანს: ქეცბაია 1,5 საყრდენით აპირებს თამაშს და ის მეორე, ალბათ, შოთა გრიგალაშვილი იქნება. ”გრიგალა” ზედგამოჭრილია ცენტრალურ ნახევარმცველად, რომელსაც შეტევაც შეუძლია და ჩაშლაც. 

ალბათ, საქართველოს ნაკრები მითუმეტეს უნდა იყენებდეს ამ ტაქტიკას, რადგან თუ რომელიმე რგოლში შედარებით დალაგებულად გვყავს კადრები, ეს სწორედ შემტევ ნახევარმცველებზე ითქმის. მითუმეტეს ახლა - როცა გოლების გატანა და მშვენივრად თამაში დაიწყო ლევან ყენიამ, როცა ფორმაშია ჯანო ანანიძე. 

ადრე? ადრე რატომ ვზღუდავდით შემტევ პოტენციალს? ხშირად გაიგებთ საქართველოს ნაკრებმა ბურთის დაჭერა არ იცისო. არადა, რა, რა და ბურთის ფლობა კი არასოდეს ეშლებოდათ ქართველებს. რატომ ვერ ვიჭერთ? იმიტომ, რომ რიცხობრივ უმცირესობაში ვართ მეტოქის ნახევარზე, ამ ”დამჭერების” დეფიციტია 11 კაცში. 

ვის მოსწონს ასეთი ფეხბურთი, ვის არა ... ფაქტია, წინ თამაში არაა. ერთხელ მკაფიოდ გაამართლა 1,5 საყრდენმა. არ ღირს ”რისკი”? რისკს კი უწოდებენ, მაგრამ ამ დროს სულაც არ არაა რისკი. 

ბაქარი სანაია

დვალი, ქეცბაია და 4-5-1

გუშინ ქეცბაიამ ეგვიპტესთან გასამართი ამხანაგური თამაშის წინ შემადგენლობა დაასახელა. როგორც ყველგან და როგორც ყოველთვის, ფეხბურთის გულშემატკივართა შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია თემურის კრებულმა. ყველაზე მეტი კითხვა დვალის გამოუძახებლობას ეხება. შემდეგ მოდიან კანკავა, ოქრიაშვილი და ბოლოს ხიზანიშვილი. 

ქეცბაია ჯიუტი კაცია. წინა მწვრთნელებისაგან განსხვავებით არავის აძლევს საკუთარ საქმეში ჩარევის უფლებას. არც სფფ-ს მაღალჩინოსნებს და რაღა თქმა უნდა არც გულშემატკივარს. ის არავის აზრს არ ითვალისწინებს. კარგია ეს თუ ცუდი? - კარგიცაა და ცუდიც. ნუ გვექნება იმის ილუზია რომ ნაკრებს ოდესმე ისეთი მწვრთნელი გაწვრთნის, რომელიც სრულყოფილება იქნება. ზეციდან მოვლენილი ანგელოზი. ლამის ოცდასამწლიანი არსებობის ისტორიაში ეროვნულმა გუნდმა 19 მთავარი მწვრთნელი გამოიცვლია. საშუალოდ წელიწადზე ცოტა მეტი თუ ძლებდნენ. მთავარ მწვრთნელთა ყაიდა ყველანაირი იყო. დაწყებული დიდი წარსულის მქონე საშა ჩივაძით, დიპლომატი შუშაკით, ქარიზმატული დათო ყიფიანით, შეტევის ტრფიალი ტოპმიულერით, "ზეგაფრედოს" კაპუჩინო მოყვარე კუპერით და აფერისტი პეტერ შეგრტით. ყველანი კარგად იწყებდა და ბოლოს კოკა-კოლა ფანტას ბოთლების სროლით თუ ტრიბუნებიდან დედის გინებით ასრულებდნენ. 

ქეცბაიას კრებულს ყველაზე მეტად შეტევაში უჭირს. აკი თქვა კიდეც ბელარუსთან თამაშის შემდეგ ჩვენ "ნულზე" თამაში უნდა ვისწავლოთო. ქეცბაიას ნაკრების უპირველესი მიზანი გოლის არგაშვებაა. დანარჩენი? დანარჩენი კი თუ მთლად "ბარსელონა" არ გამოგიხტა სადმე ერთი-ორი მომენტი შეტევაში მუდამ შეგექმნება და იმის გამოყენება უნდა შეძლო. 


ამ ფორმაციის გუნდში მომენტის გამოყენება ცოტა რთული საქმეა. ეული ფორვარდის ტაქტიკაზეა საუბარი და ამიტომ. აქ უფრო მეტად მომენტის გამოყენება ნახევარმცველებმა უნდა შეძლონ. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა მოგეჩვენოთ გოლის გატანა ამ გუნდში ფორვარდზე მეტად ნახევარმცველს მოეთხოვება. იმას ვინც შეტევის მეორე ფაზაში მონაწილეობს. 

ამ ცოტა ხნის წინათ გურამ კაშიამ კარგად ილაპარაკა ნაკრების ტაქტიკაზე. შიგნიდან სხვანაირად ჩანს და ამიტომაც არის მისი ნათქვამი საინტერესო. ქეცბაია ფორვარდს ასეთ მოთხოვნებს უყენებს: დაცვიდან წამოსულ პარაშუტზე გასვლა და მაღალი ბურთისთვის ბრძოლა; 90 წუთის მანძილზე ფორვარდზე, საშუალოდ 20-25 გრძელი პარაშუტი კეთდება და თუ ყველა მათგანის მოგებას ვერ შეძლებს, ის მაინც უნდა მოახერხოს რომ მოწინააღმდეგე მცველებს აუხტეს და ხელი შეუშალოს. აქ ბევრი რამე ერთვება საქმეში. ჯანი, სიმაღლე, გამძლეობა, ფიზიკური მომზადება. ქეცბაიას ახლა ფსონი ლევან მჭედლიძეზე აქვს დადებული. ამ ოთხივე კომპონენტში ის საქართველოში გამორჩეულია ამ დროისათვის. ყველა ზემოთჩამოთვლითან ერთად მას კაცის მოტყუება, კუთხურზე საკუთარ საჯარიმოში ჩასვლა და კორპუსით თამაშიც შეუძლია და ამიტომაცაა ეროვნულ გუნდში. 

გურამმა ისიც დასძინა - "რაც არ უნდა მაგარი თავდამსხმელი ჩამოიყვანო საქართველოს ნაკრებში, იმისთვის რთული იქნება აქ თამაში." ეს სირთულე სწორედ ტაქტიკიდან გამომდინარეობს. ნაკრებში ფორვარს ტიტანური გამძლეობა სჭირდება, აქაც ვიტესის კაპიტანს დავესესხები "როცა თავდამსხმელი სულ იბრძვის და ჭიდაობს, მას ძალა აღარ რჩება, რომ ორი მცველი მოატყუოს და გოლი ისე გაიტანოსო". ამადაც არის რომ გოლებს ძირითადად ნახევარმცველები და მცველები იტანენ. ამ ტაქტიკაში ფორვარდს უპირველესად გოლის შექმნაში მონაწილეობა ევალება, გოლის გატანის ვალდებულება მხოლოდ ამის მერე მოდის.  

ეს ტაქტიკა ჩვენნაირი დონის გუნდებისათვის ცუდი არ არის. ზოგადად ჩვენი კალიბრისანნი სწორედ მას იყენებენ მაგრამ არის ერთი მაგრამ .. ამ ტაქტიკაში განუზომლად დიდია ფლანგის მცველების როლი. უზომოდ დიდი. ამ მონახაზს ისეთი ფლანგის მცველი სჭირდება, რომელსაც შეტევაში წასვლა და კაცის მოტყუილება არ უჭირს, არც უკან დაბრუნებას და ზონას მიატოვებს რადგან, კაშიას თქმისა არ იყოს ეს ტაქტიკა მოითხოვს რომ ურთიერთდაზღვევის საშულება იყოს და მცველები ოთხი ორზე ან სამი ორზე მაინც დარჩნენ მეტოქის თავდამსხმელებთან. საქართველოს ნაკრებს არ ჰყავს ისეთი ფლანგის მცველები, რომლებიც შეტევაში თამამად წავლენ, კაცს მოატყუებენ და ფლანგიდან საჯარომოში კარგ ჩაწოდებას გააკეთებენ. ამად არის სწორედ რომ ეულ თავდამსხმელს უჭირს და დიდი მოცულობის შავი სამუშაოს შესრულება უწევს. 

ამ ტაქტიკაში რომ ივარგოს იბრაჰიმოვიჩის სტილის ფორვარდია საჭირო. ძლიერი, მოძრავი, კაცზე წამსვლელი, დაცვას რომ ეხმარება, კორპუსის ჩადგმა რომ იცის და მოწინააღმდეგის ფიზიკურად ძლიერ მცველებთან ჭიდაობაში შეძლებს "მეორე ბურთის" მოსაგებად იბრძოლოს. 

ქეცბაიას მიერ დასახელებულ კრებულში დვალის არმოხვედრამ ყველაზე ბევრი კითხვა დაბადა. ჩემთვის პირადად ყველაზე დიდი უცნაურობა დვალიშვილის გამოუძახებლობა იყო, რადგანაც ამ ტაქტკის პირობებში ქართველი  ფორვარდებიდან ყველაზე პროდუქტიულნი შეიძლება სწორედ მჭედლიძე და დვალიშვილნი იყვნენ. 

მე მაინც მგონია, რომ იდეალური მწვრთნელს არ უნდა ველოდეთ, რადგან დრომ დაამტკიცა, რომ იდეალური მწვრთნელი ბუნებაში არ არსებობს. 23 წლის მანძილზე ცხრამეტი მწვრთნელიდან არცერთი ყოფილა ისეთი ერს და ბერს ერთად რომ ჰყვარებოდა. უცნაურია 23 წლის მანძილზე ჩვენმა უპირველესმა გუნდმა თვრამეტი მწვრთნელის დახურდავება მოასწრო, მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომის მერე გერმანიის ნაკრებმა ოდენ რვა მწვრთნელი გამოიცვალა. 
ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Thursday, November 1, 2012

სად მე და სად შენ

ერთ ქართველ მსაჯზე მითხრეს, მაგარი ფეხბურთის თამაში შეეძლოო, არავინ იცნობდა. რაიონიდან ჩამოვიდა თბილისში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიაკითხა და მსაჯობის მსწავლელთა შორის ჩაეწერა. 

სავალდებულო ცნობები უმალ წარადგინა და სწავლასაც შეუდგა. მალე ითვისებდა ყველაფერს, მსაჯთა მარაქაშიც იოლად გაერია და ერთ-ერთი სეზონისწინა შეკრებისას ”ფარული ნიჭიც” აღმოუჩინეს. დილა-საღამოს ვარჯიშებს შორის მსაჯებმა ორკარას თამაში გადაწყვიტეს და ... 

ჩვენი წერილის გმირის ”ამბავი საგმირონიც” უმალ გახმაურდა. აუკლია იქაურობა. მართალია, არაპროფესიონალებში, მაგრამ მაინც საქმე იყო: ყველა მასზე ლაპარაკონდა ... 

ცხადია, ფედერაციაშიც გაიგეს ეს ამბავი. ერთადერთი, რაც შემაფერხებელი იყო, აწ უკვე მსაჯის ასაკი - 25-ს გადაშორებოდა, თუმცა იმდენად სწრაფი და საინტერესო მოთამაშე გამოდგა, რომ ლამის რიგი დაუდგა - მსაჯობას შეეშვი და ფეხბურთი ითამაშეო. უარზე იდგა. ოჯახი მშიერი მყავს, რა დროს ჩემი ფეხბურთია, მუშაობა და ხელფასი მინდაო. უარმა გაჭრა. აღარავის შეუწუხებია ... 

დღესაც უნდა მსაჯობდეს. არ ვიცი, ნანობს თუ არა გადაწყვეტილებას. მსაჯობა ზოგადად ძნელი საქმეა და აბა, წარმოიდგინეთ, მით უმეტეს რამდენად ძნელია ეს საქართველოში. თუმცა არამგონია, მას ეს არ სცოდნოდა და რახან ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, ესე იგი, უღირდა ... ესე იგი, უჭირდა ...ესე იგი ...

ფრანკ დე ბლეეკერე

... რამდენიმე დღის წინ თბილისში ფრანკ დე ბლეეკერე ჩამოვიდა. ცნობილი ბელგიელი მსაჯი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, ჩემპიონთა ლიგის თუ რაგინდარა მაღალი დონის მატჩების განმსჯელი კაცი. სიმპათიური, ჰოლივუდური გამომეტყველებით და ევროპული იუმორით. წლების განმავლობაში ემსახურა ფეხბურთს, ჟინიც მოიკლა და, რომ იტყვიან, ცხოვრებაც მოიწყო. აკეთა ის საქმე, რაც უყვარდა ... ახლა უეფას დელეგატია, ისევ ფეხბურთში ტრიალებს ... 

ძალიან უკიდურესი წერტილებია შესადარებლად სად ეს და სად ის ... 

მაგრამ ... 

ქვეყნებს, გარემოს, შეგნებას, მსოფმხედველობას, აზროვნებას, მენტალიტეტს შორისაც დიდი უკიდურესობებია - სად ჩვენ და სად ისინი ... 

ფუტ ბოლი  

მისტერ სიმშვიდე და საიმედოობა

დიდუბეში, მაუდ-კამვოლის ქარხნის მოედანზე (”სუკონკად” წოდებული) თელავის კახეთი შსს აკადემიას ხვდებოდა. ის მახსოვს, რომ შსს აკადემიას მოგება სჭირდებოდა უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, ხოლო თუ ვერ მოიგებდა, წნორის ”მილანი” ”შეასწრებდა”. თელაველები ცხრილის შუაში იყვნენ, მაგრამ შეასკდნენ მეტოქეს და 0:0 ითამაშეს. 

ვინ თქვა, კახელებმა ნაკლებად იციან ერთმანეთის გვერდში დგომაო ... იმ თამაშში პირველად ვნახე ალეკო ამისულაშვილი. 16 წლისა იყო, მაგრამ მაშინაც ზორბა და ჯანიანი, მოძრავი, ჰაერში გაწვართული. თუმცა უფროსმა გულშემატკივრებმა უფრო დამამახსოვრებინეს: ”შეხედე, რა ბიჭია, ბრძოლას არ აგებს. ჯერ 16 წლისაა. მაგას თელავში დიდხანს ვინ გააჩერებს ...


ამისულას ორი კარიერა აქვს. კარგად დაწყება, ჩავარდნა და შემდეგ ისევ აღმასვლა - ეს სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონიათ, მაგრამ ამ თელაველმა ბიჭმა მკაფიოდ განიცადა პროგრესი და რეგრესი. ის დღესაც ემადლიერება კახა ცხადაძეს, რომელმაც უკრაინაში კარიერაარეული ამისულაშვილი თბილისის ”დინამოში” ჩამოიყვანა და ენდო. შემდეგ იყო ”შინიკი”, ნალჩიკის ”სპარტაკი”, ”ქაისერისპორი” და ახლა ”კრასნოდარი”. ყველა ამ ჩამოთვლილ გუნდში, ალეკო ლიდერი იყო - დაცვის სული და გული, ”მისტერ საიმედოობა”. 

ამისულას ბევრი აწყენინეს. ვის არ ეხსომება, რომ ექტორ კუპერის დროს ნაკრებში ერთხელაც არ გამოუძახებიათ რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, სამაგიეროდ, რამდენიმე საეჭვო დონის ფეხბურთელს ჩამოვთვლიდით იმ გასაწყლებულ, მოგებაუნახავ ნაკრებში? არაერთს. 

ქეცბაიას ფორმაციის ნაკრებში ვხედავთ, რა ძალას წარმოადგენს ეს კაცი. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში მე ვერ ვიხსენებ მის მკვეთრ შეცდომას, ”ჟილკის” ნაკლებობას. ხარივითაა.   

სულ მიდის გარჩევა ნაკრების ფეხბურთელთა პოზიციებზე, ”A-ს ნაცვლად B სჯობს", ”იმას ეს მირჩევნია”, მაგრამ არასოდეს ეჭვქვეშ არავის დაუყენებია ამისულაშვილის კანდიდატურა - ის ამ ფორმაციის გუნდში შეუცვლელია და ასე მგონია, ჩვენზე ბევრად ძლიერ ნაკრებშიც უალტერნატივო იქნებოდა. 


საწყენი მხოლოდ ესაა: ისე მოხდა, რომ თელაველმა ბიჭმა სულ პერიფერიული კლუბები მოიარა. ერთადერთი, კიევის ”დინამოში” იწყებდა და იქაც არ ენდნენ, არ აცადეს. 

მინდორს მიღმა მშვიდი კაცია. დინჯი თელაველი. ტაქტიანი და ზრდილობიანია, ეგაა, ბევრს არ ლაპარაკობს. 

არ ვიცით, იწყინა თუ არა ქეცბაიას გადაწყვეტილება, რომელმაც ზურა ხიზანიშვილს კაპიტნობა ჩამოართვა და ჯაბა კანკავას გადასცა. ”ხიზანას” შემდეგ, ნაკრებში ყველაზე ასაკოვანი და გამოცდილი ხომ სწორედ ამისულაა. რომც სწყენოდა, ხმამაღლა არ იტყოდა, რადგან პარტნიორს ჩრდილს არ მიაყენებდა. 

აი, ქეცბაიას სიტყვები (”ფეხბურთელები არ მყავსო”) კი გულზე მოხვდა და კარგადაც უპასუხა - ”აბა პარიკმახერები ვართო?” 

ამისულა არასოდეს აკეთებს მკვეთრ განცხადებებს ”იქ გასვლაზე”, ”მთების გადადგმაზე”, არც საკუთარი თავის აფიშირება უყვარს და ასე მგონია, ცოტა დაუფასებელი კაცია. რაღაცნაირად სინანულით თქვა გულშემატკივართა მიერ წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოკითხვის თაობაზე - ”სიაში ანბანით პირველზე ვწერივარ, მაგრამ ხმების რაოდენობით ბოლოზე ვარო ...”

ის არაა ხმაურიანი კამპანიის სული და გული. ერთი წყნარი, მორიდებული, დინჯი თელაველი კაცია. 

”ხარება და გოგიაში” ძიას პერსონაჟს შევადარებდი. 

კოლო ტურაშვილი 

Wednesday, October 31, 2012

ბილბაოს "ატლეტიკიდან" რეკორდამდე

იმ დროს ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ფეხბურთის მოყვარულები. მის მერე, არცერთი ქართული კლუბი არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ჩემპიონთა ლიგასთან. უფრო მეტიც, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვშორდებოდით სანუკვარ მიზანს. გზა ერთი შეხედვით თითქოს გამარტივდა, მაგრამ ჩვენთვის უფრო რთული და მრუდე გახდა. 

1998 წლის 12 აგვისტო იდგა. თბილისს ევროპული მასშტაბით საკმაოდ ძლიერი გუნდი ეწვია. ესპანეთის ვიცე ჩემპიონი ბილბაოს "ატლეტიკი", "ჩუპაჩუპსის" მოყვარული მთავარი მწვრთნელ ლუის ფერნანდესთან ერთად. მოლოდინი ნამეტნავად დაბალი იყო. რა უნდა გაეკეთებინა ოცი წლის, გამოუცდელი ბიჭებით დაკომპლექტებულ გუნდს ბასკებთან. ყველანი შევცდით. გამოუვიდათ კი არა, აკი გითხარით, ლამის ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფის კარი შელეწეს.


ლამის არ ითვლებაო ამბობენ, მაგრამ მაინც, აგერ 14 წელი გავიდა იმ ამბიდან და ის მაინც ყველაზე დიდ მიღწევად რჩება. ეს იყო თამაში სადაც ბილბაოს "ატლეტიკი", ესპანეთის ვიცეჩემპიონი გუნდი მდევრის როლში აღმოჩნდა. დაუჯერებელი იყო. ესპანეთის რანგით მეორე გუნდი, თბილისის "დინამოსთან" თამაშის 30-ე წუთისთვის 2-0 მარცხდებოდა. ლევან ხომერიკის გოლს, ლევან ცქიტიშვილმა მეორე დაუმატა და ლამის იყო ბილბაოლებს "დინამომ" მესამე გოლი გასახდელში გაატანა. ზედ შესვენების წინ, დათო მუჯირმა ისეთი ჯარიმა ამოსცხო, რომ ლამის კარის ძელი მოთხარა. გაუჭირდებოდა.... ქართველ პუბლიკას ახლაც ახსოვს გასახდელისკენ გვირაბში მიმავალი ლუის ფერნანდესის დაბნეული სახე ... როგორი საქმეა, გარანტირებულ, ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფის საგზურს და მასთან დაკავშირებულ მილიონობით შვეიცარულ ფრანკს, ვიღაც პერიფერიის ნახევრად მშიერი გუნდი ჯიბიდან აცლიდა. 


მეორე ტაიმში ვალტერ გუჩუას ცუდად ამოტანილ ბურთს, 46 წუთზე ანდონი იმაზის გოლი მოჰყვა. ახალგაზრდა დინამოელები მაინც არ ჩერდებოდნენ. ის თამაში დაუჯერებელი სიზმარივით იყო და ორი კვირის თავზე "დინამომ" ბილბაოში იმედი წაიღო. იმედი იმის, რომ სასწაული მოხდებოდა და უეფას ჩემპიონთა ლიგის კარს შევულეწავდით. თვითმფრინავში ბიჭებს დამატებითი მოტივაცია შეუქმნეს. გოლის გამტანს "აირზენა" 1000 დოლარს ჩუქნიდა. იმ დროს არც თუ ისე ცუდ თანხას. 

სასწაული არ მოხდა. გიორგი კიკნაძემ ერთი-ერთზე ვერ გაიტანა, მსაჯმა მუჯირი გაგვიგდო და მეორე ტაიმში გაშვებული გოლით "დინამომ" მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. ასე დასრულდა ჩემპიონთა ლიგაზე ოცნება. თამაშის მერე, ფეხზე ამდგარმა პუბლიკამ ტაშით გამოაცილა ბილბაოს ”სან მამეს” სტადიონიდან ახალგაზრდა დინამოელები. არადა ის სასწაული რომ მომხდარიყო იქნება და სხვაგვარად განვითარებულიყო ჩვენი ფეხბურთი. მეორე დღეს გაზეთი "სარბიელი" გამოვიდა. საჰედლაინოდ ბრწყინვალე სათაური გამოეტანათ: "ჩემპიონთა ლიგა: ღარიბები არ გამოგვეხმაურონ". მაშინ მართლაც ასე იყო. ამ კონსერვატიულ ტურნირზე ღარიბები ვერ გაიჭაჭანებდნენ. 

იმ "დინამოდან" ყველამ კარიერა დაასრულა. გასულ სეზონამდე ორად-ორი კაცი აგორებდა ბურთს დავით მუჯირი და გივი დიდავა. მუმუმ ლურსმანზე ბუცები ამ რამოდენიმე თვის წინ ჩამოჰკიდა და მწვრთნელობას ეჭიდება. გივი დიდავა კი უკანასკნელი მოჰიკანია. დღეს მისი "მერანი" სწორედ მუმუს "ზესტაფონთან" დამარცხდა. მისი ყოფილი თანაგუნდელის მიერ გაწვრთნილ გუნდთან. ეს მარცხი დიდავასთვის დასამახსოვრებელი ვერ იქნება, მაგრამ წლების მერე მარტვილელთა კაპიტანი იმას გაიხსენებს რომ რეკორდი სწორედ ამ დღეს დაამყარა. 


423 თამაში საქართველოს ჩემპიონატში - როგორი საქმეა. საშუალოდ 15 წელი, ეს მაშინ, როდესაც როგორც კი ვინმე ბურთის წინ მოშორებას ისწავლის ყველა აზერბაიჯან-ტაჯიკეთ-ყირგიზეთ-სომხეთში გარბის. ეს ამბავი გერმანიის ბუნდესლიგაში რომ მომხდარიყო დღის "ნიუსი" იქნებოდა. თუმცა ეს საქართველოა. 

გივი დიდავა ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა. უფრო იმ კატეგორიის ფეხბურთელია "როიალის თრევა" რომ გამოსდით. ის მშრომელია და ფეხბურთიც იმ დონეზე ითამაშა, რა დონეზეც საფეხბურთო ნიჭმა გაუშვა. 36 წლის ქუთაისელი ფეხბურთელისთვის კარიერის მიღწევად "დინამოში" თამაში დარჩა. ყველაზე დიდ გულისწყვეტად - ბილბაოლებთა მარცხი... დღეს მან იონანიძის რეკორდი დაამხო. ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელთა მიგრაცის რომ ვაკვირდები, არა მგონია მის ამ მიღწევას ვინმემ უახლოეს მომავალში საფრთხე შეუქნას. 

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი 

Monday, October 29, 2012

რამაზ შენგელია - პიროვნება

ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისათვის ის არის, რომ იყოს უბრალო, ჩვეულებრივი, ცხოვრობდეს წყნარად, ზომიერად და აუღელვებლად. 

ადამიანები რაღაცნაიარად მდინარეებს ჰგვანან: წყალი ყოველ მდინარეშია და წყალი წყალია, მაგრამ თითოეული მდინარე ზოგი ვიწროა, ზოგიც განიერი, ზოგი ჩქარი, ზოგი მდორე, ზოგი ანკარა და ცივი,  ზოგიც მღვრიე და თბილი. ასევეა ადამიანებიც, ყოველი კაცი თავის არსებაში ადამიანურ თვისებათა ყველა ჩანასახს ატარებს და ხან ერთ თვისებას გამოავლენს და ხან მეორეს, ხანაც სრულიად აღარ ჰგავს თავის თავს, თუმც ის იგივე რჩება, რაც არის. 

რამაზ შენგელიაც მუდამ იგივე რჩებოდა. არტისტიზმი, ყეყეჩობა, ზემოდან ყურება, მისგან შორს იგდა. ის სახალხო ფეხბურთელი იყო. კელაპტარივით რომ ენთო იმ შავ-ბნელ პერიოდში. 

არც მერე, დამოუკიდებლობის პერიოდში დაუძალებია ბურნუთივით თავისი თავი სხვებისთვის. არც სავარძელს გამოჰკიდებია და არც სახელსა და დიდებას. არადა ... საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ იყო დასახელებული. როგორი საქმეა? რამდენად წინ უნდა ყოფილიყავი რუს ფეხბურთელებზე, რომ იქ საბჭოთა დედაქალაქში საუკეთესოდ ეღიარებინე.


გერმანელებმა მას საბჭოთა გერდ მიულერი შეარქვეს. გოლების მანქანა. კარზე დაგეშილი ფორვარდი. ერთი წამით მოადულებდი ყურადღებას, ერთი წამით დატოვებდი ზურგს უკან და ბურთი კარში ფართხალებდა. გატანჯული ყავდა მცველები, 90 წუთის მანძილზე წამით მოდუნებას არავის აცლიდა. ის გოლების კაცი იყო. გოლეადორი. მხოლოდ ერთხელ, ერთადერთჯერ გააკეთა საგოლე პასი და ისიც როგორი - დიუსელდორფში ”კარლ ცაისის” წინააღმდეგ და სწორედ მისი პასით აანთო ორიანი ტაბლოზე ვოვა გუცაევმა. 

თავის დამსახურება, მნიშვნელობა და სიდიადე გადაკვრითაც არავისთან უხსენებია. არც ჟურნალისტებთან და არც საახლობლოში. მუდამ დათო ყიფიანის პასებს და დამსახურებას მიაწერდა თავის ბომბარდირობას. დათოზე გადაჰქონდა აქცენტი. მუდამ ჩუმად, უხმაუროდ ყოფნა უყვარდა. 

მის მშობლიურ ქუთაისში აბა რა გამოლევს ნიჭიერ ფეხბურთელებს. ბევრი ტალანტი უნახავს იმერეთის ამ ულამაზესს ქალაქს. ადრე დათო ნოზაძეზე დავწერეთ http://geofoot.blogspot.com/2012/06/blog-post_26.html უნიჭიერეს ქუთაისელ ბიჭზე ასე ადრე რომ წავიდა იმქვეყნად. მის ფეხბურთელობაში სწორედ რამაზს მიუძღვოდა უდიდესი წვლილი. ახალგაზრდა ბიჭს მძიმე ტრავმის მერე მოსკოვში ცნობილ მირონოვის კლინიკაში სწორედ რამაზის დახმარებით გაუკეთეს ოპერაცია. ოჯახს ფული შეუძლევია რამაზისთვის. გაღიმებია რამაზს - ჯერ ეგ ფული არ მინდა, მერე მომცეს ევროპის თასს რომ მოიგებსო. 

თავში არასოდეს არაფერი ავარდნია. ხალხსაც უბრალო ადამიანად დაამახსოვრა თავი. კოტემ დაწერა გოგიშვილმა: კვიპროსში რომ თამაშობდა, გეგე შეუცვლია მწვრთნელს რამაზის შვილი. ფეხზე წამომდგარა მაყურებელი და ტაშით გაუცილებია. ტრიბუნებს ამაყად გადახედა თურმე გეგემ და მენეჯერს თვალი ჩაუკრა. 
- ეგ არ გაგიკვირდეს, მამაშენს თხუთმეტი კი არა, ასი ათასი კაცი უკრავდა ტაშსო - უპასუხია მენეჯერს. 

რამაზ შენგელიას სახელი მანამდე იქნება, სანამ თუნდაც ერთი ბავშვიც გააგორეს ამ ქვეყნად ბურთს.მის წინაშე ფეხბურთის გულშემატკივრები მუდამ ვალში ვიქნებით. იმ სიხარულისთვის, რასაც უანგაროდ წლების მანძილზე გვანიჭებდა. რამაზის სახელი არასოდეს დაიკარგება, მაგრამ კარგი იქნება თუ ქუთაისის ”ტორპედოს” ხელმძღვანელობა, იმ ქალაქის სტადიონს, სადაც რამაზი ფეხბურთს ეზიარა, ამ დიდი ფეხბურთელისა და პიროვნების სახელს უწოდებს.  

ჩუმად ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე. მთლიანად პიროვნება იყო და კარგად იცოდა, რომ ეს ქვეყანა სახნავ-სათესი იყო და არა მარტოოდენ სამკელი. არავისგან ითხოვდა სიყვარულსა და პატივისცემას. მარკესისას არ იყოს, იცოდა კაცისთვის ზემოდან მხოლოდ მაშინ უნდა დაეხედა, როდესაც ძირს დაცემულს ფეხზე წამოსაყენებლად ხელს გაუწვდიდა. ასე მგონია რამაზ შენგელიამ ყველაზე კარგად უწყოდა, რომ ამქვეყნად მხოლოდ წუთიერად იყო და როდესაც მისი დრო ამოიწურებოდა ვიღაცას უნდა დაწყვიტოდა გული. ვიღაცას მართლა უნდა დაკლებოდა, მხოლოდ ოჯახის წევრებს კი არა... 


ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი

Saturday, October 27, 2012

ვერისბაღელები და ”დინამო”

თმაში ჭაღარა გაჩენილა. წლები გაფრენილა. არადა რამდენი მოგონება და ლამაზი წუთები დატოვა ამ წლებმა. რამდენი ფრაგმეტი, რამდენი ფინტი, რამდენი გოლი და რამდენი სიხარული ... რამდენი იმედგაცრუებაც. 

ერთგულება მათი საფირმო ნიშანია. მეგობრებისა და ფეხბურთის ერთგულებაზე არაფერს ვამბობ, ადგილის ერთგულებაზეა საუბარი. ვერისბაღის შესასვლელი და ”დინამოს”  სტადიონის მეცხრე სექტორი. ჩამოჯდებიან და იწყება ... მიხვალ გვერდით დაუჯდები და იმდენ რამეს და ვინმეზე გაიგებ ისტორიას, რომ ... იცი რომ მერე შენც დაბერდები, შენც შენს შვილებს წაიყვან სტადიონზე და ასე გაგრძელდება. ასე გადავა მემკვიდრეობით და მარადისი გახდება. ვერისბაღელებიც ”დინამოს” ისტორია არიან. აწმყოც და წარსულიც. 

ვერისბაღელები
მერე რა ვუყოთ, თუ მათთან საუბარში მოგონება ჭარბობს. ადრე მიკვირდა, როდესაც ამბობდნენ, რომ ყიფიანის მერე უჭირდათ ვთქვათ ალექსანდრე გოგობერიშვილის ფეხბურთისთვის ეცქირათ. ახლა ვხდები. მართლა ძნელია. ძნელია, ვთქვათ იგივე გიო ქინქლაძის თამაშის მერე, ახლანდელ შემტევებს უყურო, მაგრამ ისინი მაინც იქ არიან. ”დინამოს” არ ეღალატება და ამიტომ. ”დინამო” და ფეხბურთი მათი ცხოვრების ნაწილია. მათთვის ფეხბურთი უფრო მეტია ვიდრე სპორტი და ალბათ ამიტომაც იყო, აკუმლატორებითა და ტელევიზორებით რომ მიუყვებოდნენ აღმართებს პანტიანისკენ თურქული არხების დასაჭერად, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეყურებინათ. თამაშებს კასეტებზე იწერდნენ და პატიაშვილისაც უგზავნიდნენ. კომუნისტების დროს ბირჟაზე უსაქმოდ დგომა დანაშაული იყო. ეს წესი მარტო ვერისბაღელებზე არ ვრცელდებოდა. ვერის ბაღში შეგეძლო რამდენი ხანიც გინდოდა იმდენ ხანს ყოფილიყავი. ახლა ამ ყველაფერმა ფორუმეზე გადაინაცვლა, მაშინ კი იქ ჯოხით ქვიშაზე ხდებოდა საფეხბურთო ტაქტიკის დახაზვა და გარჩევა. ფეხბურთი მაშინ ეროვნული იდენტობის დამტკიცების საშუალება იყო. საბჭოთა მარწუხებიდან გაქცევის იარაღი. საერთო სახალხო მღელვარების საბაბი. გამარჯვების მერე თეთრად გათენებული ღამე. 1976 წელს ”დინამოს” მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღებას და სწორედ ასეთ თეთრად გათენებულ სიხარულის ღამეს მოჰყვა ვაჟა აზარაშვილის უკვდავი ”დინამო”, ახლაც რომ ჟრუანტელს მომგვრელია ჩვენთვის. მეორე დღეს მორის ფოცხიშვილისთვის წაუღია მუსიკა, პოეტმა მუსიკას ტექსტი მოარგო და უკვდავებაც შეიქმნა.  

       
ვერისბაღელები და ”დინამო” ეს მორის ფოცხიშვილისთვილსაც ძალიან ბევრს ნიშნავდა. ეგ კი არა ”დინამოს” თამაშისას, პოეტის ერთ-ერთი ქალიშვილისთვის ”პაკლონიკს” დაურეკავს. ქალ-ვაჟს საუბარი გაგრძელებიათ. ფეხბურთი დასრულებულა. გასულა პოეტი ოთახში და შვილისთვის უთქვამს: ”მამა, დაანება მაგ ბიჭს თავი, კაცს რომ ფეხბურთი არ ეყვარება ოჯახში არ გამოდგებაო”. 

ვერისბაღელებთან ბევრი ცნობილი ადამიანიც მდგარა. ჩვენს დროში რომ ვარსკვალებს უწოდებენ, იმათზე კაშკაშა ციური სხეულები. გურამ ფანჯიკიძიდან დაწყებული, ნოდარ დუმბაძით დამთავრებული. მათთვის ”დინამო” უბრალო რამ არ იყო. გულის ფიცარზე ეწერათ. სწორედ ნოდარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს დაემთხვა ”დინამომ” მიერ თასების თასის მოგება. დიუსელდორფის ფინალიდან გარკვეული დროის მერე დუმბაძეს მწერალთა კავშირში  მიღება გაუმართავს. მისულან დინამოელები. ნოდარ ახალკაცს მოუბოდიშებია: - ”უნდა გვაპატიოთ ნოდარ ბატონო, ძირითადი გუნდი ლესელიძეშია შეკრებაზე და მხოლოდ დუბლები მოგიყვანეთო”. დუმბაძის პასუხზე გაუცინარ ხელმწიფედ წოდებულ ახალკაცსაც ვერ შეუკავებია თავი: - ”მაი არ იდარდო ფარსადანოვიჩ, ჩვენც დუბლებით გხვდები, აპა ჩვენი ”ასნავნოი სასტავი” მთაწმინდაზეაო”. 

ბევრი რამ ააქვთ გასახსენებელი ვერისბაღელებს. ბევრი ცნობილი ამბავი, ბევრიც უცნობი რამ. წლები გადის, ვერისბაღელებსაც ბევრი წევრი აკლდებათ. წლები და წლებთან ერთად კიდევ ერთი ეპითეტი ”უბერებლები” ემატებათ. ისინი ისევ იქ არიან ვერისბაღის შესასვლეში, ხელმარცხნივ სკამზე და დინამოს მეცხრე სექტორში. ბევრი უკეთესი უნახავთ, მაგრამ იციან ”დინამოს” და ფეხბურთს არ ეღალატება ...

ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი